რატომ აირჩია პროფესიად პილოტობა ნადია ბენკლიანმა და რა წინააღმდეგობების გადალახვა მოუწია მას
ქალები ავიაციაში საუკუნეზე მეტია, მოღვაწეობენ. 1906 წელს ამერიკელი ლილიან ტოდი პირველი ქალი გახდა, რომელმაც დააპროექტა და ააგო თვითმფრინავი.
პირველი ქალი, რომელმაც თვითმფრინავი მართა ტერეზა პელტიერი გახლდათ. ეს 1908 წელს მოხდა. მას მფრინავის ლიცენზია არ ჰქონია.
პირველი ქალი, რომელმაც ლიცენზია აიღო, ფრანგი რაიმონდ დე ლაროშე იყო (1910). მას მოყვნენ: მელი ბისი (პირველი ლიცენზირებული პილოტი ქალი გერმანიაში) და ჰარიეტ ქუიმბი (პირველი ლიცენზირებული მფრინავი ქალი ამერიკის შეერთებულ შტატებში).
როდესაც ავიატორ ქალებზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია, არ გამოვყოთ ამელია ერჰარტი (1923). ამელია იყო პირველი ქალი, რომელმაც ატლანტის ოკეანე გადაკვეთა თვითმფრინავით.
მშვენიერი სქესის წარმატება ავიაციაში საბოლოოდ ვალენტინა ტერეშკოვამ დაადასტურა, როდესაც 1963 წელს კოსმოსში გაფრინდა. ტერეშკოვამ, ხომალდ „ვოსტოკ-6-ით“ ვალერი ბიკოვსკისთან ჯგუფური ფრენისას, 48-ჯერ შემოუფრინა დედამიწას.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში აქამდე ქალი პილოტი არავინ გვყოლია, თუმცა დღეისათვის ამ პროფესიის ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელი, 22 წლის გოგონა, ნადეჟდა ბენკლიანია, დღეს ის გვესაუბრება თავისი მომავალი პროფესიის შესახებ.
– რატომ გადაწყვიტე, რომ პილოტი გამხდარიყავი, რატომ აირჩიე ეს პროფესია?
– საერთოდ, მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანმა ის პროფესია უნდა აირჩიოს, რომელიც მას შემდგომ სიამოვნებას მიანიჭებს. რაც შეეხება პროფესიის არჩევას, სიმართლე გითხრათ, საერთდ არ მიფიქრია, რადგან ყველაფერი წინასწარ მქონდა გადაწყვეტილი. მიუხედავად იმისა, რომ მამაც ამ სფეროში მოღვაწეობდა, ეს მხოლოდ და მხოლოდ, ჩემი დამოუკიდებელი გადაწყვეტილებაა.
– პილოტობა ხომ ძალიან სახიფათო პროფესიაა და გოგოსთვის ცოტა უცნაურიც. ოჯახი როგორ შეხვდა შენს გადაწყვეტილებას?
– რასაკვირველია, არც ერთ მშობელს არ ენდომება თავისი შვილი სახიფათო პროფესიის მიმდევარი იყოს. ამიტომ, მათ ეს აზრი არ მოსწონებიათ. ისინი ყველანაირად ცდილობდნენ ჩემს გადარწმუნებას, ფაკულტეტიდან გადაყვანაც კი სცადეს. თუმცა, როგორც ხედავთ, ყველაფერი ჩემს სასარგებლოდ გადაწყდა. სურვილი რეალობად მექცა.
– ექსტრემის მოყვარული ხარ?
ალბათ, ვარ ექსტრემის მოყვარული, როცა ასეთ გადაწყვეტილებებს ვიღებ. დიდი სიამოვნებით გადმოვხტებოდი პარაშუტით და რა თქმა უნდა, ასევე, მომწონს ექსტრემის შემცველი სხვადასხვა ატრაქციონი, რომელზეც დროდადრო ვცდი ხოლმე საკუთარ თავს, თუმცა, მიმაჩნია, რომ ამ ყველაფერს უნდა გააჩნდეს ზომიერების ფარგლები.
– როგორც უკვე აღნიშნე, მამაშენიც ამ სფეროში მოღვაწეობს. ოჯახში კიდევ ვინმე ხომ არ არის ამ პროფესიით დაკავებული?
– კი, ჩემი ნათესავებიც ამ სფეროში ანუ ავიაციაში იყვნენ, მაგრამ შემდგომ თავი დაანებეს.
– გაქვს თუ არა რაიმე შეზღუდვები და თუ გიწევს გარკვეული რეჟიმის დაცვა?
– სწავლის პროცესში არანაირი შეზღუდვები არ მქონია, თავს ვგრძნობდი ჩვეულებრივ სტუდენტად, თუმცა, მაინც ვფიქრობ, რომ გარკვეული განსხვავება ჩვენს სტუდენტობასა და სხვებს შორის არსებობს. ჩვენი სწავლება 4-წლიანია, აქედან 2-წელიწად-ნახევარი ეთმობა თეორიულ ნაწილს, ხოლო წელიწად-ნახევარი პრაქტიკულს, რომლის დროსაც ვახორციელებთ ფრენებს საქართველოს მასშტაბით. რაც შეეხება რეჟიმს, რასაკვირველია, გვიწევს მისი დაცვა, რადგან ფრენა სწრაფ მობილიზებას მოითხოვს.
– ფიქრობ, რომ სხვა გოგონებისგან განსხვავდები, რადგან განსხვავებული პროფესია გაქვს?
– რომ გიპასუხო: არ ვარ-მეთქი, მოგატყუებ, რადგან, სულ მცირე, იმით მაინც განვსხვავდები სხვებისგან, რომ განსხვავებული პროფესიის წარმომადგენელი ვარ და თან – პირველი. სხვა დანარჩენს რაც შეეხება, ვარ ჩვეულებრივი, რასაც ჩემი მეგობრები და ახლობლებიც დაადასტურებენ.
– სამხედრო ავიაციაში მუშაობას ხომ არ აპირებთ?
– არა, ნამდვილად არ მხიბლავს სამხედრო ავიაცია და ამიტომ, ამაზე არც მიფიქრია.
– რა გეგმები გაქვს?
– ახლო მომავალში ავიღებ დიპლომს და შემდგომ ვაპირებ მუშაობის დაწყებას. რა თქმა უნდა, საქართველოში, კომპანიების არცთუ ისე დიდი არჩევანია, მაგრამ მიუხედავად ამისა, მინდა, საქართველოში დარჩენა და კარიერის აქ დაწყება.