როგორ აშანტაჟებდა მამაკაცი ყოფილ ცოლს და რატომ გააუპატიურა ის ლომბარდიდან ფულის გატაცებამდე
38 წლის მაკა ა-შვილი ლომბარდის დაცვის წარმომადგენელმა სამსახურში გვიან ღამით, სეიფზე მიბმული აღმოაჩინა. ნაცემ ქალს თვალები ახვეული ჰქონდა, ტანსა და სახეზე კი ფიზიკური ძალადობის ნიშნები ეტყობოდა. მან ქალის „ტყვეობიდან” გათავისუფლებისთანავე, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები გამოიძახა, რომელთაც ქალის დასახმარებლად სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის მოხმობა დასჭირდათ.
სამართალდამცველებმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. დაზარალებულმა მაკა ა-შვილმა განაცხადა, რომ ადამიანი, რომელიც თავს დაესხა და ოქროს ნივთები და 2 000 ლარი გასტაცა, მისი ყოფილი მეუღლე, მალხაზ მ-ძე იყო. ამონაწერი მაკა ა-შვილის ჩვენებიდან: „მე და ჩემი მეუღლე 3 წლის წინ დავშორდით, ის მალე სხვა ქალზე დაქორწინდა, მეც ბოლო ერთი წელია, სხვა მამაკაცთან ვცხოვრობ. თუმცა, ყოფილი ქმარი სულ მაძახებდა, რომ პირველად მე ვუღალატე. ჩვენ შვილის გარდა, აღარაფერი გვაკავშირებს. ბოლო რამდენიმე თვეა, ჩვენი ურთიერთობა ძალიან დაიძაბა. 10 წლის წინ მისი მანქანა გავყიდე, ფული საერთო საქმეში ჩავდე და იმ ფულს მთხოვდა. ამ თემაზე სასაუბროდ რამდენჯერმე დამირეკა, სამსახურშიც მომაკითხა. მასთან საერთოდ არ მინდოდა ლაპარაკი. ჯერ მაშანტაჟებდა, მემუქრებოდა, ბავშვს ვეტყვი, ოჯახის დანგრევა შენი ბრალი რომ იყოო და რაღაც სისულელეებს მიყვებოდა. როცა მიხვდა, რომ ამ გზით ვერაფერს გახდებოდა, შეურაცხყოფაზე გადავიდა. მე ვუთხარი: იმ ფულის დაბრუნების იმედი ნუ გექნება, ფული ორივემ ერთად დავხარჯეთ და ჩემგან კაპიკს ვერ მიიღებ, რაც გინდა, ის გააკეთე-მეთქი. ამაზე ძალიან ვიჩხუბეთ, ერთხელ სამსახურშიც მომივარდა, ისეთი ამბავი გვქონდა, ლამის ხელით შევეხეთ ერთმანეთს. იმ დღეს დილიდან დამიწყო რეკვა, მივხვდი, ნასვამი იყო და ჩხუბში არ ავყევი, ცოტა ხანს ტელეფონიც კი გავთიშე, რომ ზედმეტად ნერვები არ მომშლოდა. საღამოხანს ერთმა ნაცნობმა კლიენტმა ოქროს სამკაულები მოიტანა ლომბარდში. სამკაულების გატანაც კი ვერ მოვახერხე, ისე გვიანი იყო და იმ საღამოს გვიანობამდე შემოვრჩი. კლიენტი უნდა მოსულიყო და მას ველოდებოდი, თან ანგარიშების გასწორება დავიწყე. ჩემ გარდა, მეორე სართულზე უკვე არავინ აღარ იყო. დაახლოებით, ათი საათი იქნებოდა, როცა მოულოდნელად მალხაზი დამადგა თავზე. ჩხუბით არ მოსულა, თორემ ვიეჭვებდი, რომ ცუდი განზრახვით იყო მოსული. პირიქით, შემოსვლისთანავე გამეხუმრა: ერთი ქორწილი კიდევ რომ გადავიხადოთ და თავიდან დავქორწინდეთ, თანახმა არ ხარო? ცუდად ხუმრობ-მეთქი, ვუთხარი. ახლოს რომ მომიჯდა, ალკოჰოლის სუნი მეცა. მივხვდი, ნასვამი იყო. იმის მიუხედავად, რომ საუბარში არ ავყევი, ჩხუბში მაინც ამიყოლია. მეორე სართული თანამშრომლებისგან მთლიანად დაცლილი იყო. მალხაზს ვუთხარი: ახლავე ადექი და წადი, მეც მალე უნდა გავიდე-მეთქი. უცებ კარს მივარდა, დაკეტა, გასაღები ჯიბეში ჩაიდო. სკამზე ვიჯექი, თავზე დამადგა და შემომეხვია. მოცილება დავიწყე, მაგრამ თავი არ დამანება. ჟინმორეული კიოდა, ისევ ჩემი გახდებიო. ტანსაცმელი შემომახია, თან მცემდა, ისე გამეტებულად... გამხეცებული იყო. ხმამაღლა ყვიროდა: შენ ხომ ჩემი იყავი, ახლა რატომ არ მნებდებიო. ჩემი დამხმარე არავინ იყო, ამიტომაც თავი ვერ დავაღწიე. როცა ჟინი მოიკლა, ცოტა ხანში სახეში მუშტი დამატყა – ხომ არ გგონია, შენი სიყვარულით ვკვდები. რომ მიღალატე, ამას ვერასდროს დავივიწყებო და ცემა დამიწყო. ისეთი გამხეცებული იყო, თავს ვერ ვიცავდი. უცებ, არ ვიცი საიდან, ალბათ, ქურთუკიდან, დიდი სკოჩი ამოიღო, სეიფთან მიმათრია: შენი ხელით გამოიღე, აქ რასაც ინახავო. კიდევ ვცადე გაძალიანება. სეიფი ღია იყო, ხელი შემაყოფინა და რკინის კარი რამდენჯერმე მთელი ძალით მიარტყა, ლამის მომატეხა ხელი. თან, ყვიროდა, ეს ხელები ძვლებში უნდა გადაგამტვრიოო. მალხაზმა სეიფიდან ჩემი კლიენტის დატოვებული ოქროს სამკაულები გამოიღო. მერე ხელჩანთა წამართვა, სადაც 2 000 ლარი მქონდა. ისევ სეიფთან მიმიყვანა და სკოჩით მიმაბა. მერე ჩემი შარფი აიღო, თვალები ამიხვია. იქამდე ჩემი ტელეფონი ჩაიდო ჯიბეში, ვთხოვე, ასე დაბმულს ნუ დამტოვებ-მეთქი, მაგრამ კარი დაკეტა და წავიდა. ნახევარი საათი ვცდილობდი შეკრული კვანძის გახნას, მერე თვალებიდან სახვევის მოხსნაც ვცადე, მაგრამ ვერ შევძელი. კივილი დავიწყე, პირველ სართულზე მყოფმა დაცვის თანამშრომელმა აღმომაჩინა.”
სამართალდამცველებმა სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და გაქცეული მალხაზ მ-ძის ძებნა დაიწყეს, მისი რამდენიმე სავარაუდო ადგილსამყოფლის შესახებ დაზარალებულისგან შეიტყვეს. ქალი თავადაც ეძებდა ყოფილ ქმარს, რომელმაც ჯერ გააუპატიურა შემდეგ – ფული და ოქროულობა გასტაცა. ოპერატიული სამსახურის წარმომადგენლებმა გაქცეულ დამნაშავეს ორკვირიანი ძებნის შემდეგ მიაგნეს. მან ჩადენილი დანაშაული თავდაპირველად უარყო. ეგ ქალი თაღლითია, რომელიმე სხვა საყვარელი გაკოჭავდა და დააყაჩაღებდაო, – განაცხადა. მაგრამ, შემდეგ აღიარა, რომ ყოფილ ცოლთან დასაყაჩაღებლად მისვლა წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი. სამართალდამცველებმა მისგან ფული და ძვირფასეულობა ვეღარ ამოიღეს, რადგან რამდენიმე დღეში მალხაზ მ-ძეს ფულიც შემოხარჯვოდა ვალებში და ოქროს სამკაულების გაყიდვაც მოესწრო. გაუპატიურებას არ ვაპირებდი, მაგრამ თვითონ გამომიწვიაო, „დაადანაშაულა” ყოფილი ცოლი დამნაშავემ, რომელიც გამწარებული ცოლის ჩვენებით, კიდევ ერთ ძველ დანაშაულში, ქურდობაში ამხილეს. სასამართლომ მალხაზ მ-ძეს ყოფილი ცოლის გაუპატიურების, დაყაჩაღების, ფიზიკური ძალადობისა და 10 წლის წინ ჩადენილი დანაშაულისთვის, 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა.