ვეტერინარის რჩევები
კითხვა: უკვე წელიწად-ნახევარია, ჩემი ძაღლისთვის ცოფზე აცრა არ გამიკეთებია. ეს ძალიან საშიშია თუ შესაძლებელია, კიდევ რამდენიმე თვე არ ავცრა?
პასუხი: ცოფზე ვაქცინაცია აუცილებელია გაუკეთდეს ძაღლს 3 თვის ასაკიდან და შემდეგ ყოველ 11 თვეში ერთხელ. ამიტომ, თქვენს შემთხვევაში, აუცილებელია, სასწრაფოდ აცრათ თქვენი ძაღლი. უნდა გახსოვდეთ, რომ ცოფი ძალიან საშიში დაავადებაა და მის შემთხვევაში ლეტალობა 100 პროცენტია.
კითხვა: ჩემი ძაღლი ვერ იტანს ძალიან ცხიმიან საჭმელს, ზამთარში კი ეს აუცილებელიაო, გამიგია. რა უნდა ვქნა? რით შევუვსო მას ცხიმის კალორია?
პასუხი: ეს არასწორი მიდგომაა. ზამთარში ცხიმი აუცილებელი არ არის. უბრალოდ, წელიწადის ამ დროს ცხოველს მეტი კალორია სჭირდება. ეს მისაზრება იქიდან მოდის, რომ სწორედ ცხიმის დაწვით გამოიყოფა უფრო მეტი კალორია. ზამთარში ცხოველს უნდა მისცეთ მაღალკალორიული ვიტამინიზებული და ადვილად ასათვისებელი საკვები.
კითხვა: შესაძლებელია თუ არა ძაღლებში უშვილობის პრობლემა გამოვლინდეს? ჩემი ძაღლი უკვე 2 წლის არის და ჯერ ვერ დაორსულდა.
პასუხი: როგორც სხვა ძუძუმწოვრებს, ძაღლებსაც აქვთ სქესობრივი ციკლი და, ამ ციკლთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემა შეიძლება გახდეს უნაყოფობის მიზეზი. უნდა დაზუსტდეს, აქვს თუ არა თქვენს ძაღლს ციკლი, ჯვარდება თუ არა და, თუ ჯვარდება, ეს შეჯვარება ემთხვევა თუ არა ოვულაციას, რათა მოხდეს განაყოფიერება, ანუ, ციკლის დაწყებიდან მერამდენე დღეს აჯვარებთ ძაღლს. გირჩევთ, კონსულტაცია გაიაროთ ვეტერინართან, რის შემდეგაც, შეიძლება, თქვენს ძაღლს სპეციალური გამოკვლევები დასჭირდეს, რაც დააზუსტებს უნაყოფობის მიზეზს.
კითხვა: რამდენჯერ არის საჭირო ძაღლის დაბანა და გაკრეჭა ზამთრის პერიოდში?
პასუხი: ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ სად იმყოფება ძაღლი – ოთახის პირობებში თუ ქუჩაში. სასურველია, ოთახის ძაღლი გაიკრიჭოს ზამთრის დაწყებამდე და, გასეირნების წინ, ცივ ამინდში, ჩააცვათ სპეციალური ტანსაცმელი. რაც შეეხება ბანაობას, არსებობს მშრალი შამპუნები, რომლითაც შეიძლება გაიწმინდოს ძაღლის ბეწვი, თუ ის ეზოშია; ოთახის პირობებში კი ძაღლის დაბანა თვეში ორჯერ არის საკმარისი.