კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა საშიშროებას ხედავდა სტალინი უკანონო ქორწინებაში და როგორ აღადგინა მან ოჯახის უფროსის სტატუსი

კომუნისტ ლიდერთა საძრახის საქმეთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია ბრძოლას ტრადიციულ, ეროვნულ და სოციალურ ღირებულებათა წინააღმდეგ. ამ ბრძოლას, თავის დროზე, წინ აღუდგა იოსებ სტალინი. ეს იყო მეტად დაძაბული და ხანგრძლივი ბრძოლა, რომელიც საბოლოოდ, სტალინის გამარჯვებით დასრულდა. ამ საკითხებზე ვისაუბრებთ საქართველოს საპატრიაქროს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორის, ვახტანგ გურულის ნაშრომებზე დაყრდნობით.

 რუსული კომუნიზმის (ბოლშევიზმის) ლიდერებმა (ვლადიმირ ლენინმა, ლევ ტროცკიმ, გრიგოლ ზინოვიევმა და სხვებმა) ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ, დაიწყეს ბევრი ისეთი ჩანაფიქრის განხორციელება, რომელიც ძირს უთხრიდა, არღვევდა ეროვნულ ცნობიერებასა და ტრადიციულ სოციალურ ურთიერთობებს, ებრძოდა ეკლესიურ აზროვნებას. სხვადასხვა მიზეზით დამკვიდრდა შეხედულება, თითქოს ბოლშევიკი ლიდერები სამართლიანი და უმწიკვლო ადამიანები იყვნენ. სინამდვილეში კი, მათი უმრავლესობა იყო აღვირახსნილი, გარყვნილი, ამორალური. მათ არ სწამდათ ტრადიციული ღირებულებები, ხოლო ეკლესიურ აზროვნებას, საზოგადოებისთვის საშიშად მიიჩნევდნენ. ბოლშევიკი ლიდერებისგან განსხვავებული პოზიცია ეკავა იოსებ ჯუღაშვილს. სტალინი წინ აღუდგა ტრადიციულ სოციალურ ურთიერთობათა ხელაღებით და განურჩეველ რღვევას და ახლის გაუაზრებლად დამკვიდრებას. ნებსით თუ უნებლიეთ, ამ ვითარებაში სტალინი მოგვევლინა იმ ტრადიციულ ღირებულებათა და სოციალურ ურთიერთობათა დამცელად, რომელიც ეკლესიურ მორალს ემყარებოდა. 

1917 წლის შემდეგ, ბოლშევიკების მოღვაწეობის შედეგად, საზოგადოებაში დამკვიდრდა აზრი, რომ ადამიანთა თავისუფლება და საყოველთაო თანასწორობა სხვა, დანარჩენთან ერთად, გულსიხმობდა კანონიერი და უკანონო ქორწინების გათანაბრებას. განსხვავების მოსპობას კანონიერ და უკანონო შვილებს შორის. მოქალაქეს შესაძლებლობა უნდა ჰქონოდა, იმდენი მეუღლე ჰყოლოდა, რამდენსაც მოისურვებდა. ეს ეხებოდა როგორც მამაკაცს, ისე – ქალს. წინათ რუსეთში, კანონიერად ითვლებოდა ეკლესიაში, ჯვრისწერის შედეგად შეუღლებული ადამიანების ქორწინება. საბჭოთა ხელისუფლებამ ეკლესიაში ჯვრისწერა იურიდიული ძალის არმქონედ ცნო და ამდენად ეკლესიაში გაცემული ჯვრისწერის შესაბამისი დოკუმენტიც უგულებელყო. ასეთ დოკუმენტს სახელმწიფო დაწესებულებები არ სცნობდნენ. ეკლესიაში ჯვრისწერის იურიდიული ძალის არმაქონედ გამოცხადებამ თავისთავად გამოიწვია სხვა უარყოფითი პროცესები. მამაკაცს შეეძლო, რამდენჯერმე დაქორწინებულიყო, ქალი კი რამდენჯერმე გათხოვილიყო. ამ პროცესში გაურკვეველი რჩებოდა, თუ როგორ უნდა დადგენილიყო ბავშვის მამა. მამის მიერ ახალშობილის შვილად აღიარება მხოლოდ მამის სურვილზე იყო დამოკიდებული. იმავდროულად, შეუძლებელი გახდა უძრავი და მოძრავი ქონების მემკვიდრის აღიარების საკითხი. მამის მემკვიდრედ ჩაითვლებოდა ის, ვისაც მამა, პირადი სურვილის მიხედვით, აღიარებდა შვილად.

მართალია, ბოლშევიკი ლიდერები რუსეთში საუკუნეების განმავლობაში დამკვიდრებულ ღირებულებებს შეეხნენ, მაგრამ გამარჯვების იმედი მაინც ჰქონდათ. ისინი აპირებდნენ თავიანთი იდეები ჯერ ქალაქში განეხორციელებინათ, შემდეგ სოფლებში. 

იოსებ სტალინს არ შეეძლო ერთბაშად გაელაშქრა ბოლშევიკი ლიდერების ბინძური გეგმის წინააღმდეგ. ბოლშევიკურ ელიტასთან დაპირისპირებული სტალინი მარცხისთვის იქნებოდა განწირული. ამიტომ იყო, რომ სტალინი მოქმედებდა ძალიან ფრთხილად და წინდახედულად. მას წლები დასჭირდა იმისთვის, რომ სხვადასხვა ფორმით აღედგინა და შეენარჩუნებინა ტრადიციული სოციალური ურთიერთობები. ცხადია, სტალინი ეკლესიაში ჯვრისწერას  ქორწინების ოფიციალურ  რეგისტრაციად ვერ ჩათვლიდა – ეს ათეისტურ სახელმწიფოში წარმოუდგენელი იყო. სამაგიეროდ, სტალინმა დააკანონა ქორწინების სახელმწიფო ორგანოში რეგისტრაცია, ხოლო მის დარღვევაზე, უმკაცრესი კონტროლი დააწესა. ამიერიდან, ქალაქადაც და სოფლადაც კანონიერად ითვლებოდა ის ქორწინება, რომელიც მამაკაცისა და ქალის ნებაყოფლობითი განცხადების საფუძველზე ხდებოდა  და დასტურდებოდა ხელისუფლების მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტით. ასე იქმნებოდა ოჯახი. შესაბამისად, კანონიერ შვილად ითვლებოდა, ზემოხსენებული წესით რეგისტრირებული ქორწინების შედეგად დაბადებული ბავშვი. მამაკაცსაც და ქალსაც შეეძლოთ, ქორწინებამდე დაბადებული ბავშვებიც კანონიერ შვილებად ეღიარებინათ. მამაკაცს შეეძლო, შეერთო მეორე მეუღლე, ქალსაც შეეძლო მეორედ გათხოვება, მაგრამ იმ პირობით, თუ კანონის ძალით რეგისტრირებული ქორწინება ბათილად იქნებოდა ცნობილი შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ. ამრიგად, პირველი ქორწინების შემდეგ, ყოველი ქორწინება კანონიერი ხდებოდა, რადგან ის რეგისტრირებული უნდა ყოფილიყო შესაბამის სახელმწიფო ორგანოში. ქორწინების სახელმწიფო ორგანოში რეგისტრაციამ და კანონიერი შვილის დადგენამ, თავისთავად მოხსნა საკითხი უძრავი და მოძრავი ქონების კანონიერი და უკანონო მემკვიდრის შესახებ. 

ბოლშევიკი ლიდერები შემდეგ დანანებით აღნიშნავდნენ, რომ მათ სტალინმა მოქალაქეთა თავისუფლებისა და თანასწორობის დიდებული გეგმები ჩაუშალა. 

რუსეთში ტრადიციულად არსებობდა ოჯახის უფროსის ცნება, რომელსაც რეალური უფლებები გააჩნდა. ოჯახის უფროსად მიიჩნეოდა მამაკაცი. ქალი რუსეთში ამ სტატუსით ვერ სარგებლობდა. სტალინმა, ოდნავ სახელშეცვლილი ფორმით, ეს ტრადიციაც აღადგინა და დააკანონა. საბჭოთა ოჯახში რეალურად აღდგა ოჯახის უფროსის სტატუსი. სოფელში უძრავი და მოძრავი ქონება გაფორმებული იყო არა ზოგადად ოჯახზე (3-4 ან მეტ სრულწლოვან ადამიანზე), არამედ ოჯახის მამაზე – ოჯახის უფროსზე. ქონების დაცვა-შენახვაზე, გადასახადების გასტუმრებასა და სახელმწიფოსაგან დაწესებული სხვა ვალდებულებების შესრულებაზე, პასუხიმგებელი იყო ოჯახის უფროსი. თუ ოჯახი თავს აარიდებდა დაწესებული გადასახადის გადახდას, კანონი სჯიდა არა ზოგადად ოჯახს, არამედ ოჯახის უფროსს. ყოველივე ამის დაკანონება სტალინისთვის ძალზე სახიფათო იყო, რადგან ამ შემთხვევაში, მისთვის შეიძლება, წაეყენებინათ ბრალდება, რომ კანონის წინაშე ირჩეოდა მამაკაცისა და ქალის თანასწორობა. სტალინი ასეთი შემთხვევისთვის გამოსავალს ყოველთვის იტოვებდა. მაგალითად: თუ გარდაიცვლებოდა მამა და ოჯახში რჩებოდნენ დედა და არასრულწლოვანი შვილები, მათ შორის ვაჟებიც, მამაკაციდან ოჯახის უფროსის უფლება კანონით გადადიოდა ქალზე (დედაზე). ამიერიდან ქალი იყო პასუხისმგებელი როგორც უძრავი და მოძრავი ქონების დაცვაზე, ისე გადასახადების გადახდაზე. 

ამდენად, სტალინმა აღადგინა ტრადიციული სოციალური ურთიერთობები, რომელსაც წინათ ეკლესია არეგულირებდა, ამიერიდან კი _ სახელმწიფო. 

1917 წლისთვის რუსეთში დამკვიდრდა შეხედულება, რომ ჯარისკაცზე სამხედრო მეთაურის (ოფიცრის) უფლება ლახავდა ჯარისკაცის ადამიანურ ღირსებას, ხოლო ჯარისკაცის მიერ ოფიცრის ბრძანების უსიტყვოდ შესრულება, ბნელი წარსულის გადმონაშთი იყო. ამ შეხედულებამ კარგა ხანს იბატონა და ის გახდა ერთ-ერთი მიზეზი დიდი ჩავარდნებისა წითელი არმიის შექმნის პროცესში. საბოლოოდ, ეს მცდარი შეხედულება სტალინის ძალისხმევით დაიგმო. ოფიცრის უფლება ჯარისკაცზე, ხოლო ჯარისკაცის მოვალეობა – ოფიცრის ბრძანების უსიტყვოდ შესრულებაზე, როგორც მშვიდობიანობისა და განსაკუთრებით კი, ომის დროს, არმიის ბრძოლისუნარიანობას განსაზღვრავდა. ზოგიერთი ბოლშევიკი ლიდერი ცეცხლითა და მახვილით ებრძოდა წითელ არმიაში რუსეთის არმიაში დამკვიდრებული ტრადიციების შენარჩუნებას, ერთ-ერთი ასეთი ტრადიცია იყო „დედოვშჩინა”, ანუ უკვე ნამსახური ჯარისკაცის უფლება ახალწვეულზე. ახალწვეულ ჯარიკაცს უსიტყვოდ უნდა შეესრულებინა არა მარტო ოფიცრის ბრძანება, არამედ მასზე დიდხანს ნამსახური ჯარისკაცის ბრძანებაც. ასეთი დამოკიდებულება ოფიცრებს უადვილებდა ჯარისკაცთა მასის მართვას. ბოლშევიკი ლიდერები მოითხოვდნენ „დედოვშჩინის” სასტიკად აკრძალვას, თუნდაც რეპრესიების გზით. სტალინი მოთმინებით უსმენდა თავგახურებული ბოლშევიკების მსჯელობას და ბოლოს ერთ-ერთ თათბირზე განაცხადა: „დედოვშჩინას” ვერ ავკრძალავთ, რადგან „არმია ყოველთვის ემყარება ძველ ტრადიციებს!”

 

скачать dle 11.3