კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

მე ეს არ დამიმსახურებია

მყავს ერთადერთი შვილი. ქმარმა მაშინ მიმატოვა, სერგი რამდენიმე თვის რომ იყო. ძალიან მძიმე მშობიარობა მქონდა, ძლივს გადაგვარჩინეს მეც და ბავშვიც, მაგრამ, მე ლოგინს მივეჯაჭვე და ჩემს ქმარს ყელში ამოუვიდა ავადმყოფი ცოლისა და თოთო ბავშვის მოვლა. მართალია, დედაჩემი გვერდიდან არ მშორდებოდა, მაგრამ, რომელ ქმარს მოსწონს ოჯახში მუდმივად საავადმყოფოს სიტუაცია? ჰოდა, ერთ დღესაც, ადგა და წავიდა, თანაც ისე, რომ კაპიკიც არ დაუტოვებია. ბინა ჩემი მშობლების იყო, თორემ, ალბათ, სახლიდან გაგვყრიდა.

მოკლედ, დავრჩით მარტო, უსახსროდ, ყოველგვარი შემოსავლის გარეშე, თუ არ ჩავთვლით დედაჩემის 100-ლარიან ხელფასს (მაშინ ასეთი ხელფასები იყო), პრაქტიკულად, ინვალიდი, პატარა ბავშვით ხელში.

ღვთის ნებით, ერთი წლის შემდეგ სავარძელში დაჯდომა შევძელი, კიდევ ერთ წელიწადში კი გავიარე კიდეც. სანამ ფეხზე დავდგებოდი, რაღაც შემოსავალი რომ გვქონოდა, ქსოვა დავიწყე და მერე მოსწავლეებიც ავიყვანე ინგლისურში. თითქოს რაღაც დონეზე ავაწყვე ცხოვრება, რომ ახალი უბედურება დამატყდა თავს – მოულოდნელად გარდამეცვალა დედა და დავრჩი აბსოლუტურად მარტო. სერგი მაშინ 5 წლის მყავდა. რა უნდა მექნა, გავიმხნევე თავი, გავიორმაგე ძალისხმევა და არანაირ საქმეს არ ვთაკილობდი: ბინებსაც ვალაგებდი, სარეცხიც მომქონდა, ვაცხობდი, სადილებს ვუკეთებდი უცხოელებს... მართალია, ძალიან მიჭირდა ამდენი საქმის კეთება, მაგრამ, არ მინდოდა, ჩემს შვილს რამე დაჰკლებოდა. ისეც მომხდარა, რომ მე ცარიელი პურის ქერქით მივახშმია, ბავშვისთვის კი კარგი სადილი მქონია გადადებული. ერთი სიტყვით, ჩემი ჯანმრთელობის ხარჯზე იმდენი შევძელი, რომ სერგის რაღაც დონეზე არც ჩაცმა აკლდა, არც კვება, არც სპორტი და მასწავლებლებთან სიარული, არც კურორტი და, ამ ყველაფრის წყალობით, ჯანმრთელი, წესიერი და განათლებული კაცი გავზარდე. ეს ყველაფერი ისე მოვახერხე, რომ ბინაც შევუნარჩუნე და, წვრილმანი ნივთების გარდა, არც არაფერი გამიყიდია სახლიდან. სერგის წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ, პრაქტიკულად, ყოველ ღამეს ვათენებდი სხვისი სარეცხის რეცხვაში და, არც ის იცოდა, რომ ბინებსა და სადარბაზოებს ვალაგებდი. ვეუბნებოდი, სამსახურში მივდივარ-მეთქი, მაგრამ, აზრზე არ იყო, რომ ჩემი „სამსახური“ ცოცხი და ტილო იყო.

მთელი ამ წლების განმავლობაში ჩემს ქმარსა და მისიანებს ერთხელაც კი არ მოუკითხავთ ბავშვი. მხოლოდ მას მერე გამოჩნდნენ, სერგი მაღალ თანამდებობაზე რომ დაინიშნა და წარმატებული კაცი გახდა. ყველას მაშინ გაახსენდა მისი არსებობა, შემოესივნენ და, როგორც ხდება ხოლმე, ყველა თავისი პრობლემების მოგვარებას სთხოვდა, თან, მე მადანაშაულებდნენ – ჩვენ ძალიან გვინდოდა, მოგვეხედა და დაგხმარებოდით, მაგრამ, დედაშენი არ გვიკარებდაო. ნათქვამია, შეძახილმა ხე გაახმოო და, ალბათ, სერგიზეც იმოქმედა მამისა და მისი ნათესავების ლაპარაკმა: თანდათანობით ვგრძნობდი, რომ ჩემი სიმწრით გამოზრდილი შვილი ისეთი თბილი და ყურადღებიანი აღარ იყო. ძალიან მტკიოდა გული, მაგრამ, არაფერს ვეუბნებოდი – არ ვაწყენინო-მეთქი.

მძიმე შრომამ და ნერვიულობამ წლების შემდეგ იჩინა თავი და, ჯერ კიდევ ახალგაზრდა ასაკში (54 წლის ვიყავი მაშინ), მოძრაობა შემეზღუდა და, პრაქტიკულად, ისევ ინვალიდის ეტლში აღმოვჩნდი. სწორედ იმ პერიოდზში შეირთო სერგიმ ცოლი, მაგრამ, ერთ თვეში გამომიცხადა, ჩვენ ცალკე უნდა გადავიდეთო, იქირავეს ბინა და წავიდნენ. რძალს რა უნდა მოვთხოვო, როცა შვილს აღარ ვახსოვარ. მართალია, მომვლელი ქალიც დამიქირავა (რომელიც  დღეში 2-3 საათით მოდის), კვირაში ერთხელ პროდუქტებსაც მიგზავნის, წამლებსაც და რაღაც თანხასაც მიტოვებს, მაგრამ, ხანდახან თვე ისე გადის, ჩემს შვილს ვერ ვნახულობ და არც ბავშვები მოჰყავთ ჩემთან. ჩემმა რძალმა ტელეფონში მითხრა, არ მინდა, ჩემმა შვილებმა ინვალიდ და ავადმყოფ ბებიას უყურონ და ამით დაითრგუნონო. ამას წინათ კი მოვიდა, კარგა ხანს ათვალიერა ოთახები და ბოლოს გამომიცხადა: ერთოთახიან ბინას გიქირავებთ, აქ კაპიტალური რემონტის გაკეთებას ვაპირებ და მტვერსა და საღებავის სუნში გაძლება გაგიჭირდებაო. მოკლედ რომ ვთქვა, ერთი სული აქვთ, როდის მოვკვდები. ჩემს შვილს ძალიან დიდი თანამდებობა უკავია და, ეშინია, რომ არ გახმაურდეს, თორემ, ალბათ, მოხუცთა თავშესაფარშიც თვალის დაუხამხამებლად გამიშვებდა.

საერთოდ, ყველაფერი შეფარდებითია ამქვეყნად, მათ შორის – წესიერებაც. ერთი მეზობელი ქალი მყავს, რომელმაც ორი ბიჭი გაზარდა. ერთი, მგონი, პროფესიონალი ქურდია და რამდენჯერმე იჯდა ციხეში, მეორე კი უსაქმური „ბირჟავიკია“ და მთელი დღე ქუჩაში დგას, მაგრამ, უნდა ნახოთ, როგორ უვლიან დედას. ის ლოგინადაა ჩავარდნილი და ტუალეტშიც კი ვერ გადის, მაგრამ, ყველაფერს შვილები უკეთებენ. მომვლელადაც გამოცდილი ექთანი აუყვანეს,  რომელიც, პრაქტიკულად, მათთან ცხოვრობს, რომ ღამითაც ჰყავდეს მეთვალყურე. ამ ქალს მთელი ცხოვრება ჩემი შურდა – ასეთი კარგი შვილი როგორ გაზარდეო, მაგრამ, როგორც ჩანს, იქით უნდა მშურდეს. მარტო განათლება და თანამდებობა არ ყოფილა კარგი კაცობა. ეტყობა, ჩემს შვილს მთავარი დავაკელი –  ადამიანობა ვერ ვასწავლე.

ლალი, 64 წლის.

скачать dle 11.3