კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადამი და ევა

კაცისთვის სულერთია?!

 

ქალები ფიქრობენ, რომ კაცისთვის სულერთია, როგორი იქნება მისი საცხოვრებელი, მთავარია, არ სციოდეს, არ შიოდეს და თავზე წვიმა არ ჩამოსდიოდეს – დანარჩენს მნიშვნელობა არა აქვს. რეალობა კი აბსოლუტურად სხვანაირია, უბრალოდ, არსებობენ ორი ტიპის მამაკაცები: ერთი კატეგორია ბუნებით არის თავისუფლებისმოყვარე, ძნელად ეგუება უღელში თავის გაყოფას და, ახალ ყოფას რომ შეეგუოს საცხოვრებელიც შესაფერისი სჭირდება. ძალიან მოსწონს „სტუდიის“ ტიპის ბინები, სადაც კედლებისა და კარების სიმცირეა; კმაყოფილდება უკიდურესად საჭირო, მაგრამ კომფორტული ნივთებით; არ მოსწონს უსარგებლო სამშვენისები და ფუფუნების საგნები; ამიტომ, ის მაქსიმალურად ეცდება, არ გამოტენოს ბინა ათასი ხარახურით და გახადოს ის სადა და კომფორტული. ზოგჯერ ზედმეტად სადაც კი. თუ ასეთ მამაკაცს ანტიკვარიატით გამოუტენით სახლს და სულს შეუხუთავთ პედანტური შენიშვნებით: – „ეს აუცილებლად აქ უნდა იდოს“... „ის იქ შეცდომით დადე!“ – გადაირევა და გაიქცევა, ყოველ შემთხვევაში ამის სურვილი გაუჩნდება.

გვხვდებიან მეორე ტიპის მამაკაცებიც, რომლებსაც ლამის ქალებზე მეტად მოსწონთ ძვირფასად მოწყობილი ბინები, როცა იატაკს ფუმფულა ხალიჩა ფარავს, ჭერს კი ორიგინალური, ლამაზი ჭაღი ამშვენებს, აქვს ბევრი გაწყობილი ოთახი, ბევრი სათავსო და ბევრი კომფორტული, ლამაზი ბალიშით დამშვენებული დივანი; ძვირფასი ჭურჭლიდან ჭამაც მოეწონება და ლამაზად გაწყობილი მაგიდაც. მთავარია, თავიდანვე ზუსტად მიხვდეთ, როგორი მამაკაცი „გერგოთ.” რამე რომ არ შეგეშალოთ, ხშირად ჰკითხეთ აზრი და თქვენ შორის პრობლემებიც აღარ იარსებებს. თუმცა, არსებობს ერთი „მაგრამ” – ისეთი კაცებიც არსებობენ, რომელთათვისაც სულერთია, როგორ იქნება მოწყობილი მისი საცხოვრებელი გარემო, მაგრამ, ასეთები ან სულით პოეტები არიან, ან – მაწანწალები...

 

რატომ?.. რატომ?..

 

რატომ უჭირთ მამაკაცებს ქალის შეყვარება? რატომ ვერ ახერხებენ ისინი იმის დაფასებას, რასაც ჭეშმარიტი გრძნობა ჰქვია? ბედის ირონიით, სწორედ იმ მამაკაცებმა იციან სიყვარულის ფასი, რომლებმაც ამ საქმეში მარცხი განიცადეს. 

სხვათა შორის, კაცებს გაცილებით სწრაფად უყვარდებათ, ვიდრე ქალებს და სწორედ აქედან მოდის პრობლემები როგორც კაცებისთვის, ასევე, ქალბატონებისთვის და, ალბათ, ხვდებით, რატომაც. მარტივია, კაცის ორგულობა და ღალატი მისი ხასიათის რომელიმე თვისებას დააბრალო; ანუ, თქვა, რომ კაცებს სწრაფად უყვარდებათ; რომ გრძნობას ადვილად და თვალდახუჭული ემორჩილებიან, გონება ეხშობათ და გულია მათი ქმედებების განმსაზღვრელი. საფრანგეთში გამოთქმაც კი არსებობს – „მუსიეს დიდი გული აქვსო!“ – ანუ, თუ მას რამდენიმე ქალი უყვარს, ეს ნორმალურიაო. ესე იგი, რა გამოდის – კაცს ღალატი უნდა ვაპატიოთ? კი მაგრამ, რატომო? – იკითხავენ აღშფოთებული ქალები და მართლებიც იქნებიან.

თუმცა, იქნებ, თანამედროვე ქალბატონები გახდნენ ადვილად ხელმისაწვდომები და პრობლემაც ამან გააღრმავა?! ასეა თუ ისე, ქალებიც და კაცებიც გულწრფელები უნდა ვიყოთ და ვიპოვოთ საკუთარ გულებში გრძნობა, რომელიც უპირველესად ერთგულებას გვასწავლის. „დიდი გულის“ ქონა არ ნიშნავს იმას, რომ ის რამდენიმე კაცს ან ქალს ერთდროულად დაიტევს. ქალები დიდ და წმინდა სიყვარულზე ოცნებობენ და ზოგჯერ ვერ ხედავენ იმ სიყალბეს, რომელიც კაცშია. უკეთ დააკვირდით მას, ვინც მთელ ქვეყნიერებას გჩუქნით და მაშინ აღარ გახდება საჭირო, დაუსვათ შეკითხვა საკუთარ თავს: „რატომ?”

 

მამაკაცური სისუსტე...

 

ამბობენ, რომ ცოლებს ლომის წილი მიუძღვით ქმრების წარმატებაში... და რომ კარგ ცოლს შეუძლია, მამაკაცი ძალიან წინ წასწიოს ცხოვრებაში. მაგრამ, არსებობს ერთი პრობლემა: მამაკაცების არცთუ უმნიშვნელო ნაწილი, როგორც კი წარმატებას მიაღწევს და სოციალურ კიბეზე ოდნავ აიჩოჩებს, ცოლს ზემოდან უწყებს ყურებას, სწორედ იმ ცოლს, რომელიც მოთმინებითა და რუდუნებით ეხმარებოდა კარიერის გაკეთებაში. შედარებით იშვიათია ისეთი შემთხვევები, როცა პირიქით – წინ წასულ ცოლს აღარ აინტერესებს მაჩანჩალა ქმარი. არსებობენ ისეთი წყვილები, რომლებიც წარმატებულებიც არიან, შემდგარი პიროვნებებიც, მაგრამ ერთმანეთისთვის საერთოდ არ სცალიათ... რომ ჰკითხოთ, მათთვის მთავარია ჯერ საყვარელი საქმე და მერე – ოჯახი. ამიტომ, როცა იწყებენ ქორწინების გადარჩენაზე ზრუნვას, გვიან აღმოჩნდება ხოლმე. უფრო ეგოისტები მამაკაცები არიან. უხეშად, ჟარგონი რომ გამოვიყენოთ, მათ უფრო უვარდებათ თავში.

გულწრფელად დაინტერესდით, როგორ მიდის ქმრის საქმეები და ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ისიც მოიქცეს ანალოგიურად.

რაც მთავარია, არ ჩამორჩეთ ქმარს; არ გახდეთ მისთვის უინტერესო და მოსაწყენი; იყავით ყველაფრის საქმის კურსში. მეუღლემ არ უნდა თქვას: „რატომ ველაპარაკო? მაინც არაფრის აზრზე არ არის“.

დაიხსომეთ, მამაკაცს უყვარს საკუთარი პერსონა. თუ ვერ შეძლებენ თავის და საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას, იბოღმებიან, ნერვიულობენ და უჩნდებათ არასრულფასოვნების კომპლექსი. მამაკაცის სისუსტე მისი „მეა“ – რა ქნან, ასეა მათი ბუნება მოწყობილი. ვიღაცამ ხშირად უნდა უთხრას, რომ მაგარი და ყოვლისშემძლეა, ამიტომ, ეს „ვიღაც“ – თქვენ იყავით. თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, სასურველი შედეგიც არ დააყოვნებს.

 

შევინარჩუნოთ თუ არა?

 

ზოგჯერ წყვილს ეჩვენება, რომ მათი ურთიერთობა ჩიხში შევიდა და გამოსავალი მხოლოდ ერთია – განქორწინება! თუმცა, აჩქარება მაინც არ შეიძლება. არსებობს გაცილებით ნაკლებად ტრავმული გამოსავალიც და პრობლემის გადაჭრის გზაც.

„ცხოვრობდნენ ერთად დიდხანს და ბედნიერად“ – სულაც არ გახლავთ მითი. სიყვარული, პატივისცემა, ურთიერთგაგება, საერთო ინტერესები, თავსებადობა სექსში – ეს ყველაფერი საკმაოდ მჭიდროდ კრავს წყვილს და ამ ძაფების გაწყვეტა ხელის ერთი მოსმით ადვილი ნამდვილად არ იქნება. ამიტომაც არ ღირს ცხელ გულზე გადაწყვეტილების მიღება. მაგალითად, ზოგიერთი ქალი განქორწინებაზე მხოლოდ იმიტომ მიდის, რომ ამათ ქმარს ატკინოს – ფიქრობს, რომ ამით გადაუხდის სამაგიეროს და ის ცუდად იქნება. ასეთ დროს ქმარზე კი არა, უპირველესად იმაზე უნდა იფიქროთ, თავად როგორ იქნებით. დიდი ალბათობით, ბევრად უფრო ცუდად იმაზე, ვისი დასჯაც გინდოდათ. 

გაშორებაზე სერიოზულად ფიქრი მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა ზუსტად იცით, რომ ცალკე ბედნიერი იქნებით, მოიპოვებთ სიმშვიდეს... და, როცა დარწმუნდებით პარტნიორისადმი სრულ გულგრილობაში.

ზღაპარს ჩვენ თვითონ ვიგონებთ და მისი ფინალიც შეგვიძლია, მოვიგონოთ. მართალია, სხვებიც თამაშობენ გარკვეულ როლს, მაგრამ, მნიშვნელოვანი წვლილი თქვენ უნდა შეიტანოთ. მეუღლე თქვენი ყველაზე ახლობელი ადამიანია. შეიძლება, ამას ვერ აცნობიერებთ, მაგრამ, როცა მოშორდებით, აუცილებლად მიხვდებით, სინანული კი ძალიან დაგვიანებული შეიძლება აღმოჩნდეს. რეალობაში ოჯახური ცხოვრება მოიცავს უამრავ პრობლემას – მნიშვნელოვანსაც და წვრილმანსაც. მთავარია, იცოდეთ, როდის და როგორ სიტუაციაში უნდა შეცვალოთ ურთიერთობა, მით უმეტეს – რადიკალურად...

скачать dle 11.3