რატომ ჰქონდა კაკო კვანტალიანს მუდმივად ცოლისდის ვალი და როგორ აგიჟებდა ის დოდო აბაშიძეს
„ის ორმოცდაშვიდი წლის წინ, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა ინსულტით. მე არ დავიწყებ იმის მოყოლას, თუ რა დონის მსახიობი იყო იგი და როგორ უყვარდა მაყურებელს. კაკო კვანტალიანი გრიშა კოსტავას მეგობარი იყო. ის ხშირად აკითხავდა პარტიულ ბოსებს გაჭირვებულებისთვის დახმარების სათხოვნელად, მაგრამ, სძულდა კომუნისტური პარტია. პარტიაში ცოცხალი თავით არ შევიდა – არ ვარ, ბატონო, პარტიის ღირსიო. სწორედ უპარტიობის გამო დაკარგა ლენინის როლი. თავსაც დაკარგავდა, იღბლად, გადაღებებზე რომ არ ყოფილიყო დაკავებული და იმ შეკრებებზე ევლო, სადაც გრიშა კოსტავა დადიოდა. არადა, აპირებდა, თურმე, მაგრამ, გადაღებები, რეპეტიციები... და ის გადარჩა. გრიშა კოსტავა დახურულმა სასამართლომ უმძიმესი ბრალდებით გაასამართლა და თავისუფლება აღუკვეთა. კაკო კვანტალიანმა მოახერხა და სასამართლოს შემდეგ გრიშა კოსტავა და მედეა ჯაფარიძე ერთმანეთს შეახვედრა. სწორედ მაშინ უთქვამს გრიშა კოსტავას თავისი ულამაზესი მეუღლისთვის, რომ დროულად გათხოვილიყო, რადგან მოცდას აზრი არ ჰქონდა... შემდეგ სწორედ მედეა ჯაფარიძის ხელშეწყობით შეირთავს კაკო კვანტალიანი მასზე გაცილებით ახალგაზრდა ქალს, მშვენიერ მაია ჭიპაშვილს – რეპრესირებული ოჯახიდან და მის უმცროს დებს მამობას გაუწევს (კაკო კვანტალიანის მეუღლე 26 წელიწადი ხელმძღვანელობდა მარჯანიშვილის თეატრის მუზეუმს). გრიშა კოსტავას დაპატიმრების მერე მისი ძმა – მერაბ კოსტავას მამაც დააპატიმრეს. გადასახლებიდან დაბრუნებული ოჯახი კვანტალიანებმა სადილზე მიიპატიჟეს, მაშინ, როცა ბევრს მათთვის გამარჯობის თქმისაც კი ეშინოდა...” (წყარო: http://www.ptpress.ge) დღეს ჩვენ ამ არაჩვეულებრივი კაცის დღიურებს დაგათვალიერებინებთ, რომლის წაკითხვაც დიდ სიამოვნებას მოგგვრით.
„კაკო კვანტალიანი დაიბადა სამტრედიაში. იქვე, სამტრედიაში, კიბის ქვეშ მოწყობილ სცენაზე დაუწყია არტისტობა და გიმნაზიის დამთავრების შემდეგ თბილისში წამოსულა. სწავლობდა უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე, 21 წლისა კი უკვე მარჯანიშვილის გვერდითაა – კიბის ქვეშ მოწყობილი სცენიდან პირდაპირ მარჯანიშვილის ორბიტაზე მოხვედრილა. ჯერ მარჯანიშვილმა იწამა მისი ნიჭიერების, შემდეგ – მთელმა საქართველომ... მას უყვარდა: სცენა, ეკრანი, ქეიფი, სმა, კიტრი და, რაც მთავარია, ადამიანები და სიკეთის ქმნა. თავის პროფესიასა და პოპულარობას დაუზოგავად იყენებდა სიკეთის საკეთებლად... ხშირად აკითხავდა პარტიულ ბოსებს – ხან ვისი ბინის თაობაზე, ხან – ვისაზე. როცა სხვა საქმეზე მიდიოდა, მდივნებს აფრთხილებდა: უთხარით, ამჯერად ბინა არ მინდა, სხვა საკითხზე მოვედიო!”
***
„მსახიობის დედა – ანეტა, სესილია თაყაიშვილის „ოლღა ბებიას” პროტოტიპი იყო. თავად სესილია თაყაიშვილი ამბობდა: „მე თუ ვინმემ შთამაგონა და თუ ვინმე მედგა თვალწინ ოლღა ბებიას როლის თამაშისას, ეს კაკო კვანტალიანის დედა, ქალბატონი ანეტა გახლდათ! ქალბატონი ანეტაც, ოლღა ბებიას მსგავსად, ზრდიდა ობოლ შვილიშვილს – ბიძინა კვანტალიანს, რომელსაც დედა 6 თვისას გარდაეცვალა.”
უკიტროდ დარჩენილი კაკო
კვანტალიანს უზომოდ ჰყვარებია კიტრი და მწვანილი. ხმა დადიოდა, კაკო კვანტალიანი ძილშიც კირტს ჭამსო. ყიდულობდა თვითონ, თან – ბლომად და, ყოველდღე მიირთმევდა. ერთხელ ბიძინა კვანტალიანს უკვე ავადმყოფი ბიძისთვის წყნეთში 40 კილო კიტრი აუტანია. მესამე დღეს მსახიობს ძმისწულისთვის დაურეკავს: „არ გრცხვენია, ბიძინა, ბიჭო, უკიტროდ მტოვებ“? რომ უკითხავს, 40 კილო იყო, რა იქნაო, უპასუხია: მე რომ მიყურებენ, ესენიც მადაზე მოდიან და ყველანი ჭამენო”…
***
„მაგი რომ ჭამს და მაგი რომ სვამს, მე ცალ ყურში ჩავისხამო“, – დაუტრაბახია კვანტალიანის ქებით გულმოსულ დოდო აბაშიძეს.
მსახიობებმა გადაწყვიტეს და მოაწყვეს მათი „სმაჭიდი“: აქეთ კაკო დასვეს, იქით – დოდო. სასმელიც და საჭმელიც თანაბრად მიუტანეს. მოილხინეს, სვეს, სვეს... გვარიანად შეთვრნენ და გამთენიისას დაიშალნენ. შინ მისულმა კვანტალიანმა დაიძინა. ახლობლებმა მიაკითხეს და მეუღლემ უთხრა, კაკოს სძინავსო. შესჩივლეს ახლობლებმა – ქორწილი გვაქვს და, ბატონი კაკო რომ თამადა არ იყოს, ქორწილს ეშხი დაეკარგებაო. „ქორწილიო?!“ – გაიგონა მძინარე მსახიობმა, მერცხალივით წამოფრინდა და ბიჭებს გაჰყვა. გაჰყვა და კვანტალიანებთან ტელეფონი აწკრიალდა – დოდო აბაშიძის დედამ დარეკა გულშეწუხებულმა: დოდოს ექიმები ახვევია, მგონი, მოწამლულია. ამბობს, კაკოსთან ერთად დავლიეო და კაკო როგორღააო.
კაკო კარგადაა, ქორწილში წაიყვანეს თამადადო.
დოდო აბაშიძეს უთქვამს: რა მრჯიდა, ვის ვეჯიბრებოდიო”.
***
„თავდაუზოგავად მუშაობდა თეატრში, კინოში, ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობას, მაგრამ, მისი ხელფასი მაინც ვერ აუდიოდა მის პურმარილიანობას. მუდამ ცოლისდის ვალი ჰქონია და მეუღლესთანაც ხშირად კამათობდა ფინანსურ საკითხებზე. ერთ-ერთი ასეთი დავის შემდეგ, უმცროს ძმას, ვასოს, საქეიფოდ დაუპატიჟებია. ცოლი გაცეცხლებულა, მაგრამ, მაზლს დაუმშვიდებია: რამდენ ჭიქასაც დალევს, იმდენი თუმანი ჩემზე იყოსო. კვანტალიანი წაჰყოლია და 44 ჭიქამდე ასულა (ძმისწული, ბიძინა კვანტალიანი ითვლიდა და ჭიქების რაოდენობასაც „ბერავდა”). ბოლოს ვასოს თანხა დაუმრგვალებია და რძლისთვის 500 მანეთი გაუგზავნია. ქალი მაინც ბრაზობდა: ისე ას ჭიქას სვამ და ახლა რა გეტაკა, 44 ჭიქაზე მეტი ვერ დალიეო?!.”
***
„უყვარდა, როცა ვინმეს ეხმარებოდა – შინაურს თუ გარეულს. როცა მორიდებით ჰკითხავდნენ, ამას და ამას თუ იცნობთო, პასუხობდა: მე თუ არ ვიცნობ, ის ხომ მიცნობსო და დასახმარებლად მისდევდა. ყველა მასთან მიდიოდა – ვის ბინის მიღება უნდოდა, ვის თბილისში ჩაწერა, ვის წართმეული მართვის მოწმობის დახსნა. დიდუბის მილიციის წინ გავლისას მილიციას ხმამაღლა ესალმებოდა: „მე მიცავს ჩემი მილიცია!” მილიციაც უზომო სიყვარულით პასუხობდა. ერთხელ, ახალგაზრდობაში, ნაღვინევ ოთარ მეღვინეთუხუცესს უჩხუბია – ვიღაც უცემია და მილიციას დაუკავებია. ვინ არ მიუგზავნიათ, მაგრამ, არ გამოუშვიათ. ბოლოს კაკო კვანტალიანი მისულა. მილიციის უფროსს მაშინვე უთქვამს: ერთი პირობით გამოვუშვებ: თუ საქეიფოდ გამომყვებითო! მეღვინეთუხუცესი შინ გაუშვეს, მის ნაცვლად კი კვანტალიანი „დააკავეს“ სუფრასთან... პირსისხლიან ბერიასთან. ნამდვილ დაპატიმრებას კი ბეწვზე გადაურჩა: ერთხელ – ბერიასგან, შემდეგ – მჟავანაძისგან... კვანტალიანს სამჯერ მოუწია შეხვედრა ბერიასთან. მისგან მიღებული შთაბეჭდილებები მოგვიანებით თენგიზ აბულაძეს გაანდო და „მონანიებაში“ აისახა კიდეც მისი ნაამბობი მოზაიკურად – კარადიდან გადმოსვლის სცენა სწორედ კვანტალიანს უამბია რეჟისორისთვის. კვანტალიანს თვით ბერია დამუქრებია გაქრობით და მეორე დღეს მსახიობი თეატრში ცოცხალი რომ მისულა, მთელი დასი სახტად დარჩენილა. სასწაულის არსი: ზუსტად იმ საღამოს ბერია დაუწინაურებიათ და მოსკოვში გადაუყვანიათ, ტრიუმფატორ სისხლისმსმელს კი ვიღაც კომიკი არტისტისთვის აღარ ეცალა”...
***
„კვანტალიანი პოლიკარპე კაკაბაძის „ცხოვრების ჯარაში“ მეცნიერებაში ფეხშემდგარ, პარტიული კარიერიდან დათხოვნილ გენერალს თამაშობდა. მჟავანაძესთან დაასმინეს, შენ გასახიერებსო. წააგავდა კიდეც თურმე გრიმით. მერე ფეხს ითრევდა, როდესაც მჟავანაძესთან შესვლა მოუწია საყოფაცხოვრებო საკითხებზე. მჟავანაძეს თბილად მიუღია და საიდუმლოდ გაუნდია კიდეც, მეც კარგად ვიცი, რასაც ვემსახურები, მაგრამ, რა ვქნაო. იმ როლზე სიტყვა არ დასცდენია. თვითონ კვანტალიანს მოუყოლია, ასე და ასე დამაბრალესო. არც ეგ შეუცხადებია ვასილ პავლოვიჩს, და, საერთო ჯამში, კარგი შთაბეჭდილება დაუტოვებია”.