გაიძლიერეთ მეხსიერების ხარისხი
ხახვი შეუცვლელი სამკურნალო ბოსტნეულია
ხახვი უებარი წამალია გაციების საწინააღმდეგოდ. სწორედ ამიტომ, გრიპის ეპიდემიის დროს, გირჩევთ, ჭამოთ ცოცხალი ხახვი, რადგან ის გრიპის გამომწვევი ვირუსების უმრავლესობას ადვილად კლავს.
1 თავი ხახვი გარეცხეთ, დაჭერით, დაასხით მდუღარე წყალი, გააჩერეთ დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში, შემდეგ წვენი გადაწურეთ და მიღებული ნაყენი დალიეთ. მასში შემავალი ვიტამინები ცხელ წყალში იშლება და, ამიტომ, ცხელი უნდა დალიოთ. შეგიძლიათ, ამ ნაყენს ცოტა თაფლიც დაუმატოთ.
ანგინის დროს კარგია ხახვისა და ცაცხვის ყვავილების ნაყენის ყელში გამოვლება. კერძოდ, 1 სადილის კოვზ ცაცხვის ყვავილს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და დადგით ოთახის ტემპერატურაზე თავდახურული ჭურჭლით. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ შეურიეთ ერთი ხახვისგან გამოწურული წვენი. ეს ნაყენი გამოივლეთ ყელში.
ბრონქიტი ხშირად გაციების შედეგია. ამ დროს ხახვი მართლაც უებარი წამალია: 1 თავი ხახვი გაფცქვენით და წვრილად დაჭერით. დააყარეთ ერთი ჩაის კოვზი შაქარი, დაასხით ცოტა წყალი და წამოადუღეთ. მიღებული სითხე უნდა დალიოთ თითო სადილის კოვზი, ყოველ ორ საათში ერთხელ, შვიდი დღის განმავლობაში.
კარგია რძეში მოხარშული ხახვიც: გაფცქვენით ხახვი, ჩადეთ 1 ჩაის ჭიქა რძეში, დადგით ცეცხლზე და ხარშეთ მანამ, სანამ ხახვი დარბილდება. შემდეგ ამოიღეთ, გააცივეთ, დაჭერით და მიირთვით.
ჩირქოვანი იარების მოსარჩენად: ერთი თავი ხახვი შეწვით ტაფაზე. გადმოიღეთ, შეაგრილეთ, დაამატეთ 1 სადილის კოვზი ნატურალური თაფლი და 1 სადილის კოვზი ფქვილი. მიღებული მასა კარგად აურიეთ და დაიდეთ ჩირქოვან იარაზე.
ხახვი მეტად კარგად მოქმედებს კბილებსა და ღრძილებზე. თუ გსურთ, ჯანმრთელი და მაგარი კბილები გქონდეთ, ჭამეთ დიდი რაოდენობით უმი ხახვი.
თუ პარადონტოზი გაწუხებთ, აიღეთ ერთი ღერი ალოეს ფოთოლი და ერთი ხახვის მეოთხედთან ერთად გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. ეს მასა რამდენიმე წუთით პირში გაიჩერეთ. სისხლდენაც შეგიჩერდებათ ღრძილებიდან და ტკივილიც დაგიამდებათ.
კომბოსტო შარდმდენი ბოსტნეულია
კომბოსტო სასარგებლოა როგორც ცოცხალი, ასევე მწნილის სახითაც. ის მადის მომგვრელი, შარდმდენი და მსუბუქი საფაღარათო საშუალებაა, აძლიერებს კუჭის სეკრეციას, კერძოდ, გამოყოფს წვენს; ასევე, აძლიერებს ნაწლავებში საკვების გადამუშავების პროცესს, გამოიყენება მონელების ქრონიკული დარღვევების დროს.
ახალი კომბოსტოს წვენი გამოიყენება ღვიძლისა და ელენთის დაავადებების, ზედა სასუნთქი გზების კატარის დროს. ის, ასევე, უებარი საშუალებაა ხველებისას, რადგან ამოსახველებელი ეფექტიც გააჩნია.
წყალში გაზავებული კომბოსტოს წვენი გამოიყენება ანთებითი პროცესების დროს ყელში გამოსავლებად.
კომბოსტოს წვენში აღმოჩენილია განსაკუთრებული ნივთიერება, მეთილმეთიონინ-სულფონიაქლორიდი, რომელსაც ახასიათებს სპეციფიკური ზემოქმედება კუჭ-ნაწლავის ლორწოვან გარსზე და სპობს წყლულს.
კომბოსტოს წვენი მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა, დღეში ორჯერ, ერთი თვის განმავლობაში, ოღონდ, ის ახალი გამოწურული უნდა იყოს.
კუჭის წყლული მგრძნობიარე ადამიანების დაავადებაა
ხშირად ადამიანის სულიერი განცდები სტრესის სნეულებებით ინიღბება. შედეგად კი, შესაძლოა, ინფარქტი ან კუჭის წყლული განვითარდეს.
სტრესულ სიტუაციებში გარკვეული ტიპის ადამიანების კუჭში მარილმჟავას კონცენტრაცია იმატებს და ფერმენტ გასტრინ-17-ის გამოყოფა ძლიერდება. ნერვულ ფონზე აღმოცენებული კუჭის დაავადებები, ძირითადად, მელანქოლიკებს აწუხებთ, რომლებიც თვითგვემისკენ არიან მიდრეკილნი და სასოწარკვეთილებაშიც ხშირად ვარდებიან; ასევე, იმათაც, ვინც ადვილად იბოღმება და ხშირად ბრაზობს.
დამტკიცებულია, რომ საჭმლის მომნელებელ სისტემასა და ემოციებს შორის პირდაპირი კავშირია. აგრესია და ბოღმა ძალიან აჩქარებს საკვების კუჭში გავლას, შიში და დეპრესია კი, სპაზმების გამო, საჭმლის მონელების პროცესს აფერხებს.
კუჭის წყლულოვანი დაავადებები ემუქრება მასაც, ვინც მუდმივად სხვაზე ზრუნავს, გულთან ახლოს მიაქვს ყველაფერი და საკუთარ თავზე ბევრ დატვირთვას იღებს.
თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის გაჩენის დიდი ალბათობა აქვთ ცხარე საკვების მოყვარულ ადამიანებს, ასევე, იმპულსურებს. ისინი ყოველთვის ცდილობენ, იმაზე უკეთესები იყვნენ, ვიდრე არიან და, როცა ეს არ გამოსდით, დეპრესიაში ვარდებიან, იბოღმებიან და შური მათ ჯანმრთელობასაც არყევს.
დეპრესიისა და სტრესის დროს ადამიანთა უმრავლესობას ცხარე საკვების, ყავის, ალკოჰოლისა და სიგარეტის მოთხოვნილება უჩნდება, ეს კი მდგომარეობას კიდევ უფრო ამძაფრებს და ამძიმებს. უნდა შევძლოთ, თავად ამოვიცნოთ, რა არის კუჭის დაავადების მიზეზი.
ნამდვილი კუჭის წყლულის დროს ტკივილები კონკრეტულ ფიზიოლოგიურ მდგომარეობასთანაა დაკავშირებული. თუ ადამიანი შესაფერის საკვებს არ იღებს, სვამს ალკოჰოლს და ეწევა სიგარეტს, მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება. ჩივილები კი ასე გამოიხატება: ავადმყოფს მკვეთრად გამოხატული ტკივილი აქვს; ტკივილი ქრება ანტაციდების და სხვა გამაყუჩებლის მიღების შემდეგ.
ნერვული წყლულის დროს კი აღინიშნება ტკივილი სტრესულ მდგომარეობაში. მას შეტევის ვეგეტატიური დარღვევებიც ერთვის, მაგალითად, შიში, ოფლიანობა, ფორიაქი; აღინიშნება ტკივილი ღამის საათებში, უძილობა; კუჭისთვის განკუთვნილი პრეპარატების მიღებისას მდგომარეობა არ უმჯობესდება; სამაგიეროდ, ტკივილი ყუჩდება, თუ ავადმყოფი ვოლოკორდინს, კატაბალახას წვეთებს და მსგავს დამამშვიდებელ საშუალებას მიიღებს.
გამოდევნეთ ორგანიზმიდან მავნე წიდები და დაიზღვიეთ თავი მთელი რიგი დაავადებებისგან
ბევრი ადამიანი ორგანიზმიდან წიდების გამოდევნით ცდილობს ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებას, მაგრამ ეკოლოგიურად მავნე ნივთიერებები ადამიანის ორგანიზმში დროდადრო მაინც გროვდება. ამ ნივთიერებების სრულად გამოდევნა თითქმის შეუძლებელია. ამ მხრივ, გაცილებით კარგ შედეგს იძლევა დიდი ხნით სუფთა ჰაერზე ყოფნა; ასევე, მნიშვნელოვანია აბსოლუტურად ბუნებრივი საკვების მიღება, სასმელი წყალი კი მხოლოდ გაფილტვრის შემდეგ უნდა დალიოთ – მხოლოდ ასე დაეხმარებით თქვენს ორგანიზმს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეგრეთ წოდებული კენჭების გაჩენა გარდაუვალია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ადამიანს ნაწლავების მიკროფლორა აქვს დარღვეული, რაც დისბაქტერიოზის ბრალია. თუ ამას დაემატა ის, რომ ღვიძლიც ცუდად მუშაობს, წიდების დაგროვება გარდაუვალი იქნება.
იმ შემთხვევაში, თუ სისხლში მოხდება ტოქსინების დაგროვება, ეს ნივთიერებათა ცვლის სერიოზულ დარღვევას გამოიწვევს. ხშირად ამ დაავადებას ზედმეტად გასუქებაც იწვევს, რადგან ამ დროს ორგანიზმს შეწოვის უნარი უქვეითდება.
ადამიანის ორგანიზმი თვითრეგულირებადი სისტემაა. თუ მისი ცალკეული ნაწილები და ორგანოები ნორმალურად ფუნქციონირებს, მასში წიდები არ გროვდება, ხოლო, თუ რომელიმე ორგანო თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებს, ორგანიზმში წიდები გროვდება და მისი თვითმკურნალობით გამოდევნა თითქმის შეუძლებელია.
რომელი საკვები გამოირჩევა აღმგზნები და რომელი – დამამშვიდებელი ეფექტებით
მცენარეული საკვები მდიდარია უჯრედისით. ის განაპირობებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კარგად მუშაობას, იცავს ადამიანის ორგანიზმს ათეროსკლეროზისა და კიბოსგან, რადგან, მასში არ არის ქოლესტერინი. მაგალითად, სოია თვითონ განაპირობებს სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირებას.
ხილი და ბოსტნეული მდიდარია ვიტამინებითა და მინერალური ნივთიერებებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმუნიტეტის შესანარჩუნებლად. ფიტონციდები, რომლებიც მცენარეულ საკვებში შედის, თრგუნავს ნაწლავებში მიმდინარე ლპობის პროცესებს.
ვეგეტარიანელები, ფაქტობრივად, არ ავადდებიან გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, ჰიპერტონიითა და დიაბეტით; ასევე, ისინი უფრო დიდხანს ცოცხლობენ. ეს დაკავშირებულია არა მარტო კვებასთან, არამედ იმასთანაც, რომ ვეგეტარიანელები მეტ ყურადღებას უთმობენ საკუთარ ჯანმრთელობას.
არსებობს აღმგზნები და დამამშვიდებელი ეფექტების მქონე საკვებიც. დამამშვიდებელს მიეკუთვნება: ხილი, ბოსტნეული, რძე, კარაქი, მარცვლოვანი კულტურები; ხოლო აღმგზნებია: ხორცი, თევზი, კვერცხი, სანელებლები და ალკოჰოლური სასმელები.
თუ კარგად დააკვირდებით საკუთარ ორგანიზმს, ადვილად მიხვდებით, რომელი საკვები გჭირდებათ.
გაიძლიერეთ მეხსიერების ხარისხი
მეხსიერების გასაუმჯობესებლად უძველესი დროიდან იყენებდნენ სამკურნალო ბალახებს, რომელთა რეცეპტებსაც ახლა შემოგთავაზებთ:
* 2 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ ასკილს შეურიეთ თითო სადილის კოვზი პიტნა, თირკმლის ჩაი და არყის ხის ფოთლები; ასევე, თითო სადილის კოვზი ორავანდის ფესვები და გახეხილი სტაფილო. 2 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ ნახევარი საათით წყლის ორთქლზე. გააცივეთ, გაწურეთ და დაასხით ანადუღარი წყალი საწყისი ოდენობის მისაღებად. მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა ნაყენი, სამჯერ დღეში, ჭამის შემდეგ.
* თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ერთმანეთს: დაქუცმაცებული ნეგო, კრაზანა, გვირილა და არყის ხის კვირტები. 4 სადილის კოვზი ნარევი ჩაყარეთ მინის ჭურჭელში, დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ ნახევარი საათით; შემდეგ გაწურეთ და საღამოს დალიეთ 1 ჩაის კოვზი თაფლით გაზავებული 1 ჭიქა თბილი ნაყენი. დილით შეათბეთ დარჩენილი 1 ჩაის ჭიქა ნაყენი, დაამატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და მიიღეთ უზმოზე. ერთი საათის შემდეგ კი, შეგიძლიათ, ისაუზმოთ.
შეგახსენებთ რომ, სამკურნალო მცენარეები უნდა შეიძინოთ აფთიაქში.