მიჰყავს თუ არა მამაკაცი ოჯახიდან „სხვა“ ქალს და ყოველთვის არის თუ არა „ის ქალი“ უწესო
საზოგადოება სერიოზულად კიცხავს იმ ქალებს, რომელთაც ქმრები ცოლებისგან „მიჰყავთ“ და ოჯახებს ანგრევენ. დგებიან მოყვარულ წყვილს შორის და უმამოდ ტოვებენ ბავშვებს. ქალბატონების უმრავლესობა გეტყვით, რომ ამ ტიპის ქალები ამორალურები და ყველაფერზე წამსვლელები არიან; რომ მათ არც კი იციან, რა არის სიყვარული; არაფერი აქვთ წმინდა, რასაც დააფასებენ და პატივს სცემენ, ანუ, თუ ქალს შეუძლია, სხვას წაართვას ქმარი, ის ყველაფერ ცუდს ჩაიდენს...
რაც შეეხება თავად ამ „მნგრეველ-გამანადგურებლებსა“ და სხვების ქმრებზე „მონადირეებს“, მათ თავიანთი არგუმენტები აქვთ – ამტკიცებენ, რომ ბედნიერი მამაკაცი არავის და არაფრის გულისთვის არ მიატოვებს ოჯახს. შეეფერება კი ეს სიმართლეს?!
ლენიკო (29 წლის): საზოგადოება ზოგჯერ ყრუ არის და ბრმა. თავი ქვიშაში აქვს ჩაყოფილი სირაქლემასავით და, არ უნდა, დაინახოს, როგორია ჩვენი რეალობა. „ჩვენს რეალობაში“ მე არ ვგულისხმობ მხოლოდ ჩემი ტიპის ქალებს, ანუ იმათ, ვინც საკუთარი გრძნობების მართვა ვერ შეძლო და ცოლიანი კაცი შეიყვარა.
– ჩემი ტიპის ქალებსო, თქვით. ანუ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ მაინც განსხვავებული ხართ?
– საზოგადოება მიიჩნევს ასე. არავის აინტერესებს, სინამდვილეში რა მოხდა და როგორ. ისინი უჯერებენ სტერეოტიპს: „ცოლიანი კაცი უყვარს? – ესე იგი, უწესოა“. არც უწესო ვარ და არც ზნედაცემული. მეც ზუსტად იმ მორალური პრინციპებით გამზარდეს, როგორითაც თქვენ და კიდევ ის პატიოსანი ცოლები, ჩემზე სიძულვილით რომ ლაპარაკობენ. მზად არიან, გამგლიჯონ, ქმრებს კი „დიდსულოვნად“ პატიობენ ღალატს. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. თითქოს მარტო ჩვენ ვიყოთ ქვეყნის დამანგრეველები და ურჩხულები.
– თქვენ გირჩევნიათ, რომ ცოლებმა ღალატის ნიშნების პირველივე შემჩნევისას გაყარონ ქმრები სახლიდან, რომ საბრძოლველი აღარაფერი გქონდეთ?
– არავისთვის მიბრძოლია და არც ვიბრძოლებ. არ ყოფილა ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანი ცოლიანი კაცის სიყვარული, მაგრამ, ბედისწერაც ხომ არსებობს...
პირველივე ნახვით შემიყვარდა. ეს არ არის ხმამაღალი სიტყვები და არც თავის გამართლების საშუალება. რაში მჭირდება, თავი ვიმართლო, რა აზრი აქვს? ერთადერთი, ის მინდა, რომ საზიზღარი სტერეოტიპი დაინგრეს... არც ისეა საქმე, ზოგს რომ ჰგონია. რატომ არ გვინდა, გავახილოთ თვალები და დავინახოთ ის, რაც ჩვენ გარშემო ხდება? დიახ, არსებობს ერთი ნახვით სიყვარული; არსებობს და, ნურავინ შეეცდება, საპირისპიროში დამარწმუნოს. მე ჩემი სიმართლე მაქვს: რა ვქნა, შემიყვარდა. როგორ უნდა მოვქცეულიყავი?! ის ჩემი ხორცშესხმული ოცნება იყო. ვუყურებდი და სასწაულების მჯეროდა. მაღალი, ძალიან კარგი აღნაგობის, სიმპათიური... თუმცა, თავიდანვე მომეჩვენა, რომ ცოტათი გაუბედავად იღიმებოდა.
– გაუბედავად რას ნიშნავს?
– თითქოს ეშინოდა, კიდევ ერთხელ რომ გაეღიმა ჩემთვის. რომ გითხრათ, ამას მაშინ რამე ყურადღება მივაქციე-მეთქი, მოგატყუებთ. უბრალოდ, მერე, როცა უკვე სიმართლე გავიგე, გამახსენდა ეს და მივხვდი, რაშიც იყო საქმე.
– როგორ გაიცანით?
– ვერ ვიტყვი, რომ შემთხვევით, იმიტომ რომ, ჩვენს ოფისში გადმოვიდა სამუშაოდ, უფრო სწორად, კომპანიის ჩვენს ფილიალში. ფაქტობრივად, ყოველდღე ვხედავდი.
– და, არ იცოდით, რომ ცოლი ჰყავდა?
– არა. რადგან, ჯერ შემიყვარდა და საკმაოდ მოგვიანებით გავიცანი. რატომღაც, ვერიდებოდი მის გაცნობას – შეიძლება, ეს ჩემი შინაგანი მუხრუჭი იყო, არ ვიცი... ისე მოჰქონდა ჩვენს ოთახში გოგოებთან შოკოლადები, რომ მე არც კი გამოვლაპარაკებივარ. გოგოები ყავაზეც ეპატიჟებოდნენ და სწორედ მათ მითხრეს – ვერ ამჩნევ, შეყვარებული თვალებით რომ გიყურებსო?
– და, მაინც გინდათ, დამაჯეროთ, რომ მის შესახებ არაფერი იცოდით?
– არა. თქვენც კი არ გჯერათ ჩემი. არ ვსვამდი ზედმეტ შეკითხვებს და დეტალებით არ ვინტერესდებოდი. საქორწინო ბეჭედი კი არ ეკეთა. გავიგე სიმართლე, როცა უკვე სერიოზულად ვყავდი გრძნობას შეპყრობილი. ჩვენმა ბუღალტერმა მომაწოდა „სასარგებლო“ ინფორმაცია: ამბობენ, რომ გიყვარს ჩვენი ერთ-ერთი თანამშრომელი. ფრთხილად იყავი, ცოლი ჰყავს, თანაც, ისეთი, გვერდზე არ ახედებს. ისეა ჩაფრენილი, ტყუილუბრალოდ ნუ შეეცდები, ხელიდან გამოჰგლიჯო, ნუ გაეხვევი შარში, დედაშვილურად გირჩევო. თითქოს დანა გამიყარეს გულში. მთელი საღამო ვტიროდი. ლამის მოვკვდი ნერვიულობით. იცით, რას გეტყვით? თუ მართლა ძალიან მახინჯი ფსიქიკის არ ხარ, შეუძლებელია, გინდოდეს, იყო მესამე და ზედმეტი.
– ალბათ, ამის შემდეგ მაქსიმალურად უნდა შეგეზღუდათ საკუთარი თავი.
– იცით, რა ადვილი სათქმელია ეგ? ვისაც ისე ჰყვარებია, როგორც მე მიყვარდა, მხოლოდ ის გამიგებს. არ მინდოდა, დამეჯერებინა, რომ, რაც მითხრეს, მართალი იყო. რატომ, რატომ ჰყავს ცოლი-მეთქი – გაცოფებული ვურტყამდი ღამით ბალიშს მუშტებს. თავს არავის ვაცოდებ. შევეცადე, გავმკლავებოდი ჩემს გრძნობას. „იმას“ ვერ დაველაპარაკებოდი – ერთმანეთისთვის საერთოდ არაფერი გვქონდა ნათქვამი, არანაირი ურთიერთობა არ ყოფილა და, რომ ეთქვა, რაზე მელაპარაკები, შენ გიჟი ხომ არ ხარო, მერე რა უნდა მექნა?! დავიწყე მასზე მეტი ინფორმაციის მოპოვება. მითხრეს, რომ პატარა გოგონაც ჰყავდა, ცოლი კი ეჭვიანი, ნერვიული და საკმაოდ საშიში ქალი იყო...
– რა თქმა უნდა, ყველა ცოლი ეჭვიანი, ნერვიული და ანჩხლია.
– მესმის თქვენი ირონია და არ ვბრაზდები. იყო პერიოდი, როცა საკუთარ თავს ფიქრიც კი ავუკრძალე სიყვარულზე. ჩვენს ოთახში რომ შემოდიოდა, მე გავდიოდი – ვერიდებოდი, როგორც კი შემეძლო... ერთ საღამოს კი ჩემი სახლისკენ მიმავალ გზაზე დამხვდა – რატომ გამირბიხარ, რა დაგიშავეო. თავი ვეღარ შევიკავე და ხმამაღლა ავტირდი. იმ წუთში დაუცველი, შეყვარებული, მიუსაფარი, ჩვეულებრივი ქალი ვიყავი. არანაირი ზრახვები არ მქონია. როგორც მაგნიტი, ისე მიზიდავდა. ის არანაირად არ იყო „მომგებიანი“ ვარიანტი. ისეთი რაღაცეები მითხრა, ლამის გული გამიჩერდა: ასეთი რამ ცხოვრებაში პირველად მჭირს. გიყურებ და ვგრძნობ, რომ ცოცხალი ვარ. ენერგიითა და სიხარულით მავსებს შენი დანახვაო. ვიცი, ამის თქმა არ შეიძლება და არ უნდა ვამბობდე, მაგრამ, დამღალა საკუთარ თავთან ბრძოლამ, გამოვიფიტე; ისე მჭირდები, როგორც ჰაერი, ჟანგბადი; მიშველე, შენს ხელთ ვარო... გეკითხებით, ასეთი სიტყვების მოსმენის შემდეგ რა უნდა მექნა?
– თქვენ იცით, რომ ძალიან ბევრი მამაკაცი ზუსტად ასე ლაპარაკობს, როცა სასურველი ქალის „შებმა“ უნდა?
– ვიცოდი, რომ ამას მეტყოდით. მე ეგეც დავუშვი, მაგრამ, როცა ისე გიყვარს, როგორც მე მიყვარდა, ძნელია, „გონების ხმას“ მოუსმინო. როცა მელაპარაკებოდა, მის ხმაში ტკივილს ვგრძნობდი. მინდოდა, ჩავხუტებოდი და დამემშვიდებინა, თუმცა, არაფერი გავაკეთე – ვერ გავბედე. შეიძლება, არ დამიჯეროთ, მაგრამ მიუღებელი იყო ჩემთვის ცოლიან კაცთან პაემნები, არ ვიტყუები. წარმოუდგენლად მიმაჩნდა ის, რომ ვყოფილიყავი მესამე და ურთიერთობის დამანგრეველი. მართლა მეუბნებოდა, ცოლთან მხოლოდ შვილის გამო ვარო, მაგრამ, სწორედ იმ მოსაზრებიდან გამომდინარე, რომ ყველა ცოლიანი კაცი ამბობს, ცოლთან „რაღაცის“ გამო ვარ და არ მიყვარსო, არ დავიჯერე და პირდაპირ მივახალე, რასაც ვფიქრობდი. რამდენიმე დღე აღარ გამკარებია, მერე ისევ შემთხვევამ გადაწყვიტა ჩვენი ურთიერთობის ბედი. ისე მოხდა, რომ ორივე ერთად გაგვგზავნეს სხვა ქალაქში რაღაც საქმეზე რამდენიმე დღით. გეფიცებით, ნამდვილად არ გამხარებია.
– მაგრამ, არც უარი გითქვამთ წასვლაზე?
– ვერ ვთქვი უარი. ვერ ავუხსნიდი ჩემს უფროსს, რატომ არ მივდიოდი მე, ამ საქმეში ყველაზე კვალიფიციური სპეციალისტი. რა თქმა უნდა, სხვადასხვა ნომერში დავბინავდით და, შევეცადე, საღამოს, სავახშმოდაც, სასტუმროს რესტორანში მარტო ჩავსულიყავი. მაგრამ, ჩასაფრებული მელოდებოდა. ხელზე მტაცა ხელი და მითხრა: აზრი არ აქვს, ტყუილად მემალები. ხომ არ შეგჭამ, უბრალოდ, ერთად ვიყოთ და ამ წუთებით სიამოვნება მივიღოთო. არაფერს დაგაძალებ, შენ როგორც გადაწყვეტ, ისე იქნება ყველაფერიო... გონებაში დაუსრულებლად ვიმეორებდი: „ნუთუ ერთად ვიქნებით?! არ შეიძლება, არ შეიძლება, არ შეიძლება“... მაგრამ, გმირობა ვერ ჩავიდინე. როცა მხრებში მომკიდა ხელი, შემომატრიალა და მაგრად ჩამეხუტა, წინააღმდეგობა ვეღარ გავუწიე. მთელი სხეული მთხოვდა მასთან სიახლოვეს. დამავიწყდა ყველანაირი მორალური პრინციპი... მხოლოდ ის ვთხოვე, ცოლზე საერთოდ აღარ ელაპარაკა – არ მინდოდა იმის მოსმენა, რომ ცოლთან ბედნიერი არ არის და რომ იმ ქალს მხოლოდ იმიტომ სჭირდება, რომ ფული მიუტანოს. ეს ჩემთვის დამამცირებელიც იყო და საკმაოდ უსიამოვნოც... ასე გავხდი მისი საყვარელი, მიუხედავად ჩემი შინაგანი წინააღმდეგობისა. მეშინია იმის, რაც შეიძლება რომ მოხდეს – ადრე თუ გვიან, მისი ცოლი ჩვენი ურთიერთობის შესახებ გაიგებს და, დარწმუნებული ვარ, სკანდალები არ ამცდება. ჩემი საყვარელი მეუბნება, რომ თავადაც ნერვიულობს; რომ ნანობს, ადრე რატომ არ შევხვდით ერთმანეთს, მაგრამ, ეს არსებულ რეალობას არ ცვლის. ზოგჯერ საკუთარი თავი მეჯავრება. ვნერვიულობ და ვფიქრობ, ღირს კი ეს სიყვარული ამ ყველაფრად-მეთქი? მაგრამ, მოდის თუ არა, მაშინვე ვწყდები რეალობას. როდემდე გასტანს ეს ყველაფერი, არ ვიცი.