მსოფლიო ფეხბურთის რელიგიური ვარსკვლავები
ფეხბურთი და რელიგია ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენელია. უამრავ ფეხბურთელს სხეულზე სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობის აღმნიშვნელი ტატუები აქვთ გაკეთებული, მოედანზე გასვლამდე ლოცვა კი ფეხბურთის განუყოფელ ნაწილად იქცა. გთავაზობთ ყველაზე რელიგიური ფეხბურთელების ჩამონათვალს, რომელთა რწმენა ფანატიზმში გადადის.
რობერტო ბაჯო
მსოფლიო ფეხბურთის ყველაზე ცნობილი ბუდისტი იტალიელი რობერტო ბაჯოა, რომელსაც საქართველოში უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს, მიუხედავად იმისა, რომ მისი კარიერა ათი წლის წინ დასულდა. ბუდიზმი ბაჯოს ცხოვრებაში 18 წლის ასაკში მოვიდა – მას შემდეგ, რაც რწმენა დაეხმარა მას მძიმე ტრავმის მოშუშებაში. ბაჯოს საფირმო ვარცხნილობაც ბუდიზმის დამსახურებაა. 1993 წელს ის „ოქროს ბურთის” მფლობელი გახდა და ჯილდო თავის სულიერ მამას, იაპონელ დაისაკუ იკედას მიუძღვნა. რობერტო ცნობილია კრიტიკული გამოსვლებით კათოლიკეების მიმართ, რის გამოც მას ოჯახის წევრებთან დაძაბული ურთიერთობა აქვს. რამდენიმე ხნის წინ ფეხბურთის ვარსკვლავმა დიდი ხნის ოცნება აიხდინა და მილანში ბუდისტური ცენტრი გახსნა.
კარლოს როა
არგენტინელი გოლკიპერი 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი აღმოჩენა გახდა და მას წარმატებულ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა, ყველასთვის მოულოდნელად, კარლოსი „მეშვიდე დღის ადვენტისტების” სექტის წევრი გახდა, დაიჯერა, რომ აპოკალიფსი ახლოვდებოდა და, 1999 წელს საფეხბურთო კარიერა დაასრულა. როა სამშობლოში დაბრუნდა და წარღვნის მოლოდინში, რელიგიური ლიტერატურის წერა დაიწყო. 2002 წელს, მას შემდეგ რაც კარლოსი მიხვდა, რომ არმაგედონი გადაიდო, მან ფეხბურთში დაბრუნება გადაწყვიტა და დაუბრუნდა „მალიორკას”, სადაც ერთი პერიოდი თამაშობდა, მაგრამ, სასურველი სპორტული ფორმის აღდგენა ვერ მოახერხა და, საბოლოოდ, 2005 წელს, კარიერა დაასრულა. სექტაში დარჩენილი ფეხბურთელი რელიგიური მრწამსის ერთგული დარჩა და შაბათობით უარს აცხადებდა თამაშზე.
ფრანკ რიბერი
ფრანკის მშობლები კათოლიკეები არიან, თუმცა თავად ფეხბურთელმა 2006 წელს ისლამი მიიღო. რიბერმა ცოლად არაბი ქალი მოიყვანა და მის გამო გადაწყვიტა რელიგიის შეცვლა. მოგვიანებით ფრანკ რიბერი მორწმუნე მუსლიმანად ჩამოყალიბდა და ალკოჰოლზე თქვა უარი. ცნობილია მისი და ჟერომ ბოატენგის კონფლიქტის შესახებ: ბავარიაში, ტრადიციულად, ჩემპიონ გუნდს ლუდის „შხაპს” ასხამენ – ფეხბურთელები საუკეთესო ლუდით წუწაობენ და, როდესაც ბოატენგმა ლუდის უზარმაზარი კათხა გადაასხა რიბერს თავზე, მისი აგრესია გამოიწვია.
მატეა კეჟმანი
სერბი მატეა კეჟმანი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მართლმადიდებელი ფეხბურთელია, რომელიც არ ერიდება საჯაროდ თავისი რელიგიურობის აფიშირებას. მატეას სხეულზე გაკეთებული უამრავი ტატუ უკავშირდება ბიბლიას, მათ შორისაა სტრიქონები მათეს სახარებიდან და თავად წმიდანის გამოსახულება. კეჟმანი ინტერვიუებში მუდამ საუბრობს სერაფიმ საროველზე და, ასევე, ცდილობს, იმ ქვეყანაში, სადაც ჩადის, რამდენიმე საათი გაატაროს მართლმადიდებლურ ტაძარში.