რა თანხას აძლევდნენ შეჯიბრებებზე დავით ქირიას და ვისი სურვილით მიიღო მართლმადიდებლობა მსოფლიოს ჩემპიონის მეუღლემ
კიკ-ბოქსინგში მსოფლიოს ჩემპიონი დავით ქირია, ჰოლანდიაში მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. ოჯახი საქართველოში ერთ წლის წინ შექმნა. ჰოლანდიელი მარისა ჯერ საქართველოში დაპატიჟა, შემდეგ ოჯახის წევრებს გააცნო, ცოლად შეირთო და ბოლოს მართლმადიდებლურადაც მონათლა. დავითი 26 წლისაა და აქტიურ სპორტში დარჩენას მინიმუმ 5 წელი აპირებს. მსოფლიოს ჩემპიონობა მარტივი გზით არ მოუპოვებია – იყო ბევრი სირთულე და სტრესი. ხშირად, შეჯიბრებებზე გასამგზავრებელი ფინანსების არქონას მოტეხილობები ემატებოდა, რაც სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა. როგორც თავად ამბობს, უნდა, რომ ყველა ბრძოლა მოიგოს და ისტორიას ერთ-ერთ ლეგენდარულ ქართველ სპორტსმენად დაამახსოვრდეს.
დავით ქირია: ჩემი მშობლიური ქალაქი ზუგდიდია. სოფელ ინგირის პირველი საჯარო სკოლა დავამთავრე. მხოლოდ საშუალო განათლება მაქვს მიღებული. ჩვეულებრივ, ღარიბ ოჯახში გავიზარდე, როგორც, ალბათ, საქართველოს მოსახლეობის 70 პროცენტი. ბავშვობიდანვე სპორტით ვიყავი დაკავებული. სწორედ სპორტი ხდიდა ჩემს ბავშვობას მრავალფეროვანს.
– რამდენი ხანია, კიკ-ბოქსინგში ვარჯიშობ? საკუთარი სურვილით დაიწყე ვარჯიში?
– ჩემი გადაწყვეტილება იყო, რომ კიკ-ბოქსინგში მევარჯიშა. მანამდე ფეხბურთს ვთამაშობდი ორი-სამი წელი, მაგრამ, გუნდურ თამაშს ვერ გავუგე. ამიტომ, გადავწყვიტე, ინდივიდუალურ სპორტზე შევსულიყავი – ეს უფრო მომწონდა და შემეფერებოდა. ბავშვობიდან მიყვარდა ვაჟკაცური, საშიში ორთაბრძოლები (იცინის). 9 წლის ასაკში დავიწყე ვარჯიში და მას შემდეგ მთელი ცხოვრება კიკ-ბოქსინგს მივუძღვენი.
– მსოფლიოს ჩემპიონობამდე რა იყო, ანუ, დღემდე როგორ მოხვედი?
– ჩემი ქვეყნიდან დაიწყო წარმატება. საქართველოში დაახლოებით 250 ბრძოლა მაქვს ჩატარებული. 2005 წელს პროფესიონალებში ვასპარეზობდი და ბევრი წარმატება მქონდა. 2007 წელს საერთაშორისო ტურნირებზე გამოვედი და არაერთი გამარჯვება მოვიპოვე. პირველად უცხოეთში, ჰოლანდიაში მქონდა შეხვედრა, რომელიც მოვიგე. ამ თამაშის შემდეგ, ჰოლანდიაში ყველაზე ცნობილ კლუბში – „გოლდენ გლორიში“ ამიყვანეს ლეგენდარულ სპორტსმენთან, სემი სშხილტთან. ასე დაიწყო ჩემი დიდი სპორტული კარიერა. ამის გამო დღემდე ჰოლანდიაში ვიმყოფები: წელიწადში 6-7 თვე აქ ვარ, დანარჩენ დროს კი საქართველოში ვატარებ. 2007 წლიდან 2012 წლის ჩათვლით, სულ ბრძოლები მქონდა: ევროპის ჩემპიონატებზე, სხვადასხვა ქვეყნის პრესტიჟულ კომერციულ ტურნირებზე. სწრაფი და დატვირთული რეჟიმით მივიწევდი წინ. სათქმელად მარტივია, მაგრამ, ბევრი სირთულის გადალახვა მომიწია – მარტო ოთხჯერ სხვადასხვა სახის მოტეხილობა მქონდა. 2012 წელს მსოფლიოში ყველაზე დიდი ორგანიზაციიდან „გლორი ვორლდ სერისიდან“ (Glory World Series) მივიღე მოწვევა – ერთწლიანი კონტრაქტი შემომთავაზეს, რაზეც, რა თქმა უნდა, დავთანხმდი. ეს იყო ჩემი ოცნება, რომელიც ამიხდა. დღეს „გლორის” ტიტულის მფლობელი ვარ – 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველ ადგილი დავიკავე.
– მსოფლიოს ჩემპიონობა ასე მარტივად არ მოვიდოდა... რა სირთულეების გადალახვა მოგიწია მიზნის მისაღწევად?
– ძალიან ბევრი სირთულე იყო. ყველაზე დიდ პრობლემას ფინანსები წარმოადგენდა – შეჯიბრებებზე გასამგზავრებლად თანხები მჭირდებოდა. როცა წარმატებული და ცნობილი არ ხარ, ფინანსების მოძიება რთულია; გარდა ამისა, მქონდა ტრავმები, ბრძოლიდან ბრძოლამდე ვერ ვასწრებდი მათ მოშუშებას და ეს დიდი სტრესი იყო, თუმცა, დღეს ყველაფერმა ჩაიარა. 2009 წლიდან დღემდე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი მიფინანსებს ყველა შეჯიბრების მოსამზადებელ პერიოდს.
– თავიდან როგორ წახვედი უცხოეთში, დაგაფინანსეს?
– პირველი სამი წელი არანაირი ხელშეწყობა არ მქონია, ჩემი ფინანსებით გავემგზავრე. თავიდან ბილეთის ფულიც თავად მოვაგროვე. შეჯიბრებებზე რომ გავდიოდი, ზოგი 100 ლარს მჩუქნიდა, ზოგიც – დოლარს. რამდენჯერმე სხვების დახმარებით ბანკიდან კრედიტიც ავიღე და ასე ვახერხებდი უცხოეთში წასვლას. არასდროს დამავიწყდება ჩემი მწვრთნელისა და მისი ოჯახის თანადგომა – როგორც საკუთარ შვილს, ისე მედგნენ გვერდში.
– ვიცი, რომ ჰოლანდიელი მეუღლე გყავს. მის შესახებაც მოგვიყევი, როდის გადაწყვიტეთ დაქორწინება?
– 2013 წელს საქართველოში შევქმენით ოჯახი, ოღონდ, ქორწილი არ გადაგვიხდია. მომავალი წლის ივლისში ვგეგმავთ, თუ, რა თქმა უნდა, ბრძოლები არ დაემთხვა. ჩემს მეუღლეს მარისა ჰქვია.
– სად გაიცანით ერთმანეთი, ესეც კიკ-ბოქსინგი ხომ არ უკავშირდება?
– მარისა სავარჯიშო დარბაზში გავიცანი, ადმინისტრატორად მუშაობდა. მაშინ 18 წლის იყო. რამდენიმე თვე ვხვდებოდით, მერე სასწავლებლად ნიუ-იორკში მოუწია წასვლა. ჰოლანდიაში რომ დაბრუნდა, საქართველოში დავპატიჟე და ბაკურიანში დავისვენეთ. შემდეგ მშობლებს გავაცანი, მოვნათლე და ასე შევქმენით ოჯახი. ოთხი თვე თბილისში ვცხოვრობდით. მარისამ გოეთეს სკოლა დაამთავრა, გერმანულის კურსები საქართველოში გაიარა.
– საქართველოში როდესაც მოგყავდა, იცოდა, შენი ცოლი რომ უნდა გამხდარიყო? თუ, აქ რომ ჩამოიყვანე, მერე უთხარი?
– იცოდა, სწორედ იმიტომ ჩამოვიყვანე, რომ ჩემი ოჯახი გამეცნო. უბრალოდ, საქართველოში ჯვარი არ დაგვიწერია, სამომავლოდ ვაპირებთ.
– მართლმადიდებლად მონათვლა თავად მარისას სურდა თუ მეუღლეს გაუწია ანგარიში?
– ჰოლანდია, ზოგადად, პროტესტანტული ქვეყანაა. შეიძლება ითქვას, რომ მე გამიწია ანგარიში.
– მოსწონს მარისას საქართველო?
– ორი წელია, რაც მე და მარისა საქართველოში დავდივართ, ძალიან მოსწონს. ზამთარში რთულია ჩვენთვის მანდ ყოფნა, რადგან, გაყინულ დარბაზში შეუძლებელია ვარჯიში. ზაფხულში ხშირად ჩამოვდივართ და შავი ზღვის სანაპიროზე ვისვენებთ. ქართულ ტრადიციულ საჭმელსაც რა ჯობია (იცინის).
– ყოველთვის საქართველოს სახელით ასპარეზობდი?
– სულ საქართველოს სახელით ვასპარეზობდი და ასე იქნება ბოლომდე. სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობა წარმატების მიღწევას არ გამიადვილებს. შეიძლება, ჩემპიონობამდე გამოვსულიყავი სხვა ქვეყნის სახელით, მაგრამ, დღეს როდესაც უკვე ყველა სირთულე გადალახული მაქვს და ყველა პირობა მაქვს შექმნილი, ნამდვილად არ გავიტან სხვა ქვეყნის სახელს. პატრიოტი ვარ და სულ ასე იქნება, მუდამ ვადიდებ ჩემს ქვეყანას და წარმოვაჩენ მსოფლიოს წინაშე იმ გზით, რომლითაც შემიძლია.
– სამომავლოდ საქართველოში ჩამოსვლას და აქ ცხოვრებას არ გეგმავ?
– სამომავლოდ რას ვაპირებ, წინასწარ ვერ გეტყვით. ჰოლანდიაში დიდხანს ვერ ვიცხოვრებ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი ქვეყანაა. აქ ადამიანებთან ურთიერთობა რთულია და ამას ვერ ვეგუები. მომავალ წელს ამერიკაში ვაპირებ ერთი წლით წასვლას. ვიცხოვრებ იქ, სადაც ჩემთვის და ჩემი ოჯახის მომავლისთვის იქნება კარგი. საქართველოში ცხოვრებას და მანდ ყოფნას არაფერი მირჩევნია. თუ რამე შევქმენი, საქართველოში საარსებოდ საკმარისი რომ იყოს, მაშინ, აუცილებლად ჩამოვალ.
– ტატამს მიღმა კიდევ რა ხდება შენს ცხოვრებაში?
– ჩემი ცხოვრება ტატამს მიღმა მაინც სპორტს უკავშირდება. შეიძლება ითქვას, რომ პატარა ბიზნესით ვარ დაკავებული. რამდენიმე თვეში მექნება ინტერნეტ-მაღაზია, სადაც სპორტული ნივთების ყიდვა შეეძლებათ მსურველებს. სამ ენაზე: ქართულად, ინგლისურად და რუსულად მექნება დისკებზე ჩაწერილი ლექციები წონაში დაკლებასთან დაკავშირებით. ამ საკითხზე ევროპელი პროფესიონალი მწვრთნელები და ექიმები მუშაობენ. ვფიქრობ, რომ ეს საინტერესო იქნება საზოგადოებისთვის. ამ ყველაფრით ჩემი მეუღლეა დაკავებული.