რა ქონებას ფლობს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე და რაში დახარჯა მან 2013 წელს ხელფასად აღებული 300 000 ლარი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე 1960 წელსაა დაბადებული თბილისში. უმაღლესი განათლება მან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე მიიღო (1977-1983 წლებში). მისი სამუშაო გამოცდილება კი 1986 წელს გაზეთ „ზარია ვოსტოკაში“ დაიწყო კორესპონდენტობით, მოგვიანებით კი იქვე, კულტურის განყოფილების გამგეც გახდა. 1986 წელს გაზეთ „მოლოდიოჟ გრუზიაში“ გადაინაცვლა, ჯერ – მთავარი რედაქტორის მოადგილედ, შემდეგ კი – მთავარ რედაქტორადაც. 1990-1991 წლებში ქართულენოვან და არასაბჭოურ პრესაში გადმოინაცვლა და გაზეთ „7 დღეს“ მთავარ რედაქტორობდა; 1992 წელს – „საქინფორმში“, სადაც დირექტორად 1995 წლამდე იმუშავა. თუმცა 1995-ში საქართველოს პრეზიდენტის პრესამსახურის უფროსი გახდა (სხვათა შორის, ბ-ნი აბაშიძე პირადად მე, ჩემი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, სწორედ მაშინ გავიცანი და სახელმწიფოს რეპრესიული მანქანის ზემოქმედების გაკვეთილიც მივიღე) და ამ პოსტზე 2000 წლამდე იმუშავა. 2000 წელს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა (2004 წლამდე). 2005-დან 2014 წლამდე შპს „ოპტიმა მენეჯერის“ დირექტორი გახდა, ოღონდ ამის პარალელურად, რამდენიმე სამუშაო ადგილიც გამოიცვალა. სახელდობრ, 2005-2006 წლებში იყო მსოფლიო ბანკის პროექტ „Development of a rural telephone strategy and implementation of pilot plan in the Caucasus-ის კონსულტანტი; 2006-2010 წლებში – „გაერთიანებული ტელეკომის“ კონსულტანტი; 2012-2014 წლებში – „სილქნეტის“ სატენდერო კომისიის თავმჯდომარე და ოპერატორებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი. 2014 წელს კვლავ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას დაუბრუნდა, კვლავაც კომისიის თავმჯდომარის რანგში. ის ამ პოსტზე, წესით, 6 წელს დაჰყოფს და 6 წელიწადში ბ-ნი აბაშიძის საოჯახო ბიუჯეტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მინიმუმ, მილიონ-ნახევარი ლარით შეივსება.
ვახტანგ აბაშიძემ თავისი პირველი დეკლარაცია 2001 წელს შეავსო, როგორც კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ. ოჯახის წევრებად მიუთითა: მეუღლე ნატო ხომერიკი, ოთხი ვაჟი – ირაკლი, ანდრია, ლევანი და ზურაბი და სიდედრი – ნანული პირველი. იმხანად ოჯახის უძრავი ქონება შემდეგნაირი იყო: თბილისში არსებული 150 000 ლარად ღირებული ბინის 50 პროცენტს ფლობდა ვახტანგ აბაშიძე, ასევე, იმავე ფასის წყნეთის აგარაკის მეოთხედს. ნატო ხომერიკი კი იყო თბილისში მდებარე 70 000 ლარად ღირებული ბინის მესაკუთრე დედასთან ერთად. რაც შეეხება შემოსავლებს: ვახტანგ აბაშიძემ 2000 წლის განმავლობაში, როგორც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, 87 350 ლარი მიიღო. 2001 წლის განმავლობაში – 109 220 ლარი (სამივლინებო ხარჯად – 25 000 ლარი). 2002 წლის განმავლობაში – 142 269 ლარი; 2003 წლის განმავლობაში – 151 101 ლარი (როგორც ვხედავთ, ამ პოსტმა 2000-2004 წლებში ბ-ნ აბაშიძეს ნახევარი მილიონი ლარი მოუტანა).
ის 2014 წელს კვლავაც კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა და მის მიერ შევსებული ბოლო დეკლარაციაც 2014 წლით თარიღდება. ოჯახის ქონება ამ მომენტისთვის შემდეგნაირია: ვახტანგ აბაშიძე ფლობს წილის მეოთხედს არასაცხოვრებელი ფართისა, რომელიც ერეკლე მეორის ქუჩაზე მდებარეობს (ფართობი 52 კვ. მ.); მისი 100-პროცენტიანი საკუთრებაა ბინა აბაშიძის ქუჩაზე (ფართობი – 220 კვ.მ.); ასევე, მიწის ნაკვეთი (ფართობი – 1 920 კვ.მ.) და საცხოვრებელი სახლი დაბა წყნეთში (ფართობი – 150 კვ.მ.). „თი ბი სი ბანკში“ გახსნილ ანაბრებზე ვახტანგ აბაშიძე ინახავს, შესაბამისად, 1 000 ლარს, 3 000 აშშ დოლარს, 3 000 ევროს, 1 813 აშშ დოლარსა და იმდენივე ევროს, ხოლო „საქართველოს ბანკში“ გახსნილ ანაბარზე – 15 117 ლარს.
2013 წლის განმავლობაში, ვახტანგ აბაშიძემ, როგორც შპს „დეგაპრინტ პლუსის“ პარტნიორმა, 33 856 ლარი მიიღო, როგორც შპს „ოპტიმა მენეჯმენტის“ პარტნიორმა – 28 221 ლარი, ხოლო, როგორც „სილქნეტის“ სატენდერო კომისიის თავმჯდომარემ – 247 705 ლარი. შემოსავალი ჰქონდა ფართის გაქირავებიდანაც – 6 300 ლარი. 2013-ში ჰქონდათ გასავალიც: 2003 წელს ვახტანგ აბაშიძეს მკურნალობა 20 000 ლარი დაუჯდა, ნატო ხომერიკს – 20 845 ლარი.