სათაგურში
„ბუს კვერცხების“ მოლოდინში
თუმცაღა, აგერ უკვე 20-ზე მეტი წელია, ჩრდილოელის კმაყოფაზე არიან, ბოლო 6 წელიწადში კი, საერთოდაც, კისერზე ჰკიდიან (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, კისერში ბიუჯეტი იგულისხმება), აწ უკვე განაცხადეს (მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ მუქთა ფულს მხოლოდ რფ-სთან ინტეგრაციის შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ მიიღებენ), რომ მოსკოვმა სოხუმს ფული აფხაზეთის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზების განთავსებაში უნდა გადაუხადოს (იმიტომ რომ, მადა ჭამაში მოუვიდათ?!). –
შესაბამისად, ენგურსგაღმელი „პრეზიდენტი“ ხაჯიმბა ჭრელი პეპელასავით გამოუვალ მდგომარეობაშია: თუ არ მოაწერს ხელს შეთანხმებას, ფულს არ მისცემენ (რაც იმას ნიშნავს, რომ თავისიანები სკამს წაართმევენ); თუ მოაწერს ხელს შეთანხმებას, თავისიანები სკამს მაინც წაართმევენ. ამის მიუხედავადაც, გულს არ იტეხს (ყოველ შემთხვევაში, აფხაზური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში): „ეს ფული (იგულისხმება რფ-ის მიერ გადმორიცხული ფული) რყვნის საზოგადოებას; ამიტომ, უმჯობესია, პირდაპირ ვთქვათ, ეს არის გადასახადი რუსული ბაზების აქ ყოფნისთვის. ჩვენ გვინდა დამოუკიდებლობა, ჩვენ გვინდა თავისუფლება (პირადად მე, შექმნილ ვითარებაში არც „ბუს კვერცხებზე“ ვიტყოდი უარს – ). რუსეთმა იმიტომ კი არ გვაღიარა, რომ მას დავემორჩილოთ, იმიტომ გვაღიარა, რომ ჩვენი ხმა გაიგონოს (ეჭვი მაქვს, დარჩება „ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“). რუსეთს უნდა ესმოდეს (არადა, რფ-ს ჯერჯერობით აშშ-მა ვერ შეასმინა ვერაფერი), რომ აფხაზეთს აქვს საკუთარი „მე“ და ეს „მე“ უნდა იყოს მიმართული იქითკენ, რომ აფხაზეთი გახდეს დამოუკიდებელი სახელმწიფო და სწორედ ამ დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან უნდა დაამყაროს ურთიერთობა რუსეთმა“.
დღესავით ნათელია, რომ „პრეზიდენტის“ პოზიცია ქვას გახეთქავს, თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, რფ-ს შეუყენოს მუხლებში კანკალი, რადგან იმ „სათაგურის“ კარი, სადაც „უფასო ყველი“ იდო, საცაა ჩაიკეტება…