ცნობილ ადამიანთა ენამახვილური გამონათქვამები
ტფილისის საადგილმამულო ბანკის წევრთა საერთო კრება იყო და ბაასი სხვა-დასხვა „კაპიტალებსა“ და „პროცენტებზე“ მოიმართა. ერთმა თავადიშვილმა კ-მ უყურა, უყურა და რომ ვერა გაიგო-რა, ჩაეძინა. რა ნახა ძილში, სად ჰქროდა მისი გონება ამ დროს, ეგ მარტო მაღალმა ღმერთმა იცის და თვით ბატონმა კ-მ. გვერდით მსხდომთა კი მარტო ეს შენიშნეს, რომ იმას უეცრად გამოეღვიძა და ჯერ კიდევ ბურანში მყოფმა, თავისა და ხელის ქნევით წამოიძახა: „არ დავლევ, რას ჩამციებიხარ, არ დავლევ!“
***
ძველ დროში ხურმა ძალიან იაფი იყო. ვინც ერთ მარჩილს მისცემდა ბაყალს, ნება ჰქონდა, მისდგომოდა ხურმით სავსე თაბახს და ერთს ხანობაზედ იმდენი ეჭამა, რამდენიც შეეძლო. ერთმა კაცმა თურმე იმდენი ჭამა, თითქმის თაბახი გაანახევრა. მედუქნემ რომ ეს დაინახა, სთქვა გულში: ასე რომ იაროს, მთელს თაბახს დამიცარიელებსო და უთხრა:
– ძმობილო, მაგდენს რას სჭამს, გულს დაგწვავსო.
– მე კი არა და მე ვიცი, შვილო, ვისაც დასწვავს გულსაო, – მიუგო ხურმის მუშტარმა და მიჰყო ისევ ხელი ჭამასა.
***
ერთ გურულს იმერეთში მგზავრად მიმავალს, გზაზედ შემოუღამდა და ერთს აზნაურს ბინა სთხოვა. სტუმართმოყვარე აზნაურმა უარი არ უთხრა. ვახშმად, ჩვეულებისამებრ, სტუმარი სუფრასთან მიიწვიეს. შუა ვახშმის დროს შექეიფიანებული მასპინძელი დაეკითხა სტუმარს.
– გურულო, როგორ მოგწონს ჩემი ქალი?
– დედავა, მაგას რომ მკითხავ, „ფეშქაშია“ მეტყვი თუ?! – მიუგო გურულმა.
***
ერთ დროს „ივერიის“ თანამშრომლები სულ ფსევდონიმებით აწერდნენ ხელს: „ფარნაოზი“, „ლალი“, „იაგუნდი“ და სხვანი. ერთმა თანამშრომელმაც, რომ დაიწყო წერა, ფსევდონიმად „ნალი“ მოაწერა. აკაკიმ, რომელიც კარგის თვალით ვერ უყურებდა თანამშრომლებს, ძალიან გაახარა ამ ფსევდონიმმა:
– ოჰ! ძლივს მართლის წერა დაიწყეს: ამდენ ნახირს, რასაკვირველია, ერთი ნალი დასჭირდებოდაო.
***
აკაკიმ ერთი ძველი, ეტრატზე დაწერილი სახარება წარუდგინა „წერა-კითხვის საზოგადოებას“ და მისწერა, ეს წიგნი ხუთ თუმნად იყიდებაო. საზოგადოების გამგეობამ ფასი იუცხოვა და წიგნის ყიდვაზე უარი განაცხადა. ყველაზე უფრო მღვდელი დიმიტრი ჯანაშვილი იყო ამ წიგნის ყიდვის წინააღმდეგი. ეს რომ აკაკიმ გაიგო, თქვა:
– ახლანდელს დროში მღვდელი რომ ჯვრისა და სახარების წინააღმდეგი იყოს, რად უნდა გაუკვირდეს კაცსო.