კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საბედისწერო დამთხვევა

კოლამბიასთან, კერძო დეტექტივთან, ქალაქში საკმაოდ ცნობილი და მოდური ადვოკატი უილიამ სტენფორდი მივიდა.

– საკმაოდ უცნაური თხოვნა მაქვს თქვენთან, – დაიწყო, როცა ღორის ტყავის ძვირფასი ხელთათმანები გაიხადა და მაგიდაზე დააწყო, – ერთ ადამიანს ვეძებ და უნდა მაპოვნინოთ.

– იქნებ პოლიციისთვის მიგემართათ?

– არა, – თავი გააქნია სტენფორდმა, – პოლიცია აქ არ გამომადგება, საკმაოდ დელიკატური საქმეა. გარდაიცვალა ვინმე სტივენ მასინის ბიძა. ჩემი ერთ-ერთი შეძლებული კლიენტის ანდერძის მიხედვით, მისი ქონება – 800 ათასზე მეტი დოლარი – მის ახლო ნათესავებს შორის თანაბრად უნდა განაწილდეს. იმავე ანდერძის თანახმად, თუ ყველა მემკვიდრე ერთად არ შეიკრიბა, ფულს ვერცერთი ვერ მიიღებს. ახლა ხომ ხვდებით, როგორი აუცილებელია სტივენის პოვნა? მემკვიდრეებს ფული უნდათ, ღელავენ.

– კარგი, მაგრამ, მე დღეში ას ორმოცდაათ დოლარს ვიღებ.

– თანახმა ვარ. დეტალები ასეთია: ნათესავები სტივენ მასინის არ იცნობენ. მეც არასდროს მინახავს, მხოლოდ ორჯერ ველაპარაკე ტელეფონით. საფრანგეთში ცხოვრობს, აქ ბოლოს 4 წლის ასაკში იყო. მხატვარია. ბოლოს ნიცაში ვიპოვე. ორი კვირის წინ დამიკავშირდა – მივფრინავო... იმ თვითმფრინავში იჯდა, კენედის აეროპორტში დაჯდომისას რომ დაიმტვრა. თქვენთვის, ალბათ, ცნობილია ამ ამბის შესახებ. მგზავრების ნაწილი გადარჩა და მასინიც მათ შორის იყო, შოკის მდგომარეობაში გადაიყვანეს საავადმყოფოში. მაგრამ, ერთი საათის შემდეგ საავადმყოფოდან გაუჩინარდა. მსუბუქი დაზიანებები ჰქონდა. ტელეფონზე დაურეკავს, ახალგაზრდა ქალმა მიაკითხა, წავიდა  და კვალი დაიკარგა. თქვენი გამჭრიახობის იმედი მაქვს.

– ცდას არ დავაკლებ. როგორც კი რამეს შევიტყობ, დაგირეკავთ. იმ თქვენს დაკარგულ მემკვიდრეს ცოლი ჰყავს?

– არა, ოფიციალურად დაქორწინებული არ არის. როგორც უკვე აღვნიშნე, მისი ფოტოც კი არავის უნახავს – ნათესავებს ვგულისხმობ.

კლიენტის წასვლის შემდეგ კერძო დეტექტივმა გადაწყვიტა, გადაემოწმებინა სტენფორდი და სტივენ მასინი. დაურეკა მსხვილ საკრედიტო ფირმებს და ისტორიები გამოითხოვა, შემდეგ კი საავადმყოფოში წავიდა. ორმა ექთანმა შეძლო მისტერ მასინის აღწერა: სიმაღლე – მეტრი და ოთხმოცი სანტიმეტრი; მხარბეჭიანი, მუქი შავი თმით; არანაირი განსაკუთრებული ფიზიკური ნიშანი. დაახლოებით 36 წლის. სტენფორდმა კი თქვა, რომ მასინი მხოლოდ 26 წლის იყო. მან გასინჯვისთანავე ვიღაცას დაურეკა. მასთან მივიდა ოცდახუთიოდე წლის ქერა, საკმაოდ ეფექტური გარეგნობის ქალი და ისიც წაჰყვა.

– მომისმინეთ! მან პალატიდან დარეკა? ესე იგი, თქვენს ოპერატორებს შეუძლიათ, მომცენ ის ნომერი, სადაც დარეკა!

ზუსტად რვა წუთის შემდეგ კოლამბიამ იცოდა, რომ, ტელეფონი, რომელზეც დაკარგულმა მემკვიდრემ დარეკა, ვინმე ფილ უელსს ეკუთვნოდა. მისამართიც სწრაფად გაიგო. გამოიძახა თავისი დახმარე ალი პეტერსი და უთხრა, ამ უელსების სახლთან ემორიგევა... საღამოს სადაზღვევო კომპანიიდან დარეკეს და საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია მიაწოდეს: სტივენ მასინიზე ვერაფერი გაიგეს, სამაგიეროდ, უილიამ სტენფორდზე იყო მოზრდილი დოსიე: მან ბევრი წააგო ერთ-ერთი კომპანიის აქციებში და ყელამდე ვალებში იყო. ულამაზესი, ბრილანტებზე გადარეული ცოლი ჰყავდა. ელოდებოდა, როდის მოუკვდებოდა 79 წლის ბიძა და მემკვიდრეობას დაუტოვებდა – ეს მას სრული გაკოტრებისგან იხსნიდა. მაგრამ, ბიძია თავს მშვენივრად გრძნობდა და სიკვდილს აშკარად არ აპირებდა. 

კოლამბიამ ახლა ვინმე ფილ უელსის შემოწმება სცადა. ის იმ თვითმფრინავის ტექნიკური სამსახურის თანამშრომელი აღმოჩნდა, რომელიც დაიმტვრა. გარდაცვლილთა სიაში იყო. მისმა ცოლმა უკვე მიაკითხა სადაზღვევო კომპანიას და სასამართლოშიც შეიტანა სარჩელი ავიაკომპანიის წინააღმდეგ.

კოლამბია თანაშემწისკენ გაემართა, მიკროგადამცემით შეიარაღებული.

– სახლში არც არავინ შესულა და არც გამოსულა. ჩვეულებრივი სახლია, არაფერი განსაკუთრებული, – მოახსენა ალიმ, რომელიც ქაღალდის ჭიქიდან ფორთოხლის წვენს წრუპავდა. კოლამბიამ კარზე დარეკა. მესამე ზარის შემდეგ ზღურბლზე ხალათში ჩაცმული, საუცხოო აღნაგობის და, შეიძლება ითქვას, ლამაზი სახის ქერა ქალი გამოჩნდა უკმაყოფილო გამომეტყველებით.

– მისის უელს, რაიონში ავარიაა, თქვენი ტელეფონი უნდა შევამოწმო.

– ჩემი ტელეფონი წესრიგშია, – შეიჭმუხნა ქალი.

– მხოლოდ ორი წუთი, მისის უელს და მეტად აღარ შეგაწუხებთ, –კოლამბია აპარატთან მივიდა, სწრაფად დააყენა მოსასმენი მოწყობილობა, ქალს დაემშვიდობა, რომელსაც არაფერი შეუმჩნევია და თანაშემწის მანქანაში დაბრუნდა.

– დარეკე და უთხარი, რომ სტივენ მასინის ახლობელი ხარ. ვნახოთ, რას გიპასუხებს, – უთხრა ალის.

– ასეთი არავინ ვიცი და გთხოვთ, აქ აღარ დარეკოთ, – იყო მკვახე პასუხი.

კოლამბიამ ცოტა დაიცადა და ალის გაამეორებინა ზარი... პასუხი იგივე იყო, ოღონდ, უფრო უხეში. რამდენიმე წუთის შემდეგ კი თავად დარეკა სასტუმრო „დეივენპორტში“, 121-ე ნომერში. იკითხა სრულიად უცნობი, ვინმე ტისონი და ცრემლნარევი ხმით დაელაპარაკა:

– მეტი აღარ შემიძლია, ფილ... ახლა ვიღაცამ დარეკა და სტივენ მასინი იკითხა.

– ცოტა კიდევ მოითმინე, როუზ, ცოტა კიდევ და ყველაფერი კარგად იქნება! გავმდიდრდებით, აქედან წავალთ და ცხოვრებას თავიდან დავიწყებთ. მალე დასრულდება ყველაფერი, ძალიან მალე... შენ ხომ უთხარი, რომ სტივენ მასინის არ იცნობ?

– ჰო, მაგრამ, ცუდად ვარ და განვიცდი!

– იცი, რა... ადექი და ორ საათში მოდი ჩემთან, მე დაგამშვიდებ...

კოლამბიამ ყველაფერი ჩაიწერა და ადვოკატს დაურეკა.

– ის, ვისაც თქვენ ეძებთ, სასტუმრო „დეივენპორტში“, 121-ე ნომერში იმყოფება.

კოლამბიამ გადაწყვიტა, თავისი გადამცემი ოდნავ მოგვიანებით წამოეღო, როცა მისის უელსი სასტუმროში წავიდოდა, ეს კი ორი საათის შემდეგ შეიძლებოდა. მანამდე გაარკვია, რომ ფილ უელსი იმ ავიაკომპანიაში მუშაობდა, რომლის თვითმფრინავიც დაიმტვრა და თავადაც დაიღუპა. მისის უელსი, ალბათ, კარგ დაზღვევას და კომპენსაციასაც მიიღებდა – დაახლოებით 93 ათას დოლარს... სანამ ცარიელი სახლიდან ჩამწერი მოწყობილობა წამოიღო, თანაშემწემ დარეკა და შემაშფოთებელი ამბავი აცნობა: სასტუმროში მკვლელობა მოხდა, სწორედ იმ ნომერში, სადაც მათი ძებნის ობიექტი – დაკარგული მემკვიდრე იმყოფებოდა. მოკლული, პოლიციის გასაოცრად, თვითმფრინავის კატასტროფაში დაღუპული ფილ უელსი აღმოჩნდა. გვამთან იპოვეს მკვლელობის იარაღი და გულწასული მისის უელსი, რომელსაც ბრალდებოდა კიდეც ქმრის მკვლელობა. კოლამბია მიხვდა, რომ მისი ეჭვები გამართლდა, მაგრამ, სამწუხაროდ, დააგვიანა...

– მისტერ კოლამბია, მე ძალიან კმაყოფილი ვარ თქვენი მუშაობით, – უთხრა ადვოკატმა სტენფორდმა და კონვერტი გაუწოდა, – ეს გასამრჯელოა.

– ერთი წუთით, მისტერ სტენფორდ, ყველაფერი ისე არ არის, როგორც შევთანხმდით. ალბათ, უკვე გაიგეთ, რომ მასინი მოკლულია.

– დიახ, – ყალბი მწუხარებით ამოიოხრა სტენფორდმა, – პოლიციიდან დამირეკეს. ჩემი წერილი უპოვიათ მის საფულეში.

– ჰო. ისიც გეცოდინებათ, ვის ბრალდება მისი მკვლელობა.

– ვიღაც მისის უელსს. მე რა შუაში ვარ?!

– ახლავე მოგახსენებთ. საქმე ისაა, რომ მკვლელი თქვენ ხართ, სტენფორდ... – წყნარად წარმოთქვა კოლამბიამ. სტენფორდი ჭარხალივით გაწითლდა და გაზის სატერფულს ფეხი დააჭირა, – თქვენ, ალბათ, გაგიჟდით.

– სულაც არა. ჯერ ერთი, მისის უელსი ვერაფრით იქნებოდა მკვლელი... მე ვუსმენდი მის ტელეფონს და გასროლის ხმაც კი ჩაწერილია. მისის უელსიც სწორედ ამიტომ გაიქცა სასტუმროში, იქ კი მოკლული ქმარი დაინახა და გულწასული დაეცა.

– ქმარი? რა სისულელეს ჩმახავთ. მასინის ცოლი არ ჰყოლია.

– საქმეც ეგაა... თქვენ მთელი მემკვიდრეობა გაფლანგეთ და, მემკვიდრეების მოსატყუებლად, მათ გასაჩერებლად მოიგონეთ მითი, თითქოს თანხას ვერ მიიღებდნენ, თუკი ყველა მემკვიდრე ერთად არ შეიკრიბებოდა. მასინის მოკვლა თავიდანვე გადაწყვიტეთ... მაგრამ, ორმაგი შეცდომა მოხდა:  არც თვითმფრინავის კატასტროფა იყო გათვალისწინებული  თქვენს გეგმაში და არც ის, რომ ვინმე ფილ უელსმა კატასტროფის შემდეგ პირველივე დამახინჯებული გვამის ჯიბიდან აიღო საბუთები, თავისი კი მას ჩაუდო. უელსს წარმოდგენა არ ჰქონდა მასინიზე, მას მხოლოდ დაზღვევის მიღება უნდოდა... მოკლედ, ავიაკატასტროფაში მასინი დაიღუპა... ნუ მიყურებთ მკვლელის თვალებით. პოლიცია საქმის კურსშია და თქვენი მანქანაც მეთვალყურეობის ქვეშ არის... სისულელე არ ჩაიდინოთ, სტენფორდ, თქვენ მოკალით ფილ უელსი! საცოდავი, ავიაკატასტროფას გადაურჩა... ის უბრალო აფერაზე მიდიოდა, თქვენ კი შუბლი გაუხვრიტეთ... მანქანა გააჩერეთ სტენფორდ!..

თარგმნა

ნინო წულუკიძემ

скачать dle 11.3