როგორ გახდა თბილისელი კრიმინალი გოგონა „კაგებეს“ პოლკოვნიკი
„ხუჭუჭთმიანი“
1953 წლის 5 მარტს, სტალინის გარდაცვალების დღეს, მოსკოვის საქალაქო სასამართლო 23 წლის ანეტა გროვერის, იგივე „ხუჭუჭთმიანის“ სისხლის სამართლის საქმეს იხილავდა.
ამ შავთვმიან, ცისფერთვალება და ტანწერწეტა ქალიშვილს ბრალად ედებოდა ექვსი ბინის გაქურდვა, ეგრეთ წოდებული „საქორწინო თაღლითობის” გამოყენებით. ანეტა გროვერი მსხვერპლს საგულდაგულოდ არჩევდა და თავს აყვარებდა; შემდეგ მისი ბინის გასაღების დუბლიკატებს ამზადებდა, ბინაში მაშინ შედიოდა, როცა პატრონი შინ არ იყო და ძარცვავდა. ბოროტმოქმედი გოგონას ყველა მსხვერპლი მდიდარი და მარტოხელა მამაკაცი იყო. ამ მეთოდით გროვერმა 470 ათასი მანეთის ღირებულების ზარალი მიაყენა თავის „რჩეულებს”, რაც იმ პერიოდში უზარმაზარ თანხას წარმოადგენდა.
ბოროტმოქმედ ქალიშვილს მოსამართლემ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და მოსკოვის ბუტირკის ციხის ქალთა კორპუსში გაამწესა, რომელსაც შავ სამყაროში „კოშკინ დომს“ („კატის სახლს”) უწოდებდნენ.
ანეტა გროვერი 1930 წელს თბილისში იყო დაბადებული, მისი მშობლები ინჟინრები იყვნენ. 1937 წელს, ყალბი საჩივრის („დანოსის“) საფუძველზე, ზიგმუნდ და ირენ გროვერები გაასამართლეს და „ჩეკას“ სარდაფშივე დახვრიტეს, მათი ერთადერთი, 7 წლის ქალიშვილი კი უპატრონო ბავშვთა სახლში გაამწესეს.
თანატოლებს შორის ანეტა უზადო გარეგნობითა და გონიერებით გამოირჩეოდა. საუკეთესოდ სწავლობდა და ძალიან დისციპლინირებული ბავშვი იყო. თუმცა, 1946 წლის 1 იანვარს მომხდარმა ინციდენტმა მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა და გოგონა კრიმინალურ გზას დაადგა.
1946 წლის 1 იანვარი სულ რაღაც ორი საათის დამდგარი იყო. ბავშვთა სახლის აღსაზრდელები და პედაგოგები საახალწლო კარნავალს მართავდნენ. ანეტა გროვერი ფერიას განასახიერებდა – ჰაეროვან ცისფერ კაბაში იყო გამოწყობილი, რომელიც თავადვე შეკერა. ღამის 2 საათსა და 10 წუთზე გოგონა ოთახში შევიდა (სადაც ბავშვებს გასახდელი და საგრიმიორო ჰქონდათ მოწყობილი), რათა კაბა გამოეცვალა და სხვა საკარნავალო კოსტიუმი ჩაეცვა. ამ დროს ოთახში ფიზკულტურის მასწავლებელი, 37 წლის ჰასან ბაბაევი შეიჭრა და კარი გასაღებით ჩაკეტა. ის ნასვამი იყო და გოგონას გაუპატიურება მოინდომა, მაგრამ ანეტამ მოძალადეს მაკრატელი გაუყარა მუცელში, შემდეგ მეორე სართულის ფანჯრიდან გადახტა და, იმის მაგივრად, რომ მილიციისთვის შეეტყობინებინა მომხდარის შესახებ, გაურკვეველი მიმართულებით გაიქცა...
ბაბაევი სიკვდილს გადაურჩა და გამომძიებელს თავის სასარგებლოდ მისცა ჩვენება: მან განაცხადა, რომ თითქოს მთვრალი გოგონა დაესხა თავს... გათოშილი ანეტა კი ხუთი დღის შემდეგ, 6 იანვარს დააკავა მილიციამ მოსკოვის იაროსლავლის რკინიგზის სადგურზე და ის წინასწარი დაკავების საკანში ჩასვეს.
არასრულწლოვანი გოგონა გაასამართლეს და ერთი წლით გაამწესეს ძნელად აღსაზრდელ ბავშვთა დაწესებულებაში. მას სასამართლოზე არც კი უხსენებია ძალადობის ფაქტი, რადგან, შერცხვა და არც მოსამართლეს უცდია დანაშაულის მოტივის გარკვევა.
ახალ დაწესებულებაში კრიმინალ გოგონებს შორის ანეტამ მალევე მოიპოვა ავტორიტეტი თავისი მტკიცე ხასიათისა და გონიერების წყალობით. ხუჭუჭა კულულების გამო, თანატოლებმა მას „ხუჭუჭთმიანი“ შეარქვეს და დიდ პატივს სცემდნენ.
ოპერაცია „ჯადოსნური ღამე“
ანეტა გროვერი მოსკოვის სპეცდაწესებულებიდან 1947 წლის 10 იანვარს გათავისუფლდა და 17 წლის მშვენიერი ქალწული, ფაქტობრივად, ქუჩაში დარჩა. „ხუჭუჭთმიანს“ არც თბილისში დასაბრუნებელი ფული ჰქონდა და არც ამის სურვილი გააჩნდა. ანეტა ალისა საბლინამ შეიფარა. ის ცნობილი კანონიერი ქურდის, ანტონ საბლინის ქვრივი იყო. ქალმა გოგონა ბაზარში შენიშნა, სადაც ანეტა შიმშილმა მიიყვანა.
ალისასთან ანეტამ სამი წელი გაატარა. ერთ მშვენიერ დღეს კი კვლავ ქუჩაში აღმოჩნდა, რადგან მისი დედობილი ქუჩაში მანქანამ გაიტანა, ბინა კი სახელმწიფომ წაიღო და „ხუჭუჭთმიანი“ უსახლკაროდ დარჩა. სწორედ ამ შემთხვევის მერე დაადგა ანეტა გროვერი ბოროტმოქმედების გზას. თავდაპირველად ის თავს წვრილმანი ქურდობით ირჩენდა – ეს ფული მას ჭამასა და ბინის ქირის გადახდაში ჰყოფნიდა. 1951 წელს კი „ხუჭუჭთმიანმა“ ქურდობის ახალი სქემა მოიფიქრა: ის მამაკაცებს აყვარებდა თავს, ნდობაში შედიოდა მათთან, ცოლობას ჰპირდებოდა, შემდეგ კი მათ ბინებს ძარცვავდა. ორწლიანი კრიმინალური მოღვაწეობის განმავლობაში, გაძარცვული „საქმროებიდან“ არცერთს ნაკოცნიც კი არ ჰქონდა ანეტასთვის და „კატის სახლში“ ის ქალწულად შევიდა...
ბუტირკის ციხეში ხუჭუჭთმიან ქალწულ გოგონას მტრულად შეხვდნენ პატიმარი ქალები და მისი ბოთლით გაუპატიურებაც კი მოინდომეს, მაგრამ, ანეტა გროვერმა არც იქ დათმო – ორ ქალს მან ღრმა ჭრილობა მიაყენა ბოთლით და ამის გამო კარცერში გამოამწყვდიეს. ოთხი დღის შემდეგ კარცერის კარი გაიღო, სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი, ორმოციოდე წლის მამაკაცი შიგნით შევიდა, კარი მიიხურა და ანეტას უთხრა:
– უშიშროების მაიორი თემურ ჯორბენაძე!
– რაზე შეწუხებულხართ? – ირონიით ჰკითხა მაიორს ანეტამ.
– თქვენს გადასარჩენად, ჩემო მშვენიერო ქალწულო, – უთხრა ანეტას ჯორბენაძემ და დაამატა: – ხვალ კარცერში ყოფნის ვადა გაგდით და საკანში დაგაბრუნებენ, იქ კი თქვენ სიკვდილი გელით – არავინ გაპატიებთ იმას, რაც ჩაიდინეთ.
მაიორი მართალს ამბობდა – ანა ვორსისა და ნონა სომოვას დაჭრას არავინ აპატიებდა „ხუჭუჭთმიანს“. ორივე ქალი კრიმინალური ავტორიტეტი იყო და ანეტას უკვე გამოტანილი ჰქონდა სასიკვდილო განაჩენი.
– ჩემგან რას მოითხოვთ სამაგიეროს? – ჰკითხა ანეტამ ჯორბენაძეს.
– სწავლას, სწავლასა და სწავლას, როგორც დიდმა ლენინმა გვიანდერძა, – მიუგო მაიორმა გოგონას...
ანეტა გროვერი მაიორმა ჯორბენაძემ იმავე დღეს წაიყვანა. „ხუჭუჭთმიანი“ უშიშროების სამინისტროს კონსპირაციულ ბინაში მოათავსა და სამი დღე არავის შეუწუხებია. შემდეგ მას კვლავ მაიორი ჯორბენაძე ესტუმრა და უთხრა:
– ჩვენ თქვენი პიროვნება კარგად შევისწავლეთ. ჩვენთან თანამშრომლობას გთავაზობთ. თუ თანახმა ხართ, მაშინ, სპეციალურ სკოლაში ისწავლით, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ციხეში დაგაბრუნებთ.
„ხუჭუჭთმიანმა“ ციხეს უშიშროების სკოლა არჩია და სწავლა დაიწყო. წელიწად-ნახევრის შემდეგ კი, 1954 წლის ოქტომბერში, მან ეს სკოლა დაამთავრა, უმცროსი ლეიტენანტის ჩინი მიიღო და ანეტა გროვერი საიდუმლო აგენტი გახდა. კურატორად მას მაიორი თემურ ჯორბენაძე დაუნიშნეს, რომელმაც თავის აგენტს მეტსახელი – „ქალწული“ შეარქვა.
ანეტა გროვერი მრავალმხრივად მომზადებული აგენტი იყო და, ჯერ უშიშროების სამინისტროს, შემდეგ კი – უშიშროების კომიტეტის („კაგებე“) საიდუმლო დავალებებს ასრულებდა. მან სულ მოკლე დროში შეძლო ხელმძღვანელობის დიდი ნდობის მოპოვება და ის განსაკუთრებულ ნომენკლატურულ აღრიცხვაზე აიყვანეს.
1962 წელს საბჭოთა უშიშროებამ ერთ-ერთ, ეგრეთწოდებულ ნავთობმომპოვებელ აღმოსავლურ სახელმწიფოში უნიკალური სპეცოპერაცია ჩაატარა. ანეტა გროვერის მეშვეობით, „ჩეკისტებმა“ ამ ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების მემკვიდრე მოიტაცეს და მამამისი აიძულეს, საბჭოეთისთვის სასარგებლო ნავთობპოლიტიკა გაეტარებინა. ამ ოპერაციას „ჯადოსნური ღამე“ ეწოდებოდა. შემდგომში გროვერი გატაცებული ხელისუფლის შვილის ცოლი უნდა გამხდარიყო და, „ობიექტი“ მას შემდეგ გაიტაცეს საძინებლიდან, როდესაც „ქალწულმა“ ის დააძინა...
სინამდვილეში კი „ქალწული,” იგივე ანეტა გროვერი, 1963 წელს, 33 წლის ასაკში გათხოვდა და 43 წლის თემურ ჯორბენაძეს გაჰყვა ცოლად. მათ ქალ-ვაჟი შეეძინათ და სიცოცხლის ბოლომდე ერთად ცხოვრობდნენ.
თემურ ჯორბენაძე 2000 წელს, 80 წლის ასაკში, პოლკოვნიკის ჩინით გარდაიცვალა. ანეტა გროვერიც პოლკოვნიკი გახდა და 73 წლის ასაკში, მოსკოვში გარდაიცვალა.