ფლორის სამყაროში
კითხვა: რა ტემპერატურაზე ვამყოფო იუკა?
პასუხი: თუ იუკას ზამთრის ბაღში დარგავთ, ის ზაფხულის თაკარა მზესაც აიტანს და ზამთრის სიგრილესაც. მისთვის კარგია ოთახის ტემპერატურა, 18-24 გრადუსი, ხოლო ზამთრის მინიმალური ტემპერატურა 8-10 გრადუსია.
კითხვა: ჩემი პლუმბაგო არ იზრდება და არც კარგად ყვავილობს. როგორ დავეხმარო?
პასუხი: ეს მცენარე რეგულარულად უნდა მორწყათ ბალანსირებული თხევადი სასუქით და სინათლე არ მოაკლოთ. ალბათ ზაფხულში ღეროები შეაჭერით და ამიტომ აღარ ყვავილობს. ადრიან გაზაფხულზე აუცილებლად გასხალით.
კითხვა: როგორი სინათლე სჭირდება ამარილისს?
პასუხი: მას კაშკაშა სინათლე უყვარს და რაღაც დროის განმავლობაში მზეზე ყოფნასაც აიტანს. გაითვალისწინეთ, რომ, თუ სინათლე მოაკლდება, ვერ იყვავილებს. საერთოდ, კარგად ყვავილობს ოთახის ტემპერატურაზე, აყვავებულს კი სიგრილეში ყოფნა სჭირდება.
კითხვა: ჩემს გრაფტოპეტალუმს ფესვები დაულპა. რა არის მიზეზი?
პასუხი: ალბათ, ბევრი წყლის დასხმა მოგიწიათ. მას ქოთანში წყალი არ უნდა ჩაუგუბდეს, განსაკუთრებით – ზამთარში, თუმცა, მისი მიწა მთლიანადაც არ უნდა გამოაშროთ. გაზაფხულიდან ადრიან შემოდგომამდე, აქტიური ზრდის პერიოდში, რეგულარულად მორწყეთ.
კითხვა: როგორ მოვუარო პილეას?
პასუხი: აქტიური ზრდის პერიოდში მისი მიწა მუდამ ტენიანი უნდა იყოს. მოარიდეთ ზაფხულის სიცხეს, ორ კვირაში ერთხელ სასუქი მიაწოდეთ და ფორმის შესანარჩუნებლად რეგულარულად გაკრიჭეთ ხოლმე.
კითხვა: სად ჯობია ლოტუსის დადგმა?
პასუხი: ამ მცენარეს გადმოკიდებული ტოტები აქვს და მასზე თუთიყუშის ნისკარტისებრი ყვავილი უვითარდება. მისთვის კარგია, თუ საკიდ კალათაში მოათავსებთ ან თაროზე შემოდებთ, რათა ტოტებით გადმოეკიდოს ქვევით. ზრდასრული მცენარე დაახლოებით 70-80 სანტიმეტრი სიგრძის იზრდება.
კითხვა: რა საშიშროება შეიძლება დაემუქროს პეპერომიას?
პასუხი: ეს მცენარე იოლად ლპება, ამიტომ, იშვიათად მორწყეთ. მცენარის გული მშრალი უნდა იყოს, ამის შენარჩუნებას კი გამომწვარი თიხის ქოთანში შეძლებთ. პეპერომიაზე შერჩენილი დამჭკნარი ყვავილები მასზე ცუდად მოქმედებს, ამიტომ, მოაშორეთ.
კითხვა: იქნებ მირჩიოთ, როგორ გავახარო ასპლენიუმი?
პასუხი: ეს მცენარე პრეტენზიული არ არის, ის გვიმრის ერთ-ერთი სახეობაა. ასპლენიუმის ახალი ფოთლები ძალიან ნაზია და მზეზე ადვილად იწვება. ამიტომ, მზის გულზე ნუ დადგამთ, ნახევრად ჩრდილში ამყოფეთ. ზრდის პერიოდში, სამ კვირაში ერთხელ მორწყეთ ბალანსირებული თხევადი სასუქით. ზამთარში დამატებითი კვება არ სჭირდება. ფოთლები სველი ნაჭრით გაუწმინდეთ, ოღონდ, ფრთხილად, რადგან იოლად ზიანდება. აქტიური ზრდის დროს უხვად მორწყეთ. ზამთარში, როცა მცენარე ისვენებს, მიწა მხოლოდ ტენიანი უნდა ჰქონდეს. ზამთრის მინიმალური ტემპერატურაა 13 გრადუსი, თუმცა, ჯობია, რომ მთელი წლის განმავლობაში ოთახის ტემპერატურა 18-24 გრადუსი იყოს.
კითხვა: რა მცენარეა კურკუმა, კიდევ რა სახელითაა ცნობილი ის და აქვს თუ არა მას სამკურნალო თვისებები?
პასუხი: ამ მცენარეს „ყვითელ კოჭას” უწოდებენ. ის გამოიყენება კერძებში სანელებლებად, სამედიცინო თვალსაზრისით კი მას იყენებენ, როგორც ანტიბიოტიკს, რადგან, ის ძალიან კარგი წამალია ანთებისა და ინფექციის წინააღმდეგ.