როცა ქალს უყვარს...
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ N27-43(722)
თიკომ გვარიანად დააგვიანა სამსახურში. ბეჟანი არ დახვედრია და არც დაურეკავს. ამან ცოტა შეაფიქრიანა. მეხსიერება დაძაბა – რამე ისეთი ხომ არ ვუთხარი, რომ განაწყენდაო, მაგრამ დარეკვისგან თავი შეიკავა – აჯობებს, მოვიცადო და დაველოდოო. რამდენიმე თანამშრომელს მიესალმა. იმათაც გულგრილად დაუქნიეს თავი... მისთვის განკუთვნილ მაგიდასთან დაჯდა და კომპიუტერი ჩართო. წარმოდგენა არ ჰქონდა, რა უნდა გაეკეთებინა. კონკრეტული დავალება მისთვის არავის მიუცია... მოსწყინდა მონიტორზე გამოსახულებების უაზრო თვალიერება. სიგარეტი და სანთებელა აიღო და გარეთ გავიდა. არსად ეჩქარებოდა. ნელი ნაბიჯით გაუყვა დერეფანს, საკუთარი ფეხსაცმელების ქუსლების ბაკი-ბუკი ესმოდა მხოლოდ. დაახლოებით იცოდა, რომელ მხარეს იყო კოტეს ოფისი და იქით დაიძრა. პირველივე ურნასთან, რომლის ზემოთაც გაკრული იყო წარწერა: „მოსაწევი ადგილი“, შეჩერდა და სიგარეტს მოუკიდა. ლენუკას დავალების შესრულებას უნდა შესდგომოდა, თორემ, ქალი ისე იყო გაღიზიანებული, ქმარზე დაგროვილ მთელ ბოღმას მასზე გადმოანთხევდა. ჩხუბის თავი სად ჰქონდა, თანაც – ლენუკასთან, მით უფრო, მაშინ, როცა ასე იყო აფოფრილი. იმედი არ ჰქონდა, რომ კოტეს მდივანი სწორედ ახლა გამოვიდოდა ოფისიდან და სიგარეტის მოსაწევად ამ ადგილს მოაშურებდა – მაგრამ, გაუმართლა – მისდა გასაოცრად, კოტეს ოფისიდან თამრიკო გამოვიდა და სიგარეტით ხელში ურნასთან მივიდა, თიკო დაუფარავი ინტერესით შეათვალიერა და არც კეთილმოსურნე ღიმილი დანანებია. თიკოსაც იმედი მიეცა:
– გამარჯობა. რა კარგია, რომ მარტო არ მომიწია აქ დგომა და სიგარეტის მოწევა. საშინლად არ მიყვარს. თქვენც აქ მუშაობთ?
თამრიკომ თავი დაუქნია:
– ჰო. მეც აკრძალული მაქვს ოფისის შიგნით მოწევა, მიუხედავად იმისა, რომ ახლა სრულიად მარტო ვარ – ჩემი შეფი სადღაც გაემგზავრა საქმიანი ვიზიტით. ისე შევეჩვიე რეჟიმს, მაინც გარეთ გამოვდივარ. თქვენ, ეტყობა, ახალი ხართ აქ... – თამრიკომ სიგარეტიანი ხელი ირგვლივ მოავლო, – ანუ, იმას ვგულისხმობდი, ადრე არ მინახავხართ.
– დიახ. სულ რაღაც ათი დღეა, მოვედი და ჯერ შეგუების ეტაპი არ გამივლია.
– აკლიმატიზაცია, ანუ... – დიდსულოვანი ღიმილით დაუზუსტა თამრიკომ და ამოიოხრა, – უსაქმობამ დამღალა. ადრეც ვერ მივდივარ – შეიძლება, მოულოდნელად დაბრუნდეს და... ახასიათებს ასეთი სიურპრიზები ბატონ კოტეს.
– უკაცრავად, ვის? – მიამიტი ღიმილით დაახამხამა წამწამები თიკომ, – ვითომ ვერ მიხვდა, ვის გულისხმობდა ქალი.
– კოტე ჩემს უფროსს ჰქვია. საერთოდ, ცუდი კაცი არ არის, მაგრამ თუ გაღიზიანებულია, ჯობია, საერთოდ არ დაელაპარაკო, – უცებ თამრიკომ ხმას დაუწია და ჩურჩულზე გადავიდა: – ძირითადად, მაშინ არის განსაკუთრებით გაღიზიანებული, როცა ცოლს ეჩხუბება. ასეთი რამ კი ბოლო დროს ძალიან ხშირად ხდება.
თიკოს ლამის გაეცინა, მაგრამ დროზე შეიკავა თავი.
– იცნობთ მის ცოლს?
– მე? რა თქმა უნდა. რატომ მკითხეთ?
თიკომ მხრები აიჩეჩა:
– რა ვიცი, ისე... შეიძლება, ეჭვიანობს. ცოლები ხშირად ეჭვიანობენ ხოლმე ქმრების მდივნებზე.
– ჰა, ჰა, ჰა, რა სისულელეა! ლენუკამ დიდი ხნის წინ „გადაამოწმა“ და ეგ ტესტი ჩაბარებული მაქვს... ისეა ეგ ქალი პრეტენზიული. თვითონაც არ იცის, რა უნდა. ეგრევე ეტყობა ხოლმე კოტეს, როცა საყვარელ მეუღლესთან პრობლემური პერიოდი ეწყება. ეჭვი მაქვს, ახლაც მას გაექცა ევროპაში. თუმცა, მე მითხრა, კონტრაქტების გასაფორმებლად მივდივარო...
თამრიკო იმაზე მეტად ენაწყლიანი აღმოჩნდა, ვიდრე თიკო წარმოიდგენდა. ცოტა კი დაიღალა მისი ლაქლაქით, მაგრამ, იძულებული იყო, ღიმილით მოესმინა მთელი ინფორმაცია.
– შენ? – უცებ ჰკითხა თამრიკომ.
თიკო გამოერკვა:
– მე? ანუ, ჩემი უფროსი როგორია? გამიმართლა. ცოლი არ ჰყავს და ჯერჯერობით საკმაოდ პოზიტიური ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. პრინციპში, დიდი ხანიც არ არის, რაც ურთიერთობა გვაქვს.
– ჰო, რთულია ჩვენი სამუშაო. სულ თვალებში უნდა უყურო, რა ეწყინება და რა გაუხარდება. ზოგჯერ ისე უმიზეზოდ აყვირდება ხოლმე... მიფიქრია კიდეც, ახლა წავალ აქედან-მეთქი, მაგრამ, მერე... – ხელი ჩაიქნია თამრიკომ.
– მერე, რატომ არ მიდიხართ?
– როგორ გითხრა... შეიძლება, შევეჩვიე, ან, შეიძლება, ვიცი, რომ უკეთესი სიტუაცია არსად დამხვდება. ზოგან უარესადაც კი არის საქმე. მოკლედ, როგორც კარგი ქმარი არ არსებობს, ისე კარგ უფროსს ვერ იპოვი, – ბრძნულად დაასკვნა თამრიკომ.
– თქვენ გათხოვილი ხართ?
– აარაა... – გაწელა კოტეს მდივანმა სიტყვა, – ქმარზე რომ ვთქვი, იმიტომ მკითხე? რად უნდა მაგას გათხოვება, ისედაც ყველამ იცის, რომ კარგი ქმარი მითია.
– მაშინ, რას ერჩით თქვენი უფროსის ცოლს? – გაიცინა თიკომ, – ესე იგი, მართალი ყოფილა.
თამრიკომ ტუჩი აიბზუა:
– შენ ლენუკას არ იცნობ. მეტისმეტია... ერთიც ხომ არ მოგვეწია?!
– რატომაც არა... საქმე მაინც არაფერი მაქვს. კარგი იქნებოდა, ყავაც რომ დაგველია, მაგრამ, ისიც არ ვიცი, აქ სადმე კაფე არის თუ არა.
– ყავა ჩემთან დავლიოთ. ბატონი კოტე ძუნწი ნამდვილად არ არის, ყავას ყოველთვის ძვირფასს ვყიდულობთ, ზოგჯერ თვითონაც ჩამოაქვს. ხომ წამოხვალ?
– უარს არ ვიტყვი, – გამოცოცხლდა თიკო, კოტეს კაბინეტის ნახვის შანსი გაუჩნდა და ამას ხელიდან როგორ გაუშვებდა.
– ახლავე წავიდეთ, – თვალები აუციმციმდა თამრიკოს, – ძალიან მომეწონე. აქ ძირითადად ისეთი ქალები მუშაობენ, მათთან საერთო ენას ვერ გამონახავ. გამიხარდა, რომ გაგიცანი. ყოველდღე შემეხმიანე ხოლმე. სიგარეტი მოვწიოთ და ცოტა წავიჭორაოთ. ახლა კი წამოდი, ყავა დავლიოთ. მოგეწონება...
***
კოტემ სააბაზანოს შეღებილი კარიდან თავი გამოყო და კითხვით სავსე მზერა მიაპყრო შვილსა და მის მეგობარს:
– სად მიდიხართ?
– საქმე გვაქვს, – სწრაფად მიუგო სანდრომ და ტომასს შეუმჩნევლად ჩაუკრა თვალი.
– ასე გვიან? – გაიოცა კოტემ.
– ჰო, რატომ გაიკვირვე? სამეცადინო გვაქვს და ერთ-ერთ თანაკურსელთან ვიკრიბებით.
კოტეს ეშმაკურად ჩაეცინა:
– ჰო, ვხვდები, რაშიც უნდა იმეცადინოთ. შემთხვევით, ის თანაკურსელი გოგო ხომ არ არის და, კიდევ ერთი „თანაკურსელიც“ ხომ არ ჰყავს მოწვეული დამხმარედ?
– კარგი, რა, მამა... ისეც არ არის საქმე, შენ რომ გგონია, – უკმაყოფილოდ შეიჭმუხნა სანდრო, – გოგოებში რომ მინდოდეს წასვლა, შენ რატომ დაგიმალავდი? ბავშვი ხომ აღარ ვარ.
– ჰოდა, მეც სწორედ ეგ გამიკვირდა. კარგი, მაგრამ, მე რა გავაკეთო სახლში?
– რა ვიცი. ტელევიზორს უყურე, დაისვენე, ქალაქში გაისეირნე... დედაჩემს დაურეკე, ბოლოს და ბოლოს.
– ოჰ, სანდრო... დედაშენთან დარეკვა და ლაპარაკი გართობაა? მოსაკლავი ხარ...
– რატომ? გააჩნია, როგორ განეწყობი, – გაუცინა შვილმა.
– როგორ გგონია, დაიჯერა, რომ მართლა სამეცადინოდ მივდივართ? – ჰკითხა ტომასმა, როცა კიბეზე ჩადიოდნენ.
– არა, რა თქმა უნდა. მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს. მთავარი ის არის, მიხვდა, რომ მის გარეშე გვინდოდა ყოფნა.
– ცოტა მეუხერხულება – მაინც ჩემი სტუმარია. მამაჩემსაც სულ არ სცალია. ვთხოვდი და ქალაქში მაინც გაიყვანდა.
– შენ ნუ იდარდებ მაგაზე, მიხედავს საკუთარ თავს, – ხელი ჩაიქნია სანდრომ...
***
დეამ დაკვირვებული მზერა მოავლო ბარში მყოფებს და ლინას მიუბრუნდა:
– აქ არ არიან.
– მერე რა, მოვლენ, სად წავლენ. წამოდი, დავსხდეთ.
გოგონები მაგიდას მიუსხდნენ. ოფიციანტმა წყალი მიუტანა და შეკვეთის მოლოდინში გაინაბა.
– მეგობრებს ველოდებით. მოგვიანებით შეგიკვეთავთ, – უთხრა ლინამ და, თვალებგაბრწყინებულმა, დეა შემოსასვლელისკენ გაახედა: – მოვიდნენ!
– ასე ძალიანაც ნუ გამოხატავ სიხარულს, – უკმაყოფილოდ შენიშნა დიანამ, – ისიც ეყოფათ, რომ ჩვენზე გვიან მოვიდნენ.
– ჩვენკენ მოდიან. ეგეთი უკმაყოფილო გამომეტყველება ნუ გაქვს, – წასჩურჩულა ლინამ და ტომასს მიეგება:
– აი, ჩვენც ჩამოვედით! ხომ არ მოიწყინეთ უჩვენოდ?
– ძალიან, ძალიან მოვიწყინეთ, მშვენიერო პრინცესა, ზღაპრული ციხე-კოშკის დიასახლისო, – მაგრად მოეხვია და გულში ჩაიკრა ტომასმა გოგო.
ლინამ გაიბრძოლა.
– ცოტა ფრთხილად, ძვლები არ დამიმტვრიო.
– მაგას როგორ ვიზამ! ან, შენ როგორ მოგერევი, თოფით ხელში დასდევ თურმე დათვებს კილკენის საგრაფოში.
– დათვებს კი არა, იხვებს... ნუ აზვიადებ, – სიცილით ხელებში ჩაარტყა გოგომ, – ალექსანდრე, როგორ ხარ?
სანდროს ლინას შეკითხვა არ გაუგია, მონუსხულივით შეჰყურებდა დიანას და ჩუმად ოხრავდა. დეაც უსიტყვოდ შესცქეროდა ბიჭს, ოდნავ მოჭუტული თვალებით. სახეზე ძლივს შესამჩნევი ღიმილი დასთამაშებდა.
– აუჰ, ესენი ახლა ასე ჩუმად იქნებიან მთელი საღამო, – შეიცხადა ტომასმა, – დავლიოთ ლუდი, თუ, რამე უფრო მაგარი სასმელი გირჩევნიათ?
– არც ლუდი მინდა, არც ვისკი, კოქტეილი შეუკვეთე ჩემთვის, – სთხოვა ლინამ.
– დიანა, თქვენთვისაც კოქტეილი შევუკვეთო? – დეას მიუბრუნდა ტომასი, თან მხარი გაჰკრა სანდროს – რას გაშტერებულხარ, გამოფხიზლდიო.
– როგორ ხარ, დიანა? – როგორც იქნა, გაბედა და ჰკითხა სანდრომ. საკუთარ თავზე მოსდიოდა ბრაზი: ქალებთან საკმაოდ გამბედავს, დეასთან რაღაც აუხსნელი ემართებოდა – ენა უმძიმდებოდა და აღარ ემორჩილებოდა, მთელ სხეულში კი ჟრუანტელი უვლიდა.
დეამ შეხედა. პასუხი არ დააყოვნა, მხოლოდ გაუღიმა და თვალებში იდუმალი სევდა ჩაუდგა.
– კარგად ვარ. რატომ არ მირეკავდი?
შეკითხვა ისეთი მოულოდნელი იყო, რომ ბიჭს გული შეუქანდა.
– გინდოდა, რომ დამერეკა? – კითხვაზე კითხვითვე მიმართა სანდრომ.
– მაგას რა მნიშვნელობა აქვს. შენ უნდა გდომებოდა, თუმცა, შეიძლება, მე შემექმნა მცდარი წარმოდგენა ჩვენს ურთიერთობაზე.
სანდრო გაფითრდა და თვალების გარშემო მუქი რგოლები გაუჩნდა...
– მინდოდა, – თქვა და ამოიოხრა, – ძალიან მინდოდა, მაგრამ, ვერ შეგაწუხე...
– მართლა? – გაიღიმა გოგომ და სახე ბავშვურად საყვარელი, მიმზიდველი და თბილი გაუხდა. სანდროს გული შეუქანდა.
– ჰო, მართლა. მომენატრე... ძალიან, ძალიან მინდოდა შენი ნახვა და ხმის გაგონება... მეშინოდა, რომ აქ აღარ დაბრუნდებოდი...
– ვაპირებდი ლონდონში გამგზავრებას, მაგრამ, ლინამ მთხოვა, კიდევ ორი კვირა დავრჩენილიყავი მასთან და დავბრუნდი.
– მხოლოდ ორი კვირა?! – შესძახა სანდრომ და ამით თავი ბოლომდე გაყიდა.
– მე ხომ ლონდონში ვცხოვრობ, ჩემი მშობლები იქ არიან. სამუდამოდ აქ ხომ არ დავრჩები?!
სანდრომ ამოიოხრა. ოფიციანტმა კოქტეილები მიიტანა. სანამ გოგონები ჩუმად წრუპავდნენ სასმელს, ტომასმა სანდროს გადაუჩურჩულა:
– შენ თუ რამეს აპირებ, დროზე უნდა იმოქმედო, თორემ, ორი კვირა ძალიან მალე გავა.
– კი მაგრამ, რა გავაკეთო? – ჩურჩულითვე მიუგო სანდრომ.
– უთხარი, რომ გიყვარს.
– გაჩუმდი, გაიგონებს, – შეშფოთდა სანდრო.
– ძალიანაც კარგი, თუ გაიგონებს. ნეტავი შენი თავი დაგანახვა – სახეზე ფერი აღარ გადევს, მძიმე ავადმყოფს ჰგავხარ.
– აქ მძიმე ჰაერია და ცუდი განათება, – პერანგზე ღილი შეიხსნა სანდრომ და უცებ ხელი გაუშეშდა, სახეზე კი შეძრწუნება გამოეხატა.
– რა იყო? – შეეშინდა ტომასს, – მართლა ცუდად ხომ არ ხარ?
– ვაიმე, მამაჩემი მოვიდა!
– რა?! შეუძლებელია!
– რა არის შეუძლებელი, კარი გააღო და შემოვიდა.
– შეუმჩნევლად რომ წავიდეთ?
– გვიანაა. უკვე დაგვინახა და აქეთ მოდის, – სანდრომ კბილები გააღრჭიალა.
– რა მოხდა? – დაინტერესდა ლინა, – რატომ ჩურჩულებთ, შეთქმულებას ხომ არ გვიწყობთ?
– დაახლოებით, – ღიმილით დაუქნია თითი ტომასმა, – სანდროს მამა უნდა გაგაცნოთ. აქ არის სტუმრად და მალე შემოგვიერთდება.
– ეს რა, სიურპრიზია თუ საოჯახო ვახშამი? უკმაყოფილოდ შეიჭმუხნა ლინა.
– უფრო – სიურპრიზი. ნუ დაიძაბებით, ცუდი კაცი არ არის.
კოტე მაგიდას მიუახლოვდა. ჯერ გოგოები შეათვალიერა, მერე შვილს შეხედა მრავლისმთქმელი მზერით, ბოლოს ისევ დიანას ჩააშტერდა.
– შეიძლება, თქვენთან დავჯდე? – ჰკითხა სანდროს.
– რადგან მოხვედი, უნდა დაჯდე, უხერხულია.
– ნუ იბღვირები. შემთხვევით მოხდა. მე აქ სხვა ბარი არ ვიცი. მომწყინდა და ლუდის დასალევად შემოვიარე. თუ ასე გაბრაზდები, წავალ... – შეყოყმანდა კოტე, თან დიანას არ აშორებდა თვალს.
– დაჯექი, რადგან უკვე აქ ხარ.
კოტეს გაეცინა:
– ისე, დარწმუნებული ვიყავი, რომ სამეცადინოდ არ მიდიოდით.
– აჯობებს, თუ ამაზე არ ვილაპარაკებთ, – ჩაილაპარაკა სანდრომ, – უხერხულია, მათთვის გაუგებარ ენაზე რომ ვსაუბრობთ.
– კარგი, ბატონო, ხელს არ შეგიშლით... ის მაინც მითხარი, ეს ორი ანგელოზი ვინ არის.
– მეგობრები არიან, – სწრაფად მიუგო სანდრომ.
– ალექსანდრე, როგორ ჰგავხარ მამას! – წკრიალა ხმით შესძახა ლინამ და ხელი ხელს შემოჰკრა, – აქ რატომ ჩამოვიდა?
– საქმეები აქვს.
– ოჰო! ბიზნესმენია?
– ჰო.
– არ გაგვაცნობ? – ჩააცივდა ლინა, – მაინტერესებს, როგორები არიან ქართველი მამები.
– მამა ყველგან მამაა, არაფერი განსაკუთრებული.
– ვითომ? – თვალები მოჭუტა ლინამ, – ასეთი გაცხარებით რაზე ლაპარაკობდით?
– ლინა, დაანებე თავი ალექსანდრეს და მე მომაქციე ყურადღება, – მეგობრის საშველად საუბარში ჩაერია ტომასი, – აჯობებს, მოყვე, რა ხდება შენს ციხე-კოშკში.
– რა ციხე-კოშკი, ჩვეულებრივი სახლია, – მხრები აიჩეჩა ლინამ.
– ჰმ, მატყუებ. ლენსტერის პროვინციაში, კილკენის საგრაფოში, ყველაზე დიდი, ძველი და ლამაზი ციხე-კოშკი მამაშენს აქვს.
– საიდან გაქვს ასეთი ზუსტი ინფორმაცია, – აკისკისდა ლინა.
– დავინტერესდი და მოვიძიე. თურმე, ვისთან მქონია საქმე!.. ახლა, ალბათ, თქვენი მაღალი ყურადღების ღირსიც ვეღარ გავხდები... აი, რატომ გადმომხედავდი ხოლმე ზემოდან.
– გეყოფა, ასე ნუ მეხუმრები, თორემ, სერიოზულად გაგიბრაზდები, – ლინა ძალიან გამხიარულდა, უღიმოდა ტომასს და მოსწონდა მისი ხალისიანი, კეთილი ირონია. დეა კი ჩუმად იჯდა, თითქოს ცოტათი მოიწყინა. სანდრო უარესად გააღიზიანა საყვარელი არსების მოღუშულმა იერმა, ბუნებრივია, ამაში კოტე დაადანაშაულა და დაიბოღმა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში