შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: დავიბადე 1974 წლის 12 სექტემბერს. რა არის ჩემი კარმულ-კოსმიური მისია დედამიწაზე?
პასუხი: თქვენი კარმულ-კოსმიური მისიაა, იყოთ სამშობლოს პატრიოტი, კარგად ერკვეოდეთ ადათ-წესებში, ისტორიაში, ტრადიციებში. უნდა შექმნათ სტაბილური საოჯახო, პარტნიორული ურთიერთობები; უფრო მეტად დაეყრდნოთ ინტუიციას, უნდა იყოთ ფრთხილი და წინდახედული; ისწავლოთ საკუთარი საიდუმლოს დაცვა. ასევე, უნდა იყოთ ორგანიზებული და ერთგული და ირგვლივაც ერთგული ადამიანები უნდა შემოიკრიბოთ; გახდეთ ნებისყოფიანი, მომთმენი, შრომისუნარიანი, ბრძოლისუნარიანი; ასევე, ხარჯოთ ფული ყაირათიანად – ყოველივე ეს თქვენთვის გამარჯვების მომტანი ფაქტორებია.
კითხვა: დავიბადე 1997 წლის 4 იანვარს, დილის 8 საათზე. რომელ სფეროში მელის წარმატება და რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან მელის სასურველი სასიყვარულო-საოჯახო კავშირი?
პასუხი: თქვენთვის მისაღებია სასიყვარულო-საოჯახო ურთიერთობა შემდეგი ზოდიაქოს ნიშნების ქვეშ დაბადებულ ადამიანთან: მორიელთან, თევზებთან, კუროსთან ან ქალწულთან; არ გირჩევთ ურთიერთობას მშვილდოსანთან. პროფესიებიდან კი კარგია და მისაღები: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ოკულტიზმი, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, სამეცნიერო კვლევა, მანქანების ბიზნესი, არქიტექტურა, მანქანათმშენებლობა, საინჟინრო საქმიანობა, ფსიქოთერაპია.
კითხვა: დავიბადე 1963 წლის 25 აპრილს, ღამის საათებში. მინდა უცხოეთში წასვლა. რომელი ქვეყანაა ჩემთვის მისაღები?
პასუხი: თქვენი კოსმიური მისია უკავშირდება სამშობლოსა და მის სამსახურს. თუმცა, უცხოეთში წასვლა დროებით საცხოვრებლად და სამუშაოდ არ არის ურიგო. ქვეყნებიდან კი მეტად მისაღებია: ინგლისი, დანია, ავსტრალია, ყაზახეთი, ვიეტნამი, ლაოსი, სინგაპური, მალაიზია, ჩინეთის აღმოსავლეთი ნაწილი; ამერიკის შეერთებული შტატებიდან – დასავლეთი მხარე; შვედეთი, ჰოლანდია, შოტლანდია, თურქეთი, უზბეკეთი, ინდოეთი; იტალიიდან – ვენეცია.
კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2006 წლის 7 თებერვალს. რა არის მისი კარმული მისია?
პასუხი: თქვენი შვილის კარმული მისიაა, წარმოაჩინოს სულიერი თვისებები, იყოს აქტიური, ინიციატივიანი, პრაქტიკული, ენერგიული; შეძლოს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, ლიდერული თვისებების გამოვლენა; ასევე, სადაც საჭიროა, უნდა იყოს უშიშარი და მებრძოლი. სადაც შევა, უნდა შეიტანოს სიმშვიდე, ჰარმონია და არა დეპრესია და აგრესია; მეტად დაეყრდნოს ოპტიმიზმსა და კეთილშობილებას; იყოს კანონმორჩილი, სამართლიანი, დიპლომატი.