ეძიე კაცი
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ N31-43(722)
გოგოები გაფართოებული თვალებით უსმენდნენ მირანდას, რომელიც, პრაქტიკულად, პირველად ყვებოდა ხმამაღლა თავისი, ალბათ, ყველაზე დიდი ტკივილის შესახებ.
– ჰოდა, რა არის ეს, ირონია? თუ ეს ასეა, რის მიმართ? რა სამყაროს უსასრულობასა და პლანეტების ათი მილიონი წლის შემდეგ მოსალოდნელი განადგურებით გამოწვეულ შიშსა და გლოვაზეა ლაპარაკი, როცა შვიდი ლარი არ იცი, სად იშოვო, დილისთვის კი პურიც არ გაქვს სახლში, რომ ბავშვები ასაუზმო?!
– ივიკოსაც არ ჰქონდა? – ფრთხილად ჰკითხა ლიკამ.
მირანდამ თავი გააქნია.
– მაშინ, გეთქვა და თვითონ გამოერთმია ვინმესთვის.
– ივიკო ძალიან თავმოყვარეა, არავისთან არ მივა ფულის სასესხებლად.
– შენ უთავმოყვარეო ხარ, ხომ? – ახლა სალომე გაბრაზდა, – შენს მიტანილს ხომ გემრიელად მიირთმევს და კარგად ირგებს?
– სულ გაგიჟდით, ხალხო? – აღშფოთდა ქეთა, – რატომ აღიზიანებთ ქმრის წინააღმდეგ? ოჯახში ხან ასე იქნება და ხან – ისე; ვის გაუგია ცოლ-ქმარს შორის ერთმანეთისთვის ლუკმის და კაპიკების დათვლა?! – მერე კი მირანდას მიუბრუნდა: – ჩემთან რატომ არ ჩამოხვედი?
– შენ მართალი ხარ, ქეთა, მაგრამ, აქ მთლად ასე არ იქნება საქმე; ვხედავ და ვგრძნობ, რომ რაღაც კიდევ მოხდა, – გაგულისებით თქვა ნათიამ.
– შენ რა, ფატა-მორგანა დაგემართა? რას ხედავ და გრძნობ? – გამოაჯავრა სოფომ.
– ფატა-მორგანა რა არის, თუ ქალი ხარ, გამაგებინე, – სთხოვა სოფოს ელისომ.
– ფატა-მორგანა არის მოვლენა, როცა ატმოსფერული წნევა ისე იცვლება, რომ ჰორიზონტს მიღმა არსებული მოვლენების დანახვა ხდება შესაძლებელი, ჰოდა, მეც, გადატანითი მნიშვნელობით ვუთხარი ნათიას, – მასწავლებელივით აუხსნა სოფომ.
– აბა, ბოლომდე გამოტყდი, – არ მოეშვა ნათია მირანდას, – მერე რა მოხდა, სახლში რომ მოხვედი, ანუ, რა დაინახა ჩვენმა „ფატა-მორგანამ“ შენი ოჯახის ჰორიზონტს მიღმა?
– არაფერი.
– ივიკო სად იყო?
– სახლში. ბავშვებიც სახლში იყვნენ.
– რას აკეთებდა შენი ქმარი, რამე ხომ არ გითხრა უხეშად?
– არა, უხეშად არასოდეს არ მელაპარაკება, უბრალოდ, ორი უსაქმური მეზობელი ჰყავდა მოყვანილი და ჩემი მოტანილი პროდუქტი მთლიანად ათვისებული ჰქონდათ... – მირანდა გაწითლდა, ასეთ თემაზე ხმამაღლა რომ დაიწყო ლაპარაკი და შეეცადა, გამოესწორებინა: – რა სისულელეა, კი არ დამენანა, მაგრამ, რაღაცნაირად, ნერვები მაინც ამეშალა, ის უსაქმური ლოთები სახლში რომ მიიყვანა და ბავშვებს აყურებინა, როგორ სვამდნენ.
– ივიკო ხომ მუშაობს? – ჩაეკითხა სალომე.
– კი, მაგრამ, ძალიან იღლება, თან, ცოტას უხდიან და ახალ სამსახურს ეძებს. პრინციპში, პრეტენზია და ამბიციაც კი აღარ აქვს, ოღონდ კი ისეთი სამსახური იშოვოს, რომ წელი აღარ მოსწყდეს მუშაობით. რა ქნას, ეგეც მეცოდება – ძალიან იღლება, – ისევ სცადა ქმრის გამართლება მირანდამ.
– ჰო, ეს უკვე ნამდვილად ქართველი კაცების სენი გახდა – თანახმა არიან, იმუშაონ ყველგან, ოღონდ კი არ იმუშაონ! – აღშფოთდა მია.
ქეთა მიხვდა, რომ საუბარი არასასურველ ელფერს იძენდა და ახლა მან სცადა სხვა თემაზე გადასვლა:
– გაიგეთ, რა ეწერა ინგლისურ პრესაში?
– ბოლო ორი დღის ჟურნალ-გაზეთების წაკითხვა ვეღარ მოვასწარი და, თუ ქალი ხარ, ნუ დამტოვებ გაუნათლებელს, მითხარი, რა ხდება ალბიონის დედაქალაქში, – გაიხუმრა ლიკამ.
– რა ხდება და, თურმე, ქეით მიდლტონს უფლება აღარ აქვს, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში; იმუშაოს; ითამაშოს „მონოპოლია“ და ჭამოს მოლუსკები. წარმოგიდგენიათ? ეს არის ევროპული დემოკრატია?! ქალი სადედოფლოდ ემზადება, ეს ინგლისელები კი ყველაფრის უფლებას ართმევენ. აბა, რაღა უნდა გააკეთოს საწყალმა გოგომ?
ყველას სიცილი აუტყდა და ნაღვლიანი განწყობა უცბად გაიფანტა.
– აფსუს, ქეითი კი არა, მე უნდა ვყოფილიყავი პრინცესა, – თვალების ნაბვით თქვა ნათიამ.
– ვითომ რატომ შენ და, ვთქვათ, არა მე ან რომელიმე ჩვენგანი? – დაინტერესდა სალომე.
– იმიტომ, რომ მე ყველაზე უკეთ მოვერგები იმ პირობებს, საწყალ ქეითს კი ნამდვილად გაუჭირდება – კარგ ცხოვრებას არის მიჩვეული და, არც თქვენთვის იქნებოდა ძალიან ადვილი, რადგან, ზოგი მოლუსკებზე გიჟდებით, ზოგს, შეგიძლიათ, „მონოპოლიის“ თამაშში ღამე გაათენოთ, ზოგი კი ლამის სხვის მაგივრად გაიქცეთ არჩევნებზე ხმის მისაცემად – მე შენ გეტყვი და, რამდენიმე წელიწადში ერთხელ გვაქვს... მე კი, არჩევნებზე წასვლაზე მეტად, მგონი, არაფერი მეჯავრება ამქვეყნად, ისე ამომივიდა ყელში; მოლუსკების დანახვაზეც კი ზიდება მეწყება, „მონოპოლია“ კი ცხოვრებაში არ მითამაშია და, რაღა დაგიმალოთ, სურვილიც არასდროს გამჩენია, მესწავლა; აი, რაც შეეხება მუშაობას, 17 წლის ასაკიდან ვმუშაობ და ნამდვილად არ მაწყენდა დასვენება, ანუ, უპრობლემოდ ვიტყოდი ამ ყველაფერზე უარს; წამოვწვებოდი, წავიკითხავდი საინტერესო წიგნებს, მოვუსმენდი კლასიკურ მუსიკას, ვიძინებდი ბევრს და ძალიან ბედნიერადაც ვიგრძნობდი თავს. თუ მარტო ეს არის პრინცესობა, მე ბუნებრივად მაქვს ამის მონაცემები, პატრონი არ მყავდა და პრინცი არავინ გამაცნო, თორემ...
გოგოები ჩაბჟირდნენ. სული რომ მოითქვეს, სალომემ ფრთხილად შეიმშრალა ცრემლები, მაკიაჟი რომ არ წაშლოდა და ძალით დასერიოზულებული სახით თქვა:
– მუშაობა ახსენე და მაგაზე გამახსენდა: თურმე, იაპონელ ბიზნესმენებს ძალიან ჰყვარებიათ პიტნა...
– ისედაც ეტყობოდათ, რომ ვირები არ იყვნენ, – გაეცინა ლიკას.
– ვირისა და პიტნის ამბავი ქართული ვარიანტია, მე სხვა რამეს ვამბობ და, მაცადე, ბოლომდე ვთქვა.
– ბოდიშს გიხდი ლირიკული გადახვევისთვის, – ღიმილით მოუბოდიშა ლიკამ.
– ვირის თემაც თუ ლირიკული გადახვევაა... – ისევ სიცილი აუტყდათ გოგოებს.
– აღარ მაცდით? საინტერესო რაღაცას ვამბობ და, შესაძლოა, ამ იდეის განხორციელებამ პირვანდელი ფუნქცია დაუბრუნოს საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც მამაკაცებს ეძახიან, თუმცა, ცხადია, ყველას არ ეხება.
– მამაკაცების პირვანდელი ფუნქცია შთამომავლობის შექმნაა, – ჩაურთო სალომემ.
– ღმერთო ჩემო, რა გვეშველება ამდენი განათლებული დაქალის ხელში! – თეატრალურად გაშალა ხელები რუსამ, – ერთი ინგლისურ პრესას არ ტოვებს წაუკითხავს; მეორე – იაპონურს... პირდაპირ, ბოჟე მოი, რა!
რუსას კომენტარზე სალომესაც გაეცინა.
– ჰო, მერე, რას შვრებიან იაპონელები, პიტნის პლანტაციებს აშენებენ? – შეახსენა დაწყებული თემა სოფომ.
– ეგ არ ვიცი, მაგრამ, ირწმუნებიან, რომ მისი სურნელი, თურმე, მუშაობის სურვილს აღძრავს.
– მერე, რა შუაში არიან ქართველი კაცები?
– დავაზუსტებ: ქართველი მამაკაცების სოლიდური ნაწილი კი იმ შუაშია, რომ, თუ მათ ყოველდღე ძალით შევაჭმევთ პიტნას და, თან, საწოლს, ოთახსა და ჯიბეებს პიტნის ფოთლებით ავუვსებთ, ეგებ, ისე იმოქმედოს მისმა სურნელმა, რომ მათაც აღეძრათ მუშაობის სურვილი?!
– მაინც, რას ნიშნავს, რომ გამოუსწორებელი ოპტიმისტი ხარ, – სიცილით აღნიშნა მიამ, – შენ გგონია, პიტნა უშველის საქართველოს?
– ოპტიმისტი კი არა, იდეების გენერატორი ვარ, – თავი შეიქო სალომემ, – თანაც, დარწმუნებული ვარ, რომ ცოტათი მაინც უშველის.
– ჯერ ერთი, ეგ საქციელი, ანუ, პიტნის ჭამისა და ყნოსვის დაძალება, მამაკაცთა უფლებების დარღვევად ჩაგვეთვლებოდა, – ვითომ სერიოზულად თქვა ქეთამ, – თანაც, სწორედ ამ შემთხვევაზე იქნებოდა ზედგამოჭრილი ის ქართული ანდაზა ვირსა და პიტნაზე, წეღან რომ ვახსენეთ.
– მაინც, რა ბრძენი წინაპრები გვყავდა, არა? – პათეტიკურად თქვა სოფომ და ისეთი სიცილი აუტყდა, წყალი მიაშველეს მოსაბრუნებლად.
– მოკლედ, რა საკითხითაც არ უნდა დაიწყოთ ჩვენი შეხვედრა, აუცილებლად კაცების ლანძღვა-გინებითა და დაცინვით ამთავრებთ, – უკმაყოფილოდ თქვა კატომ, – აღარ მოგბეზრდათ ერთი და იმავე თემის წაღმა-უკუღმა ტრიალი?
გოგოებმა იუხერხულეს, რადგან, იცოდნენ, რომ კატოს არ უყვარდა, როცა ისინი კაცებზე მასხრობდნენ ან მძაფრ საყვედურს ამბობდნენ, მაგრამ, ისიც კარგად იცოდნენ, რომ, პოლიტიკის გარდა, ერთად შეკრებილ ამ ასაკის დაქალებს სულ რამდენიმე თემა ჰქონდათ ენების მოსაქავებლად: ეპიზოდები პირადი ცხოვრებიდან, კაცები, დედამთილები (ზოგჯერ მულები და მაზლისცოლებიც), შვილები და, ამის შემდეგ – თანამშრომლები და მეზობლები; მხოლოდ ამ თემებს შორის თუ მოაქცევდნენ მაღალ მატერიებზე მსჯელობებს. მაგრამ ამ თემებიდან, მათთვის, ისევე, როგორც ყველა ახალგაზრდა ქალისთვის, ყველაზე აქტუალური და მტკივნეული მაინც კაცების თემა იყო, მით უმეტეს, რომ მათ სადაქალოში ყველანაირი სტატუსის მქონე გოგოები იყვნენ: გათხოვილებიც, გასათხოვრებიც, განათხოვრებიც და ქვრივიც; შესაბამისად, მამაკაცების თემა მათთვის ყველაზე უფრო ტკბილ-მწარე ლუკმა იყო და ამიტომაც ვერ ელეოდნენ.
– ჩემო საყვარელო ადამიანო, – მოფერებით უთხრა მიამ კატოს, – ძალიან გთხოვ, ჩვენს ხანდახან სულელურ, ხანდახან კი ტკივილით სავსე დიალოგებს ცოტა უფრო შემწყნარებლურად, ან, სულაც, იუმორით შეხედე, კარგი? შენც უფრო მოგეშვება.
– ზოგჯერ მართლაც ზედმეტი მოგვდის ხოლმე, მაგრამ, ენაც აღარ მოვიქავოთ? თანაც, ჩვენ ხომ ყველა კაცზე არ ვღადაობთ? და, საერთოდაც, კაცები მართლა რომ გვძულდეს, სულაც არ ამოვიღებდით ხმას; რომ გვიყვარს და, გვინდა, რომ მათაც ვუყვარდეთ, იმიტომ გამოგვდის ასე, – მხარი აუბა რუსამ.
... იმ საღამოს კაცები აღარ უხსენებიათ არც ავად და არც კარგად. უბოროტოდ წაიჭორავეს მეზობლებზე; იხუმრეს მშობლებზე და ბოლოს შვილების მასწავლებლებს გადასწვდნენ:
– ამ ერთი კვირის წინ სკოლაში ვაპირებდი მისვლას, მაგრამ, ვიფიქრე, ჯერ დავწყნარდე და მერე მივალ-მეთქი. აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე – ჯერ დირექტორს დაველაპარაკო თუ პირდაპირ მინისტრთან შევიდე, – დაიწყო ელისომ, – როგორ შეიძლება, ასეთი უვიცი ადამიანი სკოლაში მუშაობდეს, თან – ქართულის მასწავლებლად და, თანაც, კერძო სკოლაში, სადაც თვეში 300 ლარს ახდევინებენ მშობლებს?!
– მაინც, რამ გაგაგიჟა, აღარ გვეტყვი? – გაუკვირდა სალომეს.
– გეტყვით, რა თქმა უნდა! – ემოცია მოემატა ელისოს, – მეგონა, შვილი ისეთ სკოლაში მივიყვანე, „გარედან“ დახმარება აღარ დასჭირდება-მეთქი და, თურმე, სადა ხარ!
– ასეთი სკოლა არ არსებობს, – შეაწყვეტინა კატომ, – თვეში სამასი ლარი კი არა, კვირაში სამი ათასი დოლარი რომ იყოს გადასახდელი, კერძო მასწავლებლის წაშველება მაინც დაგჭირდება, თუკი, რა თქმა უნდა, გენდომება, რომ შენს შვილს ცოდნაც ჰქონდეს და წესიერი ნიშნებიც.
– ესე იგი, კარგი სკოლა აღარ არსებობს ქალაქში? ანუ, ისეთი, სადაც მართლა ასწავლიან?
– როგორ არ არსებობს, – სერიოზული სახით თქვა ლიკამ, – ყველაზე კარგი სკოლა ისაა, რომელიც ყველაზე ახლოსაა შენს სახლთან. დანარჩენი თვალსაზრისით, ყველა თითქმის ერთნაირია. ამიტომ, ჩემი აზრით, ნამდვილად არ ღირს ზედმეტად ფულის გადაყრა. თანაც, ვერანაირი სკოლა და მასწავლებელი ვერაფერს იზამს, თუ ბავშვს სწავლა არ უნდა და თუ მშობელი არ ეხმარება შვილს მეცადინეობაში.
– ეგ გასაგებია, მაგრამ, შენ რამ გაგაგიჟა? – ელისოს მიუბრუნდა ქეთა.
– რამ და, ამას წინათ ჩემს შვილს გაკვეთილად ჰქონდა რეზო ინანიშვილის ერთი ძალიან ლამაზი და კეთილი მოთხრობა – „დამრიგებელი“. შინაარსს აღარ მოგიყვებით, მხოლოდ ერთ მომენტს გავუსვამ ხაზს: მოთხრობაში მთავარ პერსონაჟ ბიჭს ბიდონით ნავთი მიაქვს დამრიგებლის სახლში, იქ კი ორი ცალი ვაშლით უმასპინძლდებიან...
– მერე, ქართულის მასწავლებელი რა შუაშია? – გაეცინა რუსას.
– შუაში კი არა, თავშია, – გაცხარებით თქვა ელისომ, – ეტყობა, უნდოდა, მშობლებისთვის დაენახვებინა, რომ თვეში სამასლარიან სკოლაში განსხვავებული სიღრმით ასწავლიან ქართულს, ანუ, მშობლები ამხელა ფულს ტყუილად არ იხდიან და, ბავშვებისთვის უთქვამს, ამ მოთხრობაში სიმბოლოებია მთავარიო.
– რა უნდა იქ სიმბოლოებს? – გაუკვირდა ქეთას, რომელსაც კარგად ახსოვდა ინანიშვილის ეს პატარა მოთხრობა.
– შენ წარმოიდგინე, თურმე, ნანდომა, – გაიხუმრა მიამ და თვითონაც დაინტერესდა: – აბა სიმბოლოები?
– ვაშლი, თურმე, ადამიანური შემეცნების სიმბოლო ყოფილა, ნავთი კი – შიგაწვის ენერგიის! – გამოაცხადა ელისომ.
– შენ რა, ღადაობ? – თვალები შუბლზე აუვიდა მიას.
– რა მეღადავება, გოგო, ხომ გითხარი, იმ დღის მერე გონზე ვერ მოვსულვარ-მეთქი!
– მერე, ბავშვი ისევ იმ სკოლაში დატოვე და, თანაც, იმავე მასწავლებელთან? – აღშფოთდა მია, – თვეში სამას ლარს იმიტომ უხდი, რომ შვილი დაგიჩლუნგონ და გამოგიდებილონ? შენ ნორმალური ხარ? ხვალვე გადაიყვანე იქიდან, თორემ, იცოდე, ჩემი ოპერატორით დავადგები თავზე და ისეთ სიუჟეტს გავაკეთებ, იქნებ, სულაც დახურონ ის სკოლა.
– კარგი ახლა, ნუ აუშვი შენი ჟურნალისტური აფრები, – უსაყვედურა ლიკამ, – გადაიყვანს, აბა, რა იქნება!
გოგოები აღშფოთდნენ და ერთმანეთს ლაპარაკს აღარ აცდიდნენ, რომ უცებ სოფოს მობილურზე ესემეს-შეტყობინების სიგნალი გაწკაპუნდა. სოფომ ტელეფონის ეკრანს დახედა და ჭარხალივით გაწითლდა. მერე სასწრაფოდ ადგა, აივანზე გავიდა და გოგოებმა დაინახეს, როგორ აკრიფა საპასუხო ტექსტი, თან ცალი თვალით მათკენ გაიხედა და, დაძაბულობა რომ დაეფარა, უნიათოდ გაუღიმა.
– რა სჭირს დღეს ამ გოგოს? – ჩუმად იკითხა ქეთამ.
– დღეს კი არა, ამ ბოლო ხანებში სულ ასეა, ვეღარ ვცნობ, – გადაუჩურჩულა რუსამ და სოფოს დააკვირდა, – ისეთი გათიშული ზის ხოლმე და ისე ნაბავს თვალებს, მგონი, რაღაც ახალი ხდება მის ცხოვრებაში, მაგრამ, გვიმალავს.
ხუთიოდე წუთის შემდეგ სოფო ოთახში დაბრუნდა, თავისი ადგილი დაიკავა და, ისე, რომ ხმა არ ამოუღია, სიგარეტს მოუკიდა.
– რას გვიმალავ, სოფო? – უცებ ხმამაღლა ჰკითხა მიამ.
– ჰა? – შეკრთა სოფო, – რა მითხარი?
– რას გვიმალავ-მეთქი?
– არაფერს, რა უნდა დაგიმალოთ... – თქვა სოფომ და გაწითლდა.
– ტყუილი რომ არ გამოგდის, თუ ხვდები?
– არ გატყუებთ, მართლა არაფერი არ ხდება.
– იცი, რას გეტყვი, ჩემო კარგო? – შეუტია მიამ, – ჩვენ აქ ერთმანეთს არაფერს ვუმალავთ, საკუთარს ყველაფერს ვყვებით, ერთმანეთის აზრებს ვისმენთ და რჩევებს ვითვალისწინებთ, შენ კი მხოლოდ ჩვენს ისტორიებს ისმენ, შენსას კი არ ამხელ, ანუ, შეიძლება ითქვას, ჩვენ აბსოლუტურად არაფერი ვიცით შენ შესახებ. ამას ცნობისმოყვარეობის გამო კი არ ვამბობ, უბრალოდ, გამოდის, რომ თამაშის წესებს არღვევ, რაც, მინდა გითხრა, არ არის სწორი საქციელი შენი მხრიდან...
– რა გინდა, მია? – უცებ იკითხა სოფომ და თვალები ცრემლით აევსო, – რა მოგიყვეთ, როცა ჯერ თვითონაც ვერაფერში გავრკვეულვარ?
– ვინ არის? – პირდაპირ დაუსვა კითხვა ნათიამ.
– ჯერ მეც არ ვიცნობ წესიერად, – სოფო ისევ გაწითლდა, მაგრამ, თვალებში ახლა ბედნიერი ნაპერწკალი აუციმციმდა, – ინტერნეტით გავიცანი, უფრო სწორად, თვითონ გამიცნო და ჯერჯერობით მხოლოდ სკაიპით ველაპარაკებით ერთმანეთს. ახლაც ინტერნეტით დამიკავშირდა:
– რა მინდაო? – მკაცრი დედასავით ჰკითხა მიამ.
– არაფერი. მომენატრეო, – ისევ გაწითლდა სოფო.
– კამერა ჩართული გაქვთ ხოლმე რომელიმეს?
– არა, არცერთს.
– არც სურათები გაქვთ დადებული?
– მე არა, იმან დადო ერთი სურათი – ათი ახალგაზრდა კაცი უზის სუფრას, სადღაც, ბუნების წიაღში და, მომწერა, აბა, თუ გამოიცნობ, მე რომელი ვარო.
– მერე, გამოიცანი?
– პრინციპში, არც მიცდია, – არცერთის სახე არ ჩანდა წესიერად, შორიდან იყო გადაღებული.
– ვინ არის, რას წარმოადგენს? – ახლა ნათიამ განაგრძო „დაკითხვა“.
– ალე ჰქვია, ჩემზე ხუთი თუ ექვსი წლით არის უფროსი და რაღაც პატარა ბიზნესი აქვს. მეტი არაფერი ვიცი, მაგრამ, ვიცი ის, რომ არის ძალიან კომუნიკაბელური, თბილი და რომანტიკული კაცი, რაც ასე იშვიათია ჩვენს სინამდვილეში. ყველაფერში ეტყობა, რომ წესიერი ადამიანია და ჩემთვის ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი. მთელი ცხოვრება ისეთ კაცზე ვოცნებობდი, რომელსაც ეცოდინებოდა, როგორ ასიამოვნოს ქალს, რით გაახაროს და აგრძნობინოს ქალობა.
– ქალს რომ ასიამოვნო, სხვა რაღაცეებთან ერთად, ფულიც საჭიროა, სხვათა შორის, – ჩაურთო ლიკამ.
– ჩემთვის ეგ მეასეხარისხოვანია. იმას, რასაც ალე აკეთებს, ფული არ სჭირდება, იმიტომ, რომ იცის, როგორ უნდა გააკეთოს.
– მაინც, რას აკეთებს ასეთ განსაკუთრებულს, უნახავად რომ შეგაყვარა თავი? – დაინტერესდა სალომე.
– რას და, ულამაზესი სიტყვებით მიხსნის სიყვარულს, ოღონდ, ყოველი სიტყვა დახვეწილი და ისეთი გულწრფელია, ეჭვი არ გაგიჩნდება, რომ მხოლოდ „გაბამს“ და მეტი არაფერი; ოცნებობს იმ დღეზე, როდის შედგება ჩვენი პირველი პაემანი და როდის წავალთ საქორწინო მოგზაურობაში მალიბუში...
– სად?! – ლამის იყვირა მიამ
– მალიბუში, – გაიმეორა სოფომ, – ალემ მითხრა, რომ ყოველთვის ოცნებობდა, იქ შეყვარებულთან ან ახალშერთულ ცოლთან ერთად წასულიყო.
– კიდევ რას აკეთებს განსაკუთრებულსა და ორიგინალურს? – ჰკითხა მიამ დადარაჯებით და შეეცადა, ნაკლებად შემჩნეოდა აღელვება, – ყვავილებს არ გიგზავნის ყოველდღე?
– შენ საიდან იცი? – გაუკვირდა სოფოს, – მე ეს არავისთვის არ მითქვამს.
– კი მაგრამ, სად გიგზავნის? შენი სურათიც კი არ აქვს ნანახი, გვარი არ იცის შენი და მისამართი.
– სხვათა შორის, არც სახელი, – მორცხვად გაეღიმა სოფოს, – გამიცნო, როგორც სესილი. მაგრამ, ყვავილების ამბავი საიდან გაიგე, მია?
– სკაიპით გიგზავნის ულამაზესი ვარდების ფოტოებს, დღეში თითო ცალს, ყოველდღე სხვადასხვა ფერს, ოღონდ, მხოლოდ ერთს. ასეა? – ჰკითხა მიამ და, როდესაც გაოცებულმა სოფომ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად, უთხრა: – ახლა ერთ მთავარ კითხვას დაგისვამ: რა ინფორმაცია დადე „ფეისბუქში“ საკუთარი თავის შესახებ? ოღონდ, მართალი მითხარი.
– რა არის დასამალი. დავწერე, რომ ვხდები 31 წლის, ვარ გაუთხოვარი და ნორმალური გარეგნობის; რომ მაქვს სტაბილური სამსახური და ბებიას დანატოვარი ოთხოთახიანი ბინა საბურთალოზე, სადაც ვცხოვრობ მარტო; რომ ჯერ არავინ მყვარებია და ვოცნებობ, მყავდეს მოსიყვარულე ქმარი და ბევრი შვილი. ბევრმა მომწერა, მაგრამ ალე განსაკუთრებული იყო და მხოლოდ მას ვუპასუხე. თან, რაც მთავარია, აშკარად ვგრძნობ, რომ მართლა შევუყვარდი.
– თუ, შენ შეგიყვარდა? – გამომცდელად ჰკითხა მიამ.
– რა გინდა, მია, რას ჩამაცივდი? თუნდაც ასე იყოს, რა, არ მაქვს სიყვარულის უფლება? რითი ვარ სხვებზე ნაკლები? – გაღიზიანდა სოფო.
– სხვებზე, ანუ – ჩვენზე? – დააზუსტა მიამ ნაწყენი კილოთი.
– თუნდაც. თითოეულ თქვენგანს რამდენჯერმე გყვარებიათ და თქვენთვისაც არაერთხელ აუხსნიათ სიყვარული, მე კი მალე ოცდათერთმეტის ისე გავხდები, პაემანზე არ ვყოფილვარ ბიჭთან, იმიტომ რომ, ხან მშობლების მეშინოდა, ხან იმის მრცხვენოდა, ვინმე ნაცნობმა არ დამინახოს-მეთქი და სათოფეზე არ ვიკარებდი ბიჭებს, მერე კი ეს ნელ-ნელა ჩვევაში თუ ხასიათში გადამივიდა – ერთი მზერით ისე ვაფრთხობდი მამრობითი სქესის წარმომადგენლებს, რომ ჩემკენ აღარც კი იხედებოდნენ და ასე მოვედი 31 წლამდე – მარტო, უკავალროდ, უსიყვარულოდ... არადა, ყოველთვის მზად ვიყავი, თავდავიწყებით შემეყვარებინა ვინმე, გამეთბო ჩემი სიყვარულით და მეც გავმთბარიყავი მისი ზრუნვითა და ალერსით. ახლა, როგორც იქნა, გამოჩნდა ასეთი კაცი და, რატომღაც, ვალდებული ვარ, თავი ვიმართლო თქვენ წინაშე, ბოდიშები ვიხადო და ახსნა-განმარტება გაძლიოთ...
– არა ხარ მართალი, სოფო, – ფრთხილად შენიშნა მიამ.
– მართალი ვარ. შენ ორ ქმარს გაეყარე, ახლა ვიღაც ამერიკელს ხვდები და საერთოდ არ დამდგარა დღის წესრიგში, რომ ჩვენთვის ან გეკითხა, ან ნებართვა გეთხოვა... ყველანი ისე გაგულიანებენ და გიკრავენ ტაშს, თითქოს შენს შემთხვევაში ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ, აი, მე თუ გამომიჩნდა ვინმე, მაშინვე იცვლება სიტუაცია, ანუ, ისე გამოდის, რომ მე არაფრის უფლება არ მაქვს, შენ კი – ყველაფრის!.. – სოფო ისე გაცხარებით ლაპარაკობდა, სულს ვეღარ ითქვამდა და აღელვებისგან ხელები აუკანკალდა.
– გაგიჟდი, გოგო, რაებს ლაპარაკობ? – გადაირია ქეთა, – ამდენი ბოღმა და აგრესია თუ გქონდა გულში, ჩვენთან როგორ მეგობრობდი?
– არა, ქეთა, ეს ბოღმა არ არის, ეს არის იმ კაცში დაურწმუნებლობა და აქედან გამომდინარე დაბნეულობა; აგრესია კი ამ დაურწმუნებლობის დაფარვის ერთ-ერთი საშუალებაა, თუმცა, მე თუ მკითხავ, საკმაოდ უმწეო, – მშვიდად თქვა მიამ და სოფოს მიუბრუნდა: – ახლა კი, ძალიან გთხოვ, გულწრფელად მიპასუხე რამდენიმე კითხვაზე და შენ თვითონვე გაერკვევი საკუთარ თავში. თანახმა ხარ?
– თანახმა ვარ. თუ ასე ძალიან გინდათ, განაგრძეთ ჩემი დაკითხვა, მაგრამ, ვერ ვხვდები, პირადად შენ რატომ დადექი ჩემი პატიოსნების სადარაჯოზე, – „წაუიაზვა“ სოფომ მიას.
გაგრძელება შემდეგ ნომერში