რა ეროვნების იყო ქართლის პირველი ქრისტიანი მეფე მირიან მესამე
საზოგადოებაში გაბატონებულია აზრი, თითქოს ქართლის პირველი ქრისტიანი მეფე, მირიან მესამე, იყო ირანის სასანიდი (სასანიანი) შაჰის შვილი.
„ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, ქართლის მეფე ასფაგური სომხებთან ერთად წარმატებით ებრძოდა სპარსებს და დაამარცხა კიდეც.
სპარსეთის მეფემ ხერხი იხმარა, მოღალატე ნათესავები მიუგზავნა სომეხთა ირანული წარმოშობის მეფეს, ხოსროს, რომელსაც „ქართლის ცხოვრება“ კოსაროსს უწოდებს და მისი მოკვლა დაავალა. 252 წელს შეთქმულმა ნათესავებმა ნადირობის დროს მოკლეს არმენთა მეფე. სპარსული ჯარი თავს დაესხა სომხეთს, დაამარცხა მეფისა და მოკავშირეების გარეშე დარჩენილი არმენია და თითქმის მთლიანად ამოწყვიტა სომხეთის სამეფო ოჯახი, მხოლოდ მცირეწლოვანი თრდატ უფლისწული გააპარეს რომის იმპერიაში. შემდეგ სპარსული არმია ქართლისკენ დაიძრა. ქართლის მეფე ასფაგური ჩრდილოეთ კავკასიაში გადავიდა ოსების ჯარის გადმოსაყვანად, ალბათ დასაქირავებლად, რადგან მარტო ქართული სამხედრო რესურსით გაუძნელდებოდა მრავალრიცხოვანი მტრის დამარცხება. მაგრამ, ქართველი მეფე მოულოდნელად გარდაიცვალა ოსეთში.
„ქართლის ცხოვრების“ მიხედვით ასფაგურს მემკვიდრე არ დარჩენია, მხოლოდ ასული ჰყავდა, სახელად აბუშერა. უდიდესი იმპერიის წინაშე მარტო, მოკავშირეებისა და თან, მეთაურის გარეშე დარჩენილი ქართლი დიდი საშიშროების წინაშე დადგა.
ამიტომ, ირანის შაჰს, – „ქართლის ცხოვრების“ პირველი წიგნის, „მეფეთა ცხოვრების“ მიხედვით – ქასრეს, ქართველმა ერისთავებმა, მაეჟან ქართლის სპასპეტის თაოსნობით, მორჩილება გამოუცხადეს და სთხოვეს თავისი უფროსი ვაჟი მირიანი (სპარსულად მიჰრანი) მოეცა ქართლის მეფედ.
მაეჟან სპასპეტისა და ერისთავების წინადადებით, სპარსეთის მეფის ვაჟს დააქორწინებდნენ ქართლის გარდაცვლილი მეფის, ასფაგურის ასულზე, აბეშურაზე. ქართველი პოლიტიკოსები ითხოვდნენ, რომ ირანის შაჰს არ დაეკავებინა ქართლი, არ შემოეყვანა აქ ჯარი. ხოლო მისი ძე, მირიანი, რომელიც იმ დროს 7 წლის იყო, გაზრდილიყო ქართულად და ქართული სარწმუნოების მიმდევარი გამხდარიყო.
ქასრე შაჰს აწყობდა ამგვარი ვითარება, განსაკუთრებით, თუ კავკასიონის მხრიდან დაცული იქნებოდა მისი სამეფო.
შაჰი თვითონ შემოვიდა ქართლში, თან ახლდა მცირეწლოვანი მირიანი და მისი დედა, მხევალი ქალი. და მისცა მეფედ ქართველებს თავისი ძე, თუმცა 7 000 ჯარისკაცი მაინც დაუტოვა მცველად, მცხეთაში, მისი გამზრდელის, მამამძუძეს, მირვანოზის ხელმძღვანელობით. 40 000 მხედარი კი განალაგა ქართლის საზღვრების გარშემო. ქართლში ციხეებში სპარსული გარნიზონები ჩააყენა. ქვეყანაში სხვა ჯარი არ შემოუყვანია, მოლაპარაკების თანახმად. არც სპარსელები ჩამოუსახლებია, რათა დემოგრაფიული მდგომარეობა არ შეეცვალა. ახალ მეფეს უნდა ეღიარებინა ქართული სარწმუნოებაც, კერპთა თაყვანისმცემლობა და სპარსულიც, მაზდეანიზმი და მისი გამეფება არ უნდა ყოფილიყო საფუძველი სპარსთა მიერ ქართლის დაკავებისა და ანექსიისა.
ქასრე შაჰმა ქართლში არ დატოვა მირიანის დედა, თავისი მხევალი, რადგან სიგიჟემდე უყვარდა და ვერ შეძლო მასთან განშორება. მირიანი აღიზარდა ქართული სარწმუნოებითა და ცეცხლთაყვანისმცემლობით. შეიყვარა ქართველნი, დაივიწყა სპარსული ენა და ისწავლა ქართული. ძველ ქართველ მეფეებზე მეტად ამკობდა ქართველთა კერპებს, პატივს სცემდა ქართველ ქურუმებს, შეიტკბო ქართული ენა. შეამკო ფარნავაზის საფლავი. ეს ყველაფერი ქართველთა სათნოებისთვის გააკეთა. მოკლედ, ახალგაზრდა მეფე ზრუნავდა ქართველებზე და ქართველებმაც შეიყვარეს მირიანი სხვა მეფეებზე მეტად. მეფობდა მირიანი როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში.
„მეფეთა ცხოვრების“ მიხედვით, როცა მირიანი თხუთმეტი წლის გახდა, მოუკვდა ცოლი, ასული ქართველი მეფისა, აბეშურა და ასე დამთავრდა ქართლში ფარნავაზიანთა მეფობა და დედოფლობა. შეწუხდნენ ქართველები დედოფლის სიკვდილის გამო, მაგრამ მირიანისადმი მიცემულ ფიცს არ უღალატეს და დარჩნენ მისი ერთგულნი, რადგან არავინ იყო დარჩენილი ფარნავაზიანთა ნათესავი, ქართველთა მეფობის ღირსი.
ამის მერე მირიანმა მოიყვანა მეორე ცოლი, საბერძნეთიდან, პონტოდან, ასული ოლიღოტოსისი, სახელად ნანა - ჩვენი პირველი ქრისტიანი დედოფალი. „მოქცევაè ქართლისაèს” თანახმად, ნანა დედოფალს დედა სპარსი ჰყოლია. ამ თხზულებაში ნახსენებია ნანას დედის ძმა, მთავარი სპარსი ხუარა“, რომელიც წმინდა ნინომ განკურნა მცხეთაში.
მირიანის მეორედ დაქორწინებასთან დაკავშირებით, „ქართლის ცხოვრების“ ავტორს უწერია ძალიან საინტერესო ფრაზა: „ხოლო მირიან ჰმატა კეთილსა ქართველთასა, და მოიყვანა ცოლი საბერძნეთით, პონტოით, ასული ოლიღოტოსისი, სახელით ნანა“. ანუ ნანას ცოლად მოყვანა ქართველებისადმი გამოხატული სიკეთეა. რატომ? შესაძლოა, ნანა დედოფალი პონტოელი ქართველი ყოფილიყო, ქართული წარმოშობის. პონტო ქართველი ტომებით დასახლებული ტერიტორია გახლდათ, აღმოსავლეთ რომის გავლენის ქვეშ.
მეფე მირიან მესამე ებრძოდა ლეკებს, დიდოელებს, დურძუკებს და იცავდა ქართლის სამეფოს საზღვრებს.
„მეფეთა ცხოვრების“ მიხედვით, როცა მირიანი 40 წლის გახდა, გარდაიცვალა მისი მამა, სპარსეთის მეფე ქასრე და ტახტზე ავიდა მირიანის უმცროსი ძმა ბარტამი. ვინაიდან მირიანი უფროსი იყო, მან მოინდომა დაუფლებოდა სრულიად სპარსეთის ტახტს. თავისი პრეტენზიები გამოაცხადა და ჯარით გაემგზავრა ბაღდადისაკენ, სადაც ერთ-ერთი დედაქალაქი იყო, რათა დამჯდარიყო მამის ტახტზე. მისმა ძმამ, ბარტამმა შეკრიბა ურიცხვი ჯარი და შეეგება მას ნასიბის ხეობაში.
მირიანსა და ბარტამს შორის კამათში ჩაერივნენ უხუცესები და მარზპანები (ოლქების მმართველები).
მირიანი აცხადებდა, უფროსი ძე ვარ და მე მეკუთვნის ტახტი, ქართლი კი მხოლოდ საუფლისწულოდ მქონდა. მუდამ ვებრძოდი ხაზარებს და ვიცავდი სპარსეთსო.
ბარტამის თქმით, მირიანი კი არის პირმშო, მაგრამ შობილია მხევლისგან და საკმარისია მისთვის ის, რაც მისცეს. მე კი მშობა ინდოეთის მეფის ასულმა, სპარსთა დედოფალმა. ანდერძით მამამ მე დამიტოვა სამეფო და თვითონ დამადგა გვირგვინიო.
ბარტამის არგუმენებმა გაჭრა, სპარსეთის მეფობა მას დაუტოვეს უხუცესებმა. ხოლო მირიანს თავისი სამეფოს გარდა დაუმატეს არდაბადაგანი (დღევანდელი აზერბაიჯანის სამხრეთი და ირანის აზერბაიჯანი, ჯაზირეთი, (რომლის ლოკალიზაციას მეცნიერები ვერ ახერხებენ) და შამის ნახევარი (სირიის ტერიტორიის ნაწილი).
დაბრუნდა მირიანი თავის სამეფოში, იბერიაში.
ამ ხანებში, „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, სპარსეთში გამეფდა მირიანისა და ბარტამის მესამე ძმა, რომელმაც ქართლის მეფეს შესთავაზა, დაეკავებინათ სომხეთი და შეეტიათ რომისთვის. მირიანმა არ გაუშვა ხელიდან არმენიის მეფის წინააღმდეგ მოკავშირის გაჩენა. ასეც მოიქცნენ – შეესივნენ არმენიას. გოლიათი თრდატ მესამე ვერ აღუდგა მათ წინ და სომხეთის მორბევის შემდგომ, სპარსეთისა და ქართლის მეფეები რომის სხვა სამფლობელოებში შეიჭრნენ. რომში შიდაბრძოლებიც მიმდინარეობდა.
305 წლის მერე, რომის იმპერატორი იყო კონსტანტინე პირველი დიდი. შეწუხებულ იმპერატორს მრჩევლებმა უთხრეს: ვიხილეთ ჩვენება, რომ ქრისტეს ვინც ირწმუნებს ჯვრის შემწეობით გაიმარჯვებს მტერზეო. ეს სიუჟეტი აღებული უნდა იყოს კონსტანტინე იმპერატორის ცხოვრებიდან. საეკლესიო ისტორიის მამის, ევსევი კესარიელის გადმოცემით, თავად იმპერატორს უთქვამს, რომ 312 წლის ოქტომბერში თავის ჯართან ერთად ცაზე უზარმაზარი ჯვარი იხილა, რომელსაც ჰქონდა წარწერა: „ამით სძლევ“. კონსტანტინეს და მის მეომრებს თავზარი დაეცათ, თურმე. იმ ღამით იმპერატორს თავად უფალი იესო ქრისტე გამოეცხადა. უბრძანა ჯვრის დამზადება და ამ ჯვრით გალაშქრება მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ. დილით კონსტანტინემ თავის სარდლებსა და დიდებულებს უამბო ამ გამოცხადების შესახებ. ხელოსნებს უბრძანეს მის მიერ ნანახი ჯვრის დამზადება. ეს იყო ქრისტეს მონოგრამა, რომელსაც ლაბარუმი უწოდეს. კონსტანტინე მეფემ გასცა ბრძანება და მეომრებმა ლაბარუმი გამოსახეს თავის ფარებზე, დროშებზე, შტანდარტებზე, რომლებზეც ადრე იუპიტერის გამოსახულება ჰქონდათ. მართლაც, მეორე დღეს, 312 წლის 27 ოქტომბერს, მდინარე ტიბრთან მდებარე მილვიანის ხიდთან კონსტანტინეს ჯარმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა მაქსტენციუსის არმიაზე. ამან გადაწყვიტა რომის იმპერიის მფლობელის ბედი და ასევე ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადების საკითხიც. მანამდე ქრისტიანებს რომში დევნიდნენ.
„ქართლის ცხოვრება“ გვიამბობს, რომ ჯვრის შემწეობით კონსტანტინე იმპერატორმა დაამარცხა სპარსელთა და ქართველთა კოალიცია. სპარსელი შაჰი გაიქცა სამშობლოში. მირიანი იძულებული იყო, მშვიდობა ეთხოვა რომის იმპერატორისგან და შეპირდა რომის ინტერესების გატარებას კავკასიაში. აღუთქვა მშვიდობა მეფე მირიანს და მისი ვაჟი, ბაქარი მძევლად წაიყვანა. ქართლის მეფის გადასაბირებლად რომაელებმა დიდძალი საჩუქრები გაიღეს.
კონსტანტინე კეისარმა თრდატსა და მირიანს შორის მშვიდობა დაამყარა და დაამოყვრა ისინი. ქართველ უფლისწულს, მირიანის ძეს, რევს, ცოლად შერთეს თრდატის ქალიშვილი სალომე. მირიანსა და თრდატს საზღვრებიც დაუდგინდა.
ამ დროს მცხეთაში უკვე სამი წლის მოსული იყო წმიდა ნინო. იწყებოდა ახალი ეპოქა ქართველთა ცხოვრებაში.
„ქართლის ცხოვრების“ ეს ვერსია ჩვენი პირველი ქრისტიანი მეფის ეროვნების ანუ სპარსელობის შესახებ, დიდი ხანია, სანდოდ არ მიაჩნიათ ქართველ ისტორიკოსებს.
ჯერ ერთი, იმიტომ რომ, იმ დროს სპარსთა მეფეს არ ერქვა ქასრე („ქასრე არდაშირი“). შეიძლება, „მეფეთა ცხოვრებაში“ შეცვლილია სახელი. ისე, არდაშირ შაჰი ჰყავდათ სასანიდებს, მაგრამ ის უფრო ადრე მოკვდა, 241 წელს და ამგვარად, ქრონოლოგიურად არ ემთხვევა არც მირიანის დაბადების სავარაუდო წლებს და არც მირიანისა და მისი ძმის ნისიბთან კამათის დროს. სახელი ქასრე (ხოსრო) სასანიდების დინასტიაში უფრო გვიან გაჩნდა. ამ ვერსიის გამო ზოგიერთ უცხოელ ისტორიკოსს მირიანი არდაშირ შაჰის ვაჟის, შაპურ პირველის ძე ჰგონია, მაგრამ არც შაპურ პირველის ცხოვრებისა და გარდაცვალების წლები და სხვა ვითარებანი არ ემთხვევა ზემოთ მოყვანილ სიუჟეტს.
რაც მთავარია, სპარსული წყაროებით არ დასტურდება სპარსი უფლისწულის ქართლში გამეფების ფაქტი. შესაძლოა ეს „გაუცხოების“ ვერსია „მეფეთა ცხოვრების“ ავტორის მიერ შექმნილი იყოს მირიან მეფის განსაკუთრებულობის, დიდი სამეფო ოჯახიდან წარმომავლობის დამამტკიცებელი იდეოლოგიის გასატარებლად – მეფე, რომელიც წარმოშობით თითქოს სპარსი იყო, გაქართველდა და ქართველებს ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოუცხადა.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ვერსიას არ იზიარებენ ისტორიკოსები, ეს თვალსაზრისი მაინც გაბატონებულია ქართულ საზოგადოებაში. ხშირად გაიგონებთ, „მირიანი სპარსი იყო, მაგრამ ქართულ საქმეს აკეთებდა“ და სხვა. სავსებით შესაძლებელია, ვინმე იყოს სპარსელი და ემსახურებოდეს საქართველოს, ქართულ საქმეს. იქნებ, დოკუმენტურად, გადაჭრით ოდესმე დამტკიცდეს ჩვენი სათაყვანებელი წმიდა მეფის, მირიან მესამის სპარსული წარმომავლობა. ეს არავითარ შემთხვევაში არავითარ ჩრდილს არ მიაყენებს მას ჩვენს თვალში, იქნებ პირიქითაც, სამაგალითო იყოს მისი სამსახური ქართული საქმისადმი, ისევე როგორც ევსტათი მცხეთელისა...
თუმცა, ვიმეორებთ, ეს ვერსია არ არის გაზიარებული ქართული ისტორიოგრაფიის მიერ.
მირიან მეფის ეროვნების, წარმომავლობის შესახებ არსებობს სხვა ცნობაც. „მოქცევაè ქართლისაèს“ მიხედვით, მირიან მეფე არის ქართლის მეფის - ლევის (რევ მეორე) ძე და არა სპარსეთის მეფის ვაჟი. მირიანმაც თავის ერთ ვაჟს რევი, მამის სახელი დაარქვა. შვილისთვის მამის სახელის დარქმევა ძველი ტრადიციაა, მით უმეტეს, სამეფო ოჯახებში.
„მოქცევაè ქართლისაè“ გაცილებით ძველია, ვიდრე „ქართლის ცხოვრება“. მისი ზოგიერთი ნაწილი, მით უმეტეს დასაწყისი, სადაც პირველ 28 მეფეთა სახელია გადმოცემული, შესაძლოა მეხუთე საუკუნის ბოლოს შექმნილიყო. შემდეგ მეშვიდე საუკუნის შუა წლებში მოხდა მისი რედაქტირება.