ჭეშმარიტი სარწმუნოება
დაფარული ცოდვის შემთხვევაში უფალი არ შეიწირავს აღმსარებლის სინანულს
ვერ შევძლებთ, დუმილით ავუაროთ გვერდი იმ უდაბნოს მკვიდრთ, რომელიც მეწამულ ზღვასა და ქალაქ დიოლკის არემარეებს ემიჯნება. იქ ვნახეთ ერთი პრესვიტერი, სახელად პიამონი, გამორჩეული სრული სიმდაბლითა და გასაოცარი შემწყნარებლობით. მას ღმერთი ხშირად უცხადებდა თავის საიდუმლოებებს. ერთხელ უსისხლო მსხვერპლის შეწირვისას, ტრაპეზთან ღვთის ანგელოზი იხილა. ანგელოზს ხელში წიგნი ეჭირა და საზიარებლად მოსული ძმების სახელებს აღნიშნავდა. ბერი ყურადღებით დააკვირდა და შენიშნა, რომ ზოგიერთი ძმის სახელი ანგელოზს წიგნში არ შეჰქონდა. და აი, წირვის დამთავრების შემდეგ ყველა ეს ძმა ცალ-ცალკე გამოიძახა და ჰკითხა, რამე დაფარული ცოდვა ხომ არ უმძიმებდათ სინდისს. აღმოჩნდა, რომ თითოეულ მათგანს, მართლაც რაღაც სასიკვდილო ცოდვა ჰქონდა ჩადენილი. ბერი არწმუნებდა მათ, მოენანიებინათ ეს ცოდვები და თვითონაც დღე და ღამე პირქვე დამხობილი, ცრემლებით ევედრებოდა ღმერთს შეწყალებას – თითქოს ისიც მათი ცოდვების თანამონაწილე ყოფილიყოს. ასე გააგრძელა მანამდე, ვიდრე ხელმეორედ არ იხილა ღვთის ანგელოზი, რომელიც კვლავ იწერდა საზიარებლად მოსული ძმების სახელებს; ანგელოზმა ყველა ძმის სახელი ჩაიწერა და არა მარტო ჩაიწერა, არამედ სათითაოდ მოუხმო ყველას, მოსულიყვნენ წმიდა ტრაპეზთან და აღედგინათ ღმერთთან ერთობა. ბერი მიხვდა, რომ ღმერთმა შეიწირა მათი სინანული და სიხარულით აზიარა ისინი წმიდა საიდუმლოებას.