ვის გამო შეერყა ჯანმრთელობა გია დავითიანს და ვის საწოლთან იჯდა ოცდაოთხი საათი
გია დავითიანი – ანსამბლ „ალილოსა” და „ქუჩის მუსიკოსების” წევრი, ძალიან კარგი ხმის პატრონი და ბევრი ლამაზი სიმღერის შემსრულებელი. სამი წლის წინ მის ცხოვრებაში დიდი ტრაგედია მოხდა, მძიმე სენით გარდაეცვალა მეუღლე. მომღერალმა საყვარელ ცოლს ძალიან ლამაზი სიმღერა მიუძღვნა „მონატრება”. შეუძლებელია, მისი მოსმენისას სევდა არ შემოგაწვეთ და თვალზე ცრემლი არ მოგადგეთ. ბატონი გია თავისი ცხოვრების სწორედ ამ მძიმე პერიოდებზე გიამბობთ – ცხოვრება ტრაგედიამდე და ტრაგედიის შემდეგ.
– ბატონი გია, ვიცი, როგორი ძნელია თქვენთვის იმ წუთების გახსენება, მაგრამ, ალბათ, გაქვთ მომენტები, როცა თვალწინ გიდგათ, თუ როგორ დაიწყო და დამთავრდა ყველაფერი
– ეს მოხდა სამი წლის წინ. ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ თურმე ცხოვრებაში ასე არ ხდება – რაღაც კარგს აუცილებლად ახლავს ცუდი. უცებ მეუღლეს თავის ტკივილები დაეწყო. გავუეთეთ კომპიუტერული ტომოგრაფია და მეოთხე ხარისხის სიმსივნე აღმოაჩნდა. 27 წლის ცოლ-ქმარი ვიყავით, არასდროს გვქონია ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები. ამას როგორ წარმოვიდგენდი, რომ თავის სიმსივნით გარდაიცვლებოდა ჩემი მეუღლე. ერთ წელიწადში დაიწყო და დამთავრდა ყველაფერი. მოგესხენებათ, კვარტეტ „ალილოშიც” ვმღერი და ვარ ბაღაშვილების პროექტ „იუმორინაში” „ქუჩის მუსიკოსებში.” ხალხმა კარგად გამიცნო, ასე თუ ისე, პოპულარობა მოვიხვეჭე ამ ორ კოლექტივთან ერთად. იყვნენ ადამიანები, ვინც მაქსიმალურად მეხმარებოდნენ ნანას ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. იმ პრეპარატებით, რასაც ნანას ვაძლევდი კეთილი ხალხის დახმარებით, წელიწადი გასტანა მისმა სიცოცხლემ. რასაკვირველია, ეს იყო სრული შოკი ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. ძალიან აქტიური ქალი იყო. შაბათ-კვირას სადმე რომ გვინდოდა ოჯახს წასვლა – სტუმრად ან სასეირნოდ, თუ მოსწავლეს ელოდებოდა, არ წამოვიდოდა. არ არსებობდა დაბადების დღე, ქორწილი, გაკვეთილს არ გააცდენდა ცოცხალი თავით, მე მშობელს ვერ მოვიყვან ტყუილადო.
– ეს ყველაზე გამოუვალი მდგომარეობაა ოჯახისთვის. ხშირ შემთხვევაში იბნევი, არ იცი, რა და როგორ გააკეთო. არ გაქვს ის ფინანსური მდგომარეობა, რომ საყვარელ ადამიანს მაქსიმალურად დაეხმარო. ეძებ გზებს, თუ როგორ შეიძლება, ამ რთულ სიტუაციას თავი დააღწიო ისე, რომ ოჯახი არ განადგურდეს...
– კი, ნამდვილად ასეა, გაჭირვებული კაცი ხავსს ეჭიდებოდაო – ყველა გამოსავალზე ფიქრობ. ვერ წარმოგიდგენია, რომ ასეთი უბედურება კარს მოგადგა და აბსოლუტურად ყველა გზას ეძებ, რაღაცით დაეხმარო. ეს ერთგვარი შემზადებაცაა იმ საშინელების, უბედურების წამების. ამ დროს თურმე ორგანიზმი მაგრდება, ძლიერი ხდება. ოცდაოთხი საათი მის საწოლთან ვიჯექი, ჩემს თვალწინ დალია სული.
– როგორ გაგრძელდა იმ წუთიდან თქვენი ცხოვრება?
– ცხოვრება გრძელდება, გაიხედავ, იქ, ახლობლის შვილს ცოლი მოჰყავს, მეორე ახლობლის დაბადების დღეა, ბევრ ცუდ რამესაც იგებ, როგორც ხდება საერთოდ ცხოვრებაში. რასაკვირველია, დღე არ გავა, რომ ნანას სახე, მისი ყველა მოქმედება თვალწინ არ დამიდგეს. ოჯახში, სადაც ერთად ვიყავით, მისი ნივთები ისევ ისე აწყვია. ნანას ადგილი აქვს მიჩენილი, ყველაფერი მის თავს გვახსენებს, მის ნებისმიერ მოძრაობას. სულ უნდა გქონდეს ნივთები საყვარელი ადამიანის მოსაგონებლად.
– ყველაზე მეტად მაინც პირველი დღეები, თვეები ჭირს. გავიდა სამი წელი. ყველაზე მეტად ამ ხნის განმავლობაში როდის გაგიჭირდათ?
– პირველი დღეები ორმოცამდე, მაინც დაკავშირებულია ისევ იმ ჭირთან და უბედურებასთან. ალბათ, ამისთვისაა ეს ყველაფერი მოფიქრებული. მაგრამ, მე მაინც ცუდ ტონად მიმაჩნია ქელეხზე, ორმოცსა თუ წლისთავზე ამდენი ხალხის შეყრა. არ არის ეს ლამაზი. ამას წინათ გადაცემა იყო სწორედ მაგაზე, რომ იქნებ, ეს უაზრო ტრადიციები მოიშალოს და ცოტა კულტურული ფორმა მიიღოს. ადამიანს მიწას რომ მიაბარებენ, შემდეგ ის სუფრა ღრეობად არ უნდა გადაიქცეს. სუფრასთან მთვრალი კაცი არ უნდა იყოს. ეს უპირველესად, იმ მიცვალებულის და მერე ჭირისუფლის უპატივცემულობაა, რაც ძალიან მაღიზიანებს. არ მომწონს ასევე, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე გაზქურები რომ ააქვთ საფლავებზე და ჩაქაფულებს აცხელებენ, ხაშლამას აკეთებენ. მერე იქ რჩება ნაგავი, რომელსაც ძაღლები ქექავენ. იმას არ ვამბობ, ქელეხი მოიშალოს, უბრალოდ, უნდა იყოს სიმშვიდე და ნაკლები ხალხი. კულტურაზეა საუბარი, რაც ყველაფერში გვაკლია – ბედნიერებაშიც და უბედურებაშიც. უკვე დროა, ჩვენც მივიდეთ იქამდე, რომ ერთმანეთის პატივისცემა ვისწავლოთ – სხვანაირი, მოკრძალებული ურთიერთობები.
– თქვენს ქალიშვილებზეც გვიამბეთ, ერთად ცხოვრობთ?
– ნანას შემდეგ ჩვენს ოჯახში იყო ბედნიერების დღეებიც, ჩვენი უმცროსი ქალიშვილი გათხოვდა და ქორწილში რომ ვისხედით, იქ რასაკვირველია, ბევრჯერ იყო ნახსენები ნანა. შეისვა მისი მოსაგონარი. თუ ვინმე იქნებოდა იმ დღეს ძალიან ბედნიერი, იქნებოდა ჩემი ნანა. იყო ბევრი მოგონება, ცრემლი, მაგრამ როგორც ვთქვი, ცხოვრება გრძელდება. ვფიქრობ, ნანას უპირველესად, ის გაუხარდებოდა იქიდან, ჩვენ აქ ვიყოთ ჯანმრთელად, კარგად და ყველა ის, ვინც ჩვენს გარშემოა.
– ახლა ოჯახში ვინ ცხოვრობთ?
– ახლა სახლში მხოლოდ მე და დედა ვცხოვრობთ. უფროსი გოგო უფრო ადრე გათხოვდა, ათი წლის შვილიშვილი მყავს უკვე. რასაკვირველია, შვილებიც მოდიან ხშირად, გვეხმარებიან, დედაჩემიც აკეთებს სახლში საქმეს, მაგრამ ოჯახს მთავარი დიასახლისის ხელი მაინც აკლია. სხვათა შორის, ამ თემაზე, იცით, როგორ მოლაპარაკე ქალაქში ვცხოვრობთ?! – როცა კაცი უცოლოა, ყველა თავისას გთავაზობს. ბევრი მეუბნება, ახალგაზრდა კაცი ხარ, ყურადღება გჭირდება და ამიტომ, აუცილებლად რაღაც უნდა იფიქრო, ხომ გინდა, პატრონი გყავდესო.
– თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?
– არ ვიცი, მაგაზე არ მიფიქრია. სხვათა შორის, ხანდახან შვილებისგანაც ვისმენ ანალოგიურს. რასაკვირველია, რაც იყო იმან ჩაიარა, აღარ იქნება ბედნიერების ერთად გატარებული ახალგაზრდული წლები, მაგრამ, რომ გითხრათ, ამ ეტაპზე ამაზე ვფიქრობ-მეთქი, არა. ეგ, ალბათ, თავისით უნდა მოვიდეს.
– თქვენი წარსულიდან, ალბათ, ამ პერიოდს ამოაგდებდით და რეალურად რომ შეიძლებოდეს, ცხოვრებას იმ ბედნიერი წუთებიდან დაიწყებდით, როცა თქვენი საყვარელი მეუღლე გაიცანით?
– რასაკვირველია, ამოვაგდებდი იმ ტრაგედიას, რომელიც ჩვენს ოჯახს დაატყდა თავს. ეგ რომ არ ყოფილიყო, დღეს ბედნიერი და ჯანმრთელიც ვიქნებოდი. არის მომენტები ცხვრებაში, როცა ნაკლებ ყურადღებას აქცევ საკუთარ თავს. მე ზუსტად ნანას მერე დამემართა შაქარი, არასდროს მქონია. ბვერი რამ დაკავშირებული იყო სასმელთანაც, როცა გინდა, ეს ყველაფერი გადახარშო, გადაიტანო. მაშინ უკვე სხვანაირად უდგები ცხოვრებას – ალკოჰოლი, ბახუსი, ყოველდღე ვსვამდი. აი, ეს იყო ყველაზე რთული. რაც შეეხება ცხოვრების თავიდან დაწყებას, მართალი ხართ, დავიწყებდი იმ პერიოდიდან, როცა ნანა გავიცანი