როგორ იპოვა მამა-შვილმა ერთმანეთი წლების შემდეგ
გიორგი დავითის ძე კუპატაშვილი ეძებდა 1947 წელს დაბადებულ დავით კუპატაშვილს.
ისტორია: ვეძებ მამაჩემს – 1947 წელს დაბადებულ დავით კუპატაშვილს. მამასთან კავშირი 1994 წლის მერე არ მქონია. ძალიან მინდა მისი პოვნა და ნახვა. თავად მე რუსეთში ვცხოვრობ და ჩემთვის ძალიან რთულია აქედან რამე გავაკეთო, რაც მამის პოვნაში დამეხმარება. არაერთხელ მიცდია, მაგრამ, ამდენი ხნის განმავლობაში მამის შესახებ ვერაფერი გავიგე. გიგზავნით მამის ფოტოებს. დიდი იმედი მაქვს, რომ ის გამოგეხმაურებათ.
ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია „თბილისელების” ერთ-ერთ ნომერში დაიბეჭდა. საბედნიეროდ, მამა-შვილმა ერთმანეთი იპოვა და ამაში მათ დავითს ნათესავებიც დაეხმარნენ, რომლებმაც ჩემი სტატია წაიკითხეს და დაუყოვნებლივ დამიკავშირდნენ.
ინტერვიუ ნაპოვნ დავით კუპატაშვილთან:
– რა რეაქცია გქონდათ, როდესაც გაიგეთ, რომ თქვენ გეძებდნენ?
– 1994 წლის შემდეგ კავშირი შემიწყდა რუსეთში მცხოვრებ ჩემს ნათესავებთან. იქ ბევრი ახლობელი და მეგობარი მყავდა, რომლებთან ურთიერთობის დაკარგვასაც ძალიან განვიცდიდი. ასე აეწყო ცხოვრება. სამწუხაროდ, პოლიტიკური მდგომარეობაც რუსეთსა და საქართველოს შორის ისეთია, რომ ადამიანები ერთმანეთს ადვილად კარგავენ. პირადად მეც ვეძებდი მათ, მაგრამ, უშედეგოდ და, რომ არა თქვენ და თქვენი რუბრიკა, ჩვენ ერთმანეთს, ალბათ, კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ვერ ვიპოვიდით. იმ პერიოდში არეული წლები იყო, თითქმის ყველა ჩემმა ახლობელმა შეიცვალა საცხოვრებელი მისამართი, ტელეფონის ნომრებიც არავისი მქონია. რამდენჯერმე ვცადე მათი პოვნა, მათ შორის, რა თქმა უნდა, გიორგისაც ვეძებდი, მაგრამ, უშედეგოდ. თქვენი რუბრიკის შესახებ რომ მცოდნოდა, აუცილებლად მოგმართავდით. სამწუხაროდ, არ ვიცოდი. ისე გამოვიდა, რომ თქვენ იმათ დაეხმარეთ ჩემს მოძებნაში, მაშინ, როცა მე საქართველოში ვცხოვრობ და არ ვიცოდი, რომ ეს შესაძლებელია. დიდი მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, რაც გააკეთეთ.
– გიორგის გარდა, თქვენ ასევე გეძებდათ თქვენი მეგობარი. ამის შესახებ თუ იცოდით?
– როგორც კი პლიევი ახსენეთ (მისი გვარია), მაშინვე მივხვდი და გამიხარდა. რა თქმა უნდა, სასიხარულოა, როდესაც იგებ, რომ ვინმეს ახსოვხარ და გეძებენ. ჩემთვის ეს მოულოდნელი სიხარული იყო. ამჟამად უკვე გვაქვს სატელეფონო კავშირი, მომავალში კი ვნახოთ, რა იქნება. უბედურება ისაა, რომ დაძაბული ურთიერთობაა ჩვენს ქვეყნებს შორის, მაგრამ ხალხი ამით არ უნდა ზარალდებოდეს, არ უნდა დავკარგოთ ერთმანეთი.
– აპირებთ თუ არა გიორგისთან შეხვედრას?
– ძალიან მინდა მისი ნახვა, მაგრამ, არ ვიცი, როგორ მოხერხდება ეს ამბავი. ჯერჯერობით კი მასთან დაკავშირებას დავჯერდები. აუცილებლად ვეტყვი, რომ მეც ვეძებდი, უბრალოდ, მან დამასწრო (იცინის).
– პირველად როგორ გაიგეთ, რომ გეძებდნენ?
– თავად მე არ წამიკითხავს თქვენი სტატია, ჩემმა ნათესავებმა წაიკითხეს და მაშინვე დამირეკეს. ყველა ძალიან გახარებული იყო და აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ, რადგან, იცოდნენ, რომ მეც ვეძებდი გიორგის.
– თავის ინტერვიუში გიორგიმ აღნიშნა, რომ საქართველოში, თქვენთან, ბოლოს 1994 წელს იყო ჩამოსული. მას შემდეგ თუ შეიცვალეთ მისამართი?
– დიახ, მას შემდეგ სხვაგან გადავედი საცხოვრებლად და გიორგისთვის ამის შეტყობინება ვერ მოვახერხე. თქვენ ჩვენ ორივეს დიდი საქმე გაგვიკეთეთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: არ ვიცი, როდის ვიპოვიდით ერთმანეთს, რომ არა თქვენ.
თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 239-23-52; 239-23-53; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.