კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ასაკიდან უჩნდება ბავშვს ფულისადმი ინტერესი და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი ამ სიტუაციაში

ფული ნებისმიერი ასაკის ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვან, საბაზისო როლს თამაშობს. ფული  მხოლოდ გადარჩენისთვის არ გვჭირდება, ის ოდითგანვე იყო სხვა ფასეულობების: დამოუკიდებლობისა და მყარი სოციალური მდგომარეობის ეკვივალენტი. სპეციალისტების აზრით, ფულთან დაკავშირებულ პრობლემებს  სწორედ ბავშვობაში  ეყრება საფუძველი. ბავშვი, რომელიც  დროულად ვერ ისწავლის ფულთან ურთიერთობას, მომავალში ამის გაკეთება გაუჭირდება. ფულის მნიშვნელობა და საჭიროება ბავშვმა მშობლისგან უნდა გაიგოს, რათა ფულისადმი ჯანსაღი დამოკიდებულება გამოუვლინდეს. ამისთვის კი საჭიროა, თვით მშობელს ჰქონდეს  ამ აუცილებელი ატრიბუტისადმი სწორი მიდგომა. მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ მშობელმა ბავშვს არ ჩაუნერგოს აზრი ფულის ყოვლისშემძლეობაზე, რათა ის მასზე გამუდმებულ ფიქრს არ მიეჩვიოს. მშობლებს არაჩვეულებრივად  გამოსდით შვილების აღზრდა, მათთვის განათლების მიცემა... მაგრამ, მათ არ იციან, როგორ ესაუბრონ ფულზე და როგორ მიაჩვიონ მასთან ურთიერთობას. ეს საკმაოდ რთული საკითხია. ამიტომ, კარგი იქნება, თუ სპეციალისტის რჩევებს გავითვალისწინებთ.  ამ საკითხთან დაკავშირებით გაგვესაუბრება ფსიქოლოგი ელისო კეთილაძე.

– რა ასაკიდან უჩნდება ბავშვს ფულისადმი ინტერესი და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი?

– ყველა ბავშვი ინდივიდუალურია და რაიმე ასაკის დასახელება უპრიანი არაა. ბავშვი მაშინ გამოხატავს ფულისადმი ინტერესს, როცა თავის მეტყველებაში სიტყვა „მინდას” ჩაანაცვლებს, სიტყვით – „მიყიდე“. ანუ, მაშინ, როცა ხვდება, რა არის ფული. ეს კი იწყება დაახლოებით სამი წლიდან. ამ დროს ბავშვი  ვერ შეძლებს დამოუკიდებლად რაიმეს ყიდვას, ამიტომ ის უნდა დააკვირდეს მშობელს. ძალიან კარგი იქნება, თუ ბავშვს ვატარებთ საყიდლებზე.  მან უნდა დაინახოს ყიდვის პროცესი და დააკვირდეს მას. ასეთ დროს სასურველია, თუ არ გამოვიყენებთ ბარათს. ანგარიში გადავიხადოთ ფულის კუპიურებით, რათა ბავშვს ჰქონდეს მასთან შეხება,  მისი ვიზუალურად აღქმის საშუალება. ამ ასაკის ბავშვი იწყებს ილუზიურ თამაშებს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ფულთან ურთიერთობის სწავლებაც გადავიტანოთ თამაშში. მაგალითად, წავიყვანოთ მაღაზიაში და ვუყიდოთ რაიმე, ფულიც მას გადავახდევინოთ. აუცილებელია, რომ ბავშვმა გაიგოს, თუ როგორ შოულობს მშობელი ფულს. ეს თამაშის ენაზე უნდა მოხდეს.

– როდიდან  უნდა მისცეს ბავშვს მშობელმა ჯიბის ფული?

– ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, მით უმეტეს ჩვენთან, საქართველოში, სადაც სოციალურად დაბალი ფენის ადამიანთა რიცხვი საკმაოდ დიდია. ბავშვი სკოლაში რომ მიდის, ხედავს, მის მეგობარს სახარჯო ფული აქვს და მასაც უჩნდება ამის სურვილი. ამიტომ, მშობელმა მისი ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად, შვილს უნდა მისცეს  თანხა, თუნდაც მცირე. სასურველია, ოჯახის ბიუჯეტის დაგეგმვაშიც ჩავრთოთ ბავშვები. ნელ-ნელა ბავშვი დამოუკიდებლობას მიეჩვევა.

– რა სიხშირით უნდა ვაძლევდეთ ბავშვს ფულს?

– რეკომენდებულია, პირველიდან მეოთხე კლასამდე, ბავშვს ფული მისცეთ ყოველდღიურად, შემდგომში კი მთელი კვირის თანხა მთლიანად. მან უნდა იცოდეს, რომ ეს მთლიანი კვირისაა და არა ერთი დღის. მოზარდებს კი უნდა მივცეთ თვეში ერთხელ, როგორც ხელფასი. ასეთი მეთოდით ბავშვი ფულის გაფრთხილებას, დაგეგმარებას და საჭიროებისამებრ განაწილებას სწავლობს. პატარა ბავშვისთვის არაა რეკომენდებული, ერთი კვირის თანხის მიცემა მთლიანად.  მას არ აქვს  გადანაწილების უნარი და შეიძლება, მთლიანად ერთ დღეში დახარჯოს.

– გამოვიყენოთ თუ არა ფული ჯილდოდ?

– არ არის სასურველი ფულის ჯილდოს სახით გამოყენება რაიმე ტიპის სამუშაოს შესრულების ან გაკვეთილების კარგად სწავლის სანაცვლოდ. ეს არასწორია, რადგან ბავშვი ასეთ შემთხვევაში, ორიენტირებულია შედეგზე, რათა ანაზღაურება მიიღოს და არა სიამოვნებაზე, რომელიც სწავლის ან რაიმე საქმის შესრულებისგან უნდა მიიღოს. მას უნდა დავეხმაროთ იმის გაცნობიერებაში, რომ სწავლა მისთვის და მისი მომავლისთვისაა უკეთესი. ასე, ბავშვი უფრო ლაღი და თამამი გაიზრდება.

– რამდენს უნდა შეადგენდეს ბავშვის ჯიბის ფული?

– ეს დამოკიდებულია ოჯახის ბიუჯეტზე. მშობელმა უნდა აუხსნას შვილს, რომ ფული არაა უმთავრესი, მთავარია სიყვარული. არ არის რეკომენდებული მშობელი ბავშვის ფულის განკარგვაში ჩაერიოს. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს მისი ფულია და ამიტომ, არ აიძულოთ, ფული დახარჯოს ისე, როგორც თქვენ მიგაჩნიათ სწორად. თუ მან  არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, ეს ერთგვარი გაკვეთილი იქნება მისთვის, ის შეცდომებზე ისწავლის.

– კარგია თუ არა, როცა ბავშვი იზრდება მატერიალურად ძლიერ ოჯახში, სადაც არანაირი ფინანსური პრობლემა და შეზღუდვა არ  აქვს?

– მატერიალურად ძლიერ ოჯახში აღზრდა კარგია, თუ ბავშვი სასათბურე პირობებში არ იზრდება. ბავშვმა უნდა გააცნობიეროს, რომ მატერიალური შესაძლებლობების ზღვარი არსებობს. ის უნდა მიხვდეს, რომ რაღაც შესაძლოა, ვერ უყიდონ. მატერიალურად ძლიერი მშობლები კარგია, თუ ზოგჯერ უარს ეტყვიან ბავშვებს სასურველ ნივთზე ან სათამაშოზე. როცა ადამიანს ბავშვობაში ყველა სურვილი უმტკივნეულოდ  უსრულდება, მოზარდობაში მას შესაძლოა, გაუჭირდეს ცხოვრებისეულ სირთულეებთან გამკლავება. რაც შეეხება ამ ასაკობრივი ჯგუფის პრობლემების გადაწყვეტას, რეკომენდებულია, მშობელმა მაქსიმალურად შეინარჩუნოს  შვილთან გულწრფელი ურთიერთობა. სასურველია მოზარდმა იგრძნოს, რომ მისი აზრი მნიშვნელოვანია. ეს არის ასაკი, როცა ახალგაზრდა ეძებს იდეალებს. ამიტომ, მშობელმა მაქსიმალურად უნდა ეცადოს, შეინარჩუნოს სტატუსკვო შვილის თვალში, რადგან დიდია ალბათობა, მოზარდმა იდეალების ძებნა ქუჩაში დაიწყოს.

– უნდა უკონტროლებდეს თუ არა მშობელი ბავშვს ფულს? ხომ შესაძლებელია, მან ეს ფული მავნე ჩვევებში დახარჯოს – იყიდოს თამბაქო ან ალკოჰოლი.

– მავნე ჩვევებისადმი ინტერესი მოზარდს პუბერტატის, ეგრეთ წოდებული, გარდატეხის ასაკში უფრო ხშირად უჩნდება. ამ ასაკში მოზარდის ბიოლოგიური ორგანიზმი უზარმაზარ ჰორმონულ ცვლილებებს განიცდის. შესაბამისად, მისი ემოციური მდგომარეობაც რთულია. რაც შეეხება ფულის ხარჯვას ალკოჰოლსა და თამბაქოში, ეს შეიძლება შეფასდეს, როგორც მოზარდის რეაქცია. აქ იგულისხმება, რომ პრობლემა სხვა ფაქტორებისგანაა პროვოცირებული. ეს შეიძლება, იყოს რთული ოჯახური მდგომარეობა, კონფლიქტები მშობლებთან, სოციუმში ინტეგრირებისა და თავის დამკვიდრების მცდელობა. ასევე, ის კომპლექსები, რომლებიც, მოზარდის ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ორგანიზმის ფონზე, ბუნებრივად უჩნდება ბავშვს.

– როგორი დამოკიდებულება გაქვთ იმაზე, როცა ბავშვი სწავლასთან ერთად, მუშაობს და ავითარებს თუ არა ფული მასში დამოუკიდებლობის გრძნობას?

– მუშაობა ძალიან კარგია. ეს აპრობირებულია და ახლა, თანდათან ჩვენთანაც ინერგება. ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი ძალებით გამომუშავებული ფული. როცა მოზარდს თავისი ფული აქვს, დამოუკიდებელ ადამიანად გრძნობს თავს. მას შეუძლია, თანხა განკარგოს ისე, როგორც სურს: ისწავლოს, იმოგზაუროს, გაერთოს და მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები.

ფინანსური დამოუკიდებლობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ახალგაზრდის პიროვნებად ჩამოყალიბებაში და რაც უფრო ადრეული ასაკიდან ხდება მოზარდი ფინანსურად დამოუკიდებელი, მით უფრო მეტია ცხოვრებაში მისი წარმატების შანსი.

скачать dle 11.3