2014 წლის „თბილისელების ოქროს კატალოგის“ ბიზნესდაჯილდოება“ – ბიზნესისა და ქართული საზოგადოების წარმატებული ლიდერები
„მთაწმინდის პარკის” კლუბი „ანდერვილი” 21 ოქტომბერს „თბილისელების ოქროს კატალოგის” ბიზნესდაჯილდოების ცერემონიალს მასპინძლობდა. გამოვლენილი იქნა „ოქროს კატალოგის” ნომინანტები, ლიდერები და გამარჯვებულები. „თბილისელების ოქროს კატალოგის” მკითხველის გამოკითხვების შედეგად, აღიარებულ და წარმატებულ ბიზნესკომპანიებს, მეწარმეებს, საინვესტიციო პროექტებს, მათ ხელმძღვანელებს, წლის გამორჩეულ კლინიკებს, საადვოკატო კომპანიებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, კერძო და კორპორაციული ბიზნესის მამაკაც და ქალბატონ ლიდერებს და გამორჩეულ პერსონებს გადაეცათ სასაჩუქრე სიგელები და მრავალი პრიზი. მოწვეულნი იყვნენ დიპკორპუსის წარმომადგენლებიც. იყო სასიამოვნო სიურპრიზები და საჩუქრები. საღამოს აფორმებდნენ კომპანია „შოუ თაიმის” დიზაინერები, გამორჩეულნი დახვეწილი სტილითა და კორპორატიული დეტალების გათვალისწინებით. საღამოს უძღვებოდა კონფერანსიე, ბატონი ჯიმი არჩვაძე, ხოლო სპეციალურად სტუმრებისთვის ჯაზის ცნობილ ჰიტებს ასრულებდა მოწვეული მომღერალი გიორგი წერეთელი. საღამოს სასიამოვნო განწყობას კიდევ უფრო ამდიდრებდა საიუველირო კომპანია „ზარაფხანას” ნაწარმი, რომელიც გამორჩეულია წლების განმავლობაში განმტკიცებული რეპუტაციითა და მაღალი ხარისხით. საიუველირო მემკვიდრეობის შენარჩუნება და განვითარება კომპანიის სამარკო ნიშანია და სამართლიანად მიიღო ჯილდო, როგორც უძველესმა ქართულმა კომპანიამ, ნომინაციაში „წლობით განმტკიცებული ხარისხი და რეპუტაცია“.
მადლობა კომპანია „ზარაფხანას” მხარდაჭერისა და სასიამოვნო საჩუქრებისთვის. ასევე, ბიზნესისა და საზოგადოების ლიდერების განწყობას ახალისებდა კომპანია „ტყუპების საღვინე სახლი ნაფარეულში”, რომელიც თავის განსაკუთრებულ ბრენდს „ქვევრის მზეს” სახელობითად ჩამოსხმულს სთავაზობდა ჩვენს სტუმრებს და ატკბობდა მის მიერ საგანგებოდ „ოქროს კატალოგის” დაჯილდოებისთვის ჩამოსხმული უნიკალური ღვინით, რომელიც გამორჩეულია ნატურალურობითა და მაღალი ხარისხით. კომპანია წარდგენილია და დაჯილდოებული შემდეგ ნომინაციაში: „ქვევრისა და ქვევრის ღვინის პოპულარიზაციისათვის”... ასევე, მოწვეულ სტუმრებს შეეძლოთ დაეგემოვნებინათ კომპანია „დელიკატოს” მიერ მომზადებული კერძები და დელიკატესები. „ატელიე დესერტი” კი სთავაზობდა მათ ფრანგული ტექნოლოგიით დამზადებულ ტკბილეულს, ნამცხვრებსა და ტორტს ექსკლუზიური შეკვეთით.
ახლა კი ყველაზე დამაინტრიგებელი და მნიშვნელოვანი ნაწილი საღამოს წვეულებიდან – ნომინაცია და ნომინანტები. მართალია, საღამოს წვეულებაზე საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმატებული ლიდერები და კომპანიები გამოვლინდნენ, თუმცა მათი სრულად ჩამოთვლა ერთ საჟურნალო სტატიაში ვერ მოხერხდება და მათგან რამდენიმეს გამოვყოფთ. 2014 წლის „ოქროს კატალოგის” პირველი ნომინანტი – კომპანია „ტოიტა ცენტრი თბილისის” დამფუძნებელი, ბატონი ირაკლი გურჩიანი. „ტოიტა ცენტრი თბილისი”, რომელიც ფაქტობრივად, საქართველოში ამ სეგმენტში ყამირზე შემოვიდა და მოახერხა ქართველი მომხმარებლის განსაკუთრებული ნდობის დამსახურება, უკვე 16 წელიწადია, ინარჩუნებს ბაზარზე სტაბილურ იმიჯს. ეს ყველაფერი კი მისი ხელმძღვანელისა და დამფუძნებლის, ირაკლი გურჩიანის დამსახურებაა მის გუნდთან ერთად. სიგელი გადაეცა კომპანია „ტოიტა ცენტრი თბილისს” ნომინაციაში „ბაზარზე სტაბილური იმიჯისთვის”, ხოლო თავად ირაკლი გურჩიანი კი დასახელდა „წლის ბიზნესემენის” ნომინაციაში. ასევე, დაჯილდოვდა კომპანია „ავერსის” დამფუძნებელი, პაატა კურტანიძე, ნომინაციაში „წლის ქველმოქმედი ბიზნესმენი”, რომლის სახელსაც არაერთი ფართომასშტაბიანი თუ ინდივიდუალური საქველმოქმედო ღონისძიება და პროგრამა უკავშირდება. ასევე, დაჯილდოვდა ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და მისი დირექტორი, ბატონი იოსებ ამბოკაძე. ბატონი იოსებ ამბოკაძის ხელმძღვანელობით ჟორდანიას ინსტიტუტში განხორციელდა სრული მატერიალურ-ტექნიკური გადახალისება, უახლესი აპარატურით აღჭურვა, რებრედინგი და პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტება. სწორედ ამ ფაქტორების გამო, მას გადაეცა სიგელი „წლის ლიდერი კლინიკა უშვილობისა და სხვა რეპროდუქციული დარღვევების წარმატებულ მართვაში”. დაჯილდოვდა კომპანია „თეგეტა მოტორსი” ნომინაციაში „წლის საუკეთესო კომპანია საავტომობილო პროდუქტებისა და სერვისის კუთხით”. „თეგეტა მოტორსი” მართლაც ნოვაციურ პროექტებს ნერგავს ამ კუთხით. ამის მაგალითია ადგილზე ტექმომსახურების სერვისი და ასე შემდეგ.
„საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს” კი სიგელი გადაეცა „ქართული ბიზნესის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის”. ინდუსტრიული ჯგუფი 20-წლიანი გამოცდილების მქონე უმსხვილესი ჰოლდინგია საქართველოში, რომლის ბიზნესპორტფელი მოიცავს ნახშირის მოპოვებას, ელექტროენერგიის გამომუშავებას, ბუნებრივი აირით ვაჭრობას და ასე შემდეგ. „წლის პროექტად” კი კომპანია „ლიდერცემენტი” დასახელდა. კომპანია 2012 წელს დაფუძნდა. მისი პარტნიორია სამშენებლო მასალების მწარმოებელი ფრანგული გიგანტი კომპანია „ლა ფარჟი”. კომპანიამ დაიწყო ცემენტის ქარხნის მშენებლობა საქართველოში, რომელიც მართლაც უნიკალურია. დაჯილდოვდა კომპანია „ვესტ ინვესტი” – ნომინაციაში „სტაბილური იმიჯისა და პასუხისმგებლობისთვის.” კომპანიას აქვს დიდი გამოცდილება ბაზარზე გაყინული ხორცპროდუქტების იმპორტის საქმეში და ლიდერია ამ მხრივ ქართულ ბაზარზე. ასევე, დაჯილდოვდა კომპანია „უნიფორმა და უსაფრთხოება” ნომინაციაში „თქვენი ბიზნესის უსაფრთხოებისთვის”. ფაქტობრივად, ის თავისი დანიშნულებიდან გამომდინარე, მართლაც ერთგვარი გარანტია, რომ თქვენს საწარმოში თუ დაწესებულებაში დაცული იყოს უსაფრთხოების ზომები.
გენდერული თანასწორობაც დავიცავით და ქალბატონიც ბევრი დავაჯილდოვეთ. „ოქროს კატალოგის” სპეციალური სიგელი გადაეცემა კომპანია „გეორგინას” დამფუძნებელს, ქალბატონ ციცო ფუტკარაძეს, ნომინაციაში „2014 წლის გამორჩეული ბიზნესმენი ქალი.” ის მართლაც გამორჩეული, ერთი შეხედვით, ქალისთვის უცხო, საკეტების, ანჯამების, ურდულებისა და სხვა ასეთი აქსესუარების ბიზნესიმპერიის ხელმძღვანელია. ასევე, დაჯილდოვდა წარმატებული ბიზნესმენი ქალბატონი ნატო კვანტალიანიც. ნაზი ალასანიას კი „რისკიანი ბიზნესლედის” სტატუსი ერგო. ქალბატონი ინგა ნიჟარაძე წლის ფიტოთერაპევტ ქალად დასახელდა. სულ ახლახან „მედალპიას“ დამფუძნებელმა, ქალბატონმა ინგამ საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ ერთი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა და ბრიუსელში გამართულ მსოფლიო კონგრესზე (ESQR)უმაღლესი ჯილდო დაიმსახურა. ასევე, მან ლონდონის საერთაშორისო კონფერენციაზეც უმაღლესი ჯილდო მოიპოვა. ქალები რომ მამაკაცებს ბიზნესში არაფრით ჩამოუვარდებიან, ამის ნიმუშია ქალბატონი თამარ ბაღდავაძე და მისი ნომინაცია „2014 წლის წარმატებული ახალგაზრდა მენეჯერი ქალი.” ისევეა, „დიოს” ბიზნესოჯახიდან 2 ქალბატონია – ირმა და თამარ დაუშვილები – საქართველოში მართლაც რომ შესაშური ბიზნესოჯახი. მათ ხომ წარმატებული „დიო” შექმნეს. ქალბატონების შექმნილია მაღაზია „პოდიუმიც”. მისმა დამფუძნებლებმა – დიანა და ნელი ავილოვებმა თბილისში ცნობილი იტალიელი დიზაინერის, ელიზაბეტა ფრენჩის ცნობილი კოლექციები ჩამოიტანეს და დღეს მაღაზიის ნომინაციაც სწორედ ადეკვატურია – „თბილისის ბომონდი ირჩევს პოდიუმს”. წლის წარმატებულ ნომინანტებს შორის ასევე დასახელდნენ: „ლუკოილ ჯორჯიამ” ნომინაციით „მაღალი რეპუტაცია და ხარისხი ნავთობპროდუქტების ბაზარზე”. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი კი ერთხმად დასახელდა 2014 წლის ნომინაციაში „წლის წარმატებული უნივერსიტეტი”. აღსანიშნავია, რომ მის რექტორს, ბატონ ზურაბ ვადაჭკორიას განსაკუთრებული დამსახურება აქვს უნივერსიტეტის რეიტინგის კიდევ უფრო მზარდ დინამიკაში. ასევე, დაჯილდოვდა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ბატონი არჩილ ფრანგიშვილი, ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო-საგანმანათლებლო ინოვაციების დანერგვისთვის. 2014 წლის კლინიკად და მის ხელმძღვანელად კი, კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და მისი ხელმძღვანელი, აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა დასახელდა.
საღამოს წვეულებაზე ასევე დაჯილდოვდა სათვალეების მაღაზიათა ქსელი „საფილო”, გამორჩეული მაღალი ხარისხით, ბრენდებითა და მომსახურების მაღალი კლასით, ნომინაციაში: „სათვალეების მაღაზიათა ქსელის ლიდერი”. კომპანია „ლიდერფუდს” კი, გამორჩეულს ხარისხიანი ხორცპროდუქტებითა და პრემიუმ კლასის ასორტიმენტით, ნომინაციაში: „ხორცპროდუქტების მაღალი ხარისხი და ნდობა” გადაეცა სიგელი. წლის „წამყვან იურიდიულ კომპანიად” „თბილისელების ოქროს კატალოგმა” დაასახელა „ერისთავი და პარტნიორები,” ხოლო ნომინაციაში „მზარდი იურიდიული კომპანია და მისი წარმატებული ხელმძღვანელი”, ლიდერი სისხლის სამართლის წარმოებაში, მამუკა მდინარაძე და „ლეგალ კონსალტინგ ჯგუფი“ გახდნენ.
რა თქმა უნდა, ეს წვეულებისა და დაჯილდოებულთა სრული სურათი არაა, თუმცა „თბილისელების ოქროს კატალოგის“ ამ ერთმა სასიამოვნო საღამომ პოზიტივი შეიტანა ქართული ბიზნესბომონდის ყოველდღიურობაში. მადლობა ყველა მათგანს მხარდაჭერისა და ნდობის გამოცხადებისთვის!