ვის „ჩესტს” გაურბოდა პრემიერ-მინისტრის ახალი მრჩეველი და სად გაიარა მან „ცაში ყვინთვის” კურსი
პრემიერის მრჩეველი ადამიანის უფლებებში და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე გახდა. ახალ მრჩეველს, რომელიც ძალიან კომუნიკაბელური, ხალისიანი და „არაჩინოვნიკური” სახეა არასამთავრობო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, თუმცა, ერთი წელი სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილეც იყო. რატომ გაკეთდა არჩევანი მასზე, რაში დაოსტატდა ის ინგლისში და როგორ გაიარა „ცაში ყვინთვის” კურსი, ამას ჩვენი რესპონდენტისგან შეიტყობთ, რომელსაც მრჩევლად წარდგენის დღეს შევხვდით, როცა ის კოლეგებისა და მეგობრების მილოცვებს იღებდა.
სოფო ჯაფარიძე: თუ რატომ გააკეთა პრემიერ-მინისტრმა არჩევანი ჩემზე, შემიძლია, გამოვთქვა ჩემი ვარაუდი: ჩემი სახელი კარგად არის ცნობილი ყველასთვის, ვინც კი ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით მუშაობს ბოლო წლებში. ჩემი ძირითადი საქმიანი გამოცდილება დაკავშირებულია არასამთავრობო სექტორთან, ამიტომ, ჩემი აზრით, არჩევანი გაკეთდა ჩემს ცოდნასა და პროფესიულ გამოცდილებაზე, ჩემს აქტიურ ურთიერთობებზე როგორც არასამთავრობო სექტორთან, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დონორ ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ კორპუსთან. ვფიქრობ, რომ მისაღები პირი ვარ ყველასთვის. ამ თემაზე ხშირად ვხუმრობ ხოლმე და პრემიერთანაც ვთქვი, რომ არ ვარ „არავისიანი”, არ ვარ გაერთიანებული არც ერთ პარტიაში, არც არავის ნათესავი ვარ და არც ჯგუფელი. ნამდვილად მეამაყება, რომ, თუ ამ ცხოვრებაში რამეს მივაღწიე კარიერული თვალსაზრისით, მივაღწიე ჩემით და არავის ჩემთვის ხელი არ „წაუკრავს”. წლების წინ ჩემი შრომის წიგნაკი გაიხსნა არასამთავრობო ორგანიზაციაში – „კონსტიტუციის 42 მუხლი”, სადაც თავიდან ვიყავი ოფის-მენეჯერი და გულზე მეკიდა ძალიან ბევრი გასაღები, რომლებითაც ვაღებდი ათასგვარ თაროსა და უჯრას, ვპასუხობდი სატელეფონო ზარებს, კარს „დომოფონით” ვაღებდი; პარალელურად, ჩართული ვიყავი იურიდიული კლინიკის პროგრამაში ახალდამთავრებული სტუდენტებისთვის; დავდიოდი პროცესებზე და ვსწავლობდი, როგორ უნდა გავმხდარიყავი იურისტი. ერთი წლის შემდეგ „დავწინაურდი” – გავხდი სამართლებრივი ასისტენტი, შემდგომ კი – იურისტი. მუშაობა მიწევდა სტრატეგიულ საქმეებზე, რომლებიც, მოგების შემთხვევაში, პოზიტიურ გავლენას იქონიებდა კანონმდებლობის შეცვლაზე, მანკიერი პრაქტიკის გამოსწორებაზე. 2006 წლიდან სამუშაოდ გადავედი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.” იმ პერიოდმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ჩემს პროფესიულ ზრდაში. 2009 წელს გავხდი ჩევენინგის სტიპენდიანტი – ეს არის ბრიტანეთის მთავრობის სტიპენდია პოტენციური ლიდერებისთვის. მე წავედი გაერთიანებულ სამეფოში, სადაც გავიარე მაგისტრატურა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სამართალში. დავიწყე სტაჟირება ორგანიზაციაში, რომელსაც ჰქვია „ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ცენტრი.” სტაჟირების პერიოდში მონაწილეობა მივიღე კონკურსში იურისტის ვაკანსიაზე ევროპის პროგრამაში სამხრეთ კავკასიის მიმართულებით, დავრჩი სამუშაოდ გაერთიანებულ სამეფოში, სადაც, საბოლოო ჯამში, სამწელიწად-ნახევარი მომიწია სწავლა და მუშაობა. მქონდა ძალიან საინტერესო შემოთავაზებები, თუმცა, ვეღარ წავიდოდი უფრო დიდ კომპრომისზე – მეუღლე და შვილი თბილისში მყავდა. ჩემი გოგონა მაშინ პატარა იყო. ერთი წლით წასულმა, გადავავადე და გადავავადე აქ ჩამოსვლა. ჩემი ოჯახის წევრებმა იცოდნენ, როგორი მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის საქმე, კარიერა და, ყოველ ჯერზე, როცა ვეუბნებოდი მათ, რომ კვლავ მომიწევდა დარჩენა, ისინი ეგუებოდნენ ჩემს ყოფნას მათგან შორს; თუმცა, ბოლოს, ჩემი მეუღლისა და შვილის „მოთხოვნით” მაინც ჩამოვედი. იმის მიუხედავად, რომ ის დღეს ჩემთვის ყოფილი მეუღლეა და ერთად აღარ ვცხოვრობთ, ჩვენ ვიყავით კოლეგებიც; არაერთი პროფესიული დისკუსიის მიუხედავად, მას კარგად ესმოდა ჩემი.
– თქვენს შრომით ბიოგრაფიაში ერთადერთი სამსახური სახელმწიფო სტრუქტურაში იყო მინისტრის მოადგილის პოსტი სასჯელაღსრულების სისტემაში.
– როცა საქართველოში დავბრუნდი, რამდენიმე თვე ვიმუშავე ევროკავშირის პროექტში სახალხო დამცველის ინსტიტუტის გაძლიერებაზე. მე ვარ ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარს თავისი ცოდნისა და მოქმედების სფეროს გაფართოება, ცხოვრებაშიც მრავალფეროვნების მომხრე ვარ. როცა მივაღწევ განვითარების რაღაც ეტაპს, მიჩნდება იმის შეგრძნება, გავაკეთო უფრო მეტი, სულ მზად ვარ ახალი გამოწვევებისთვის. ასეთი გამოწვევა იყო ჩემთვის მინისტრის მოადგილის პოსტი. ვინც მე კარგად მიცნობს იცის, რომ ჩემთვის არასდროს არ იყო მნიშვნელოვანი რეგალიები და თანამდებობებთან ასოცირებული სარგებელი, უფრო მეტს გეტყვით, სასჯელაღსრულების სამინისტროში ეტიკეტის მიხედვით, ჩესტით მხვდებოდნენ. აღარ ვიცოდი ხოლმე, თვალები სად წამეღო. დილით და საღამოს, ამას კიდევ ვეგუებოდი, მაგრამ დღეში რამდენჯერმე მიწევდა სამსახურიდან გასვლა და ყველა ჯერზე ეს იყო ჩემთვის ტანჯვა და დისკომფორტი, სხვა გასასვლელს ვეძებდი (იცინის). როცა მივიღე შემოთავაზება საჯარო სამსახურიდან, ბევრი ფიქრის შემდეგ, საკუთარ თავს ვუთხარი, ძალიან იოლია იყო არასამთავრობო სექტორში, გაიშვირო ხელი ხელისუფლებისკენ და მიუთითო შეცდომებზე, მაგრამ ალბათ, ძალიან ძნელია იყო მოვლენათა ეპიცენტრში. საკუთარ თავს მოვუწყვე ერთგვარი გამოცდა, წავედი სასჯელაღსრულების სამინისტროში, სადაც ძალიან საინტერესო ერთი წელი გავატარე. უკვე მაქვს საჯარო სივრცეში მუშაობის გამოცდილება და ხშირად ვხუმრობ კიდეც, რომ თუ ადამიანი სასჯელაღსრულების სამინისტროში, მისი სპეციფიკიდან გამომდინარე სირთულეებს გაუძლებს და გადაურჩება, მისთვის არც ერთი სფერო აღარ არის პრობლემა.
– ასე მრავალფეროვანი ცხოვრების მოყვარული, პრემიერის მრჩევლის რანგში ჩარჩოებში არ მოექცევით?
– პროფესიული მიმართულებით აქ ძალიან საინტერესო იქნება მუშაობა. ადამიანის უფლებები და გენდერული თანასწორობა იმდენად მრავალმხრივია, იმდენი პრობლემა არის დაკავშირებული ამ მიმართულებასთან, ვფიქრობ, ბევრი საქმე მექნება, რაც ძალიან მიყვარს. ახლა ვმუშაობ ევროკავშირის პროექტში, რომელსაც, სამუშაოს თვალსაზრისით, ზღაპრული პირობები აქვს; ვამბობ კიდეც, რომ ეს არის ნამდვილი სამოთხე. მაქვს ადამიანური ნორმირებული გრაფიკი; თუ შაბათ-კვირას გვიწევს მუშაობა, ამისთვის გვაქვს დამატებითი ანაზღაურება. ამ ყველაფერს ვცვლი სახელმწიფო სამსახურზე. ხუმრობით ვამბობ მეგობრებთან: არ ვიცი, მაზოხისტი ვარ, თვითგვემისტი, ალტრუისტი, გიჟი თუ გადარეული, მაგრამ, მიმაჩნია, რომ ახლა შემიძლია, პატარა წვლილი შევიტანო იმ საქმეში, სადაც მივდივარ. ვიცი, რომ მომიწევს შეველიო რაღაც-რაღაცეებს და იქნება ჩარჩოები, რომლის ფარგლებშიც უნდა მოვექცე, მაგალითისთვის, ბანალურ თემაზე შევჩერდები: მომიწევს ჩემი ჩაცმულობის მოქცევა „დრეს-კოდის” ფარგლებში; თავისუფლად ვეღარ ვივლი ისეთ ადგილებში, სადაც შემეძლება, ვიცეკვო, არადა, ძალიან მიყვარს ცეკვა. არ მინდა, მერე გაჩნდეს სტატიები სათაურით – „როგორ ერთობა პრემიერ-მინისტრის მრჩეველი” (იცინის). ბავშვობიდან მსახიობობაზე ვოცნებობდი, დავდიოდი ცეკვაზე, სიმღერაზე, ვიღებდი მონაწილეობას სპექტაკლებში, მაგრამ, ჩემი მშობლების, განსაკუთრებით – მამის წყალობით, რომელიც მიეკუთვნება ქართველი მამაკაცების იმ რიცხვს, ვისაც მიაჩნია, რომ მსახიობობა თავისუფალი პროფესიაა და ქალიშვილისთვის არცთუ მაინცდამაინც შესაფერისი, ჩამოვშორდი ჩემს საყვარელ საქმეს და გეზი იურისპრუდენციისკენ ავიღე. მაშინ არ ვიყავი იმ ასაკში, ჩემი უფლებების დაცვაზე მეზრუნა (იცინის). ჩემი ახალი სამსახურისა და მისი რეჟიმიდან გამომდინარე, ალბათ, ცოტა დრო დამრჩება ჩემი ქალიშვილისთვის, რომელიც თინეიჯერობის ასაკშია და ხან ესმის ჩემი, ხან – არა, თუმცა, ჩვენ ვართ კარგი მეგობრები. იქიდან გამომდინარე, რომ 18 წლის ასაკში მეყოლა შვილი, ჩვენ, ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ.
– ორ ქალბატონს ოჯახში გენდერული დისბალანსი არ გაქვთ?
– ამ ეტაპზე გენდერული დისბალანსია, თუმცა, ძალიან ჰარმონიულად ვგრძნობთ თავს და ეს მომენტი ჯერჯერობით არ გვაწუხებს. სახლში ბევრი დრო, პრაქტიკულად, ბავშვობის მერე არ გამიტარებია. თხუთმეტი წელი ვიყავი ქორწინებაში და აქედან მე და ჩემს მეუღლეს ხუთი წელი მაინც გეოგრაფიულად სხვადასხხვა ადგილებში გვიწევდა ყოფნა. ასევე, შორს მყავს ოჯახის სხვა წევრებიც: ჩემი და, ნუნუ, უკვე 16 წელია, ამერიკაში ცხოვრობს და სიენენში ერთადერთი ქართველი ჟურნალისტი და პოლიტიკური პროდიუსერია და ძალიან მეამაყება ეს ამბავი. ნუნუ ამერიკაში გათხოვდა. მახსოვს, როგორ გადავიხადეთ ვაშინგტონში ქართული ქორწილი თბილისიდან წაღებული ქართული საჭმელებითა და ტკბილეულით. ამერიკაში ცხოვრობს ჩემი ძმაც, მას არიზონის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული და პროფესიით ეკონომისტია. ამერიკისკენ ყოველთვის სხვანაირად მიწევს გული. რაც არ უნდა მოკლევადიანი იყოს ჩემი ვიზიტი ამერიკაში, ყოველთვის ვცდილობ, ვნახო ჩემი და და ძმა.
– როგორია კადრს მიღმა თქვენი ცხოვრება?
– ძალიან საინტერესო. მიყვარს ექსტრემალური სპორტი – „სქაი დრაივინგი”, ამ სპორტმა გაერთიანებულ სამეფოში ცხოვრების დროს გამიტაცა. თვითმფრინავით მაღალ სიმაღლეზე ასვლა და იქიდან „ფრენა” ჯერ თავისუფალი ვარდნის რეჟიმში, შემდეგ კი პარაშუტით, ძალიან დიდ ადრენალინთან არის დაკავშირებული. ფაქტობრივად, თავით მოდიხარ ღრუბლებში და ამას ვაკეთებ დიდი სიამოვნებით. წყალში ყვინთვით დავკავდი საბერძნეთში. მიყვარს ტალღებიან ზღვაში ცურვა და შორს გასვლა. წლებია, სპორტულად ვცხოვრობ. მიყვარს მრავალფეროვანება და მრავალფეროვანი ხალხი. იყო ჩემს ცხოვრებაში პერიოდი, როცა გოგონა სკაუტიც ვიყავი, ანუ, კარვის გაშლით დაწყებული, კოცონის გაჩაღებით დამთავრებული, ყველაფერი გავლილი მაქვს. სიცოცხლე ძალიან ხანმოკლეა და, სანამ გული გულობს, უნდა დაკავდე იმ ყველაფრით, რაც ცხოვრებას მრავალფეროვანსა და საინტერესოს გახდის. ექსტრავერტი ვარ, ხანდახან ვიტყვი ხოლმე, ახლა შევეშვები ყველას, დავიჭერ წიგნს და წავიკითხავ-მეთქი, მაგრამ, ცოტა ხანში ადამიანების ძებნას ვიწყებ (იცინის).
– პრემიერმა იცის, ცაში და წყლის ქვეშ მყვინთავი მრჩეველი რომ ჰყავს?
– პირველ შეხვედრაზე ამას ნამდვილად ვერ ვეტყოდი, მაგრამ, როცა ახალ სამსახურში საბუთებს წარვადგენ, შემიძლია წარვადგინო სერტიფიკატიც, რომ წარმატებით გავიარე „ცაში ყვინთვის” კურსი (იცინის).