მადლით გაბრწყინებულები
ანუ „ბნელები“
თუმცა იგი აღარ გვანებივრებს აქტიურ პოლიტიკაში გამოჩენით (ან კი როგორ გაგვანებივრებს, როდესაც „ნაციონალების“ საარჩევნო სიაში არ იყო?!), ხმას მაინც გვაწვდენს იმ დალოცვილი სამყაროს მეშვეობით, ვირტუალური რომ ჰქვია (საერთოდაც, ამ ბოლო დროს ვირტუალური სივრცე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის მეტად მშობლიური გახდა, რაც, შესაძლოა, სიმბოლურიც იყოს – ვირტუალური საქმეები ვირტუალურ სამყაროში ბუნებრივად ეწერება).
ასე და ამგვარად, სულ ბოლოს კულტურის მინისტრი ბ-ნი რურუა თავის აზრს ამჯერად არჩევით დემოკრატიაზე გვიზიარებს და ასკვნის, რომ (მოვიხმობ ციტატას): „მხოლოდ არჩევითი დემოკრატია არ მუშაობს იმ ქვეყნებში, სადაც ამომრჩეველი ბნელია, რადგანაც იგი ირჩევს პოპულისტ მთავრობას, ვინც შემდგომი წარუმატებლობის ფაქტით კიდევ უფრო მეტ დისკრედიტაციას უკეთებს ამ პოლიტიკურ იდეოლოგიას“.
თუმცა მხოლოდ კრიტიკას არ სჯერდება და „ჩიხიდან“ გამოსავალსაც გვთავაზობს: „იმისათვის, რომ არა მხოლოდ საარჩევნო, არამედ ლიბერალური დემოკრატია დაფუძნდეს სახელმწიფოში, საჭიროა განათლებული, შეგნებული, კრიტიკული აზროვნებისა და გამბედაობის პატრონი ამომრჩეველი“.
სამწუხაროდ, ბ-ნი რურუა არ აკონკრეტებს, ამომრჩეველი 2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ „დაბნელდა“ თუ მანამდეც უკუნში იყო, თუმცა, რაკი 2003-დან 2012-მდე მისთვის ამომრჩევლის დონით უკმაყოფილება არ შეგვიტყვია, უნდა ვივარაუდოთ, რომ იმხანად „ბნელ“ ამომრჩეველზე „ნაციონალური“ ხელსიუფლების ნათელი გადადიოდა?!