„წითელი წიგნით“ გადასარჩენები
მაკედონელის დამმარცხებელნი
შესაძლოა, იმიტომ, რომ წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდა, აფხაზეთის ძალოვანი უწყებები მოსახლეობას არწმუნებენ, რფ-სთან გასაფორმებელი ახალი შეთანხმებით „რესპუბლიკის“ შეიარაღებული ძალები, რომლებსაც ჩვენი „პრეზიდენტი“ სარდლობს, დამოუკიდებლობას შეინარჩუნებენო!
ეს ამბავი გასულ კვირას დაწვრილებით გაარჩიეს აფხაზეთის ტელევიზიით. „თავდაცვის მინისტრ“ მერაბ ქიშმარიას განუცხადებია, „თუ რუსეთ-აფხაზეთის ახალი შეთანხმება არ გაითვალისწინებს ახალ გეოპოლიტიკურ რეალიებს, აფხაზეთის უსაფრთხოება, შეიძლება, მყიფე გახდესო (ახლა ხომ, რუსულ ტანკებს თუ გამოაცლი, ისეთი მყარია, მაკედონელის არმია ვერ დაამარცხებს!).“
ცნობისთვის, ეს ის მერაბ ქიშმარიაა, 2008 წლის აგვისტოს ომამდე რომ არწმუნებდა ფართო საზოგადოებას, თუ ქართველები ჭკუით არ იქნებიან, 1993 წლისგან განსხვავებით, აწ უკვე ქუთაისამდე ჩავალთო.
ერთი სიტყვით, თვით აფხაზი ძალოვანებიც კი იფიცებიან (რაკი სკამიც ტკბილია და ფულიც), რომ მხოლოდ ეს ახალი შეთანხმება თუ გადაარჩენს აფხაზეთის „დამოუკიდებლობას“ და, ძნელია, არ დაეთანხმო მათ: „წითელი წიგნისთვის“ აუცილებლად გადარჩებიან.