შეჩვენებული
„ვარ გაკოჭილი მე ევროპელი და ვხარობ ზანგის თავისუფლებით“
გასულ კვირას სრულიად საქართველოსგან დარჩენილი და ინტერნეტთან წვდომის მქონე ქართველი საზოგადოება აღაშფოთა ფაქტმა, რომ ამ ჩვენს დედაქალაქში ერთ-ერთი ავტობუსის მგზავრებს ფერადკანიანი ადამიანი საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან ჩამოუგდიათ, სხვათა შორის, ქართული სინამდვილისთვის მეტად უცნაური მოტივით – ებოლის შიშით (პირადად მე სწორედ ამ მოტივმა დამაეჭვა ინფოს სიზუსტეში).
ეს ფრიად აღმაშფოთებელი (მართლაც რომ მომხდარიყო) ფაქტი საზოგადოებას მწერლად წოდებულმა („წოდებულმა“, ვინაიდან, პირადად მე მწერლად მიხეილ ჯავახიშვილს ვაღიარებ), ვინმე ლელა კედელაშვილმა აუწყა სოციალური ქსელით. მეტიც, ისიც კი აღწერა, რომ ფერადკანიანს ერთი წიხლი თვით ავტობუსის მძღოლმაც კი უთავაზა. მისი სტატუსი უმალ თარგმნა ჩვენმა თანამემამულე ნია ხუბუნაიამ (ვინმე ბესლან კმუზოვის მეუღლემ), ხოლო „თავისუფალი ზონის“ რუსულმა ვერსიამ მსწრაფლ გაავრცელა აწ უკვე სრულიად სოციალურ ქსელში.
ხოლო, ვიდრე აწ უკვე სოციალური ქსელების რუსულენოვანი ნაწილიც აღშფოთებული განიხილავდა ქართველთა ქსენოფობიასა და არაადამიანობას, გაირკვა, რომ ქ-ნი კედელაშვილი არანაირ ფაქტს არ შესწრებია და მხოლოდ ასფალტზე მწოლიარე სახეგასისხლიანებული ფერადკანიანი ყმაწვილი ნახა (ოღონდ, ადგილს ზუსტად ვერ იხსენებს), თუმცა, მომხდარს საკუთარი შთაბეჭდილებიანობით ხსნის (ანუ მოეჩვენა?!). ხოლო, თუ გავიხსენებთ, რა გაგრძელება მოჰყვა ქ-ნი კედელაშვილის მოჩვენებებს, უმორჩილესი თხოვნა იქნება, აწი, თუ კიდევ მოგეჩვენებათ (თუ პირჯვარს არ სწყალობთ), ავისმოსურნეთათვის სასურველი სტატუსების გამოცხობამდე, იქნებ სამჯერ მაინც გადააფურთხოთ ავი სულების დასაფრთხობად?!