ნინი და დიმიტრი დუმბაძეების პირველი საერთაშორისო წარმატება და გამოფენა მალტაზე
ამ ბავშვებმა მსოფლიო უკვე აალაპარაკეს. ნინი და დიმიტრი დუმბაძეებმა თავიანთი მხატვრული ნამუშევრების პირველი საერთაშორისო პერსონალური ჩვენება-გამოფენა კუნძულ მალტაზე 19 ოქტომბერს გამართეს და იქ მისული სტუმრები გააოცეს მრავალმხრივი ნიჭითა და მაღალპროფესიონალური ოსტატობით. ყველაფერმა კი ღონისძიებაზე მისული მთავრობის წევრები და მხატვრები აღაფრთოვანა, ხოლო ნიჭიერმა და-ძმამ, ნინიმ და დიმიტრიმ, ფონდის მოწვევით შვეიცარიისა და ლონდონის საერთაშორისო გამოფენებზე მიპატიჟება ოფიციალურად უკვე მიიღეს. ისინი ხატვისა და მუსიკის დარგში თბილისის მერიის სტიპენდიანტებიც არიან.
დიმიტრი დუმბაძეს ჩვენი მკითხველი უკვე იცნობს, როგორც 10 წლის ნიჭიერ მხატვარს, რომელმაც თბილისში უკვე რამდენიმე პერსონალური გამოფენა მოაწყო, თუმცა და-ძმა ამჯერად კომპანია VIPR-ისა (მალტის წარმომადგენლობა საქართველოში, დირექტორი ირინა ცერცვაძე) და მალტაზე ქართული კულტურის ცენტრის EuroGeorgia Malta-ს (დამფუძნებლები: მაკა ლაშხი, ირინა ცერცვაძე და ბექა თოფურია) მიწვევით, ერთობლივი გამოფენით წარდგა უცხოელი დამთვალიერებლის წინაშე. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ამ ნიჭიერი ბავშვების გამოფენის საქველმოქმედო მისია. გაყიდული ტილოების შემოსავალი პატარებმა ონკოლოგიურად დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გადარიცხეს.
ნინი დუმბაძე: ეს ჩვენი პირველი საერთაშორისო გამოფენა იყო კუნძულ მალტაზე, სასტუმრო „არტ ჰოტელ კავალიეში”. საერთოდ, კუნძულ მალტაზე პირველად მოეწყო ქართველი ბავშვების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა. მე ვსწავლობ თეატრალურ სტუდია „ეტცეტერაში”, ჩვენი დასი მიდიოდა კუნძულ მალტაზე და ჩვენმა რეჟისორმა, მარიამ ჯოლოგუამ, გამოფენის გაკეთებაც შემოგთავაზა. გავგზავნეთ ჩემი და ჩემი ძმის ნამუშევრები, ძალიან მოეწონათ და მივიღეთ მოწვევა. მალტაზე, ასევე, ჩატარდა „იუნესკოს” დღეები და იქ ვითამაშეთ ნაწყვეტი სპექტაკლიდან. მალტის პრეზიდენტი, Marie-Louise Coleiro Preca, აღფრთოვანებული იყო ჩვენი სპექტაკლითა და ნამუშევრებით. მან ჩემთან და დიმიტრისთან ერთად სურათები გადაიღო და პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზეც ატვირთა. გამოფენის პარალელურად, მე და ჩემმა ძმამ ფორტეპიანოზე ოთხ ხელში შევასრულეთ ქართული მუსიკალური ნაწარმოები – „ლალე.” ჩვენი ნამუშევრები ტილოზე ზეთით იყო შესრულებული და ყველას ძალიან მოეწონა. ღონისძიებაზე უამრავი სტუმარი იყო: მალტის საკმაოდ ცნობილი მხატვრები, ხელოვნების სკოლის დირექტორი, უნივერსიტეტის პროფესორები. არ მიყვარს საკუთარ თავზე ამას რომ ვამბობ, მაგრამ, ყველას უკვირდა, რომ ჩვენ ვხატავთ, ვუკრავთ და სპექტაკლშიც ვმონაწილეობთ. გვეუბნებოდნენ, ასე მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ბავშვები არ გვინახავსო. ჩვენი 11 ნახატი გაიყიდა და, ეს თანხა, 405 ევრო, სწორედ პატარების ფონდში – Puttinu Cares-ში ჩავრიცხეთ. 11 გაყიდული ნახატიდან ჩემი ერთი ნახატი – „ბროწეულები,” „ეტცეტერას” თეატრის დასმა შეიძინა და ძალიან გამიხარდა. აღნიშნული ღონისძიებები კომპანია „ვიპიარისა” და, მათი ხელმძღვანელების: ირინა ცერცვაძის, მაკა ლაშხისა და ბექა თოფურიას მიერ ორგანიზებული მალტაზე კულტურის დღეების ეგიდით ჩატარდა და მათ მოგვცეს შანსი, ჩვენი ნამუშევრებიც გაგვეტანა. ამასთან ერთად, გვინდა, დიდი მადლობა გადავუხადოთ მარიამ ჯოლოგუას, ასევე, აპოლონ კუბლაშვილსა და მზექალა ბერძენიშვილს, რომლებიც გვასწავლიან მუსიკასა და ხატვას. მომავალში, როცა გავიზრდები, მინდა, ჩემი ბიზნესი მქონდეს, თუმცა, ხატვას თავს არ დავანებებ, ჩემს გამოფენებს საქველმოქმედო მიზნით გავმართავ და ამ თანხით გაჭირვებულებს დავეხმარები.
დიმიტრი დუმბაძე: ეს ჩვენი პირველი გამოფენა იყო უცხოეთში და ცოტა ვღელავდით, თუმცა, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. გამოფენას ვუწოდეთ Kids for healthy world. ადგილობრივი მედიის ყურადღების ცენტრშიც მოვექეცით და ჩვენი ნამუშევრებიც ყველამ მოიწონა. განსაკუთრებით მოეწონათ ჩემი სერიული ნამუშევარი – „ზამთრის მოლოდინი” და „ შვეიცარია” და კარგადაც გაიყიდა. სამომავლოდაც ვფიქრობთ, რომ ჩვენი ნახატები მსოფლიოს ვაჩვენოთ და სხვა ქვეყნებშიც ვგეგმავთ პერსონალურ გამოფენებს. ჩემი მიზანი კომერციული არაა, მინდა, ჩემი ნახატებით დამთვალიერებელს სიამოვნება მოვგვარო, მიღებული შემოსავლით კი ავადმყოფ ბავშვებს დავეხმარო.
ნინი და დიმიტრი დუმბაძეები მომავალშიც აპირებენ მსგავსი ტიპის საერთაშორისო დონის გამოფენებში მონაწილეობას. სავარაუდოდ, ისინი მალე ციურიჰს ეწვევიან. მკითხველს კიდევ ბევრჯერ მოუწევს ამ ნიჭიერი ბავშვების წარმატებების წაკითხვა, ქართველებს კი – მათი მსოფლიო წარმატებებით თავის მოწონება.