შემწვარი ქათამი გოგრით – ვაჟა მანიასგან
ძალიან მიყვარს ხორციანი კერძებით დანაყრება, მაგრამ, წონაზეც ვფიქრობ და ამის გამო თავს ვიკავებ ხოლმე. თუმცა, გემრიელად მომზადებული კერძის დანახვისას, ყველაფერი მავიწყდება და ერთი სული მაქვს, როდის მივირთმევ. შემწვარი ქათამი შემოდგომის ბოსტნეულით – მსუბუქი და გემრიელი კერძია და ვიზუალურადაც ორიგინალურად გამოიყურება.
საჭირო ინგრედიენტები: 700 გრამი გოგრა, 1 ძირი პრასი, 2 ძირი ნიახური, 2 თავი წითელი ხახვი, 600 გრამი კარტოფილი, 1 ქათამი, 100 მილილიტრი ზეთი, 2 სადილის კოვზი პაპრიკა, 1 კონა კამა, მარილი და წიწაკა – გემოვნებით.
მომზადების წესი: გოგრის რბილობი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად, ნიახური და პრასი – მსხვილად. კარტოფილი – კუბიკებად, ხოლო ხახვი – სიგრძეზე, თხელ ნაჭრებად. ქათამი გაასუფთავეთ, გარეცხეთ და შეამშრალეთ. ზეთში აურიეთ მარილი და პაპრიკა, ნახევარი ბოსტნეულს მოასხით, ნახევარი კი ქათამს წაუსვით და ასე გააჩერეთ 30 წუთის განმავლობაში. ბოსტნეული და ქათამი გადაიტანეთ საცხობ ფორმაზე, გადააფარეთ ფოლგა და 45 წუთის განმავლობაში 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შეწვით. მზა კერძს ზემოდან მოაყარეთ დაჭრილი კამა.