ცნობილ ადამიანთა ენამახვილური გამონათქვამები
იმერეთის უკანასკნელი მეფის, სოლომონის სრა-სასახლეში მეჯლისია თურმე ყველიერში და მრავლად თავადნი და აზნაურნი ნადიმობენ. მონადიმეთა შორის ერთი მეფის მიერ შეწყნარებული ერისთავთაგანიც ერია. დანარჩენ ერისთავებს მეფე სასტიკად სდევნიდა თურმე.
– გაუბე ყველიერის თავი არ ვარგაო, – მოახსენა თურმე მეფეს ზმა „ყველიერ“-ზედ ერთმა მონადიმეთაგანმა.
– მეფევ, ბრიყვად მეტ ყ ვ ე ლ ი ერი მეტს ვერას მოგახსენებსო, – სტყორცნა თურმე ზმაზედ ზმა ერისთავმა.
***
განთქმულია:
ამაშუკელის ფართი-ფურთი,
გოცირიძის ხმალი,
ყაფლანიანთ კაბა,
ციციაანთ სუფრა,
წერეთლის წვადი,
თარხნიანთ წყალობა,
ჯავახიანთ გალობა,
ოთოთაანთ ქორი,
გაბაშვილის საათი,
სააკაძის ცხენი,
კლდიაშვილის ლობიო.
***
ბერმა მაჭუტაძემ და ერთმა თავადის-შვილმა ქუთაისის გიმნაზიისკენ გაიარეს. თავადიშვილმა თავმოწონებით უთხრა ბერს:
– მე ამ გიმნაზიაში ვსწავლობდიო.
ბერი ატყობდა თავადიშვილს, რომ ვერაფერი ნასწავლი იყო, მივარდა კედელს და ქვით ცემა დაუწყო:
– ბარემ დაიქეცი, თუ ამაზედ უკეთესის გაზრდა არ იციო.
***
თავად ალექსანდრე თ-ს შეხვდა თავისი დაუძინებელი მტერი, ბეჟან ...შვილი და მოიკითხა:
– როგორ ბრძანდები, ბატონო ალექსანდრეო?
– ეჰ, ბეჟან! არც ისე ვარ, როგორც მე მინდა და, არც კი ისე, როგორც შენ გინდაო, – მიუგო ალექსანდრემ.