კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აღარ ვართ ქართველები ჩვენი წინაპრების ცხოვრების წესის გამგრძელებლები და რა შანსები აქვს დღეს კიდევ შერჩენილი ქართველ ერს

საქართველოს ძალიან უჭირს და მას სულიერი განმანათლებელი სჭირდება... შეიძლება, გვგონია, რომ საქმე არც ისე ცუდად არის ან პირიქით, სიტუაციას ზედმეტად მუქ ფერებში ვხატავთ, მაგრამ ფაქტია, რომ ვერ შევდექით, როგორც სახელმწიფო და – საზოგადოებაც. ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე ქართველობას პოლიტიკურ ჭრილშიც განიხილავს და რეალობაზე შეულამაზებლად საუბრობს.

 

მამუკა არეშიძე: ძალიან საინტერესო თემაა – ეროვნება ქართველი. დავიწყებ იმით, რომ განსაკუთრებულობის ელემენტები ყველა ერშია და მათ შორის ქართველებშიც. ჩვენ ვყალიბდებოდით საუკუნეების განმავლობაში, თავიც მოვიტანეთ ამ დღემდე. რაში გამოიხატება ქართველი ერის განსაკუთრებულობა და თავისებურება, ეს ცალკე საუბრის თემაა და შეიძლება, მთელი დღეც არ გვეყოს ამაზე სასაუბროდ.

– მე მაინტერესებს, ჩვენ, ანუ ქართველები, ხომ არ ჩავრჩით ამ ჩვენი განსაკუთრებულობის ხიბლში და ხომ არ გვიშლის ეს ხელს, თუნდაც განვითარებაში. ანუ, გვიქმნის თუ არა პრობლემებს დღეს? საუბარია განსაკუთრებულობის განსაკუთრებულ აღქმაში – ამაშია საქმე. ხომ არ გვაქვს ისეთი თვისებები, რომლებიც ხიბლში გვაგდებს და იმაზე მეტ წარმოდგენას გვიქმნის საკუთარ თავზე, ვიდრე ვართ სინამდვილეში?   

– დიახ, ხშირ შემთხვევაში, ნამდვილად ასეა. ამის დასამტკიცებლად გამოდგება ისეთი ქართული გამონათქვამები, როგორებიცაა: „კუდი ყავარზე აქვს გადებული“, „მე ვარ და ჩემი ნაბადი“, „რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ“ და ასე შემდეგ. ამ ტიპის გამონათქვამები, არის ერთგვარი ჩარჩო, რომელშიც ადამიანი ექცევა და იქმნის ბარიერს. ყველა არ არის ასე, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენი ერის საერთო თვისებაა ის, რომ თავი სამყაროს ჭიპად მიაჩნდეს. ეს, ერთი მხრივ, ხომ უზარმაზარი ნაკლია, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენნაირი პატარა ერებისთვის თავის გადარჩენის საშუალებაც გახლავთ. ამით ხდება გარკვეული კონსოლიდაცია ერის შიგნით. ინსტინქტურად ვართ ორიენტირებულები გადარჩენაზე. 

– რომელი სტერეოტიპებია ყველაზე ცუდი, რომელმაც, შესაძლოა, ქართველი ერი პროგრესის გზაზე დააბრკოლოს?

– ქართველობა არის ყველაფერი ერთად, რაც საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა და მათ შორის, აზროვნებაც. სწორედ ეს არის მთავარი. ხშირ შემთხვევაში „ქართველობას გვართმევენ“ – არის ლოზუნგი და არა ფიქრის შედეგად გამოთქმული გულისტკივილი. იმიტომ რომ, მის უკან არაფერი დგას. ემოციაც კი, ხშირ შემთხვევაში, ხელოვნურია. სამწუხაროდ, ამ ლოზუნგმა – „ქართველობას გვართმევენ,“ – ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში ძალიან ბევრი ცუდი მოგვიტანა. ბევრ რამეში წავაგეთ. რაღაც მომენტში ჩვენში ეროვნული მოძრაობა გადაიქცა ფსევდო-ეროვნულ მოძრაობად. ამან განაპირობა ძირითადად ის უბედურება, რაც მაშინ თავს დაგვატყდა. 

– ხომ არ იყენებს ჩვენი მტერი ჩვენს გადაჭარბებულ ემოციურობას?

– ყოველთვის იყენებდა მტერი ამას და ახლაც იყენებს, მაგრამ ჩვენც ძალიან გვიშლის ხელს ურთიერთობებში. ხშირად არ ვიცით, რა დგას ჩვენივე ტრადიციის უკან. ან იმას ვარქმევთ ტრადიციას, რაც რეალურად, ტრადიცია არ არის. ჩვენ ისიც კი არ ვიცით, როგორია ჩვენი ყბადაღებული „სუფრის წესის“ ტრადიცია. ქელეხიც კი, ძველ საქართველოში სულ სხვანაირი იყო. დღეს მას ფსევდო-ტრადიციის ფორმა მიეცა და მივეცით. აბსოლუტურად არ გამოხატავს შინაარსს. უგონოდ და უაზროდ სმა ქართულ სუფრაზე, არ არის ჩვენი ტრადიცია. ეს არის მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნიდან გადმოღებული შეჯიბრების წესი, რომლითაც ვცდილობდით ჩვენი განსაკუთრებულობის დამტკიცებას მტერთან თუ მოყვარესთან. სუფრაზე ვეჯიბრებოდით იმპერიის მაღალჩინოსან მოხელეებს. რუსეთის იმპერიას ვგულისხმობ, რა თქმა უნდა. რომ გადახედოთ ჩვენი ისტორიის ქრონიკებს, იქ არსად წერია, რომ ტიკებით სვამდა ქართველი ღვინოს. გულბაათ ჭავჭავაძის ფენომენი არის მეცხრამეტე საუკუნის და არა ჭეშმარიტად ქართული ტრადიცია. ამით იმისი თქმა მინდა, რომ ხშირ შემთხვევაში, ფსევდო-ტრადიცია აღქმულია ძირძველ ქართულ ტრადიციად და ქართველობის იდენტურობის გამოვლინებად. ეს არის ტყუილი და მიზეზი არის ერში განათლების დეფიციტი. საბჭოთა კავშირის დროს ცდილობდნენ კიდეც, რომ ამ ტიპის განათლება არ მიეღო ახალგაზრდობას. არც დღეს ჰყავს, სამწუხაროდ, ამას პატრონი, რომ ჩვენმა ახალგაზრდობამ იცოდეს, რა არის ჭეშმარიტად ქართული ტრადიცია და რა ფსევდო-ქართველობა. რეალურად, ჩვენ აღარ ვართ ჩვენი წინაპრების ცხოვრების წესის გამგრძელებლები. ეს ყველაფერი არის დეკორაცია და ტყუილი. თუმცა, რაღაც ტრადიციული ურთიერთობები ჯერ კიდევ შემოგვრჩა. სხვათა შორის, ძალიან ბევრი ის თვისება, რომლითაც თავი მოგვწონს – მაგალითად, ყურადღება და პატივისცემა სტუმრის მიმართ, სითბო, გულითადობა გამომდინარეობს ჩვენი სამხრეთულობიდან და ტყუილად გვგონია, რომ მარტო ჩვენთვის არის დამახასიათებელი. ამ რეგიონის სხვა ხალხებიც ასევე გამოირჩევიან ამ თვისებებით, რომლებიც ჩრდილოეთში დაკარგულია. 

– ფსევდო-ტრადიციების დევნაში ხომ არ გადავიქცევით ფსევდო-ქართველებად?

– ჩვენ დიდი ხანია, ფსევდო-ქართველებად ვართ ქცეულნი, თუ საკითხს ასე მივუდგებით. მაგრამ, ავად თუ კარგად, აქამდე ხომ მოვიტანეთ თავი. ეს მარტო იმის გამო არ მომხდარა, რომ ჩვენი წინაპრები კარგად იბრძოდნენ და ამით გადაირჩინეს თავი. ჩვენი ისტორია სავსეა ბრძოლებში ქართველთა დამარცხების მაგალითებით. კიდევ უფრო ბევრია ორგულობის, ღალატისა და გაუტანლობის მაგალითი. ქართველი ერი გადაარჩინა მისმა უზარმაზარმა კულტურამ. ბიზანტიას რა, ნაკლები კულტურა ჰქონდაო, მკითხავთ. გეთანხმებით, მაგრამ როგორც კი ბიზანტიისთვის მთავარი გახდა პოლიტიკური ინტრიგა და უკანა პლანზე გადავიდა მათი კულტურა და სულიერება, მაშინვე დაიშალა იმპერია. რელიგიების კულტურაზე მაქვს ლაპარაკი, რომელშიც ძალიან ბევრი კომპონენტი შედის და განმსაზღვრელია ერის სულიერებისა, მისი გადარჩენისთვის არის აუცილებელი. ეს ძალიან კარგად ესმოდა ილია ჭავჭავაძეს. ის ხედავდა ქართველების ცუდ თვისებებსაც. ეს არის უაზრო ამბიცია, ხშირ შემთხვევაში, გაუტანლობა და პროვინციალიზმი. სხვათა შორის, ბევრი რამ არის ხელისუფლების ხელში. მას შეუძლია, ბრბო აქციოს საზოგადოებად და პირიქით.  დღეს ეს საკითხი აბსოლუტურად მიტოვებულია. არც ხალხის ბრბოდ გადაქცევაზე ზრუნავს ვინმე და არც მათ საზოგადოებად ჩამოყალიბებაზე. ეს კიდევ მეორე უკიდურესობაა. ჩვენი მთავარი პრობლემა არის ის, რომ აღარ გვყავს განმანათლებლები. ამიტომ აღარ დგას განათლება და კულტურა ჩვენთან მაღალ დონეზე და შესაბამისად, აღარც სულიერება. ძალიან მძიმე მდგომარეობაა. რატომ გახდა ილია ჭავჭავაძე ყველა ქართველისთვის საფიცარი?! – იმიტომ, რომ ის იყო უდიდესი განმანათლებელი, რომელიც ცდილობდა და მოახერხა კიდეც, რომ შეექმნა ქართული სალიტერატურო ენა და ამ ენის ირგვლივ ქართველების კონსოლიდაცია. ვინმემ რომ გააცნობიეროს, რა მდგომარეობაში იყო ქართველი ერი მეცხრამეტე საუკუნის შუა წლებში და რა მემკვიდრეობა მიიღეს ილია ჭავჭავაძემ და მისმა თანამოაზრეებმა, შეიძლება, თმები ყალყზე დაუდგეს. ეს იყო აბსოლუტურად დაშლილი და დაქსაქსული ადამიანები, ყოველგვარი ეროვნულობის გარეშე, რომლებიც თავიანთი კუთხურობით ცხოვრობდნენ და აზროვნებდნენ. ილიამ შეძლო მათი გაერთიანება. ამიტომაც დაინახეს მასში თავიანთი გეგმების განხორციელების სერიოზული საფრთხე სოციალ-დემოკრატებმა და მოკლეს. ილია ჭავჭავაძე მიუღებელი იყო მათთვის თავისი ეროვნულობით. პირველი ეროვნული მოძრაობა საქართველოში ილია ჭავჭავაძემ შექმნა. შექმნა და მოიგო. თვითონ კი შეეწირა, მაგრამ მოიგო. ამაშია მისი გენიალურობა და დღემდე მისი მემკვიდრეობით ვარსებობთ. მეშინია, რომ არსებულ რესურსს ვერ გამოვიყენებთ. ჯერ კიდევ გვაქვს შანსი სიტუაცია უკეთესობისკენ შევცვალოთ.

 

скачать dle 11.3