კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაადო ტაბუ პირად ცხოვრებას ნუკი კოშკელიშვილმა და როდის არ ჰქონდა მას ცხოვრების არანაირი სურვილი

მიუხედავად იმისა, რომ ნუკი კოშკელიშვილს მთელი ზაფხულის განმავლობაში მარჯვენა ფეხზე თაბაშირი ედო, წელიწადის ყველაზე ცხელი სეზონი მაინც აქტიურად გაატარა. თუმცა, ახლა უკვე კარგად არის, თაბაშირიც მოიხსნა და აქტიურად შეუდგა როგორც ძველ, ასევე, ახალ გადაცემებზე მუშაობას. 

 

ნუკი კოშკელიშვილი: ასე თუ გავაგრძელე, ალბათ, მომავალ წელს კისერსაც მოვიტეხ. მგონი, ნელ-ნელა ვბერდები და დროა მოვიქცე ისე, როგორც ზრდასრული ადამიანები იქცევიან. ბოლოს, როცა ჩემმა 11 წლის დამ მითხრა: ნუკი, აღარ გინდა, რომ მოისვენო და გაიზარდოო? მივხვდი: ცუდ დღეში ვარ. 

– მშობლებიც, ალბათ, უკვე შეეგუენ შენს ხიფათიან თავგადასავლებს. 

– მშობლები შეეჩვივნენ იმას, რომ ხიფათიანი ვარ. თან, ისეთი არაფერი გამიკეთებია. მოვდიოდი ჩვეულებრივ და უბრალოდ, ქვაფენილში ჩამივარდა ფეხი. გავიხადე ფეხსაცმელი და გავიქეცი. ვიცეკვე, გავერთე და მერე უცებ მივხვდი, რომ ფეხის ზომა აღწევდა ჩემივე თავის ქალის ზომას, უფრო მეტიც იყო. თურმე, ტერფის ძვალი მქონია მოტეხილი და ძვალი გვერდზე გასული. ექიმმა მითხრა: რა ცეკვა, მთელი ზაფხული უნდა იწვეო. თაბაშირი დამადო: თუ არ დაიდებ თაბაშირს, კოჭლი დარჩებიო. რა თქმა უნდა, წოლით რეჟიმს გვერდი ავუარე და ყველაფერს ვახერხებდი. რომ ამბობენ: შეეგუებიო, მე ვერ შევეგუე და არც მინდა, შევეგუო. ორივე ფეხი მჭირდებოდა. თუმცა, სამსახურშიც დროულად გავედი, ზღვაზეც დავისვენე. არ ვცურავდი, მაგრამ ვირუჯებოდი, შემდეგ სადმე მივდიოდი ცალი ფეხით საცეკვაოდ. მგონი, ცოტა „ფრიკიანი იდიოტი“ ვგონივარ სრულიად საქართველოს, რადგან არაადეკვატური მოვლენა იყო: ცალი ფეხით სიარული და ცეკვა. ყველაზე ცუდი ის არის, ადრე თუ „ამინდი.ჯი-ს“ ვენდობოდი, ახლა საკუთარ ფეხს ვენდობი. ოდნავ ტკივილი და უკვე ელვას ვხედავ ცაზე. მოსიარულე ამინდის პროგნოზი ვარ. თან, იცი, როგორი სიზუსტით ვამბობ: ცვალებადი მოღრუბლულობა, ელვა – ყველაფერი ტკივილის დონეზეა დამოკიდებული. 

– გარდა იმისა, რომ წამყვანი ხარ, უკვე რამდენიმე ფილმშიც ითამაშე. 

– ძალიან მომწონს „კომედის“ განწყობა, თან, პროფესიონალები არიან. მსიამოვნებს მათთან მუშაობა. თან, ყოველთვის მათამაშებენ ჩემგან აბსოლუტურად განსხვავებულ ტიპაჟს, რაც ჩემთვის საინტერესოა. ხან პანკი ვარ, ხან წარმოუდგენლად გადაპრანჭული გოგო – არც ერთი არ ვარ, ამიტომ მსიამოვნებს, როდესაც მაძლევენ იმის საშუალებას, საკუთარი თავი სხვადასხვა რაღაცაში გამოვცადო. თავს არასდროს ვეუბნები, რომ ვერ შევძლებ, რადგან ყველაფერს შევძლებ. წარმატებულმა ადამიანმა, არ აქვს ამას მნიშვნელობა, რაშია წარმატებული – საქმეში, პირადში თუ სახლში, არ უნდა თქვას: ვერ, ან არ შემიძლია. სინამდვილეში, ყველაფერი შესაძლებელია. საკუთარ თავს არასდროს მივცემ იმის უფლებას, რომ ვთქვა: „ვერა”. ბავშვობიდან ასე ვიყავი: არ და ვერ – არ არსებობს ჩემთვის. ახლა ვიღაცამ რომ მითხრას: მეხანძრეობა უნდა დაიწყოო, ხომ ხვდებით, რომ ცუდი მეხანძრე ვიქნები. მაგრამ, თავს დავაკლავ და ვეცდები, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოყენებით კარგი მეხანძრე გავხდე. „არას“ არ ვიტყვი, ბოლომდე გავაკეთებ.

– საქმის გზაზე მიტოვება გჩვევია?

– მობეზრება ვიცი. მაგალითად, ხვალ გადავწვეტ, რომ უნდა დავლიო ალოეს წვენი. მაგრამ, ზუსტად 3-4 დღეში შეიძლება, მომბეზრდეს და გადავაგდო. თუმცა, ხვალიდან რომ ახალი გადაცემა დავიწყო და ორ კვირაში თავი დავანებო – ასეთი რამ არ არსებობს. ანუ, პასუხისმგებლობის გრძნობაა ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი. შეიძლება, რაღაცეების მეშინოდეს, მაგრამ თავს არ ვაძლევ იმის უფლებას, შემეშინდეს: ბოლომდე, ბოლომდე და ბოლომდე... 

– გარისკვაც გიყვარს.

– რისკიანი ვარ. თუმცა, თვითმფრინავში რომ ვჯდები, მიუხედავად იმისა, ვიცი, უსაფრთხოა, იმდენად რისკიანიც არ ვარ, არ შემეშინდეს.  მირჩევნია, არ ჩავჯდე თვითმფრინავში და საერთოდ არ წავიდე არსად. ვინმემ რომ მითხრას, პარაშუტიდან გადმოხტიო, ვეტყვი: მიდი, ცივი წყალი დალიე, არ გადმოვხტები-მეთქი. მაგრამ თუ მიდი, იდაივინგე, წყალში ჩადი 9 კილომეტრის სიღრმეზე ჟანგბადის გარეშეო, აუცილებლად ვცდი. მარტივად „ასაგდები“ ვარ. რომ მეუბნები: აი, შენ, ვერაფრით ადგები და ვერ დახტები მეორე ფეხზეო, ვიტყვი: ხომ იცი, არ შემიძლია-მეთქი. შენ მეტყვი: ვიცოდი, ამას, რომ მოიმიზეზებდიო და აი, იქ მეკეტება ტვინი და ვიწყებ ხტუნვას. კიდევ კარგი, ისეთ საზოგადოებაში ვტრიალებ, ისეთ რაღაცას არ მთხოვენ, რაც მომკლავს, თორემ მარტივად „ასაგდები“ ვარ. 

– რის მიმართ გაქვს განსაკუთრებული შიში?

– ბოლო სამი წელია, სიმაღლის შიში დამეწყო. სამი წლის წინ მოვფრინავდი თვითფრინავით და ტურბულენტულ ზონაში მოვყევით. თვითმფრინავმა ისეთები გააკეთა, ფილმებშიც არ მაქვს ნანახი. ყველა ხომ მოვკვდით ერთიანად, ვინც თვითმფრინავში ვისხედით და მერე გავცოცხლდით. შემდეგი ჩაჯდომისას მივხვდი, რომ მეშინოდა: გავცივდი, გავთეთრდი, მთელი გზა ვინერვიულე, არსად აღარ მინდოდა გაფრენა. ამის მერე სერიოზული შიში მაქვს. მანამდე პარაშუტითაც გადმოვმხტარვარ და არანაირი შიში არ მქონია, მაგრამ ცოტა ხნის წინ ზღვაზე პარაშუტით გავფრინდი და მეგონა, მოვკვდებოდი. ცხოვრების არანაირი სურვილი აღარ მქონდა. ეტყობა, ასაკთან ერთად შიშებიც მემატება. ალბათ, 60 წლის რომ ვიქნები, ჩავიკეტები ჩემთვის მოხუცებულთა თავშესაფარში, ჟანგბადის ნიღაბს გავიკეთებ და ვისუნთქებ. თან, დამარინადებულ სიმინდის მარცვლებს შევჭამ. ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა, ასეთი არასდროს ვიქნები. 

– სიბერეს რაღაც ხშირად ახსენებ. 

– ძალიან დიდი პროვინციალიზმია, როცა ადამიანები ტვინს ჭამენ: ვაიმე, ასაკი, ნაოჭები. ეს არის საშინელება. მიმაჩნია, რომ უნდა მოირგო ის ასაკი, რამდენისაც ხარ და საერთოდ, ადამიანი იმდენის არის, რამდენისადაც თავს მიიჩნევს. ასაკი შენს შინაგან განწყობაზეა დამოკიდებული. რომ ამბობენ: ჩემი ახალგაზრდობა დამაბრუნებინაო – გინდა, რომ მთელ სახეზე „აკნე“ გქონდეს და მუდმივად ჯინსები გეცვას?  წარმოიდგინე, რომ მთელი ცხოვრება 20 წლის ხარ, დადიხარ ჯინსებში და რომ მოგინდეს ბეწვი, ფანტასტიკური ქურქი ან  „დამა“, ლამაზი კაბის ჩაცმა – ხომ სასაცილო იქნები 20 წლის გოგო? მოდი, შევირგოთ ის ასაკი, რაც გვაქვს და მოვიხდინოთ როგორც ლამაზი კაბა, ამ დღეს რომ უხდება.

– როდის იყო შენს ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი?

– არ მქონია მე რთული პერიოდი. რომ ამბობენ: ჩემში გარდატეხა მოხდა, მონასტერში რომ წავედიო ან სხვა – ასეთი რაღაცეები ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა. იმიტომ კი არა, რომ გაჭირვება, პრობლემები, ან ავადმყოფობა არ მქონია. ყველაფერიც მქონდა, მაგრამ ამას არ მივიჩნევ რთულ პერიოდად. ეს ერთ-ერთი ეტაპია ცხოვრებაში და უნდა გადალახო, თან, ოპტიმისტურად. ზოგჯერ, ასეთ დროს საჭირო და სწორი გამოსავალია, პრობლემა თავის დინებაზე მიუშვა. ყოველ შემთხვევაში, დეპრესიული არ ვარ და არც ერთ ეტაპს, რაც კი უარყოფითი ყოფილა, არ ვებღაუჭები.

– როგორ არის ბენი? 

– გადავწყვიტე, ახალი სეზონი დავიწყო იმით, რომ აღარ ვისაუბრო პირად თემებზე. ძალიან ბევრი ვილაპარაკე და მინდა, ინტრიგად დავტოვო: იქნებ და... იმდენი ვიძახე: ხალხნო, ისაუბრეთ პირად ცხოვრებაზე-მეთქი, რომ ბოლოს მარტო მე ვყრანტალებდი. ისე გამოვიდა, რომ ყველამ იცოდა ჩემი ცხოვრების პატარა დეტალებიც კი  და ეს აღარ მომეწონა. ამიტომ, აღარ ვსაუბრობ. თუმცა, არ ვიცი, რამდენ ხანს გავქაჩავ. ვფიქრობდი: როცა ცნობილი ადამიანი ხარ, უნამუსობაა, არ მოყვე შენს პირად ცხოვრებაზე-მეთქი. მაგრამ, უკვე იმდენი მოვყევი, შემიძლია, ათი წელი ამაზე აღარ ვისაუბრო. ისიც არ ვიცი, მე და ბენი საერთოდ ვართ თუ არა კიდევ ერთად – აი, როგორი ინტრიგაა. 

– კარგად თუ გაქვს ყველაფერი – ეს მაინც მითხარი. 

– ტაბუდადებული თემაა. გადავწყვიტე, ცოტა შევიცვალო. ისე რატომ გადაეკიდეთ ამ ბენს? იქნებ და, საერთოდ, ვიღაც გიორგია ახალი და არავინ არაფერი იცის – ვინტრიგნობ ცოტას. ისე, მე მეგობრებსაც ვაინტრიგებ ხოლმე: უნდა მოგიყვე ისეთი რაღაც, ისეთი რაღაც... რაა? და მე ვეუბნები: ახლა – არა. მე რომ ვინმემ დამაინტრიგოს, იმასთან საერთოდ გავწყვეტ ურთიერთობას. ვერ მოვისვენებ, თუ არ მომიყვება ყველაფერს დაწვრილებით, შეიძლება, ჩემი ცხოვრებიდან საერთოდ წავშალო. 

 

скачать dle 11.3