რატომ ეძახიან გუჯა ბურდულს „სნაიპერს” და რა შესთავაზა მას რობერტ სტურუამ
გუჯა ბურდულს თბილისში ყველა კარგად იცნობს, ის პოპულარულია ახალ თაობაშიც, ისევე, როგორც ეს თაობა იცნობს მის შვილებს – ლადოს, ბაკურს, მაკას, რომლებიც შემოქმედებითად ყოველთვის აქტიურ ფაზაში არიან. ჩვენ ბატონ გუჯას შინ ვესტუმრეთ მისი ცხოვრების იმ პერიოდებზე სასაუბროდ, როცა, ერთ მშვენიერ დღეს ქუჩიდან სულ სხვა განზომილებაში – კინოში აღმოჩნდა. დღეს ბატონი გუჯა 75 წლის გახლავთ და ყველაფერს ასე იხსენებს:
– ჩემმა მეგობარმა „ვგიკი“ დაამთავრა, ფილმს იღებდა და, მთხოვა, მე მეთამაშა, ფილმის შინაარსი ასეთია: ბებერი მძღოლი თავს ანებებს მძღოლობას და მის ადგილას ახალგაზრდა კაცი იწყებს მუშაობას. პენსიაზე გასვლამდე ერთი გრძელი რეისი კიდევ აქვს გასაკეთებელი. მას ბევრი სხვადასხვა ეროვნების მეგობარი მძღოლი ჰყავს, ამ ბიჭს ჩაისვამს მანქანაში და დაატარებს თან, რათა გააცნოს ეს თავისი მეგობრები, რომ მერე რამე არ გაუჭირდეს. ფილმს ქვია „რეისი პირველი, რეისი უკანასკნელი”. საკმაოდ საინტერესოა. ჰოდა, მითხრა – მინდა, შენი სიმღერა ჩემს ფილმში მოხვდესო. შენ გიჟი ხომ არ ხარ, მეორედ ეგ აღარ მითხრა, თორემ, გაგლახავ-მეთქი. მაშინ, წადი, მაინც არაფერს აკეთებ და რამე მოიტანეო, – ბაზარში გამიშვა. კი ბატონო, რამეს მოვიტან-მეთქი. მაშინ ფული მქონდა. თურმე, ამათ უკვე მოულაპარაკიათ: ამა და ამ ადგილას დავსვამთ გუჯის; რომ მღერის, თვალებს ხუჭავს და, კამერა ცოტა გვერდით დააყენეთ, ვერ დაინახოსო.
– ისე, უცნაურია, რატომ გქონდათ კინოგადაღების, კამერის მიმართ ასეთი მძაფრი რეაქცია? თქვენს ადგილზე ყოფნას ბევრი ინატრებდა.
– არ ვიცი. სპარტაკ ბაღაშვილი მიყვარდა რაღაც სასწაულად, მაგრამ, კინოზე არასდროს მიფიქრია. მერე ჩემი თავი რომ ვნახე ეკრანზე, დავფიქრდი და უცებ გამიელვა აზრმა – ამას ხომ ჩემი შვილიშვილები, შვილთაშვილები და კიდევ მერამდენე თაობა ნახავს, რა მაგარია-მეთქი. თავიდან ვბრაზობდი, მერე – აღარ. მეორეჯერაც ასე მომატყუეს. ოდესაში ჩამიყვანეს. ვითომ ხულიგნები სცემდნენ ვიღაცას და უნდა დავხმარებოდი; ბოლოს მითხრეს – ასეთი და ასეთი ამბავია, არავინ არ გვყავს და შენზე ვართ დამოკიდეულებიო. რა უნდა მეთქვა. ჯერ მაძლევდნენ ნორმალურ როლებს: „რაზვედჩიკი” ვიყავი, მეზღვაური, მძღოლი, ბოლოს კი ბანდიტებზე გადავედი. იმდენი ბანდიტი მაქვს ნათამაშები… რუსეთში ხუთ ფილმში ვითამაშე.
– თემურ ბაბლუანმა როგორ გადაგიღოთ?
– თემურს რუსთაველიდან ვიცნობდი „გამარჯობა-გაგიმარჯოთი,” – მეც რუსთაველზე ვცხოვრობ და ისიც სულ რუსთაველზე იყო. სარეჟისოროზე სწავლობდა, „ბეღურების გადაფრენა” უნდა გადაეღო. გაიგო, რომ ამ დროს ფილმი ჩამოვიდა, რომელშიც გადაღებული ვარ. ნახა, მოეწონა და შემომთავაზა – ეგ და „უძინართა მზე”. „უძინართა მზემ” „ნიკას” პრიზი მოგვიტანა მე და თემურს.
– წეღან სიმღერა ახსენეთ. ფაქტობრივად, კინოში სიმღერით მოხვდით, მაგრამ ყველამ არ იცის, რომ მღეროდით და დისკებიც გაქვთ გამოშვებული.
– არტისტობა მოვიდა გარედან და, მადლობელი ვარ უფლის, რომ ეს ბედი მარგუნა. მერე მოვინდომე, ჩამეწერა ერთი-ორი დისკი. ასე კი არ ვიყავი როგორც ახლა ვარ, ხმა მქონდა გიჟივით. მოსკოვში ჩავწერე ეს დისკები ჩემი შვილის, ლადოს მეგობრის, ცნობილი რუსი საბჭოთა კავშირში როკ-ჟურნალისტის, მუსიკალური კრიტიკოსის, როკ-მუსიკის ერთ-ერთი პირველი პროპაგანდისტის, არტიომ ტროიცკის თხოვნით. სულ გადაღებებზე ვიყავი და ვერ მოახერხა ჩემთან შეხვედრა, მაგრამ, ერთხელაც, დამიჭირა. ლადოს მეორე მეგობართან ვიყავით წყნეთში მე, ლადო და ბაკური. ვალერი კაჩაროვი გეცოდინებათ, 70-იანი წლების საქართველოში ცნობილი როკ-შემსრულებელი იყო, მაგარი გიტარისტი, ჯგუფ „ბლიზის” დამაარსებელი – „ბითლზების” სიმღერებს ასრულებდნენ. ვალერი ჩემი მეგობარიც არის. მასთან იყო ტროიცკი სტუმრად თავის მეუღლესთან ერთად და, აი, იქ გადაწყდა ეს ამბავი. ხუთჯერ ჩამოვედი და ვერ გნახე, თუ შეიძლება, შენი სიმღერა მომასმენინეო. ორი სიმღერა ვიმღერე, ერთ-ერთზე, „სეროგლაზაიაზე,” ვხედავ, ცრემლები წამოუვიდა. თურმე შვილი ჰყოლია ნაცრისფერთვალება და ის გაახსენდა. მაშინ მთხოვა, აუცილებლად ჩამოდი მოსკოვში, ჩვენ აგიღებთ ბილეთს, სასტუმროც ჩვენი იქნება, ოღონდ ჩამოდიო. დავთანხმდი, როგორც მაშინ, კინოზე – შვილთაშვილები ნახავენ და გაიხსენებენ ბაბუას-მეთქი, ისე მინდოდა, ჩემი ხმა დარჩენოდა ჩემს შთამომავლობას.
– აი, თურმე, რა ძალა აქვს ამ ყველაფერს. პრინციპში, მეტი რაღა უნდა ინატრო კაცმა.
– ორი უსაყვარლესი მეფე ვითამაშე საქართველოსი – მირიან მეფე და დავით მეფე და, ამაზე მეტი მართლა რაღა უნდა ვინატრო.
– გრიგოლ ფერაძეც ხომ განასახიერეთ, თან, თქვენი ქალიშვილის – მაკას ფილმში. ამაზე უკვე გვქონდა მაკასთან ინტერვიუ, ახლა კი, მინდა თქვენ მომიყვეთ, რა და როგორ იყო.
– მაკამ შეუძლებელი შეძლო. მოსკოვში ვიყავით გადაღებებზე, აფხაზი ბიჭი იღებდა ფილმს ტაქსისტზე. ეს ტაქსისტი მე ვიყავი, რომელსაც ჰქონდა კარგად მოზრდილი წვერი. ამ დროს მაკაც მოსკოვში იყო. მითხრა: მამა, შენთვის როლი მაქვს, ბარემ აქ ვართ და, გადავიღოთო. კი, შვილო, მაგრამ, დავამთავრო, კაცთან ვარ ჩამოსული გადაღებებზე და, ხომ არ ვუღალატებ; ამასთან მოვრჩები და მერე შენთან გადმოვალ, კი ბატონო-მეთქი. იმ ბიჭმა რომ დაამთავრა, ვკითხე – რამე ხომ არ დაგრჩა კიდევ, იმიტომ რომ, მერე ვეღარ მიცნობ, წვერი უნდა მოვიპარსო-მეთქი. ყველაფერი გააანალიზა, გადახედა, გადმოხედა და – არა, გუჯა, არაფერი დამრჩაო. გრიგოლ ფერაძეს ძალიან დაბალი და შავი წვერი ჰქონდა. მაკამაც ძალიან დაბალზე შემკრიჭა წვერი, მერე ამოიღო თავისი თვალის ტუში და იმით შემღება. იმ რეჟისორ ბიჭს ხომ უთხრა – ამა და ამ ეკლესიაში იქნება და, თუ ფილმისთვის რაღაც ჩამატება დაგჭირდათ, შეგიძლიათ, იქ ნახოთო. ეს რეჟისორიც დაინტერესდა და მოვიდა. დავდივარ ახლა მე აქეთ-იქეთ ანაფორაში, შავი წვერით და ვერ მცნობს. კაცი გაგიჟდა, რომ ვუთხარი, მე ვარ-მეთქი.
– ვიცი რომ ახალგაზრდობაში კარგი ჩხუბისთავი იყავით, ბირჟაზე იდექით და ძველბიჭობდით.
– დიახ, კარგი მოჩხუბარი ვიყავი, მაგრამ, იმისთვის კი არ ვჩხუბობდი, ვინმესთვის რამე დამემტკიცებინა; რომ მაწყენინებდნენ, მაშინ, ვჩხუბობდი. კაცი რომ დაგარტყამს, შენც უნდა დაარტყა. ვერაზე ვიდექით უფრო მეტად; მერე რუსთაველზე ჩავდიოდით, ლაღიძის წყლებთან; მერე სოლოლაკში გავიდოდით და ასე, ვიყავით ჩვენთვის, არავის ხელს არ ვუშლიდით, მოყუჩებულ ადგილას ვჩხუბობდით და წაგებული პატარა პურმარილს იკისრებდა.
– წარმომიდგენია, მშობლები როგორ ნერვიულობდნენ.
– ეჰ, სანამ მშობლები ცოცხლები მყავდა, არაფერი მიჭირდა, ვცხოვრობდი გადასარევად, მერე მე თვითონ მომიწია ოჯახის შენახვა. აქ უკვე „ტორმუზები” იყო საჭირო, იმდენს კი ვგრძნობდი, რომ ბავშვებისთვის არ მომეკლო არაფერი.
– როგორც ვიცი, ადრე დაოჯახდით – 17 წლის იყავით, ცოლი რომ მოიყვანეთ.
– წარმოიდგინეთ, სამი შვილი გააჩინო და სამივე მარტომ გაზარდო... ინესაც ხომ პატარა იყო და, ეს ციცქნა გოგო ბავშვებს როგორ უვლიდა, უნდა გენახათ. მე გვიან მოვდიოდი სახლში, მაგრამ, ბავშვების დაბანის დრო რომ იყო, გამოვიქცეოდი და ვეხმარებოდი. ხანდახან ამის გამო სუფრა მიმიტოვებია. ერთი დადიოდა უკვე – ლადო; მეორე ბაჯბაჯებდა. ამ ბაჯბაჯას შევისვამდი მხრებზე, ამას ხელში დავიჭერდი. მაკასა და ლადოს შორის სხვაობა ზუსტად ათი წელია – ძმას და ვაჩუქე დაბადების დღეზე, ამაზე მეტი საჩუქარი რაღა გინდა! „სნაიპერს” მეძახდნენ. მერე გაჩნდა ბაკური. მე დავდიოდი აქეთ-იქეთ, ვმუშაობდი, რომ ერთი-ორი კაპიკი შემომეტანა სახლში, ცოტა დრო თუ დამრჩებოდა, მეგობრებთან ერთად ვსვამდი, აბა, რა მექნა!..
– მაგრამ, ალბათ, ძნელი იყო იმ შემოსავლით ოჯახის შენახვა.
– კინოდან არაფერი შემოსავალი არ მქონია, სხვა მხრიდან მქონდა შემოსავალი. ეს ახლა, ბოლო ხანებში გაჩნდა რაღაც კინოდან, თორემ… ეს ჩვენთან იციან: „ფული არ მაქვს, მოდი, რა ითამაშე”... რამდენჯერ გადამიღია ასე, უფულოდ. ყოველთვის ძალიან მორიდებული ვიყავი და მართლაც შეუშლია ამას ხელი ბევრ რამეში, მაგრამ, ამაზე არ გვინდა ლაპარაკი, ისეთი არაფერი. კინომ მომხიბლა იმით, რომ, მიხვალ, ითამაშებ და წამოხვალ, ეს კი დარჩება ეკრანზე; აი, თეატრზე კი ნამდვილად არ მიფიქრია, ახლა ვფიქრობ, რომ ვერ გავქაჩავდი. ერთხელ სტურუამაც მითხრა, მოდი ჩვენთანო. არც უარი მითქვამს, არც თანხმობა, უბრალოდ, რაღაცნაირად, ისე მოხდა, რომ სხვა განზომილებაში წავედი.