კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კერპთაყვანისმცემელი ევროპა და სკანდინავიის წეს-ჩვეულებები

მერვე-მეთერთმეტე საუკუნეებში სკანდინავიის ქვეყნები მასობრივ საზღვაო ლაშქრობებს აწყობენ ევროპის ქვეყნებში. ვიკინგების თარეში შიშის ზარს სცემდა სანაპირო ქალაქების ბინადართ, მაგრამ, ამავე დროს, ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში აქტიური ქრისტიანიზაცია იწყება. ორივე ეს პროცესი კი სკანდინავიელთა ყოფა-ცხოვრების, წეს-ჩვეულებებისა და რელიგიის შესწავლისა და აღწერის სურვილს აღძრავს. ამაზე წერენ როგორც იქ ჩასული მისიონერები, ასევე, ვიკინგთა შთამომავლები, რომლებიც ახალ მიწებზე დასახლდნენ და წიგნის კულტურას ეზიარნენ.

სენ-კანტენის მონასტრის აბატი, რომელმაც მეთერთმეტე საუკუნის დასაწყისში ნორმალდიელ ჰერცოგ რიჩარდის დაკვეთით დაწერა თხზულება „ნორმანთა საქმენი”, ასე გადმოსცეს წარმართ სკანდინავიელთა წეს-ჩვეულებებს:

„ეს ხალხები გადაჭარბებული სიფიცხით აღიგზნებიან და, უკიდურესად აღმაშფოთებელი სახით – რაც შეიძლება ბევრი ქალის გახრწნით, აუარებელი რაოდენობის ბავშვს წარმოშობენ. როდესაც ეს შთამომავლობა წამოიზრდება, ისინი კამათს იწყებენ მამებთან, პაპებთან და ერთმანეთთან ქონების თაობაზე, რადგან, ისინი ძალზე ბევრი არიან, ხოლო მიწას, რომელსაც ისინი ფლობენ, არ ძალუძს მათი გამოკვება მაშინ, ეს ურიცხვი ახალგაზრდობა წილისყრას იწყებს ძველი წეს-ჩვეულების მიხედვით, თუ ვინ უნდა იყოს გაძევებული უცხო მხარეებში, რათა მახვილით დაიპყრონ ახალი ქვეყნები, სადაც შეეძლებათ, მარადიული სიმშვიდით იცხოვრონ... გასახლების წინ ისინი ჯერ თავიანთი ღმერთს – თორას სწირავენ მსხვერპლს, ოღონდ, არა საქონელს ან სხვა რომელიმე ცოცხალ არსებას; არც მამა ვაკხას ან ცერერას ნობათს, არამედ, ადამიანის სისხლს, რომელიც მათ ყველაზე უკეთ მოქმედად მიაჩნიათ შესაწირ მსხვერპლთა შორის. ამისთვის ქურუმი წილისყრით ნიშნავს მსხვერპლად შესაწირავ პირებს, შემდეგ მათ ხარის უღლის თავში დარტყმით აბრუებენ, თითოეულ მათგანს განსაკუთრებული ხერხით გადმოანთხევინებენ ტვინს, მიწაზე დააგდებენ და ვენას უძებნიან. ძველი ჩვეულების თანახმად, ისინი მთელი გამოდენილი სისხლით თავებს იპოხავენ და სასწრაფოდ აღმართავენ აფრებს ქარის მიმართულებით, ზღვაში გასასვლელად – მიაჩნიათ, რომ ამით მათ მოათვინიერეს ქარი და სწრაფად იკავებენ ადგილს ნიჩბებთან. ამით სამშობლო თავისუფლდება ჭარბი მოსახლეობისაგან, ხოლო უცხო ქვეყნები იტანჯებიან მათი სისასტიკის გამო. ყველაფერი, რაც კი რამ ხვდებათ მათ გზაზე – უკაცრიელდება; ისინი ზღვის სანაპიროს გასწვრივ მიემართებიან და გზადაგზა ნადავლს აგროვებენ...”

მაგრამ, ის-ის იყო, უნდა დაწყებულიყო სკანდინავიის გაქრისტიანება.

პირველი და მეორე ათასწლეულების მიჯნაზე, ტიტმარ მერზებურგელი აღწერს გერმანიის მეფე ჰენრიხ პირველის მიერ დანიელთა გაქრისტიანებას: „...მან ძალისმიერად დაიმორჩილა ნორმანები და დანიელები, მათ მეფესთან, კანუტთან ერთად და ასწავლა მათ, ძველ, მცდარ გზას ჩამოცილებულთ, როგორ ეტვირთათ ქრისტეს სჯული. მაგრამ, რამდენადაც მე გაგონილი მქონდა ბევრი უჩვეულო რამ მათი ადრინდელ მსხვერპლშეწირვებზე, არ მსურდა, გვერდი ამევლო ამ ყველაფრისთვის და არ მომეყოლა მათ შესახებ: არის იქ ერთი ადგილი, იქაური სახელმწიფოს დედაქალაქი – ლუირე. ამ ოლქს ზელანდიას უწოდებენ, სადაც ყოველ ცხრა წელიწადში ერთხელ, იანვარში, როდესაც ჩვენ უფლის შობას ვზეიმობთ, ისინი ყველანი იქ იყრიან თავს და თავიანთ ღმერთებს მსხვერპლად სწირავენ ოთხმოცდაცხრამეტ ადამიანს და იმდენივე ცხენს, სამსხვერპლო ძაღლებთან და მამლებთან ერთად (ქორების სანაცვლოდ). მათ მიაჩნიათ, რომ  მსხვერპლად შეწირულები მათ იმქვეყნად მოემსახურებიან და გამოექომაგებიან ღმერთებთან, მათი დანაშაულებრივი ქმედებების საპატიებლად. რამდენად კარგად მოიქცა ჩვენი მეფე, რომ ისინი ასეთ საზარელ ჩვევას ჩამოაშორა! მამა-ღმერთს ხომ სასიამოვნო მსხვერპლს ის სწირავს, ვინც ამ დროს სისხლის დაქცევას ერიდება. ღმერთმა ხომ დააწერა: „ნუ მოაკვდინებ უდანაშაულოს და მართალს!”

ნორვეგიის ერთ-ერთ მთავარ გამქრისტიანებლად პირველი და მეორე ათასწლეულის მიჯნაზე მცხოვრები კონუნგი ოლავ ტრიუგვასონი ითვლება. სნორი სტურლუსონი (ისლანდიელი მწერალი, 1178-1241 წლები) გვაცნობებს, რომ ოლავმა თავისი ბონდებისგან (ბონდები – შუა საუკუნეების სკანდინავიის ქვეყნებში მცხოვრები თავისუფალი ადამიანები, თავისუფალი გლეხები, რომლებიც არ მიეკუთვნებოდნენ დიდებულთა წრეს) მოითხოვა, რომ ისინი მონათლულიყვნენ და გამხდარიყვნენ ქრისტიანები; მათ კი თავის მხრივ კონუნგს მოსთხოვეს, რომ მონაწილეობა მიეღო წარმართული მსხვერპლშეწირვის რიტუალში. მაშინ ოლავმა განუცხადა მათ:

„რადგან მე თქვენთან ერთად უნდა ჩავატარო მსხვერპლშეწირვა, მაშინ მე მსურს, რომ ეს იყოს ყველაზე დიდი მსხვერპლშეწირვა, როგორიც კი შესაძლებელია და მსხვერპლად შევწირავ ადამიანებს. ამისათვის მე შევარჩევ არა მონებს ან ბოროტმოქმედებს, არამედ, ღმერთებს მსხვერპლად შევწირავ ყველაზე წარჩინებულთ. მე ვირჩევ ორმა ლიუგრს – მედალჰუსიდან, სტიურკარს – გიმსარიდან, კარს – გრიუტინგიდან, ასბიორს, ტორბერგს – ერნესიდან, ორმას, ლიოქსსა და ჰალდორს – სკერდინგსტედიდან... – მან ჩამოთვალა კიდევ ხუთი წარჩინებული მამაკაცი და თქვა, რომ სურს, ყველა ისინი შესწიროს ღმერთს, რათა მოსავლიანი და მშვიდობიანი წელიწადი იყოს და ბრძანა, რომ დაუყოვნებლივ შეეპყროთ ისინი.”

ამან გავლენა მოახდინა. „...როდესაც ბონდებმა დაინახეს, რომ მათ ხალხი არ ჰყოფნიდათ კონუნგისათვის წინააღმდეგობის გასაწევად, სთხოვეს მას, რომ შეეწყალებინა ისინი და მის ნებას დაემორჩილნენ. მოილაპარაკეს: ყველა ბონდი, რომლებიც ნადიმს ესწრებოდნენ, მოინათლებოდნენ. ადამიანთა მსხვერპლშეწირვებსაც მაშინვე არ მოჰღებია ბოლო, მაგრამ, ოლავ ტრიუგვასონის სამეფო ტახტზე ასვლის დრო – 995 წელი, ნორვეგიაში ქვეყნის გაქრისტიანების ოფიციალურ თარიღად ითვლება.

 

 

скачать dle 11.3