რა პრობლემებს ქმნიან ღამის კლუბებში კაი ბიჭების დაიკოები და რატომ ურჩევნია თორნიკე ტყემალაძეს პრინცობა მაჩოობას
პატარა „მისტერ ვალენტინის“ დიდი გეგმები – პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ კონკურსანტს და „მისტერ ვალენტინი 2014-ის“ გამარჯვებულ თორნიკე ტყემალაძეს, ვიზუალურ მომხიბვლელობასთან ერთად, მეტად მომხიბვლელი გეგმები აქვს სამომავლოდ კარიერაში. ჟურნალისტიკაში თავის დასამკვიდრებლად, მოქმედების სტრატეგიული გეგმა აქვს შემუშავებული. სავარაუდოდ, პროექტში მონაწილეობაც ამ გეგმის ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ მას ჟურნალისტის სტატუსით ერჩივნა წარმდგარიყო მაყურებლის წინაშე, პროექტის ხელმძღვანელობამ ის „მისტერ ვალენტინის“ ტიტულით წარმოგვიდგინა. სად და როგორ ერთობა მისი თაობის თინეიჯერობა დღეს, რას ფიქრობს ცხოვრებაზე და რა აკომპლექსებს მას, ამას სოციალურ ქსელში ჩვენი მიწერ-მოწერილი კითხვა-პასუხებიდან შეიტყობთ, რომელიც ერთ მთლიან ინტერვიუდ ვაქციე.
– როგორ უმკლავდება კვირიდან კვირამდე გაძლიერებულ კონკურენციას პროექტის ერთ-ერთი ყველაზე პატარა მონაწილე?
– მართალი გითხრათ, ძალიან რთულია, მოამზადო ცეკვა ოთხ-ხუთ დღეში, მაგრამ ამისთვის არანაირ ძალას არ ვიშურებ. რაც შეეხება კონკურენციას, ჯერჯერობით, არ იგრძნობა. ძალიან მეგობრული დამოკიდებულება მაქვს ყველა კონკურსანტთან, ყველა ძალიან მიყვარს.
– როგორც ჩანს, მიზანსწრაფული ბიჭი ხარ და რას აკეთებ საიმისოდ, რომ ხელში ჩაიგდო კონკურსის მთავარი პრიზი?
– როდესაც პროექტში მონაწილეობა შემომთავაზეს, მაშინვე გავიაზრე, თუ რამხელა პასუხისმგებლობის აღება მიწევდა ჩემს თავზე. გადავწყვიტე მონაწილეობა და რადგან დავთანხმდი, ვცდილობ, ყველანაირად მოვიპოვო ეს პრიზი. რადგან მოვედი, ესე იგი, გამარჯვებაც მინდა. მე მაქსიმალისტი ვარ, მაქვს ჩემი გათვლები – ეხება ეს ცეკვას, ჩაცმულობას თუ ურთიერთობას სხვადასხვა ადამიანთან.
– რამე განსაკუთრებული მოქმედების სტრატეგიული გეგმა ხომ არ გაქვს მოფიქრებული? ამას იმიტომ გეკითხები, რომ შენი მენტორი გია ჯაჯანიძეა. მას კი, როგორც წესი, საინტერესო იდეები აქვს და გეგმების მოფიქრება ეხერხება.
– განსაკუთრებული არაფერი, გია ძალიან მიყვარს, კარგი „პიარშიკობა“ შეუძლია. ამიტომ, ამ კუთხით მას ვარ მინდობილი. ზოგადად, „მისტერ ვალენტინის“ გაკეთებაც მისი იდეა იყო.
– ამბობენ, „მისტერ ვალენტინის“ ტიტულის მოსაპოვებლად პლასტიკურ ქირურგიასაც მიმართე და ამჯერად ბიოდანამატებით კუნთების გადიდებას ხომ არ აპირებ?
– რა კითხვაა ახლა ეს?
– ჯობია ჭორებს პირდაპირ და გახსნილად უპასუხო, ვიდრე ჭორი ჭორად დარჩეს, არა?
– ჭორები და ვიღაცის მოგონილი უაზრობები ნაკლებად მაინტერესებს.
– მონაწილეთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ პარტნიორში გაუმართლა და სწორედ ის შეხვდა, ვისზეც ოცნებობდა. შენ რას იტყვი შენს პარტნიორზე?
– პარტნიორში მე რომ გამიმართლა, არა მგონია, ასე ვინმეს გამართლებოდა. ერთი, რომ ჩემი მეწყვილე ნამდვილად თავის საქმის პროფესიონალია, რასაც ჟიურიც ხშირად აღნიშნავს და მეორე – ძალიან კარგად ვეწყობით ერთმანეთს როგორც ხასიათით, ასევე პარამეტრებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ცეკვაში.
– ტოტალიზატორში ფსონები რომ იდებოდეს, საკუთარ თავზე რამდენს დადებდი?
– არ მიყვარს აზარტული თამაშები და დიდი რისკები. ამიტომ, საკუთარ თავზე არაფერსაც არ დავდებდი. მით უმეტეს, როცა საქმე ცეკვას შეეხება.
– გამოდის, საკუთარ თავში და შესაძლებლობებში არ ხარ ბოლომდე დარწმუნებული?
– ცეკვა არ არის ჩემი პროფესია, მე ჟურნალისტი ვარ და ამის დიდი გამოცდილებაც მაქვს. ამიტომ, იმ საქმეზე, რაც ჩემი არ არის და ახალი დაწყებული მაქვს, არანაირ ფსონს არ დავდებ.
– მაშინ, იქნებ საბოლოო სამეული დამისახელო დღევანდელი შედეგების ფონზე. ანუ, შენი აზრით, ვინ იქნებიან ფინალისტები?
– ძალიან ძნელია, დაგისახელოთ ფინალისტი, რადგან ჯერ მხოლოდ ორი ლაივი იყო, თან, ეს არც მხოლოდ ცეკვაზეა დამოკიდებული.
– აბა, კიდევ რაზეა დამოკიდებული შენი ან კონკურსანტების წარმატება?
– ამ პროექტში მთავარი ხალხის ჩართულობა და სიყვარულია.
– ხალხი უკვე ჩართულია, მაგრამ შენ რით აპირებ, თავი შეაყვარო მაყურებელს, რომელიც აიღებს ტელეფონს და დაგიმესიჯებს ნომერზე: 95 102?
– ჩემი ძირითადი მაყურებელი და გულშემატკივარი თინეიჯერები არიან, რომლებიც ძალიან აქტიურობენ და მწერენ უამრავ თბილ წერილს, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი მათ.
– თბილი წერილების ნაცვლად, ჯობია, ცივი მესიჯები გამოაგზავნონ შენს პირად ნომერზე. არ მეთანხმები?
– ვერ მივხვდი?
– არა უშავს, გაატარე... ცეკვით შებმული ქალი ბევრი მინახავს და შენი აზრით, პროექტის დასრულების შემდეგ, გაგიადვილდება სუსტი სქესის მოხიბვლა რეალში?
– საპირისპირო სქესის მოზიდვა არასდროს მიჭირდა და ალბათ, ეს პროექტი კიდევ უფრო დამეხმარება.
– საკუთარ თავს სექსუალურ პრინცად მიიჩნევ თუ ქალთა ვნებების ამშლელ მაჩოდ?
– მგონი, ეგ ერთი და იგივეა, მაგრამ თუ ჩემზეა არჩევანი, პრინცად დარჩენა მირჩევნია.
– რომანტიკულ ურთიერთობებს ამჯობინებ თუ ბუჩქისძირა ვნებაზეც არ ამბობ უარს?
– რომანტიული ურთიერთობები მირჩევნია, მაგრამ თუ არაა, იყოს ბუჩქი (იცინის).
– უცებ გაიხსენე, ყველაზე უცნაური ბუჩქური მომენტი, სად და რა სიტუაციაში გქონია?
– არ მახსენდება. რაც ამ პროექტში მოვედი, ბუჩქებისთვის აღარ მცალია.
– შეყვარებული ხარ?
– ამჟამად აღარ. მყავდა და დავშორდი. ჩემი სიყვარულისგან ძალიან ტკბილი მოგონება დამრჩა, ძალიან სასიამოვნოდ ვატარებდით დროს. ერთ უნივერსიტეტში ვსწავლობდით, ერთად მივდიოდით და მოვდიოდით, მაგრამ ბოლოს გაიყო ჩვენი გზები – ის სხვა ქვეყანაში წავიდა, მე აქ დავრჩი.
– მიგაჩნია, თუ არა, რომ საინტერესო ტიპი ხარ და რა არის ის, საინტერესო?
– გააჩნია, ვის რა აინტერესებს ადამიანში. ვფიქრობ, ჩემი ცხოვრების სტილი საკმაოდ საინტერესოა.
– დღეს სად და რით ერთობით შენ და შენი ასაკის ყმაწვილები, ანუ სად „პონტაობთ“?
– ზაფხულში კლუბური ცხოვრება მომწონს, ზამთარში – უფრო დახურული ფართები სხვადასხვა ადგილას. არ მიყვარს რესტორნებში სიარული და მამაპაპური სადღეგრძელოები. ბოლო სამი წელია, ზაფხულობით მილანში მივდივარ. იქ უფრო კარგი აურაა გასართობად. არავინ გიყურებს გამადიდებელი შუშით, არავინ გაკონტროლებს – რას აკეთებ, როგორ ცეკვავ, ვისთან ერთად ხარ, მაგიდაზე რა გიდევს და ასე შემდეგ. იქ მხოლოდ სამოსს აქცევენ ყურადღებას.
– თბილისის ღამის კლუბები გაკომპლექსებს?
– რაღაც მომენტში – კი. აქ სვამენ, რომ დათვრნენ და არა იმიტომ, რომ ხასიათზე მოვიდნენ. გარეთ ლუდს და არაყს ყიდულობენ სამ ლარად, მერე გალეშილები შედიან კლუბში. მერე ვიღაც კაი ბიჭის დაიკო აღმოჩნდება, ვისაც ეცეკვები ან თითონ გეცეკვება და ბოლოს შარში „იჩითები“. ანუ, ბოლომდე თავისუფლად ვერ ერთობი.
– ჟურნალისტობას დაუბრუნდები თუ სამოდელო კარიერას გააგრძელებ?
– მე პირადად მერჩივნა, როგორც ჟურნალისტი, ისე წარვმდგარიყავი „ცეკვავენ ვარსკვლავებში,” მაგრამ „ვალენტინის“ თემა უფრო საინტერესო აღმოჩნდა შოუსთვის. პროექტის დამთავრების შემდეგ ვაპირებ გავყვე ჟურნალისტიკას. ალბათ, უფრო მეტი დაინტერესებაც იქნება ტელევიზიის მხრიდან – ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობ და ასეთი სურვილი მაქვს. რაც შეეხება სამოდელო სფეროს, ძალიან მომწონს ფოტოგადაღება, რეკლამა, ვიდეო, „ფეშენ-ვიქებზეც” გამოვდიოდი, მაგრამ პოდიუმი დიდად არ მიზიდავს. პარალელურად, ამასაც გავყვები, თუ იქნება სერიოზული შემოთავაზება და დაინტერესება.