კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოიპარა ქართველმა ქურდმა, მეტსახელად „სისომ,“ 2 მილიონის ძვირფასეულობა 100 კაცის თვალწინ

„სისო“

მეტსახელი „სისო“ სიმონ სოსელიას სახელისა და გვარის პირველი მარცვლებისგან შედგენილი აბრევიატურაა. მას ეს სახელი ჯერ კიდევ თანაკლასელებმა შეარქვეს ბავშვობაში. სიმონი თბილისის ერთ-ერთ სკოლაში სწავლობდა და გამორჩეული ნიჭის მოსწავლე იყო, თუმცა, მეშვიდე კლასიდან დისციპლინას ხშირად არღვევდა და, მიუხედავად იმისა, რომ ყველა საგანში „ფრიადი” ეკუთვნოდა, ყოფაქცევაში „არადამაკმაყოფილებელს” უწერდნენ.

„რასაც მასწავლიან, უკვე ვიცი, აღარ მაინტერესებს და გაკვეთილებზე ამიტომ ვერ ვისვენებ“, – ასე იმართლებდა თავს სისო და ხელწერილს ხელწერილზე წერდა და პირობას დებდა, რომ დისციპლინას აღარ დაარღვევდა, მაგრამ პირობას ვერ ასრულებდა. მეცხრე კლასში სისო მილიციის აღრიცხვაზე აიყვანეს ბავშვთა ოთახში, როგორც პოტენციური დამნაშავე და პედაგოგიური ზედამხედველობა დაუწესეს. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ 15 წლის სიმონი ერთ საღამოს სკოლაში შეიპარა, სამასწავლებლოს კარი გატეხა, საკლასო ჟურნალი მოიპარა და გაანადგურა. ასეთი რამ კი იმიტომ გააკეთა, რომ მის უახლოეს მეგობარს, მიშიკო აბესაძეს, დამრიგებელი კლასში ჩატოვებას უპირებდა – ყოველი მეოთხედის ბოლოს (მაშინ სასწავლო წელი ოთხი მეოთხედისგან შედგებოდა) ორიანს უწერდა და გამოსწორების საშუალებას არ აძლევდა. დამრიგებელი მაყვალა ანთელავა თავის კლასს ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა და მიშიკო აბესაძე ათვალწუნებული ჰყავდა. მიშიკო ობოლი იყო. დედ-მამა ავტოავარიაში დაეღუპა, შინაბერა ანთელავა კი მას იმის გამო ვერ იტანდა, რომ ახალგაზრდობაში მიშიკოს მამა უყვარდა, მან კი სხვა მოიყვანა ცოლად.

სისო სკოლის დარაჯმა დააბეზღა, რომელმაც ბავშვს ზურგიდან მოჰკრა თვალი და იცნო. თუმცა, როდესაც ბავშვთა ინსპექტორმა დაკითხა, სიმონს დანაშაული არ უღიარებია და ყველაფერი უარყო. მიუხედავად ამისა, სისო მაინც აიყვანეს აღრიცხვაზე, აბესაძე კი გადარჩა, რადგან ის სკოლის დირექტორმა დაიცვა. დირექტორმა იმიტომ გააკეთა ეს, რომ ყველაფერს მიხვდა, სიტუაციის გამწვავება არ ისურვა და შინაბერა მასწავლებელი უმკაცრესად გააფრთხილა სიტყვიერად.

სიმონმა და მიშიკომ ერთად დაამთავრეს სკოლა. სისომ მხოლოდ იმის გამო ვერ აიღო ატესტატი, რომ გამოსაშვები გამოცდის დროს ორმხრივი ფილტვების ანთებით იყო ავად, გამოცდები შემოდგომისთვის გადაუტანეს და ამის გამო იმ წელიწადს უმაღლეს სასწავლებელში ვერ ჩააბარა.

გაქცევა

ყველაფერზე გულაცრუებული 17 წლის სიმონ სოსელია სახლში ჩაიკეტა, არავის ნახვა არ უნდოდა და წიგნებს ჩაუღრმავდა. ის პრინციპულად აღარ მივიდა საშემოდგომო გამოცდების ჩასაბარებლად და ატესტატის აღებაზე უარი განაცხადა. გაიარა ერთმა წელმა. სოსელია ჯარში გამოიძახეს, სამედიცინო კომისიაზე გაუშვეს და პირდაპირ ჯარისკაცთა შესაკრებ პუნქტში წაიყვანეს, რომელიც სამგორში მდებარეობდა. როცა მიხვდა, რაშიც იყო საქმე, სისო ჩუმად გავიდა ეზოში, ღობეზე გადაძვრა და გაიქცა. მიუხედავად იმისა, რომ სიმონს სამხედრო ფიცი დადებული არ ჰქონდა და მას ტრიბუნალი ვერ გაასამართლებდა მასზე ძებნა გამოცხადდა, რათა ის ძალით გაეშვათ ჯარში.

მშობლებისა და ნათესავების თხოვნის მიუხედავად, რომლებიც სიმონს ნებაყოფლობით გამოცხადებას ურჩევდნენ, რათა ყველაფერი მშვიდობიანად დასრულებულიყო, მან ამაზე უარი განაცხადა და სახლიდან გაიქცა. ორი თვის განმავლობაში სისო ქუთაისში, თავის უფროს ბიძაშვილთან, ვიქტორ ზარიძესთან იმალებოდა. ზარიძე ბინის ქურდი იყო და ოთხი წელი საპყრობილეში ჰქონდა მოხდილი. მან სისოს საქმეზე წასვლა შესთავაზა. ბიძაშვილებმა ცნობილი გინეკოლოგის ბინა გაქურდეს და იქიდან ერთი კილოგრამი ოქრო გაიტაცეს, თუმცა ზარიძე იმავე საღამოს აიყვანა მილიციამ და ოქროს დაბრუნება მოსთხოვა, მაგრამ მან ყველაფერი უარყო. მილიციელებმა ზარიძე აწამეს და სისოსთან დაკავშირება აიძულეს, რომელიც სხვა ნათესავთან  იმალებოდა.

„მკლავენ. ნაქურდალის დაბრუნებას მთხოვენ და თუ ოქროს არ მოიტან, გამაქრობენ“, – შეევედრა ზარიძე ბიძაშვილს.

სისომ ნაქურდალი ნივთები რკინიგზის სადგურის შემნახველ საკანში შეინახა. შემდეგ ხანში შესულ მამიდას ქაღალდზე დაწერილი ნომერი მისცა და მილიციაში გაგზავნა, თავად კი ქალაქ სოჭში გაემგზავრა.

საკავშირო კურორტზე სიმონ სოსელიამ ოთხი თვე გაატარა და თავი იმით გაჰქონდა, რომ პლაჟებზე დამსვენებლების ნივთებს იპარავდა და იაფად ყიდდა, მაგრამ, მას მილიცია „კუდზე დააჯდა” და იძულებული გახდა, სოჭი დაერტოვებინა.

1973 წლის აგვისტოში სისო როსტოვში ჩავიდა და მისი კრიმინალური ცხოვრების ძალიან ცნობილი ეტაპი გაატარა. საბჭოეთის ქურდულ „დედაქალაქში” სისო ცნობილ „დომუშნიკს“ (ბინის ქურდი), სტეპან ნემჩენკოს, მეტსახელად „ვოდოლაზს“ შეხვდა და სწორედ მან შეასწავლა 19 წლის ქართველ ჭაბუკს კვალიფიციური ქურდობა. სისომ ძალიან მალე აითვისა „დომუშნიკობა“. ვოდოლაზს „დაუპაძელნიკდა“ და მისი  ქურდული ვოიაჟი დაიწყო...

საუკუნის ქურდობა

შეგირდისა და სახელოვანი ქურდის საბჭოური ვოიაჟი სამი წელი გაგრძელდა და სხვადასხვა ქალაქში მათ 50-ზე მეტი დანაშაული ჩაიდინეს, მოსახლეობისთვის მიყენებულმა ზარალმა კი მილიონ მანეთს გადააჭარბა. 1976 წლის დეკემბერში ვოდოლაზი მილიციამ შეიპყრო და ციხეში ჩასვა, სადაც ის სამ თვეში გარდაიცვალა.

სისო უკვე სახელოვანი „დომუშნიკი“ იყო და მიუხედავად იმისა, რომ იძებნებოდა, მილიცია მის მოხელთებას ვერ ახერხებდა – ყოველთვის ერთი ნაბიჯით ასწრებდა და მის ასაყვანად მისულ ოპერჯგუფს გაწბილებულებს ტოვებდა. 1979 წელს სოსელია ინკოგნიტოდ ჩამოვიდა თბილისში და ორ კანონიერ ქურდთან ერთად ერთი ცნობილი იუველირის ბინა გაქურდა,  საიდანაც დიდძალი ძვირფასი ქვები წაიღეს, რომელთა ფასიც 850 ათასი მანეთი იყო. მოპარული ქვები სისოს ჰქონდა შენახული, რომელიც სასტუმრო „ივერიაში“ მეშვიდე სართულზე ცხოვრობდა მხატვარ იური პავლოვის გვარით. ქართველმა ოპერმუშაკებმა კანონიერი ქურდები შეიპყრეს, სისოს კი ეძებდნენ და შეიტყვეს, რომ ის „ივერიაში“ ცხოვრობდა. ამიტომ, სამი ოპერჯგუფი გაერთიანდა და მოუხელთებელი ქურდის დასაჭერად სასტუმროსკენ გაემართნენ.

„ახლა კი ნამდვილად გაბმული გვყავს და ვერსად წაგვივა“, – ტრაბახობდა კაპიტანი არველაძე, რომელიც მიმტანის უნიფორმაში გამოეწყო და სისოს ნომრის კარზე დააკაკუნა.

სიმონ სოსელიას ნადირის ინსტინქტი და განსაკუთრებული ინტუიცია ჰქონდა. ის მიხვდა, რომ მილიციამ მოაკითხა, მაგრამ, არ დაიბნა – აივნიდან გვერდითა ნომერში გადაძვრა, სადაც ცნობილი რუსი მსახიობი და მომღერალი ლუდმილა გურჩენკო ცხოვრობდა. სამი წუთის შემდეგ კი სისო კინოვარსკვლავთან ერთად გამოვიდა ნომრიდან და, კაპიტან არველაძეს გვერდით რომ ჩაუარა, თვალიც კი ჩაუკრა.

სისო ისე იყო გამოწყობილი და გარეგნობაშეცვლილი, რომ ვერც ფოიეში მდგომმა ოპერმუშაკებმა იცნეს, თან, ის გურჩენკოსთან ერთად მოდიოდა და ყველას ყურადღება კინოვარსკვლავზე იყო მიპყრობილი. წყვილი ტაქსიში ჩაჯდა და გაემგზავრა. გურჩენკო კი მარტო დაბრუნდა ნომერში და მოგვიანებით ძალიან დელიკატურად აღწერდა ამ მომენტს თავის მემუარებში...

თავისი ბოლო „საქმე” სისომ 1983 წელს შეასრულა და კრიმინალისტებმა ის საუკუნის ქურდობად მონათლეს. სიმონმა და მისმა სამმა „პაძელნიკმა“ ქალაქ ლენინგრადში, მეფის გამზირზე გამოფენილი ძვირფასეულობის ექსპოზიცია გაქურდეს და 94 ნივთი წაიღეს. ეს კერძო კოლექცია საბჭოეთის სხვადასხვა ქალაქიდან იყო შეკრებილი და 2 მილიონ მანეთად იყო შეფასებული. დღისით, მზისით, როდესაც კარგად დაცულ საექსპოზიციო დარბაზში ასამდე ცნობილი ადამიანი იყო შეკრებილი, ფურშეტიც იყო მოწყობილი და თან კოლექციაზე საუბრობდნენ. მოულოდნელად შუქი ჩაქრა. სათადარიგო გენერატორი ორ წუთში ამუშავდა, მაგრამ, დენი რომ მოვიდა, ვიტრინები უკვე ცარიელი იყო...

ქურდებს ათი წელი ეძებდნენ, მაგრამ უშედეგოდ, მხოლოდ 1993 წელს მოხერხდა სისოს დაკავება ესტონეთის დედაქალაქ ტალინში, თუმცა ის მალევე გამოუშვეს და მას მერე სიმონ სოსელია არავის უნახავს...

 

скачать dle 11.3