რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს
კითხვა: შემიძლია თუ არა საქართველოს ეროვნული მართვის მოწმობის გამოყენება უცხოეთში. იქ მძღოლად მსურს მუშაობა. რა უნდა გავაკეთო ამისთვის?
პასუხი: ეროვნული მართვის მოწმობით სარგებლობა უცხო ქვეყანაში მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში შეგიძლიათ. მაგრამ იმისთვის, რომ მძღოლად იმუშაოთ, გირჩევთ, იმ ქვეყანაში წასვლისთანავე გაარკვიოთ იქაური მართვის მოწმობის აღების წესები, რათა თავიდანვე თადარიგი დაიჭიროთ და რაც შეიძლება, მალე აიღეთ მართვის მოწმობა. მძღოლად მუშაობის დაწყება ასე უფრო გაგიადვილდებათ.
კითხვა: რის მიხედვით უნდა მიხვდე დილით, რომ მანქანის ძრავას გახურება ეყოფა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა ცივა. გამაფრთხილეს, რომ მანქანის იმწუთსავე დაძვრა არ შეიძლება.
პასუხი: მართალია. ავტომობილის მაშინვე დაძვრა არ შეიძლება, რადგან საჭიროა, მოხდეს ძრავის შეზეთვა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს, თუ მინერალურ ზეთს ხმარობთ. ნაკლები დრო სჭირდება, თუ ძრავაში ნახევრადსინთეტიკურ ან სინთეტიკურ ზეთს ასხამთ. რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა მიხვდეთ „გახურდა“ თუ არა ძრავი, ეს ძალიან მარტივია, რადგან მანქანა ხმას იცვლის. ახალდაქოქილი უფრო ხმაურობს, შემდეგ კი ხმა უფრო დამჯდარი და მონოტონური ხდება. ამისთვის ოდნავი დაკვირვებაც საკმარისია.
კითხვა: მყავს ავტომობილი „გოლფ 3“, 1992 წლის. ძალიან მიჭირს სიჩქარეების გადართვა, უფრო სწორად, რთულად ვარდება. რა შეიძლება, სჭირდეს?
პასუხი: თუ მოდების პედლის ოდნავ გაშვებისთანავე, მანქანა იმწამსვე იძვრება, ესე იგი, პედლის დაწოლის სიმაღლეა დასარეგულირებელი. ამიტომ, სავარაუდოდ, „ტროსი“ იქნება გამოსაცვლელი. ეს, ზოგადად, „გოლფების“ მინუსია. თუკი ყველა სიჩქარეში ერთნაირად ცუდად ვარდება და „ტროსიც“ წესრიგშია, მაშინ მოდების, ანუ „ცეპლენიის“, ეგრეთ წოდებული „პლიტა“ იქნება გამოსაცვლელი. უპირველესად კი, გირჩევთ, გაარკვიოთ, ბოლომდე აწვებით თუ არა მოდების პედალს და სწორად რთავთ თუ არა სიჩქარეებს.
კითხვა: მინდა, ავტომობილის შეძენა და ამისთვის 6 000-6 500 დოლარის გაღება შემიძლია. მინდა, ამ ფასის მანქანა საწვავს საშუალოდ წვავდეს, ხშირად არ ფუჭდებოდეს და პროფილაქტიკაშიც ნაკლები სირბილი მჭირდებოდეს. ძირითადად, ის ოჯახური გადაადგილებისთვის მესაჭიროება. ის ნორმალური უნდა იყოს ქალაქის პირობებისთვის და შაბათ-კვირას ქალაქგარეთ გასასვლელადაც.
პასუხი: თქვენს მოთხოვნებსა და სურვილებს ყველაზე მეტად C კლასის „მერსედესი“ დააკმაყოფილებს. „მერსედესი“ „C 180“ იდეალურად შეესაბამება თქვენს ოჯახურ მდგომარეობას – ლამაზია, ას კილომეტრზე საშუალოდ 8-10 ლიტრ ბენზინს წვავს და იშვიათად ფუჭდება.
კითხვა: მყავს ავტომობილი „ნივა.“ „პადსოსის“ ნათურა არ ანათებს, არადა, მუშაობს. რისი ბრალია ეს?
პასუხი: ამის ორი მიზეზი შეიძლება არსებობდეს. ან თვითონ ნათურა იქნება გადამწვარი, ან ის ღილაკი, რომელიც „პადსოსი“ „რიჩაგთანაა“. ამაში პრობლემა არაფერია და ძალიან ადვილად იცვლება.