ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: მამაჩემი გარდაიცვალა 2001 წელს, 2008 წელს გარდაიცვალა ბებიაჩემი. მამის გარდაცვალების შემდეგ, ბებიას მემკვიდრეებად დავრჩით მე და მამიდაჩემი. ბებიის გარდაცვალების შემდეგ აღმოჩნდა, რომ 2002 წელს თავისი ქონება, ჩუქების ხელშეკრულებით, გადასცა მამიდაჩემს ისე, რომ არ გამაგებინეს. გთხოვთ, მიპასუხოთ, რამდენად კანონიერად მოხდა ჩემ გარეშე ბებიის მიერ ქონების გაჩუქება და თუ რაიმე იურიდიული დარღვევაა, მიუთითეთ საფუძველი. აქვე გაცნობებთ, რომ პაპის გარდაცვალების შემდეგ, მამამ მიიღო მამის მემკვიდრეობის 1/6 წილი. ამ სახლში მე და დედაჩემი ვართ ჩაწერილები 1991 წლიდან. მთლიან სახლში წილების გაყოფა იურიდიულად არ მომხდარა. მამიდაჩემმა ჩუმად, ჩვენთან შეთანხმების გარეშე, გაყიდა გაუყოფელი სახლი. არის თუ არა ეს კანონდარღვევა, გაიყიდოს სახლი, როდესაც მოწილეთა შორის წილები დაუდგენელია?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ ზოგადად, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით. მოცემულ შემთხვევაში, არის რიგი დარღვევები. ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შემთხვევაში, შესაძლებელია, გამოიკვეთოს დანაშაულის ნიშნებიც. თქვენ უფლება გაქვთ, თქვენი დარღვეული უფლებების დასაცავად მიმართოთ სასამართლოს და კონკრეტულად მოითხოვოთ მამის წილი საერთო ქონებიდან.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, აქვს თუ არა უფლება ოჯახიდან თვითნებურად წასულ ორი შვილის დედას, სასამართლოს ჩატარებამდე აუკრძალოს მამას შვილების ნახვა?
პასუხი: გაცნობებთ, რომ მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები. შესაბამისად, დედას არ აქვს უფლება თვითნებურად აუკრძალოს მამას შვილების ნახვა და პირიქით.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, წარმოშობს თუ არა მომავალ მეუღლეთა შორის ეგრეთ წოდებული ნიშნობა რაიმე სამართლებრივ უფლება-მოვალეობებს და ზოგადად, იცნობს თუ არა ნიშნობის ტერმინს სამოქალაქო კანონმდებლობა?
პასუხი: გაცნობებთ, რომ ნიშნობას ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, თუმცა დასაქორწინებელ პირთა წინასწარი თანხმობა ანუ ნიშნობა, არ წარმოშობს შემდგომში დაქორწინების ვალდებულებას. ასევე, ნიშნობა არ არის სასამართლოში იძულებითი დაქორწინების მოთხოვნის შესახებ სარჩელის წარდგენის საფუძველი. რაც შეეხება საჩუქრებს, კანონის შესაბამისად, ნიშნობასთან დაკავშირებული საჩუქრები დაუქორწინებლობის შემთხვევაში, მხარეებს უკან უბრუნდებათ.