ვეტერინარის რჩევები
კითხვა: მაინტერესებს ძაღლის დართვის დროს ექცევა თუ არა ყურადღება ძუსა და ხვადის ფერებს?
პასუხი: სხვადასხვა ჯიშის ძაღლების შერჩევა სხვადასხვანაირად ხდება. მაგალითად, არაფრით არ შეიძლება ყავისფერი ლაბრადორის ჩალისფერ ლაბრადორთან დაწყვილება; ჩალისფერის დაწყვილება შავთან შეიძლება. შავისა და ყავისფერის დაწყვილების შემთხვევაში, 10 ლეკვიდან ნახევარი გამოვა ყავისფერი, ნახევარი – ჩალისფერი.
ყავისფერ ლაბრადორებს, ფერიდან გამომდინარე, სხვანაირი პიგმენტაცია აქვთ, ანუ, ცხვირი, თათები და მუცლის არე ყავისფერი აქვთ; ჩალისფერ ლაბრადორზე, სტანდარტის მიხედვით, არ არის სასურველი, რომ ცხვირი, თათები და მუცელი ყავისფერი ჰქონდეს, ის შავი უნდა იყოს.
კანეკორსოს დართვის შემთხვევაში ფერების პრობლემა არ არის.
საერთოდ, სხვადასხვა ფერის ძაღლების დაწყვილება სერიოზული სელექციაა. აუცილებელია, იცოდეთ ძაღლის გენეალოგია; ასევე, უნდა იცოდეთ, რა ფერის ძაღლები ჰყავს მას სამ თაობაში. სასურველია, იგივე ინფორმაცია ვიცოდეთ ხვადის შესახებაც. ამის შემდეგ შეიძლება, გამოითვალოს, კონკრეტული ორი ფერის დაწყვილებით რა ფერის იქნება ლეკვების უმრავლესობა.
კითხვა: როგორ უნდა დავუმუშაოთ ოთახის ძაღლს ბრჭყალები?
პასუხი: ბუნებრივ პირობებში ბრჭყალების დამუშავება მექანიკურად, ხახუნით ხდება. რაც შეეხება ბინაში მცხოვრებ ძაღლებს, ბრჭყალების ჰიგიენა საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს. ამ შემთხვევაში ბრჭყალების დამუშავება აუცილებელია შესაბამის სპეციალისტთან, სპეციალური ხელსაწყოს გამოყენებით.
კითხვა: ჩემს ძაღლს ძალიან უყვარს რეზინის სათამაშოთი გართობა. რომელიც სპეციალურად ძაღლისთვის არ არის განკუთვნილი. საშიშია თუ არა ჩვეულებრივი, რეზინის სათამაშოს დაღრღნა ძაღლის ჯანმრთელობისთვის?
პასუხი: ბავშვის სათამაშო ბევრად რბილი და დამყოლია, ვიდრე ძაღლის. ძაღლის სათამაშოს სპეციალური მასალისგან ამზადებენ, რათა მან ადვილად ვერ გაღრღნას და ნაწილები არ გადაყლაპოს.
კითხვა: თუ შეიძლება, მითხარით, რა იწვევს ძაღლის სიბრმავეს?
პასუხი: ძაღლის სიბრმავე შეიძლება ასაკმა გამოიწვიოს. როგორც ასაკოვან ადამიანებს ემართებათ კატარაქტა და გლაუკომა, ასევე შეიძლება, დაემართოს ძაღლსაც – და მხედველობა თანდათან გაუუარესდეს და, ბოლოს, დაბრმავდეს. შესაძლოა, სიბრმავე ტრავმამაც გამოიწვიოს. თუმცა, ძაღლის ორგანიზმი იმდენად დაბალანსებულია, რომ, სიბრმავის მიზეზი ძირითადად მხოლოდ ასაკი ხდება ხოლმე.
კითხვა: თვეში რამდენჯერ არის რეკომენდებული ძაღლის დაბანა?
პასუხი: ეს კითხვა ძაღლის პატრონებს ხშირად უჩნდებათ. აუცილებელია, გაითვალისწინოთ ის გარემოება, რომ ძაღლის კანი და ბეწვი არა მხოლოდ მექანიკურად, არამედ, სხვადასხვა ქიმიური მექანიზმით უზრუნველყოფს ორგანიზმის დაცვას მიკრობების მავნე ზემოქმედებისგან. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ცხიმოვან ჯირკვლებს. ხშირი დაბანის შემთხვევაში, ხდება დამცავი ცხიმოვანი ფენის განლევა, რის გამოც, ცხიმის გამომყოფი ჯირკვლები იწყებს დაძაბულ გაძლიერებულ მუშაობას, რაც ჰიპერტროფიას და, საბოლოო ჯამში, სებორეული დერმატიტის განვითარებას იწვევს.