როცა ქალს უყვარს...
სანდრომ მძინარე მამას მხარში მოჰკიდა ხელი და ფრთხილად შეანჯღრია. მერე კიდევ... კიდევ... კოტე არ განძრეულა. მხოლოდ გულაღმა ამობრუნდა და ხვრინვა ამოუშვა. ბიჭმა ხელი ჩაიქნია და მობილური აიღო:
– დედა, რა ვქნა, ვერ ვაღვიძებ! რა უნდა სჭირდეს, ადრეა აქ ჯერ... ნუ დაიწყებ ხოლმე, რა... არა, მთვრალი არ არის... დედა! უცნაურად ლაპარაკობ, აბა, სად უნდა იყოს?! აქ არის, აქ, ჩემთან. მერე რა, თუ ორივეს ერთად არ დაგვლაპარაკებიხარ... გაიღვიძებს მოგვიანებით, აბა, რას იზამს და დაგელაპარაკება. მარტო ხარ ახლა შენ და სისულელეებზე ფიქრობ... მეც მომენატრე. ძალიან მომენატრე, ამას კითხვა უნდა?! ჩამოვალ, აბა, რას ვიზამ... კარგი, კარგი, აუცილებლად დაგირეკავ მოგვიანებით.
ლენუკამ ტელეფონი გულმოსულმა მიაგდო დივანზე – ვერ დარწმუნდა იმაში, რომ კოტე სანდროსთან იყო... ურეკავდა, – არ პასუხობდა.. როგორც იქნა, სანდროს დაუკავშირდა და მაინც ვერ მოახერხა ქმართან დალაპარაკება. კოტესთვის იმ უცნაური ვიზიტორის შესახებაც უნდოდა ეთქვა. უცნობმა გვარიანად შეაშინა და შეაფიქრიანა... სიგარეტს მოუკიდა და წუხანდელი შეხვედრის მეხსიერებაში აღდგენას შეეცადა.
– ვინ ბრძანდებით? – გაუმეორა შეკითხვა უცნობს.
კაცი უტიფრად ათვალიერებდა, თავიდან ფეხებამდე ზომავდა და რამდენჯერმე კმაყოფილებით გააწკლაპუნა პირი და სწორედ ეს ჟესტი იყო ის, რამაც ლენუკა დააფრთხო.
– რა გნებავთ? – ჰკითხა და ნახევრად შეღებილ კარს აეკრა.
– კოტეს ყოველთვის კარგი გემოვნება ჰქონდა, ოხერს... ქალბატონო, თქვენი მეუღლის ძველი მეგობარი ვარ, ამიტომ, უნდა მომიტევოთ ასეთი ფამილარული ტონი და გვიანი ვიზიტი... კოტე, ალბათ, არ არის სახლში....
– დიახ, არ არის... – მექანიკურად მიუგო ლენუკამ.
– და, არც იცით, როდის მოვა...
– არ მოვა. საქართველოში არ იმყოფება.
– აა, ასეც ვიცოდი... დიახ, ტრუსის სუნი ნამდვილად არ არის სასიამოვნო... მაგრამ, არა უშავს. დარწმუნებული ვარ, დაბრუნდება. ეგრეც არ შემიშინებია, – სტუმარი უშნოდ გაიკრიჭა, – ვხუმრობ... მაინც, სად არის, რომელიმე კუნძულზე ნებივრობს ცხელი მზის ქვეშ?
– შვილს ჩააკითხა ევროპაში, – ენის ბორძიკით მიუგო ქალმა.
– „შვილს ჩააკითხა ევროპაში“... – ნელა, დამარცვლით გაიმეორა კაცმა, – კარგად ჟღერს, არაჩვეულებრივად... ყოჩაღ, კოტე! ალბათ, ამაყობთ თქვენი მეუღლით, არა, ქალბატონო? კარგი, მეტად თავს აღარ შეგაწყენთ, კარგად ბრძანდებოდეთ.
– კი მაგრამ... კოტეს ვუთხრა, რომ იყავით? ან, რა ვუთხრა, თქვენი ვინაობა რომ არ გითქვამთ...
– მიხვდება, თუკი ყველაფერს მოუყვებით, – ჩაიცინა დაუპატიჟებელმა სტუმარმა და დაუმშვიდობებლად წავიდა. ლენუკა სახლში შევიდა, კარი ჩაკეტა და დაფიქრდა. ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ეს კაცი, ასეთი თავხედი და უტიფარი, ამდენის უფლებას რომ აძლევდა თავს. კოტეზე ისედაც გაბრაზებული, უარესად დაიბოღმა... იმიტომაც აიკლო ქმარი ზარებით. შვილთან ლაპარაკითაც ვერ მოიოხა გული და მერე თიკოს დაურეკა, მაგრამ, მეგობარმაც არ უპასუხა...
***
ბეჟანმა ქალის ხელი ფრთხილად მიიტანა ტუჩებთან და აკოცა:
– არაჩვეულებრივი ხართ. ისეთი მადლობელი ვარ ლენუკასი, თქვენი თავი რომ გამომიგზავნა...
– ძალიან მანებივრებთ კომპლიმენტებით, – გაინაზა თიკო; მოსწონდა, კაცი ასე რომ ევლებოდა თავს.
– განებივრებთ? პირიქით, არც კი ვიცი, რა გავაკეთო, რომ მადლობა გადაგიხადოთ, საღამო რომ გამილამაზეთ.
– ეს ხომ საქმიანი შეხვედრა იყო? მე მხოლოდ ჩემი მოვალეობა შევასრულე.
– დიახ, მაგრამ, როგორ შეასრულეთ? დარწმუნებული ვარ, დღეს ყველა მამაკაცს შურდა ჩემი.
– იცით, ბეჟან, თავს უხერხულად ვგრძნობ... ძალიან მერიდება. ჯერ ისეთი არაფერი გამიკეთებია... ჯერ ჩემი მოვალეობის შესრულებასაც კი არ შევდგომივარ.
– არა, არა... თავს ყველაფერს კარგად ართმევთ, ძალიან კარგად... ლენუკას აუცილებლად ვეტყვი მადლობას, – ბეჟანმა ისევ აკოცა ხელზე თიკოს და თითებზე ოდნავ მოუჭირა. უცებ თიკომ გადაწყვიტა, თამაშში აჰყოლოდა კაცს, კეკლუცად გაიღიმა და მორცხვი ღიმილით ჰკითხა:
– არ გინდათ, მეტი მომიყვეთ თქვენ შესახებ?
კაცს სახე გაუნათდა:
– მართლა გაინტერესებთ?
– მართლა...
– ბევრი არაფერია მოსაყოლი. ლენუკამ, ალბათ, გითხრათ, რომ ძალიან მიყვარდა, ბავშვური გულწრფელობით და ცოტა რომანტიკულადაც. შეიძლება, ამიტომაც არ დამაფასა ლენუკამ და ჩემს თავს კოტე კიტია ამჯობინა.
კოტეს ხსენებაზე თიკო შეკრთა, მაგრამ, მისი თვალიერებით გატაცებულ კაცს ეს არც შეუნიშნავს...
– ჰოდა, მერე ცოლი შევირთე. ესეც ბავშვურად მომივიდა – ვითომ ლენუკას გავეჯიბრე და სანანებელი გამიხდა – მე იმას ვერ გავუგე, იმან მე ვერ გამიგო... პრინციპში, არც ვამტყუნებ. მალე გავშორდი. ვერ გვიტყვი, რომ დღეს გულითადი მეგობრები ვართ, მაგრამ, არც მტრებად გადავკიდებივართ ერთმანეთს. იმას თავისი ცხოვრება აქვს – ქმარიც ჰყავს და შვილებიც, მე კი დავრჩი ასე...
– ასე ძალიან გიყვართ ლენუკა? – გაეღიმა თიკოს.
– რა მკითხეთ? – ბეჟანმა ხმამაღლა გაიცინა, მერე ერთბაშად დასერიოზულდა და ქალს თვალებში ჩააშტერდა: – სიმართლე გითხრათ?
– თუკი ეს შესაძლებელია... – განაზდა თიკო და ბოლომდე შევიდა როლში.
– კარგი, გეტყვით... ოღონდ, პირობა მომეცით, რომ არ გამიბრაზდებით... სანამ თქვენ გაგიცნობდით, მართლა მჯეროდა, რომ ლენუკა ისევ მიყვარდა, მაგრამ ახლა...
– არ გინდათ, ბეჟან... – ჩაიჩურჩულა თიკომ.
– აი, ხომ ხედავთ, მაინც გამიბრაზდით.
– არა, არ გიბრაზდებით. უბრალოდ, მეჩვენება, რომ ძალიან ჩქარობთ.
– მართლა? მე კი მეგონა, რომ მთელი საუკუნე გავიდა, რაც გიცნობთ. თიკო... შეიძლება?.. – კაცი გაჩუმდა, თავი ვეღარ მოაბა სათქმელს.
– მითხარით, მითხარით, რა გინდათ, რომ მკითხოთ...
– არა, არაფერი... თქვენ მართალი ხართ... მგონი, ძალიან ვჩქარობ. წამოდით, სახლში წაგიყვანთ.
თიკოს უცებ გაახსენდა, ლენუკას რომ დაჰპირდა, ამაღამ შენთან მოვალო; ისიც მოაგონდა, ლენუკა რომ ურეკავდა და მიხვდა, თუ ახლა დაქალთან არ წავიდოდა, სერიოზული სკანდალი არ ასცდებოდა.
– მირჩევნია, ჩემი მანქანით წავიდე. შეგიძლიათ, მანქანამდე მიმიყვანოთ?
– დიახ, რა თქმა უნდა... – ბეჟანმა მკლავზე მოკიდა ხელი და გასასვლელისკენ გაემართნენ...
***
კოტემ ამოიოხრა და აწკრიალებული მობილური უხალისოდ მიიტანა ყურთან.
– ალო... ალო... ჰო, კოტე ვარ. მე ვარ და გისმენ... მოიცა, მშვიდად ილაპარაკე. ნუ ყვირი, თუ ღმერთი გწამს, ისედაც თავი მისკდება... აუ, ლენუკა... გეუბნები, ნუ ყვირი-მეთქი, თორემ, გავთიშავ ტელეფონს ან მოთმინებას დავკარგავ და მაგრად გეჩხუბები... სანდრო? არ ვიცი, სადმე აქ იქნება. ჯერ წესიერად არ გამოვფხიზლებულვარ... აუ... ერთი საათი მაცადე და დავრეკავ... მაცადე-მეთქი!.. – ბოლოს უკვე უყვირა კოტემ და მობილური იატაკზე მოისროლა...
– გამითიშა ამ საზიზღარმა! – დაიყვირა ლენუკამ. თიკომ ხელისგული აიფარა თვალებზე და უკმაყოფილოდ დაიგმინა:
– რა გაყვირებს ამ დილაუთენია, ლენუკა?
– კოტე არ დამელაპარაკა... უკვე მერამდენე დღეა, ვცდილობ, დაველაპარაკო და საშუალებას არ მაძლევს.
თიკომ ამოიოხრა:
– შეეშვი, რა, შენც... ცოტა ხანს თავი დაანებე და თვითონ დაგირეკავს.
– მოიკლავს თავს! დეგენერატი! მეთამაშებიან ეგ და სანდრო რაღაცას. რა ვიცი, იქ კი არის?
– კარგი, რა, ლენუკა... რა დღეში გაქვს ნერვები. აბა, სად უნდა იყოს?
– ჯანდაბაში! – იფეთქა ლენუკამ, – ჰო, ჯანდაბაში! სანდროც რაღაც უცნაურად ლაპარაკობდა... დამაგლიჯეს, რა, ნერვები... აქ კიდევ ვიღაც კაცი მომადგა... შეგეხედა ერთი, ბანდიტს ჰგავდა.
– ვინ კაცი? – უინტერესოდ, მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით ჰკითხა თიკომ, რომელიც ახლა რას არ მისცემდა, რომ თავის საწოლში აღმოჩენილიყო და გამოეძინა.
– ვიცი? შენი ქმრის მეგობარი ვარო. კოტეს თუ ყველაფერს მოუყვები, მიხვდებაო... რა უნდა მოვუყვე, წარმოდგენა არ მაქვს... უტიფარი ღიმილით რომ მათვალიერებდა?
– გოგო, ვერ ჰკითხე, ვინ ხარ-თქო? – საწოლზე წამოჯდა თიკო.
– ვკითხე და არ მითხრა. ერთი მაგის დედაც, კოტესიც და, საერთოდ, ყველა კაცის!.. ყავას დალევ?
– უარს ვერ ვიტყვი.
– მარიკას უკვე ვუთხარი. ადგები თუ აქ მოვატანინო?
– ავდგები. შენი ახირება იყო, აქ დავრჩენილიყავი...
ლენუკამ ტუჩები აიბზუა და დაქალს ორაზროვანი ღიმილით შეხედა.
– გუშინ აღარ გითხარი... ძალიან მოგინდომებია შენი „საქმიანი შეხვედრა“... მთლად ნუ გააგიჟებ იმ კაცს.
– ვინ კაცს?
– ბეჟანს. ეჰ, თიკო, თიკო... მაგისთვის მიგაგზავნე იქ?
– ისე ამბობ, მიგაგზავნეო, თითქოს „შპიონი“ ვიყო. ნუ გეშინია, მახსოვს, რაც გაინტერესებს.
– რა ვიცი, რა ვიცი... ისე, დებილია ეგ ბეჟანი, გამოშტერებული.
თავისდაუნებურად, თიკომ იგრძნო, რომ ეწყინა ლენუკას სიტყვები:
– რატომ არის დებილი? ძალიან კარგი კაცია, სერიოზული და ცოტათი სევდიანი.
ლენუკამ წარბის აწევით გადახედა დაქალს:
– გოგო, შენ, მგონი, შეგიყვარდა, ხომ იცი?! ცოლად გაყოლასაც ხომ არ აპირებ?
– ჯერ ხელი არ უთხოვია, – გაღიზიანებული ტონით გამოაჯავრა თიკომ.
– რომ გთხოვოს?
– გავყვები! – მოუჭრა ქალმა, – რატომაც არა?! ზოგჯერ მეც ვფიქრობ, რომ ოჯახი და შვილები საჭიროა.
– მერე, იმ შენს საყვარელს გაჰყევი; თუ, ცოლი ჰყავს? – ჩაიცინა ლენუკამ.
თიკო გაწითლდა:
– რატომ ცდილობ, მეც ნერვები მომიშალო? ლენუკა, ზოგჯერ ძალიან მწარე ენა გაქვს ხოლმე. საყვარელი – საყვარელია... თანაც, შენი გადამკიდე, კარგა ხანია, აღარ შევხვედრივარ.
– ჩემი გადამკიდე რას ნიშნავს?
– სამსახურში შენ არ მომაწყვე? ბეჟანიც შენ გამაცანი... ისე, მართლა არ არის ცუდი კაცი...
– იმას სჯობია?
– ვის იმას? – ვითომ ვერ მიხვდა თიკო.
– ძალიან კარგად იცი, ვინც ვიგულისხმე... პრინციპში, შენი საქმის შენ იცი, მაგრამ, მე ბეჟანზე ბევრად უკეთესი მემეტებოდა შენთვის.
– უკეთესის ძებნაში გაუთხოვარი დავრჩები.
– ბევრიც არაფერი ყრია ამ გათხოვებაში, – ამოიოხრა ლენუკამ, – ხომ ხედავ, რა დღეში ვარ...
თიკომ გაიფიქრა, ეგ ყველაფერი შენი ბრალია, კიდევ კარგად გიძლებს ქმარიო, მაგრამ, გაჩუმება ამჯობინა...
***
ლინამ თმა შეისწორა.
– რა ვქნათ დღეს, შევხვდეთ ბიჭებს?
– რა ვიცი, – მხრები აიჩეჩა დეამ, – ცოტა აზრზე არ მოვიდე? სიმართლე გითხრა, ძალიან დავიღალე. ლამის ვნანობ, რომ არ წავყევი ჩემებს.
– არა, რა... რას ამბობ? ეს ორი კვირა ჩემთვის ბევრს ნიშნავს... ძალიან შეგეჩვიე.
– მეც. მაგრამ, სულ შენთან ხომ ვერ დავრჩები? შენ უკვე ელაპარაკე ტომასს?
– ჰო. თვითონ არ მომასვენა, ამიკლო ზარებით – იცის, რომ ჩამოვედით.
– კიდევ რა გითხრა?
ლინას ეშმაკურად აუციმციმდა თვალები:
– თუ ის გაინტერესებს, მოენატრე თუ არა სანდროს, თურმე სულ შენზე ლაპარაკობს. თან, სტუმარიც ჰყოლიათ... – სიტყვა „გაწელა“ გოგომ.
დიანამ კითხვით სავსე მზერა მიაპყრო.
– სანდროსთან მამამისი ჩამოვიდა...
დიანა შესამჩნევად გაფითრდა:
– ვინ?
– სანდროს მამა... ეტყობა, მშობლები ყველა ქვეყანაში ერთნაირად ფიქრობენ და იქცევიან. სასტუმროში არ წავიდა, ჩვენთან დარჩაო, ტომასმა მითხრა: ცოტათი უცნაური ტიპიაო...
– დაურეკე ტომასს, უთხარი, რომ საღამოს შევხვდებით ბარში.
– ოჰო! ასე უცებ რატომ გადაწყვიტე?
– იმიტომ, რომ შენ აშკარად გინდა ტომასის ნახვა...
– და შენ სანდროსი, არა?!
– შეიძლება, მინდა კიდეც, – მხრები აიჩეჩა დიანამ... – მიდი, დაურეკე...
ლინამ გაიცინა და ტელეფონმომარჯვებული გავიდა აივანზე. დეა საკუთარ ხელებს ჩააშტერდა. გული გამალებით უცემდა და თითებიც უთრთოდა... წინა ღამით ნანახი სიზმარი გაახსენდა, უსიამოვნო განცდა რომ დაუტოვა... მიზანთან თითქმის ახლოს იყო... სულ რამდენიმე ნაბიჯი და – ცისარტყელას ხელით შეეხებოდა, მაგრამ, მანამდე საზიზღარ წუმპეში მოუწევდა ფეხის ჩადგმა... ტალახი ისეთი წებოვანი იყო და ბლანტი, რომ ფეხები კოჭებამდე დაუფარა... მერე ზემოთაც ააცოცდა, თითქმის მუხლებამდე... გული ერეოდა და გრძნობდა, როგორ უშეშდებოდა კიდურები. ცისარტყელა კი ახლოს იყო, ძალიან ახლოს... რომ გაეღვიძა, შუბლი სველი ჰქონდა ოფლით; ფეხებზეც კი დაიხედა, ტალახი მართლა ხომ არ მისვიაო...
– მორჩა, გველოდებიან... საღამოს, ბარში...
დეამ მკერდთან მიიტანა ხელი და ღრმად ამოისუნთქა. უკან დახევას აზრი არ ჰქონდა – გადაწყვეტილება გაცილებით ადრე მიიღო...
***
ტომასმა თვალი ჩაუკრა პასუხის მოლოდინში განაბულ სანდროს.
– არის! ჩამოვიდნენ!
– ჰო? მოვლენ ბარში?
– რა თქმა უნდა... ქალებს ჯერ ისევ ცუდად იცნობ. ეგენი მხოლოდ თავს გვაჩვენებენ, რომ არ ვენატრებით, სინამდვილეში კი ერთი სული აქვთ, როდის გვნახავენ... რა იყო, რა სახე გაქვს, არ გიხარია?
– მამაჩემს რა ვუყო, პაემანზე ხომ არ წავიყვან? სილვიამაც, მგონი, ვერაფერი გაიგო, რაც ველაპარაკე. გამორიცხული არ არის, რომ ისევ თავზე დაგვადგეს... წარმოგიდგენია, დიანას რომ დაუწყოს ჩხუბი?
– ჰო, ეგ პრობლემაა... – შეიჭმუხნა ტომასი და შუბლი მოისრისა, – მოიცა, მოვიფიქრე: არის გამოსავალი: მამაშენს ხომ მოეწონა სილვია, ჰოდა, მივუშვათ!
– რა სულელი ხარ, – ამოიოხრა სანდრომ, – თუმცა, შენ შეგიძლია, სიტუაციით გაერთო, მაგრამ, ახლა მე მკითხე?! ჯერ სილვია მექცა თავის ტკივილად, ახლა კიდევ – მამაჩემი. დარწმუნებული ვარ, აგვეკიდება...
– შენც, რა განერვიულებს, გააცანი მომავალი რძალი და ეგ იქნება! ხომ თქვი, დიანას გარდა არავის შევირთავო.
– კი ვთქვი, მაგრამ, ასე იოლადაც არ არის საქმე... პირდაპირ ვერ მივახლი მამაჩემს, ისედაც ვერ არის გუნებაზე. ერთი სიტყვით, აღარ ვიცი, უნდა მიხაროდეს დიანას ჩამოსვლა თუ არა...
გაგრძელება შემდეგ ნომერში