როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
თვალიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი თვალია.
იაკობ თვალიაშვილი 1791 წლის დამლევს მოიხსენიება მღვდელი კოკარასშვილის მიერ როსტომ და გიორგი დავითაშვილებისთვის მიცემულ პირობის წიგნში.
ამავე ძირისაა გვარები: თვალაძე, თვალაშვილი, თვალაბეიშვილი, თვალავაძე, თვალთვაძე, თვალოძე.
საქართველოში 714 თვალიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 206, გორში – 116, ახმეტაში – 75. არიან სხვაგანაც.
ლაბაძე
ლაბა მამაკაცის საკუთარი სახელია. ის ისტორიულ წყაროებში რამდენიმე ფორმით გვხვდება, მაგალითად: ლაბი, ლაბაზან, ლაბია, ლაბლა, ლაბო.
ფუძით ლაბა ნაწარმოებია ქართულ გვარში – ლაბარი, ლაბარიშვილი, ლაბაძე, ლაბრიძე, ლაბაშია, ლაბარაშვილი, ლაბაური.
ლაბაძეები იმერეთში ცხოვრობენ სოფლებში: მანდაეთი, ბოსლევი, კორბოული, რგანი, სარეკი, საზანო, ჭორვილა, შროშა და საქარა.
სოფელ სარეკში მცხოვრები ლაბაძე დათუა 1680 წელს, ისტორიულ წყაროში მოიხსენიება.
საქართველოში 4 631 ლაბაძე ცხოვრობს: თბილისში – 756, ჭიათურაში – 741, ხაშურში – 618. არიან სხვაგანაც.
პავლიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი პავლე, რომელიც ლათინური წარმოშობისაა და ქართულად „პატარას“, „მცირეს“ ნიშნავს.
1523 წელს პავლიაშვილი მოიხსენიება ყმისა და მამულის ნასყიდობის წიგნში, რომელიც ავთანდილ ჯავახიშვილს ამირბარ მაღალაძისათვის მიუცია.
ასევე, 1718 წელს ბარათაშვილთა გაყრის წიგნში მოხსენიებულია გვარი პავლიაშვილი.
1721 წელს ენაგეთში არიან მოხსენიებულნი პავლიაშვილები, როგორც აზნაურები.
1818 წელს წინწყაროში მოიხსენიება მღვდელი დიმიტრი პავლიაშვილი.
საქართველოში 2 895 პავლიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 777, გორში – 681, სიღნაღში – 189. არიან სხვაგანაც.
ერაძე-ერაშვილი
ჩვენს ხელთ არსებული საბუთებით, გვარი ერაძე დამოუკიდებლად ნაწარმოები გვარია.
ილია მაისურაძე, წიგნში „ქართული გვარსახელები“, წერს: „ერაძე – ფარახეთი, ონის რაიონი; საკუთარი სახელი – ერა“.
„ერაძენი ბობოთას მცხოვრებნი, ბაგრატ მეფემ მათი შეწირულება განუახლა მთის წმიდა გიორგის ეკლესიას იმ პირობით, რომ ღაღანიძესა და ძაგანიშვილს მათზე უფლება არ ჰქონოდათ (1463-1478 წლები)“.
ამავე ძირისაა გვარი ერიაშვილი.
საქართველოში 1 455 ერაძე ცხოვრობს: თბილისში – 584, ქუთაისში – 245, ტყიბულში – 170. არიან სხვაგანაც.
83 ერაშვილი: თბილისში – 38, ლაგოდეხში – 12, რუსთავში – 8. არიან სხვაგანაც.
ბერძენი-ბერძენაძე-ბერძენია-ბერძენიძე
ეს გვარი მივიღეთ ფუძით – ბერძენი. ქართველებთან ის გვარად ქცეული ეთნონიმია. მისგან, ასევე, მიღებულია გვარები: ბერძენიშვილი, ბერძნიშვილი, ბერძენიძე, ბერძული, ბერძელიშვილი.
ბერძენასშვილი-ბერძნიშვილები იყვნენ აზნაურები და შეტანილები არიან 1783 წელს, გეორგიევსკის ტრაქტატში.
რუსული დაბოლოების დართვით კი გვხვდება გვარი ბერძენოვი.
საქართველოში 51 ბერძენი ცხოვრობს: ფოთში – 23, ქუთაისში – 17, თბილისში – 7. არიან სხვაგანაც
401 ბერძენაძე: ქუთაისში – 192, წყალტუბოში – 56, ბაღდადში – 54. არიან სხვაგანაც.
40 ბერძენია: ზუგდიდში – 19, წალენჯიხაში – 5, თბილისში – 3. არიან სხვაგანაც.
2 665 ბერძენიშვილი: თბილისში – 1 050, ჩოხატაურში – 389, რუსთავში – 146. არიან სხვაგანაც.
120 ბერძენიძე: თბილისში – 40, ახალციხეში – 26, საჩხერეში – 16. არიან სხვაგანაც.
22 ბერძენოვი: მარნეულში – 12, თბილისში – 6, რუსთავში – 4.
208 ბერძნიშვილი: გორში – 101, მცხეთაში – 45, თბილისში – 14. არიან სხვაგანაც.
200 ბერძული: თერჯოლაში – 98, ქუთაისში – 35, თბილისში – 27. არიან სხვაგანაც.
25 ბერძულიშვილი: ზესტაფონში – 9, თბილისში – 5, რუსთავში – 5. არიან სხვაგანაც.
52 – ბერძენაშვილი.
კიკვილაშვილი
ქართული გვარის ფუძეა სიტყვა კივა. სულხან-საბასთან „კიკვა“ – მეთოფეს, მეომარს, ჯარისკაცს ნიშნავს.
ამავე ძირისაა გვარები: კიკავძე, კიკვიძე.
საქართველოში 207 კიკვილაშვილი ცხოვრობს: გორში – 105, თბილისში – 85, რუსთავში – 10. არიან სხვაგანაც.
ფირუზაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ფირუზი, რომელიც ძვირფასი ქვის აღმნიშვნელი სიტყვაა. ეტიმოლოგიურად ის „სინათლით სავსეს”, „ნათელს” ნიშნავს.
1721 წელს, წინწყაროში, საბარათაშვილოში, ბატონის დედოფლის სახასოში მოიხსენიებიან ზურაბა, პაპა, საქუა ფირუზაშვილები.
საქართველოში 121 ფირუზაშვილი ცხოვრობს: მცხეთაში – 73, თბილისში – 43, რუსთავში – 4. არიან სხვაგანაც.
როსტაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი როსტომი, რომელიც სპარსული წარმოშობისაა და ქართულად ძლიერს ნიშნავს. სპარსულად გამოითქმის როგორც რუსტამი.
1721 წელს სამაჩვეთში მოიხსენიება პაპუა როსტაშვილი.
საქართველოში 18 როსტაშვილი ცხოვრობს: დუშეთში – 7, რუსთავში – 6, თბილისში – 5.
გეგეშიძე
გვარის ფუძეა გეგე, რაც მეგრულად, სიტყვასიტყვით, წმიდა გიორგის ნიშნავს (ში სუფიქსია). ამავე ძირისაა გვარები: გეგია, გეგელია, გეგეჭკორი.
გვარი გეგეშიძე გავრცელებულია ქვემო იმერეთში, კერძოდ, სოფლებში: ლაშე, მაქათუბანი, ხარაგვეში, საყულა, ჭაგანი, ჭყვიში; გვხვდება აბაშის რაიონშიც: ქოლბანში, აბაშაში, პირველ მაისში, სამიქაოში და სხვა.
„გეგეშიძე ნიკორწმინდას მცხოვრები, ერთი კომლი, ბაგრატ მეფემ შესწირა ნიკორწმინდის ეკლესიას” (1544 წელი).
საქართველოში 1 911 გეგეშიძე ცხოვრობს: თბილისში – 469, სამტრედიაში – 431, ქუთაისში – 164. არიან სხვაგანაც.
კოჭლაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი კოჭლა. ამავე ძირით გვხვდება გვარები: კოჭლავაშვილი, კოჭლაძე.
„კოჭლაშვილი ქიტესა, სატივეში მცხოვრები, მოყალნე, ერთი კომლი. ჰყავს ერთი მოლაშქრე ვაჟი და მისი ნაშენი ერთი ვაჟი. მოხსენიებულია ზემო ქართლის სადროშოს აღწერის დავთარში, მეჩვიდმეტე საუკუნის პირველ ნახევარში.”
საქართველოში 211 კოჭლაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 93, გორში – 59, ახმეტაში – 28. არიან სხვაგანაც.
ნადიმაშვილი
გვარის ფუძეა ნადიმი, იგივეა, რაც მეჯლისი. სულხან-საბა წერს: „მეჯლისი სპარსთა ენაა, ქართულად ნადიმი ჰქვიან.” ეს სიტყვა ისე დასდებია გვარს, რომ ის პირთა სახელად არ ქცეულა.
ჩვენს ხელთ არსებული წყაროებით, ნადიმაშვილი მეთექვსმეტე საუკუნის პირველ მეოთხედში მოიხსენიება.
„ნადიმაშვილი, ზაკეს მცხოვრები, გოშფარ და როინ ჯავახიშვილების გაყრის დროს, ის მამულით ერგო გოშფარს” (1527-1558 წლები).
„ნადიმაშვილი ზაკეს მცხოვრები, ზაქარია ჯავახიშვილმა, გიორგი სააკაძესთან შეყრილობის დროს, ის დასდო თავის წილში” (1624 წელი).
საქართველოში სულ 20 ნადიმაშვილი ცხოვრობს.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით