ეძიე კაცი
– მკითხეთ, რა გაინტერესებთ და, თუ საჭიროდ ჩავთვლი, გიპასუხებთ, – მიამ იგრძნო, რომ ტომასის გულწრფელობამ და ერთგვარმა მოურიდებლობამ მასაც შეჰმატა სითამამე.
– არ გეწყინებათ, ცოტა თავხედი თუ ვიქნები? – „თადარიგი დაიჭირა“ კაცმა.
– შევეცდები, – გაეცინა მიას.
– მაშინ, პირველად იმას გკითხავთ, რამდენი შვილი გყავთ...
– ორი ბიჭი მყავს, 9 წლის და 5 წლის.
– ქმარს რატომ გაშორდით?
– თქვენ რომელი გაინტერესებთ? – კითხვა შეუბრუნა მიამ და გაუკვირდა, რომ რეზომ „სრული“ ინფორმაცია არ მიაწოდა თავის ამერიკელ პარტნიორს.
– ვერ მიგიხვდით... – დაიბნა ტომასი.
მე ორი ქმარი მყავდა და ორივეს გავშორდი. მიზეზი კი თითქმის ერთი და იგივე იყო – არც ერთი არ აღმოჩნდა ის, ვინც მეგონა და ეს საკმარის მიზეზად ჩავთვალე, რომ გავყროდი – უფრო დაწვრილებით არ განვიხილავ ამ საკითხს. ისე კი, მთელი ცხოვრება ვეძებ მამაკაცს, რომელიც, თქვენს სიტყვებს თუ გავიმეორებ, „ჩემი“ იქნება, მაგრამ, ორივე მცდელობა ფუჭი აღმოჩნდა და, ვერც მას შემდეგ ვიპოვე, თუმცა, გამოგიტყდებით და, მათი ძებნით დიდად არც მომიკლავს თავი, – ცოტა სევდა შეეპარა მიას ხმას, – ბოლოს სხვადასხვა სიტყვებით, მაგრამ, ორივე ქმარმა თითქმის ერთი და იგივე მითხრა – რომ ბედმა მთელ ქვეყანაზე ყველაზე საშინელ ქალთან შეახვედრა. სხვათა შორის, ქმრების ასეთი განწყობა ცოლების მიმართ საკმაოდ ცინიკურად ახსნა ტოლსტოიმ. გაგიგიათ ასეთი მწერალი?
– თქვენ წარმოიდგინეთ, საკმაოდ კარგად ვიცნობ მის შემოქმედებას, მაგრამ, ნამდვილად არ ვიცი, რა თქვა ამ საკითხთან დაკავშირებით.
– ციტირებას მოვახდენ: „ქალებს მხოლოდ ქმრები იცნობენ; მხოლოდ ქმარი თუ ხედავს ცოლს კულისებში და, ამიტომ, ყველა ქმარი ფიქრობს, რომ დედამიწაზე ერთადერთი ცუდი ქალი ერგო“...
– მართლაც ცინიკოსი ყოფილა... მაგრამ, ეს ყველაფერი, ჩემი და ღრმად პატივცემული ოსკარ უაილდის აზრით, ქალების ბრალია.
– რა ყველაფერი?
– ის, რომ კაცები სათანადოდ ვერ უგებენ ქალებს და, შესაბამისად, ვერც სათანადოდ აფასებენ.
– საინტერესოა, რაზე შეთანხმდით თქვენ და ბატონი უაილდი? – გაეცინა მიას, – თუმცა, უაილდი, მგონი, კაცებს უფრო კარგად იცნობდა.
– და, მაინც უნდა გითხრათ, ხმამაღლა გაიცინა კაცმა. „ქალები უცნაური სენით არიან დაჯილდოებულნი: ყველაფერს ხედავენ, გარდა იმისა, რაც ცხვირწინ აქვთ“, – ეს მე არ მითქვამს, უაილდმა თქვა, მაგრამ მთლიანად ვეთანხმები, – მრავალმნიშვნელოვანი ღიმილით თქვა ტომასმა.
– ანუ, იქ არ ვეძებთ, სადაც საჭიროა, ასეა?
– დიახ, სწორად გაიგეთ.
მია მიხვდა, საითაც „უკაკუნებდა“ ამერიკელი, მაგრამ, აღარ განავრცო ეს თემა და საათზე დაიხედა:
– ჩემი წასვლის დროა. დედაჩემი დავტოვე ბავშვებთან და, ალბათ, უკვე გააგიჟეს.
– სამწუხაროა... – დანანებით თქვა ტომასმა, – მაგრამ, ერთი თხოვნა აუცილებლად უნდა შემისრულოთ.
– რა თხოვნა?
– ვიცეკვოთ.
დარბაზში სასიამოვნო ბლუზი ჟღერდა, ტომასი კი ისეთი თვალებით შესცქეროდა, უარი ვეღარ უთხრა და წამოდგა:
– მხოლოდ ერთი ცეკვა. მართლა ძალიან დამაგვიანდა.
მათ იქვე, მაგიდისგან ოდნავ მოშორებით დაიწყეს ცეკვა. ხმას არცერთი არ იღებდა, ორივე თავისთვის, გონებაში აკეთებდა პირველი პაემნის რეზიუმეს.
„მგონი, ვიპოვე ის, ვისაც წლებია, ვეძებ. კიდევ ერთი-ორი შეხვედრა და, ზუსტად მეცოდინება, არის თუ არა მია „ჩემი ქალი“, – კმაყოფილი სახით ფიქრობდა ტომასი.
„რვა ქულა უკვე დააგროვა. ორიღა დარჩა. თუ ცეკვის დროს რამე შეეშალა, გაცილების უფლებასაც კი აღარ მივცემ, თუმცა, არც კი ვიცი, მინდა თუ არ მინდა, რომ შეეშალოს“, – თითქოს საკუთარ თავს ებრძოდა მია.
ტომასს არაფერი შეშლია ცეკვისას – არც ძალიან ჩახუტება და არც კოცნა არ უცდია, მხოლოდ ღიმილით ჩახედა ქალს თვალებში და ძალიან ფაქიზად მიიყრდნო მისი თავი ლოყაზე...
„ცხრა ქულა, – გაიფიქრა მიამ, როცა ცეკვის დასრულების შემდეგ ისინი მაგიდას დაუბრუნდნენ, – ერთი ქულაღა დარჩა“.
მია ძალიან ჩქარობდა, მაგრამ ტომასმა ფუჟერი შეავსო, მიუჭახუნა და ძალიან თბილად, თან, როგორც ქალს მოეჩვენა, გულწრფელად თქვა:
– ჩვენს გაცნობას გაუმარჯოს. მე დღეს ძალიან ბედნიერი ვარ. იმედია, არც თქვენ ნანობთ.
– გაუმარჯოს ჩვენს გაცნობას, – თქვა მიამაც, ერთი ყლუპი მოსვა და ფუჟერი მაგიდაზე დადგა. ტომასი გულში მაინც ელოდა, რომ, სიტყვით თუ არა, ქალი რამით მაინც მიანიშნებდა, ნანობდა თუ არა მასთან შეხვედრას, მაგრამ, მსგავსი არაფერი მომხდარა, თუმცა, გუმანით გრძნობდა, რომ უკმაყოფილო ნამდვილად არ იყო და დასაწყისისთვის ესეც საკმარისად ჩათვალა.
სახლამდე ისე მიაცილა, არც ზოგადსაკაცობრიო თემები წამოუჭრიათ, არც ერთმანეთის წარსულს ჩასძიებიან. ტომასი იმდენად ბედნიერად გრძნობდა თავს, რომ ჯაზის რომელიღაც ცნობილი მელოდია წაიღიღინა.
– კარგად გამოგდით, – უთხრა მიამ, – მეც მიყვარს ჯაზი, მაგრამ, კლასიკური მუსიკა უფრო მამშვიდებს, და, კიდევ, ჩვენი ხალხური სიმღერები.
– თქვენ მართლაც საოცარი ფოლკლორი გაქვთ, სიმღერები და ცეკვებიც – რაღაცნაირი დიდებული და მომაჯადოებელი, – თქვა ტომასმა და, საუბარი თავისთავად შეეხო მუსიკას და, ზოგადად, ხელოვნებას.
– მოვედით, – თქვა მიამ, როცა თავის კორპუსს მიუახლოვდნენ, – მგონი, დაიღალეთ, იმხელა გზა გამოვიარეთ ფეხით.
– სულაც არა. ამ კორპუსში ცხოვრობთ?
– დიახ, ბოლო სადარბაზოში.
– მაშინ, ბარემ, სადარბაზომდე მიგაცილებთ.
– არა, არ მინდა, ცნობისმოყვარე მეზობლებს ახალი საჭორაო თემის განხილვის სიამოვნება მივანიჭო, – გაეცინა მიას.
– თქვენ ზრდასრული ქალი ხართ. ვისი რა საქმეა, რომელ საათზე და ვისთან ერთად ბრუნდებით სახლში? – მიუხვდა ტომასი.
– ჰო, მაგრამ, ამავე დროს, მე ვარ ორჯერ განათხოვარი ქალი და ორი შვილის დედა, ამიტომ, ლამის მთელი უბანი დგას ჩემი მორალის სადარაჯოზე – აქ ჩვეულებრივი ამბავია საკუთარი პრობლემების გვერდზე გადადება და სხვის პირად ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფა.
– კარგი, რადგან ასე გსურთ, აქ დავემშვიდობოთ ერთმანეთს. მქონდეს თქვენთან კიდევ შეხვედრის იმედი? – ჰკითხა კაცმა და თვალებში ჩახედა.
– არ ვიცი... – ორჭოფულად თქვა მიამ.
– რატომ, არასაინტერესო და შაბლონური საღამო გაგატარებინეთ?
– პირიქით, საინტერესოც იყო და, უნდა აღვნიშნო, რომ, არასტანდარტულიც; თქვენც ძალიან საინტერესო ადამიანი ჩანხართ, მაგრამ, არ მინდა, მხოლოდ ამის გამო გაგრძელდეს ჩვენი შეხვედრები. მე უნდა... – თქვა მიამ, წინადადება აღარ დაასრულა და გაწითლდა, რადგან, ცოტა ზედმეტად გულწრფელად გამოუვიდა ნათქვამი.
„კიდევ კარგი, ღამეა და ვერ ხედავს, ცეცხლი რომ წამეკიდა სახეზე“ – გაიფიქრა დაბნეულმა.
– თქვენ უნდა... – „წაეშველა“ ტომასი.
მიამ გადაწყვიტა, რომ ბოლომდე გულწრფელი ყოფილიყო და უკვე თამამად დაასრულა: – მე უნდა მომენატროს თქვენთან შეხვედრა, – რამდენიმეწამიანი პაუზის შემდეგ კი დაამატა: – უფრო სწორად, თქვენი ნახვა უნდა მომენატროს.
– მე უკვე მენატრებით! – პატარა ბიჭივით წამოიძახა ტომასმა და უცებ ძალიან მოუნდა ქალის მოფერება, მაგრამ მია ისეთი ნდობით აღსავსე თვალებით შესცქეროდა, ინტუიციურად იგრძნო, რომ ამით ყველაფერს ჩვეულებრივს გახდიდა; ამიტომ, მხოლოდ ის გაბედა, რომ მისი ხელი ხელისგულებში მოიქცა და ძალიან ნაზად აკოცა.
„ათი ქულა!“ – გაიფიქრა მიამ და სადარბაზოსკენ გაემართა.
– შეიძლება, ხვალ დაგირეკოთ? – კითხვა დაადევნა ტომასმა და თვითონვე გაუკვირდა, რომ დარეკვის ნებართვა სთხოვა – წინათ სხვანაირად „მიმწოლი“ იყო ქალებთან.
– მე თვითონ დაგირეკავთ, – ხელი დაუქნია მიამ.
– როდის? – ლამის უკან გაეკიდა ამერიკელი, – თქვენ ხომ ჩემი ნომერიც არ გაქვთ?
– თუ გადაწვყვიტე დარეკვა, მეც რეზოს გამოვართმევ ნომერს, – სიცილით მიაძახა ქალმა და სადარბაზოში შევიდა.
ტომასი სიხარულისგან აჟიტირებული დაბრუნდა სასტუმროში და გამთენიისას ძლივს ჩაეძინა.
...მია ძალიან შეეცადა, დედას არაფერი შეემჩნია და, ამიტომ, ჩვეულებრივად შევიდა სახლში, ბავშვები დაკოცნა და დასაძინებლად გაიყვანა; მერე დედას ჰკითხა, ძალიან ხომ არ გაგაბრაზესო და ათას წვრილმანზე დაუწყო ლაპარაკი, მაგრამ, არ გამოუვიდა „ნომერი“.
– პაემანზე იყავი? ვინ არის? მია, იცოდე, კიდევ არ წაიტეხო კისერი, თორემ, ნამდვილად ვეღარ გადავიტან! – მკაცრად უთხრა დედამ.
– გოგოებთან ვიყავი, – უპასუხა და გულში გაიფიქრა, რომ ტყუილების გარეშე შეუძლებელი იყო ცხოვრება.
– და, იმიტომ გიბრწყინავს ასე თვალები? ხომ იცი, რომ მე ვერაფერს გამომაპარებ?
– არ შეიძლება, დაქალისგან კარგ ხასიათზე დავბრუნდე? რა ვიცი, როცა ცუდ გუნებაზე ვარ, სულ იმას მეუბნები, ცხვირპირი რატომ ჩამოგტირისო, – იქით სცადა მიამ შეტევა.
– ვინ არის ის კაცი, მე არ ვიცნობ? – არ მოეშვა დედა.
– არა. ქართველი არ არის, ამერიკელია, – უცებ სიმართლის თქმა გადაწყვიტა მიამ და ძალიან მოკლედ მოუყვა, სად და როგორ გაიცნო ტომასი.
– ამერიკელიღა გვაკლდა! – წამოიძახა ქალმა, – შენ, რა, ორიგინალური ეგზემპლარებით გინდა გაამდიდრო შენი კოლექც... – და უცებ გაჩუმდა, რადგან, მიხვდა, რომ ძალიან უტაქტოდ გამოუვიდა, მაგრამ, სიტყვა უკვე ნათქვამი იყო და გამოსწორების მცდელობასაც კი აღარ ჰქონდა აზრი. ამიტომ, ისღა დარჩენოდა, ბოდიში მოეხადა:
– მაპატიე, ზედმეტი მომივიდა, მაგრამ, მეშინია, გესმის? მეშინია, კიდევ არ შეცდე. თან, ბიჭიც უკვე დიდია, ვინმემ რამე რომ უთხრას დედაზე, კაცმა არ იცის, რას მოიმოქმედებს და, დავიღუპებით სამუდამოდ! ეს სულ უნდა გახსოვდეს, შვილო! ქალი შვილს რომ გააჩენს, ის ჯერ დედაა, მერე – ისევ დედა, მხოლოდ ბოლო ადგილზე გადადის მისი პირადი ცხოვრება.
– მახსოვს, დედა, – მშვიდად უპასუხა მიამ, – ეს რომ არ მახსოვდეს, ცოტა სხვანაირად ავიწყობდი ცხოვრებას – ეს ერთი; მეორეც, მე იმ ამერიკელს არც კისერზე ვეკიდები და არ ლოგინში ვუწვები; თან, სხვათა შორის, ძალიან სერიოზული და საქმიანი კაცია და, მინდა გითხრა, სულაც არა ჰგავს არც უსაქმურ „ძველ ბიჭს“, არც ჭამა-სმისგან ღიპად ქცეულ ქართველს, არც სოფლიდან ჩამოსულ და, ვინ იცის, რა გზებით გაფულიანებულ ხეპრე და თვითდაჯერებულ გოიმს და არც თბილისელ სირისტიან „დედიკოს ბიჭს“... და, საერთოდ, თუ ოდესმე გადავწყვიტე, რომ მესამედ ვცადო ბედი, ამ ნაბიჯს ძალიან დიდი დაკვირვებისა და აწონ-დაწონის შემდეგ გადავდგამ, მხოლოდ ორი მიზეზის გამო: რომ ჩემს შვილებს ნამდვილი პატრონი ჰყავდეთ და, რომ მათ დედაზე ვერავინ გაბედოს რამე ჭორის გამოგონება და ქილიკი. ასე რომ, შეგიძლია, მშვიდად იყო, აღარც შეცდომას დავუშვებ და აღარც შენს ჩუმად გავთხოვდები. არ გეწყინოს, დედა, მაგრამ, ძალიან გთხოვ, ამ თემაზე ნუღარც დამელაპარაკები და ნურც პატარა ბავშვივით დამტუქსავ; როცა რამე სათქმელი მექნება, თვითონ გეტყვი.
– რატომ ბრაზობ, რა გითხარი ასეთი? დედა ვარ და მეშინია, რა არის აქ ძნელად გასაგები?
– მართალია, მაგრამ, არ გინდა, გაიგო, რომ აღარ ვარ პატარა ბავშვი და დავიღალე მთელი ცხოვრება კუთხეში დგომით, თავის გამართლებით, ბოდიშების მოხდით... შეიძლება, არ ვარ კარგი შვილი, მაგრამ, ვცდილობ, რომ ვიყო კარგი დედა... ძალიან ვცდილობ, დამიჯერე. შეიძლება, მთლად ისე არ გამომდის, შეიძლება რამე შემეშალოს, მაგრამ, ეჭვი არ შეგეპაროს, რომ არაფერს ისეთს არ მოვიმოქმედებ, რომ ჩემს შვილებს ჩემ გამო გაწითლება მოუწიოთ.
– მე არ მინდა, რომ მეზობლებს ეგონოთ...
– აი, რაც შეეხება მეზობლებს, იცოდე, რომ, თუ მოიდომებენ, მე კი არა, შენც არ დაგინდობენ და, შეიძლება, იმდენი საყვარელი „აღმოგიჩინონ“, ფანჯრიდან გადახტომა მოგინდეს. ამიტომ, დაანებე თავი ყველასთან ჩემს გამართლებას – ამით უფრო უჩენ ეჭვებს. თუ რამეს გეტყვიან, უპასუხე, რომ ყველა საკუთარი პატიოსნებიდან გამომდინარე სცხებს ჩირქს სხვას-თქო; ან, სულაც, უპასუხოდ დატოვე, იგნორირება გაუკეთე... რა ვიცი, ათასნაირი მეთოდი არსებობს მათი ენების დასამოკლებლად, ოღონდ, არა თავის მართლება.
– ჰო, ალბათ, მართალი ხარ, – დაეთანხმა ქალი და მობოდიშებით ჩაილაპარაკა: – არ მინდა, რომ გული გატკინო, ძალიან ვცდილობ, რომ არ გაწყენინო, მაგრამ...
– მაგრამ ეს მაინც მშვენივრად გამოგდის, დედა, – ნაღვლიანად თქვა მიამ, – მერე მეც უხეშად მიწევს შენი შემოტევების მოგერიება და, საბოლოოდ, შენც და მეც ერთმანეთზე ნაწყენები და გულნატკენები ვრჩებით, ბოლოს კი ორივე ვიტანჯებით და ბოდიშების მოხდით ვცდილობთ, დავიბრუნოთ ერთმანეთი. ღირს კი ამდენი განცდა და ტანჯვა უსაქმური და ბოროტი მეზობლების გამო? – მიამ იგრძნო, რომ ტირილის დაწყებას აღარაფერი უკლდა, ამიტომ, წამოდგა და თავისი ოთახისკენ გაემართა:
– ამაღამ ნუღარ წახვალ, ხვალ მე თვითონ გაგიყვან. მამას დაურეკე, რომ არ ინერვიულოს.
– სად მიდიხაო? – სიტყვის მასალად ჰკითხა დედამ.
– ძალიან დავიღალე და მეძინება. დილით ადრე ვარ ასადგომი. ძილი ნებისა, – მიამ ისე შეიკეტა ოთახის კარი, დედისთვის თვალებში აღარ შეუხედავს, – ვერაფრით ვერ დამალა, რომ ძალიან ნაწყენი იყო.
ოთახში მარტოდ დარჩენილი მია, პრაქტიკულად, პირველად დაფიქრდა თავის ცხოვრებაზე; არა შვილებზე ან მშობლებზე, არამედ, პირადად თავის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე. მანამდეც აბსოლუტურად შეგნებული და გაცნობიერებული ჰქონდა, რომ მთელი მისი მომავალი ცხოვრების ყოველი დღე და ყოველი წუთი მხოლოდ შვილებით იქნებოდა მოცული, ახლა კი განსაკუთრებით მძაფრად იგრძნო, რომ, მსუბუქი ლირიკული გადახვევაც კი, რასაც, თუნდაც, ტომასთან პაემანი ერქვა, ზედმეტი ფუფუნება იყო მისთვის, უფრო სწორად, აკრძალული ფუფუნება, რადგან მას, ორი შვილის დედას, არ ჰქონდა მორალური უფლება, თუნდაც რამდენიმე წუთი დაეხარჯა საკუთარ თავზე, საკუთარ გრძნობებსა და სურვილებზე ფიქრში, რადგან, უკვე იმდენჯერ გადადგა ცხოვრებაში არასწორი ნაბიჯი, რომ მეტი შეცდომის ჩადენის უფლება აღარ ჰქონდა; თუმცა, საბოლოო ჯამში, არც ერთი გათხოვება აღარ მიაჩნდა შეცდომად – ორივე შემთხვევაში ფანტასტიკური კომპენსაცია მიიღო უფლისგან: ორი ჯანმრთელი, ჭკვიანი და ლამაზი შვილი და, მათ რომ უყურებდა, იმდენად ვეღარ წარმოედგინა, როგორ უნდა ეცხოვრა და ეცოცხლა ამ ორი პატარა ადამიანის გარეშე, ცხოვრება ისევ თავიდან რომც დაეწყო, დარწმუნებული იყო, არაფერს შეცვლიდა. თუმცა, ხანდახან ისეც ხდებოდა, რომ გაუსაძლისამდე მოენატრებოდა ხოლმე მამაკაცის ხელების სითბო, ძვირფას ოდეკოლონის სურნელში შეზავებული სიგარეტის სუნი და, რაც მთავარია, ალერსი, რომელიც, პრინციპში, ორივე ქმრისგან აკლდა. ასეთ წუთებში ცდილობდა, ან ბავშვები წაეყვანა სადმე, ან გოგოებთან გაქცეულიყო, ან ვინმე მეზობელს ან, სულაც, უცნობ ადამიანს დახმარებოდა რამეში და ამაზე გადაეტანა ყურადღება, მაგრამ, ღამით, როცა ბიჭებს დააძინებდა, გადიოდა თავის ოთახში, ჩარგავდა სახეს ბალიშში და მგელივით ყმუოდა მარტოობითა და უალერსობით დაღლილი, მეორე დილით კი მაინც ისეთი ხალისიანი სახით გამოდიოდა ოთახიდან, ვერავინ შეატყობდა, რომ მთელი ღამე ტირილში გაატარა, რადგან, არ უნდოდა, შვილებისთვის დილიდანვე დაემძიმებინა გუნება. დაქალებს შორისაც ყველაზე მხიარული, აქტიური, ხმაურიანი და ოპტიმისტი იყო; ყველას შემწე და გვერდში მდგომი, გამამხნევებელი და დამხმარე. მიუხედავად იმისა, რომ ათივემ ზედმიწევნით დაწვრილებით იცოდა ერთმანეთის შესახებ ყველაფერი, ვერცერთი ვერ წარმოიდგენდა, როგორი უმწეო და მარტოსული იყო მია ღამღამობით.
ტომასთან შეხვედრამ ოდნავ გაუხალისა უკვე კარგა ხნის წინ ჩამკვდარი პირადი ცხოვრება, მაგრამ, დედის შენიშვნის შემდეგ მტკიცედ გადაწყვიტა, რომ სამუდამოდ დაევიწყებინა ამერიკელიც, ნებისმიერი სხვა მამაკაციც და ყოველ წუთში ემეორებინა ფრაზა: „მე ორი შვილის დედა ვარ“... ასეთ დროს ციტატა ახსენდებოდა ხოლმე „დიდოსტატის მარჯვენიდან“: „მეფე ხარ და ხამს...“, ოღონდ, მცირეოდენ ჩასწორებას აკეთებდა: „დედა ხარ და ხამს“... არადა, ჯერ მხოლოდ 30 წლის იყო და ფიზიოლოგია თავის ხარკს მოითხოვდა, მია კი ამ ხარკის გადახდაზე კატეგორიულ უარს ამბობდა.
კიდევ კარგი, ტელევიზიაში მუშაობდა და, ძალაუნებურად, აქტიური სამუშაო ჰქონდა, თორემ, შეიძლება, მართლა ვერ გაეძლო. სხვათა შორის, ყველაზე კარგი იდეები ასეთ დროს მოსდიოდა და, შესაბამისად, სწორედ ასეთი სტრესების შემდეგ აკეთებდა ყველაზე მაგარ სიუჟეტებსაც – უცბად რომ აიტაცებდა ხოლმე მაყურებელი და, თან, სასიკეთო შედეგიც რომ მოჰქონდა. ახლაც ასე დაემართა – ახალი სიუჟეტის გაკეთების იდეა მოუვიდა. გადაწყვიტა, ჯერ თვითონ გადაემუშავებინა გონებაში, კარგად ჩამოყალიბებულიყო და მხოლოდ ამის შემდეგ გაეზიარებინა გოგოებისთვის. საქმეზე ფიქრმა ცოტათი გამოიყვანა მელანქოლიიდან და ტომასიც კი დაავიწყა.
***
შემდეგი „სხოდკა“ მირანდასთან შედგა. ამჯერად არც არავინ დაჰკლებია თავშეყრას, არც არავის დაუგვიანია. ივიკოც არ იყო სახლში და, ამიტომ, თემომაც აღარ შემოაკითხა გოგოებს. დაიკავეს თუ არა თავიანთი ადგილები, ყველა ერთად ეცა მიას – რატომ არ მოგვიყევი, პაემანმა როგორ ჩაიარაო.
– ცალ-ცალკე მოყოლა დამეზარა და იმიტომ, – თავი იმართლა მიამ, – ახლა ერთხელ მოვყვები და ყველა ერთად მომისმენთ.
– მოგეწონა? – ვერ მოითმინა კატომ.
მიამ მრავალმნიშვნელოვნად ასწია წარბი და საკმაოდ მშრალად და მოკლედ უამბო გოგოებს ტომასთან პაემნის შესახებ.
– სულ ეს იყო? – დაეჭვებით იკითხა ლიკამ, – რაღაც, შენს სტილს არ ჰგავს.
– რა არ ჰგავს ჩემს სტილს? – უცბად აენთო მია, – რა სტილი მაქვს, კაცებს ვეკიდები კისერზე?
– რა გჭირს, გოგო, მოყოლის სტილი ვიგულისხმე, – შეწუხდა ლიკა, – და, საერთოდ, რა დაგემართა, რა დღეში გაქვს ნერვები, მოხდა რამე?
– ჰო, მართლაც ვერ ვარ კარგად და ბოდიშს გიხდი, – შერცხვა მიას, – მართლა არაფერი მომხდარა, მხოლოდ ის მითხრა, კიდევ მინდა, რომ შეგხვდეო.
– მერე? – დაინტერესდა სალომე.
– მერე არაფერი. მე ვუთხარი, თუ მომინდება შენთან შეხვედრა, თვითონ შეგეხმიანები, შენ არ დამირეკო-მეთქი.
– და, აღარ დაურეკავს?
– ორჯერ დამირეკა, მაგრამ, არ ვუპასუხე და დამანება თავი.
– არ მოგეწონა? მართლა არ დაურეკავ? აღარ გინდა, რომ შეხვდე? – კითხვები დააყარეს გოგოებმა.
– საინტერესო ადამიანია, საინტერესო მსოფლმხედველობით, ჩვენთვის საკმაოდ თამამი აზრებით; კარგი მოსაუბრეა და, სხვათა შორის, კარგი კავალერიც, მაგრამ...
– რა – „მაგრამ“? – გაბრაზდა უცებ ქეთა, – შენი მოსაწონი კაცი აღარ დადის დედამიწაზე? რას უწუნებ?
– არაფერსაც არ ვუწუნებ, – ნაღვლიანად გაეღიმა მიას, – და, საერთოდ, რატომ ვიცით ქართველებმა შორს მიმავალი გეგმების დასახვა და დასკვნების გაკეთება? კაცმა, უბრალოდ, შეხვედრა მთხოვა და, რატომ გვინდა ხოლმე ასეთ შემთხვევაში, ლამის რამდენიმე ათეული წლით წინ გავთვალოთ და დავუგეგმოთ ცხოვრება?
– ახლა რაღაცას მიედ-მოედები და ცდილობ, თვალებში ნაცარი შეგვაყარო, – ეჭვით შეხედა სოფომ, – რატომ აღარ დაურეკე, ხომ გატყობ, რომ მოგეწონა?
– მე ორი შვილი მყავს... – თქვა მიამ.
– მერე რა? – სიტყვა შეაწყვეტინა სალომემ, – დარწმუნებული ვარ, იმასაც ეყოლება შვილები.
– შენ განსხვავებას ვერ ხედავ? მე ორი შვილი მყავს გასაზრდელი და ფეხზე დასაყენებელი; გარდა ამისა, ის კაცია, მე კი ქალი ვარ, თანაც – ქართველი და, ამავე დროს, ორჯერ განათხოვარი – ეს ცოტაა?
– მაგრამ, შენ ჯერ მხოლოდ ოცდაათი წლის ხარ და, რატომ უნდა დაისამარო თავი ასე ნაადრევად, იმიტომ, რომ ვინმემ რამე არ თქვას ან არ იფიქროს? დაიკიდე, რა! სწორედ შენს შვილებს სჭირდებათ ძლიერი პატრონი, რომელსაც, ამავე დროს, მათი დედა ეყვარება.
– ხალხნო, მართლა ნუ გადამრევთ! იმ კაცს არც სიყვარული აუხსნია და, მით უმეტეს, არც ცოლობა უთხოვია, – გაეცინა მიას, – და, თანაც, საშინლად აღარ მსიამოვნებს ამ საკითხზე ლაპარაკი. ამიტომ, ძალიან გთხოვთ, თემა შევცვალოთ, თორემ, მართლა წავალ, იცოდეთ.
– კარგი, – დაეთანხმა ქეთა, – მაგრამ, მე ხომ გიცნობ, რაღაცას ბოლომდე არ გვეუბნები – რაღაც ძალიან მტკივნეულს შენთვის.
მიამ ქეთას პასუხი არ გასცა. ყველა მიხვდა, რომ მართლა უნდა შეეცვალათ თემა და უცებ მირანდამ დაიწყო:
– ამას წინათ ერთი წიგნის პრეზენტაციაზე წავედით სამსახურიდან.
– რა წიგნის?
– სათაური არ მახსოვს, ახალგაზრდა ფილოსოფოსის პირველი მცდელობა იყო მწერლობაში. მოკლედ, რაღაც მხატვრულ-ფილოსოფიური ნაშრომი იყო. რიგრიგობით გამოდიოდნენ მოფილოსოფოსო-მომწერლო ტიპები, ცოტათი გულუბრყვილოები, ცოტათი სასაცილოები, ცოტათი რომანტიკოსები და ხელების ქნევით აფრქვევდნენ სიტყვებს სამყაროს შექმნაზე, ადამიანის გონზე, მსოფლიო ცივილიზაციებზე, ასტროლოგიაზე, სამყაროს უსასრულობაზე, ღმერთსა და დარვინზე, პლანეტების განადგურებაზე... მე კი დილიდანვე ისეთი დაღლილი წავედი სამსახურში, მთელი დღე მეძინებოდა...
– დილაუთენია რამ დაგღალა? – დაინტერესდა ლიკა.
– ჯერ სახლის საქმეები, მერე მაღაზიაში ჩავედი და ნისიად ამოვიტანე კვერცხი და ბოსტნეული...
– ივიკო სად იყო? – გაბრაზდა მია.
– ეძინა. წინა ღამის ნასვამი იყო და ვეღარ გავაღვიძე, – უხერხულად ჩაილაპარაკა მირანდამ.
– მერე, რა გინდა, „ს კარაბლია ნა ბალ“ მოხვედრილხარ, – გამხნევება სცადა სალომემ, – ხანდახან კარგია ასეთ თემებზე თუნდაც ოდნავ გარეკილი ფილოსოფოსების მოსმენა – ცოტა ხნით მაინც გადაგიყვანს სხვა განზომილებაში.
– ჰო, მაგრამ, სამწუხაროდ, მე ისევ იმ განზომილებაში ვიყავი ბოლომდე, რომლიდანაც იქ მოვხვდი, ანუ, ჩემს ნისიად ამოტანილ კარტოფილთან, რომლის გათლა და შეწვაც ვეღარ მოვასწარი და, კიდევ, იმაზე ფიქრთან, რომელი მეზობლისთვის გამომერთმია ხელფასამდე შვიდი ლარი, რომ საღამოსვე მიმეცა გამყიდველისთვის... საშინელებაა, როცა ასეთ ღონისძიებას ესწრები, ან, სულაც მაღალ მატერიებზე საუბარს უსმენ ტელევიზორში, პარალელურად კი, ზიხარ და ხეხავ სტაფილოს, თან, ხედავ, როგორ იფხანს ბეჭებს შენი მთვრალი ქმარი და როგორ ეხევა პირი მთქნარებისგან, ან, ტუალეტიდან გესმის, როგორ გადის კუჭში მოხუცი მამამთილი და უმისამართოდ იგინება...
გაგრძელება შემდეგ ნომერში