კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გადაჰყავდა რეზო ესაძეს „ვგიკში” ჭკუიდან ყველა

თეატრალურ და კინო საზოგადოებაში რეზო ესაძეს იცნობენ როგორც ყველაზე საინტერესო რეჟისორს. „ნეილონის ნაძვის ხე”, „ერთი ნახვით შეყვარება”, „ქალაქი ანარა”… რეზო ესაძე თავის ცხოვრებაზე ისე ყვება, კინოსცენარი გეგონებათ, რომელსაც თან კითხულობ და თან წარმოსახვით ეკრანზე უყურებ. 

„…ბაბუა მყავდა უცნაური და კარგი კაცი, ძალიან კარგი კაცი იყო. აი, სიჩუმე, შინაგანი სიდიადე, აუჩქარებლობა… მაღალი კაცი იყო, მხრებიანი, დიდი ტორებით, დიდი შუბლით, ცისფერი თვალებით, თეთრი წვერით – „ბიბლიური მოხუცი“. მე ბებია-ბაბუასთან ვიზრდებდი გურიაში. ბებიას ყურთ არ ესმოდა. რომ დავუყვირებდი ხანდახან, ჩავძახებდი პირდაპირ ყურში, მეტყოდა: რა გაჯღორინებს, ბიჭო, ბომბი გაგისკდა მაგ ყბაშიო? წარმოვიდგენდი ბომბის ყბაში გასკდომას და გადავფიჩინდებოდი. ზარბაზანი რომ დაგეცალა ყურთან, ვერ გაიგებდა, მაგრამ, ჩემი ჩურჩულიც კი ესმოდა – ალბათ, ტუჩების მოძრაობით.

მოდის პირველი სექტემბერი, სკოლაში წასვლის დროა და ბებია-ბაბუას შორის ასეთი დიალოგი იმართება: „პირველი სექტემბერია მალე და ბაღანეს თითი აქვს გამოვარდნილი წუღადან!“ ომის დროა, ყველაფერი დაკერებული მაცვია. ბებია ბაბუას ტანსაცმელს აჭრიდა და ჩემსას აკერებდა, იმას მაინც გრძლად ჰქონდა.

მოკლედ, გადაწყვიტეს, პარასკეობას მსხალი წაეღოთ გასაყიდად. დასავლეთ საქართველოში ორი დღე იყო ასეთი – პარასკეობა და კვირაობა. ამ დღეებში ბაზარში ჩადიოდა ქვეყანა – ვინ საყიდად, ვინ გასაყიდად. სწორედ ერთ-ერთ ასეთ პარასკეობაზე ბაბუამ მსხლის წაღება და ჩემი წაყვანა გადაწყვიტა. დიდი თავრჯულა მსხალი გვქონდა ეზოში. ბაბუამ ჯერ გოდორი შეაკეთა, რომლითაც მსხალი უნდა წაგვეღო. მისთვის გოდორი იგივე იყო, რაც დღევანდელი ოლიგარქისთვის – მერსედესი. გოდორი როგორი უნდა ყოფილიყო, იცით?! კონსტანტინე, ჩემი ბაბუა, ზურგზე რომ აიკიდებდა, ხალხს თვალი ვერ უნდა მოეწყვიტა. ბაბუამაც შეასწორ-შემოასწორა გოდორი, დაკრიფა მსხალი, უსუფთავესი ჩვრით გაწმინდა, გოდორში ოქროსფერი თივა ჩააფინა (მას მერე ასეთი თივა აღარ მინახავს და, არც მგონია, სადმე არსებობდეს), ჩააწყო ფენა მსხლებისა, მერე ისევ თივა, მერე მსხლის ფენა, ისევ თივა… (რომ გავიზარდე და უცხოეთში წავედი, გამიკვირდა, მაღაზიაში ხილი რომ ვნახე ისე ერთნაირად ჩაწყობილი, „პატრონებივით“ ერთი ზომის… გამახსენდა, ბაბუაჩემი ამას ჯერ კიდევ როდის აკეთებდა). სახლში რაც ყველაზე მეტად თეთრი ტილო ჰქონდა, გახამებული, ბებიამ გოდორს ის შემოაკერა თავზე.

დილით ყველაზე გვიან გამაღვიძეს – გამოიძინოსო. ოზურგეთის შესასვლელთან გზა იყოფა: ერთი აბრეშუმის ქარხნისკენ მიდის, მეორე, მოკლე გზა – პირდაპირ ბაზრისკენ… ბაბუამ მითხრა, მოვისვრებით ჩვენ აქ, ბაბუა და, ჯობია, შორიდან მოვუაროთო. წავედით აბრეშუმის ქარხნისკენ. იმ გზაზე სამხედრო გარნიზონი იდგა, ოდნავ შემაღლებაზე. მოლიანი დაქანება იყო გზისკენ; გზასა და შემაღლებას შორის, ნაპირზე პატარა რუ ჩამოდიოდა. ჯარისკაცები ჩამომსხდარიყვნენ რუსთან და ჩექმებიანი ფეხები ჩაეწყოთ შიგ…   დილა მშვიდობისაო, უთხრა ბაბუამ, როცა გავუსწორდით. იმათ, დილა მშვიდობისას ნაცვლად, რა მიგაქვთ, ბაბუაო – ჰკითხეს. მსხალი მიმაქვსო, – ბაბუამ, – ბაბუას სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა, რომ ერთი ჯარისკაცი გადმოახტა რუს და პირდაპირ ჩვენკენ წამოვიდა. კი არ უკითხავს რამე, პირდაპირ ჩვენკენ წამოვიდა. პირდაპირ მოვიდა და ბაბუას უთხრა, შეიძლება, ცოტა მომცეო? სახეგანათებული კაცი გინახავთ და იცით, მაგრამ, მთლიანად, მთელი სხეული რომ ანათებდეს… ბაბუას შევხედე და დავინახე, მთელი სხეული განათდა… გოდორი ჩამომაღებინეო – ბაბუამ უთხრა. თავზე მოკერებული თეთრი ტილო შეარღვია, თავისი დიდი ტორები შიგნით შეყო და მეგონა, მთელი გოდორი გამოაქვს-მეთქი. მეც ეგ მინდოდა – პატარა ბიჭი ხომ იცით, ბევრი მინდა მისცეს, ჯარისკაცები არიან… ჰოდა, გაუწოდა, მაგრამ ვხედავ, ამ ერთი ჯარისკაცის უკან მეორე დგას, მესამე, მეოთხე და კიდევ ემატებიან… ბაბუამ დაცალა გოდორი. აძლიეს ფული, მოიკლა თავი, არ გამოართვა. შეეცოდათ ძალიან. ერთმა ჯარისკაცმა ძველი შინელი გამოუტანა, მაზარა. არ იღებდა ამასაც ბაბუა, მაგრამ, ჯარისკაცმა აჩვენა, მეორეც მაქვსო. ერთმა ვერცხლის პორტსიგარი მისცა, ახლაც სახლში გვაქვს. პორტსიგარს რუსული წარწერა ჰქონდა და, რადგანაც არც მე და არც ბაბუამ რუსული არ ვიცოდით, მშვიდად წამოვიღეთ საჩუქარი. სახლში კი იმისთანა ამბავი დაგვაწიეს… იმ საღამოს ჩემი მშობლები და ძმაც ამოვიდნენ ქალაქიდან და, რომ წაიკითხეს, რა ეწერა, იმ ღამესვე უნდოდათ, ეფრინათ სამხედრო ნაწილში ჩემი ძმა პორტსიგარის დასაბრუნებლად. წარწერა ასეთი იყო: „ëþხèìîìó კîëå îò ëþხèìîé æåíû“ („საყვარელ კოლიას საყვარელი ცოლისგან“). დილაუთენია გაუშვეს ჩემი ძმა ქალაქში, მაგრამ ჯარისკაცები იმ ღამით აერეკათ და ფრონტზე წაეყვანათ, პორტსიგარი კი დაგვრჩა და დევს მას შემდეგ ბუხრის თაროზე… 

მე ფიზიკის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული, ჩემგან კარგ ფიზიკოსს ელოდნენ, იმდენად კარგს, რომ კათედრაზეც დამტოვეს. ფიზიკის ფაკულტეტზე შემთხვევით მოვხვდი. ჟურნალისტების რიგში ვიდექი. მაშინ ოქროს მედალი იყო და ოქროსმედალოსნებს უგამოცდოდ იღებდნენ, ერთადერთი შეღავათი იყო ლიმიტი. ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე თოთხმეტ მედალოსანს იღებდნენ, მეთხუთმეტეს – აღარ. ამიტომ, საღამოდან იწყებოდა რიგი.

ვდგავარ რიგში. მეჩვიდმეტე ვარ, ჩემ უკან კიდევ რვა კაცია და, იმის იმედით ვარ, თუ ისინი დგანან, რატომ მე არ უნდა ვიდგე, რატომ უნდა დავთმო ჩემი მეჩვიდმეტე ადგილი-მეთქი!..

და, ვდგავართ რიგში მთელი ოჯახი. რიგმა გასტანა ღამის თორმეტ საათამდე. პირველ საათზე უკვე შეთხელება დაიწყო. ერთმა თქვა, წავალ, თვალს წავხუჭავო, მეორემ, მესამემ… ერთი სიტყვით, რომ გათენდა, მეც კაი წაყვინთული ვიყავი. გააღეს უნივერსიტეტის კარი და იგრიალა ხალხმა, ყველა ფაკულტეტის რიგები ერთად იდგა იქ, წამიღეს ნახევრად მძინარე და მიმალესეს იმ ადგილას, სადაც „ფორთოჩკები“ იყო, ერთადერთი საფიქრალი ისღა მქონდა, როგორ გამომეტანა სული იქიდან. გამოვედი დაბოღმილი, ვდგავარ კიბეებზე და, ტურა რომ გამოვარდება საიდანღაც, ისე გამოვარდა კონო ჩხატარაშვილი. ერთად ვსწავლობდით შემოქმედში; თბილისში რომ გადმოვედი, მე-19 სკოლაში, იქაც ერთად ვიყავით და, ახლა, აგერ რომ ვარ კიბეზე დაბოღმილი, ამეტუზა წინ.

– რა ქენი, მე აგერ, უნივერსიტეტში ვარ უკვეო.

– როგორ-მეთქი? – გავიოცე.

– ეგრეო, მეორე კორპუსში ურიგოდაა თლათო.

– ვაიმე, არიქა, მიშველე-მეთქი.

გავიქეცით ორივენი, მივცვივდით. ქალი იყურება „ფორთოჩკაში“, ამთქნარებს.

– ბიცოლა, საბუთებს ღებულობთ? – ვეკითხები.

– მომეცი აგერ, ნენა, თვარა, ამგჯა ყბები უსაქმურობითო. გამომართვა, ჩაწერა ყველაფერი და მომცა ქვითარი. გამოვედით გარეთ, მოვდივართ და ეს კონოიე რაღაცას იკრიჭება. რა გაცინებს-მეთქი, ვკითხე.

– შენ იცი, სად ჩააბარეო?!

– უნივერსიტეტში-მეთქი!

– უნივერსიტეტი დიდია.

ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ, პირველ კორპუსთან მისულმა, ცემა დავუპირე. მითხრა, თუ მასეა, მივბრუნდეთ და უკან გამოვართვათ საბუთებიო. როგორ ვიკადრებდი ამას… მაგრამ, ფიზიკის ფაკულტეტის პირველ კურსზე უნივერსიტეტის ყოჩი გავხდი. გავიხედ-გამოვიხედე უნივერსიტეტში და ვნახე, თურმე, აქ სტუდენტური თეატრი იკრიბება. მივედი. ხელმძღვანელი გოგი კობიაშვილი იყო, მერე ბიჭიკო ჩხეიძე. დგამდნენ გოგოლის „რევიზორს“. როლების განაწილებისას მკითხეს, შენ მოშორებით რატომ ზიხარო. აქ კარგი ჰაერია-მეთქი. ენა კი მქონდა მიჩვეული. ამ დროს ქართლოს კასრაძემ დააარსა უნივერსიტეტის იუმორისტული გაზეთი „ჭინჭარი“, რომლის მთავარი მხატვარი გავხდი მე და, მერე – რედაქტორიც. 

უნივერსიტეტის ასტროფიზიკის შენობაში, ახლა უნივერსიტეტის ბაღში რომ დგას, მწერალიც, არამწერალიც – იკრიბებოდა ყველა. „მიფრინავენ წეროები“ გამოვიდა მაშინ. ყველამ ცაში აიყვანა ეს სურათი, ერთადერთი მე დავიწუნე – პირველი ნახევარი კარგია, მეორე ნახევარი ნაგავია-მეთქი. გაგიჟდა ნოდარ დუმბაძე – აქ ხალხი პოემებსა და ლექსებს ვწერთ და, ჩვენთან მაინც არ გეთქვაო. შენ ახლა ჩვენზე მეტი გესმისო?! მესმის, – ვუთხარი, – მესმის და დაგიმტკიცებ-მეთქი. რითიო? ერთ წელიწადში კინოს გადავიღებ-მეთქი. ამ დროს, არც „ვგიკის” არსებობა ვიცოდი, არც რეჟისურის ამბები. მასეთ ლექსებს, შენ რომ წერ, მეც ვწერ-მეთქი, – ნოდარს ვუთხარი. ამაზე სულ გაგიჟდა: ლექსს კი არა, ბებიაშენს ვერ მისწერ წერილსო.

– მითხარი, რაზე დავწერო და აქვე დავწერ-მეთქი.

დილა იყო. ბაღში ვიდექით, ქარი ქროდა და გვციოდა.

ნოდარმა სწორედ დილაზე, ბაღზე, ქარზე და სიცივეზე „შემიკვეთა“ ლექსი – დაწერე ამაზეო.

– დავნიძლავდით. შოთა ჩანტლაძე ჩამოდგა არბიტრად.

განვცალკევდი და მართლა ათ წუთში დავწერე… გაგიჟდნენ. შოთამ ხელი ხელში ჩამჭიდა და ასწია. იმ დღეს გადაწყდა, რომ „ვგიკში” წავიდოდი. უნივერსიტეტის შემდეგ დავამთავრე „ვგიკი”, რუსეთში ვიმუშავე თხუთმეტი წელი და ექვსი წლით დისკვალიფიკაცია მომცეს ფილმისთვის „ერთი ნახვით შეყვარება“. იქ დისკვალიფიცირებული აქ გადმომიყვანეს და დამსვეს „პირველი გაერთიანების” სამხატვრო ხელმძღვანელ-მოადგილედ. მაშინ, რაც უფრო მეტად გსჯიდნენ, მით უფრო ფურორში იყავი. რომმა „ვგიკში” უგამოცდოდ მიმიღო, პირველი კურსიდან კი მრიცხავდა, მაგრამ, გადავრჩი, არ გამომრიცხა. მერე მივიღე ყველა სახის სტიპენდია, რაც კი არსებობდა. მოსკოვში ერთადერთი ლენინური სტიპენდია იყო და იმასაც მე ვიღებდი, მაგრამ, უცებ ყველაფერი ჩემს საწინააღმდეგოდ შემოტრიალდა, იმდენად, რომ, ისე დაჭრეს ჩემი საკურსო სურათი, მისგან კადრიც კი არ დამრჩა. ეს იყო ფილმი „ერთხელ“, გივი კვერენჩხილაძის სცენარის მიხედვით. გივი კვერენჩხილაძის ამბები ცალკე მოსაყოლია. მაშინ, როდესაც ლენინურ სტიპენდიანტს ყველა კინოსტუდიაში გზა ხსნილი მქონდა, ჩავდივარ „ვგიკის „კაჩეგარნიაში“, ვაღვიძებ „კაჩეგარს“, მთვრალს, უნიჭიერეს კაცს, მაგრამ შეურიგებელს, იმ დროში „ფაშისტს“ რომ ეძახდნენ, გივი კვერენჩხილაძეს, რომელსაც მანამდე ერთი სიტყვა არ ჰქონდა დაწერილი, მაგრამ, უამრავ ადგილას იყო ნამუშევარი და, რასაც ყვებოდა, იყო სახეობრივი და საინტერესო. წავიყვანე სახლში, შევაგდე აბაზანაში და, იქიდან რომ გამოვიდა, ვუთხარი: შენ დაწერ და მე გადავიღებ-მეთქი. მთელი ამბავია, როგორ დაწერა, მერე მთელი ამბავია, როგორ გაიტანა რომმა და აიძულა გივი, ხელი მოეწერა ერთი პირობით – უნდა გადაგვეღო საქართველოში. მეოთხე კურსზე ვიყავი ისე, რომ მოსკოვში არ ჩავსულვარ და ამ დროს დაიწყო ხრუშჩოვის რეპრესიები. ლენინური სტიპენდია მომიხსნეს. ჩავედი და გამასამართლეს „ვგიკის” სასამართლოზე, სამ წელიწადს არ გამიშვეს დიპლომის დასაცავად. მერე გერასიმოვმა და რომმა მომკიდეს ხელი და ჩამიყვანეს ლენინგრადში. ერმლერი და ვენგეროვი აყალიბებდნენ „მესამე” გაერთიანებას და ჩემი თავი მათ ჩააბარეს, როგორც შვილი. იქ როგორ მპატრონობდნენ, წარმოუდგენელია. ვცხოვრობდი პირდაპირ სტუდიაში. ერთი პერმანენტული პალტო გვქონდა – ღარიბი სტუდენტი რომ მოვიდოდა, იმას ჩააცმევდნენ. ის პალტო ეცვა ხუციევს, შვეიცერს, მეცვა მეც… ვოლოდინმა – ალექსანდრ მაისეევიჩმა, დამიწერა სცენარი. ჯერ დავწერე „ფრო“ – პლატონოვის, აკრძალული ავტორის ნაწარმოების რეჟისორული სცენარი. კულიჯანოვს რომ მივუტანე, კინაღამ გული წაუვიდა – მომაშორეთ, რაც უნდა დაწეროს, ვისაც უნდა დააწერინოს, ოღონდ პლატონოვი არ გავიგოო. წამოვედი და ალექსანდრ მაისეევიჩმა მითხრა, მე დაგიწერო. პეტერბურგის ზედა და ქვედა ფენებზე დამიწერე-მეთქი. მივიტანე ისევ სცენარი და კულიჯანოვი ისევ აყვირდა – ეს მომაშორეთ, პლატონოვი ჯობიაო. გავაკეთე პლატონოვი და, პირველივე ჩვენებისას, რვა ნაწილიდან სამი ამოჭრეს და იქვე დაწვეს. „მესამე გაერთიანებაც” მალე დახურეს…

მოკლედ, ასე მივდიოდი: აღიარებას მოსდევდა უარყოფა, უარყოფას – აღიარება. ბედი მქონდა ასეთი… მსოფლიოს რუკაზე წყალი რომ მეტია, ბებიაჩემს ესეც ჩემი ბრალი ეგონა“…

 

скачать dle 11.3