კოსმეტოლოგის რჩევები
კითხვა: ზოგიერთ კოსმეტიკურ საშუალებას კოლოფზე აწერია, რომ მის შემადგენლობაში შედის ეკოლოგიურად სუფთა მცენარეული ინგრედიენტები. კარგია თუ არა ასეთი კოსმეტიკა?
პასუხი: იმ ფაქტს, რომ კოსმეტიკა არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის ინგრედიენტებს, აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარე.
დადებითია, რომ ნატურალურ კოსმეტიკაში გამოიყენება ეკოლოგიურად სუფთა ხილი, ბოსტნეული და სამკურნალო მცენარეები, რომელთაგანაც სასარგებლო ნივთიერებების მიღება ხდება მხოლოდ უძველესი მეთოდით, მაგალითად, პრესით ან ექსტრაქციით.
უარყოფითი კი ის არის, რომ, მაღალი ხარისხის ექსტრაქტებისა და ზეთების მიღება დამოკიდებულია არა მხოლოდ ეკოლოგიურ გარემოზე, არამედ, ამინდზე, დღის რომელ მონაკვეთშია მოკრეფილი (ისევე, როგორც ღვინის) და დაცულია თუ არა დამუშავების ტექნოლოგია. ყოველივე ამის გათვალისწინებით, შესაძლოა, კოსმეტიკაში გამოყენებული პროდუქტები არ იყოს სათანადო ხარისხის.
კითხვა: რომელი კოსმეტიკის გამოყენება უფრო სასარგებლოა კანისთვის: რომელიც მხოლოდ მცენარეული ინგრედიენტებისგან შედგება, თუ, ის, რომელიც ცხოველური წარმოშობის კომპონენტებსაც შეიცავს?
პასუხი: ცხოველური წარმოშობის კომპონენტები, უპირველეს ყოვლისა კი – ცხიმები (ცხვრის მატყლისგან გამომუშავებული ლანოლინი, სპერმაცეტი, ზვიგენის ღვიძლის ცხიმი და ასე შემდეგ) ავსებს კანის პორებს; შესაძლოა, გახდეს ალერგიის ან ინფექციის გადატანის მიზეზი. თუმცა, სწორედ ცხოველურ ცხიმებს აქვს კანის მაქსიმალური დაცვის უნარი და ამაგრებს ლიპიდურ ბარიერს. ხშირად ეს აუცილებელია მშრალი, ნაზი კანისთვის, რომელსაც წვრილი ნაოჭების გაჩენისკენ აქვს მიდრეკილება; განსაკუთრებით ეფექტური კი მაშინ არის, როცა ცივ ამინდში გვიწევს გარეთ გასვლა.
კითხვა: ვიცი, რომ სახლში დამზადებული კოსმეტიკის ვარგისიანობა სულ რამდენიმე დღე გრძელდება, თუკი მას არ შევურევთ თუნდაც ნატურალურ კონსერვანტებს. ამის გათვალისწინებით, მაინტერესებს, შინაური კოსმეტიკის გამოყენება უფრო სასარგებლოა თუ ქარხნული წარმოების? ასევე, საჭიროა თუ არა კრემებში ძლიერი ერთერზეთების გამოყენება?
პასუხი: ძლიერი ეთერზეთებისგან თავი შეიკავეთ, რადგან, შესაძლოა, ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს. რაც შეეხება შინ დამზადებულ კრემებში ნატურალური კონსერვანტების გამოყენებას, დადგენილია, რომ ისინი ვერ უზრუნველყოფენ მიკრობებისგან კანის ასპროცენტიან დაცვას. ცნობისთვის, გეტყვით, რომ გარკვეული ანტიმიკრობული ზემოქმედება აქვს შემდეგ ეთერზეთებს: ქაფურის, მიხაკის, ევკალიპტის, ბაზილიკის, გვირილის, როზმარინის, მელისის და ასე შემდეგ.