რა იწვევს ორგანიზმში მარილების დაგროვებას
გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს ლიმონი შველის
ლიმონი ეფექტურია ბევრი დაავადების სამკურნალოდ, რადგან, ააქტიურებს ადამიანის ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესებს.
ლიმონი, ასევე, შესანიშნავი პროფილაქტიკური და სამკურნალო საშუალებაცაა. მისი წვენი, როგორც ნატურალური, ასევე, წყალში გაზავებული, ებრძვის სხვადასხვა დაავადების გამომწვევ ვირუსებს. გრიპის შემთხვევაში კი ლიმონი სიცხის დამწევი უებარი საშუალებაა, რადგან, ის ხელს უწყობს კანის ფორებიდან შხამების გამოდევნას. ლიმონი სასარგებლოა ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დარღვევის დროს და მას ტონუსის ამაღლებაც შეუძლია.
ლიმონი მდიდარია C ვიტამინით. მასში შემავალი ასკორბინის მჟავა კარგად შეერწყმის PP ვიტამინს, რომელსაც „გამტარობის ვიტამინსაც“ უწოდებენ. სუსტი სისხლძარღვების გამაგრება შესაძლებელია ორგანიზმში C და PP ვიტამინების ერთდროული მიღებით.
ლიმონს შეუძლია, ადამიანის ორგანიზმი ავიტამინოზისგან, ინსულტისგან, ინფარქტისგან, ვენების ვარიკოზული გაგანიერებისა და სხვა სერიოზული და საშიში დაავადებებისგან დაიცვას. C და PP ვიტამინები, ასევე, გვიცავს ნაადრევი სიბერისგან, რადგან ის ააქტიურებს კოლაგენის გამომუშავებას, ეს უკანასკნელი კი კანის სიგლუვესა და ელასტიკურობას გვინარჩუნებს, ამაგრებს შემაერთებელ ქსოვილებს და ხელს უწყობს უჯრედების სწრაფ აღდგენას.
ჰიპერტონიისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადების დროს, შეგიძლიათ, გამოიყენოთ შემდეგი სამკურნალო საშუალება: ხორცის საკეპ მანქანაში კანიანად გაატარეთ ნახევარი კილოგრამი ლიმონი, ნახევარი კილოგრამი ასკილი და ნახევარი კილოგრამი შტოში; დაუმატეთ ნახევარი კილოგრამი თაფლი, კარგად ამოურიეთ და მაცივარში შეინახეთ ერთი დღე-ღამის განმავლობაში, შემდეგ კი მიიღეთ 1 სადილის კოვზი, დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
სტენოკარდიის დროს, ნახევარ კილოგრამ ნატურალურ თაფლში შეურიეთ 2 ლიმონისა და 2 ტოტი ალოეს წვენი და ერთი კვირა შეინახეთ მაცივარში. მიიღეთ 1 სადილის კოვზი, დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე.
გაციების, ანგინისა და ძლიერი ხველების დროს, ნახევარ ლიმონის წვენს შეურიეთ 1 სადილის კოვზი თაფლი და მიიღეთ საათში ერთხელ. ლიმონი ამოსახველებელი ეფექტური საშუალებაა, თაფლი კი ხველას ებრძვის.
ლიმონი მოგიხსნით დაღლილობის შეგრძნებასაც: კარგად დასრისეთ ლიმონის ქერქი და იყნოსეთ მისი არომატი; ხოლო, თუ კანზე პიგმენტური ლაქები გაგიჩნდათ, ყოველ დილა-საღამოს გაიწმინდეთ კანი ლიმონის ახალგამოწურული წვენით – ლაქები გაუფერულებას დაიწყებს.
წიწაკა კიბოს
წარმოქმნას უშლის ხელს
არსებობს რამდენიმე სახის წიწაკა, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება როგორც გემოთი, ასევე ფორმით. ამიტომ, ისინი სხვადასხვა მიზნით გამოიყენება.
ტკბილი (ბულგარული) წიწაკის ჯიშები შესანიშნავი საკვები პროდუქტია, ცხარე კი – შეუცვლელი საკაზმი კერძებისთვის. რაც შეეხება მათ სამკურნალო თვისებებს, ტკბილი წიწაკა ძალიან მდიდარია B, C და D ჯგუფის ვიტამინებით. მაკროელემენტებიდან კი მასში ჭარბადაა სპილენძი და თუთია.
სასურველია, თუ 40 გრამ ტკბილ წიწაკას სხვა ბოსტნეულთან ერთად სალათის სახით მიიღებთ დღეში ორჯერ. ის შველის სისუსტეს, უმადობას, დაბალი მჟავიანობით გამოწვეულ გასტრიტსა და თმის ცვენას.
წიწაკის მიღება კარგია, ასევე, ათეროსკლეროზის, ჰიპერტონიისა და თრომბოფლებიტის დროს. ის შეიცავს გლუკოზას, ფრუქტოზას, მიკრო და მაკროელემენტებს, C და B ვიტამინებს და ამიტომ, საუკეთესო საშუალებაა სისხლძარღვთა დაავადებების დროს, კერძოდ, აუმჯობესებს არტერიების, ვენებისა და კაპილარების საერთო მდგომარეობას.
ტკბილი წიწაკა განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვინც ცხოვრობს რადიაქტიურად დაბინძურებულ გარემოში.
სიცხარე კი წიწაკაში განპირობებულია მასში არსებული ნივთიერების – კაპსაცინის არსებობით. ეს არომატული ნივთიერება წიწაკას არა მარტო სიცხარეს აძლევს, არამედ, აძლიერებს კუჭის ჯირკვლოვანი აპარატის ფუნქციას, რასაც ორგანიზმი მარილმჟავას ჭარბ წარმოქმნამდე მიჰყავს, ეს უკანასკნელი კი მომაკვდინებლად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში არსებულ ბაქტერიებზე. კაპსაცინები აძლიერებს კუჭისა და ნაღვლის წვენის გამოყოფას, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს საჭმლის მონელების პროცესს. ასევე, კაპსაცინს აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი.
კაპსაცინი ეფექტურია გულ-სისხლძარღვთა დაავადების შემთხვევაშიც – ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ამაღლებს სექსუალურ აქტივობას; მისი სისტემატური მიღება კი ამცირებს ინფარქტის განვითარების რისკს.
ხშირად მიირთვით წიწაკა, რადგან, ის კიბოს წარმოქმნასაც უშლის ხელს – გამოკვლევებმა ცხადყო, რომ კაპსაცინი ამარცხებს კანცეროგენურ ნივთიერებებს.
რა იწვევს ორგანიზმში მარილების დაგროვებას
ადამიანის ორგანიზმის ქსოვილებში უხსნადი მარილების დაგროვება საკმაოდ ხშირი მოვლენაა. ასე ხდება სახსართა დისტროფიული ანუ გადაგვარებითი დაავადების – ართროზის დროს. ეს დაავადება მეტად გავრცელებულია მოხუცებში, მაგრამ, ხშირად გვხვდება მოწიფულობის ასაკშიც.
ართროზი ხშირად უვითარდებათ მათ, ვისაც აქვს ათეროსკლეროზი და შაქრიანი დიაბეტი. მის განვითარებას ხელს უწყობს ტრავმა, ამა თუ იმ სახსრის გადატვირთვა, უმოძრაო ცხოვრება, ზედმეტი ჭამა, სიმსუქნე და ასე შემდეგ. ავადმყოფური მოვლენები მძიმდება სიცივის, ნესტის პირობებში; ასევე, გარკვეული მნიშვნელობა აქვს მემკვიდრეობასაც.
ართროზის დროს ქსოვილებში ლაგდება კალციუმისა და ფოსფორის მარილები, რამაც, შეიძლება, გამოიწვიოს ძვლოვანი წანაზარდები სახსრების არეში, სასახსრე პარკში, იოგებში, მყესებში, იშვიათად კი – კუნთებშიც. ახლად წარმოშობილი ძვლოვანი წანაზარდები აწვება ირგვლივ არსებულ რბილ ქსოვილებს და იწვევს ტკივილს და, ასევე, სახსართა მოქმედების შეზღუდვას. განსაკუთრებით შემაწუხებელი და მტკივნეულია ნერვულ ღეროებზე ზეწოლის მოვლენა. ხშირად ერთდროულად ვითარდება შესაბამისი სახსრების ანთებითი ცვლილებებიც.
დაავადების გამოვლინების სურათი იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელი სახსარია დაზიანებული და რა სიმძიმისაა ეს ცვლილება. თუ ცვლილებები ხერხემალშია, მაგალითად ოსტეოქონდროზის დროს, ადამიანს აწუხებს სხვადასხვა ინტენსიობის ტკივილი კისერში, ზურგში, წელში, გულმკერდის არეში; არ არის გამორიცხული, თავის ტკივილმაც შეაწუხოს.
სახსრების გარშემო გაჩენილი წანაზარდები და ქსოვილთა ცვლილებები იწვევს მუხლის, კოჭის, ბარძაყის, მხრის, იდაყვის, თითების ტკივილს. შორს წასულ შემთხვევებში ხდება სახსრების დეფორმაცია.
განსაკუთრებით ცუდად გრძნობს ადამიანი თავს ცივ და ნესტიან ამინდსა და გარემოში. ტკივილი ძლიერდება მუშაობის, სიარულის, დაღლის დროს.
ამ დაავადების განვითარებისა და მისი მძიმე შედეგების თავიდან ასაცილებლად დიდი მნიშვნელობა აქვს მოძრაობის აქტიურობის შენარჩუნებას. ამიტომ, სისტემატურად უნდა ივარჯიშოთ, ოღონდ ისე, რომ ყველა სახსარი მოძრაობდეს.
იმ შემთხვევაში, როცა მკვეთრადაა გამოხატული ამა თუ იმ არეში ართროზთან დაკავშირებული მოვლენები, მაგალითად, რადიკულიტი ან სახსართა დაზიანება, ფიზიკური ვარჯიში შესაბამისმა სპეციალისტმა უნდა დაგინიშნოთ. ის, ვისაც ართროზი აღმოაჩნდა, ბევრს უნდა მოძრაობდეს და დადიოდეს ფეხით. მოძრაობა არა მარტო აუმჯობესებს სახსრების მდგომარეობას, არამედ, დადებით გავლენას ახდენს ზოგადად ნივთიერებათა ცვლაზე და, ასევე, აბრკოლებს დაავადების შემდგომ დამძიმებას.
კვება ჩვეულებრივი უნდა იყოს, საჭირო არ არის განსაკუთრებული დიეტის დაცვა. მათ კი, ვისაც ნივთიერებათა ცვლის დარღვევის გამო აწუხებს სიმსუქნე, უნდა შეზღუდონ პური, ცომეული, ტკბილეული და ცხიმები. ამბობენ, თითქოს მლაშე საკვები აძლიერებს ქსოვილებში მარილების დაგროვებას. ეს არ არის სწორი მოსაზრება, რადგან სუფრის მარილი ნატრიუმ-ქლორია, ხოლო ქსოვილებში სულ სხვა ნივთიერებები, კერძოდ, კალციუმი და ფოსფორი გროვდება და მათ ერთმანეთთან არავითარი კავშირი არ აქვს.
რომელ საკვებს უნდა მიანიჭოთ უპირატესობა კლიმაქსის პერიოდში
თუ გაწუხებთ გუნება-განწყობის დაქვეითება, ადვილად იღლებით და სახეზე სისხლი გაწვებათ, ეს სიმპტომები შეიძლება იყოს დაკავშირებული კლიმაქსის წინა პერიოდთან, რომლის დროსაც ქალის ორგანიზმში აღინიშნება ჰორმონული ცვლილებები. პროჰესტერონის დეფიციტმა და ესტროგენების სიუხვემ შეიძლება გამოიწვიოს ქსოვილებში წყლის შეკავება, ქვედა კიდურების სიმძიმე, თავის ტკივილი, სიმსუქნე, კუჭ-ნაწლავის დისფუნქციონირება, ემოციური აშლილობა. ქალი ზედმეტად მგრძნობიარე ხდება. ამ სიმპტომების არსებობისას აუცილებელია გინეკოლოგის კონსულტაცია. კლინიკურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ კლიმაქსის წინა პერიოდის შემაწუხებელ სინდრომს კარგად ებრძვის მაყვალი, რომელიც, შეგიძლიათ, მიიღოთ როგორც ნატურალური, ისე მურაბისა და წვენის სახით. შეშუპების თავიდან ასაცილებლად უნდა შეზღუდოთ მარილის მიღება.
40 წლის ასაკს ზემოთ, ქალს ხშირად აღენიშნება ოფლიანობა, რაც ჰორმონულ ცვლილებებთან არის კავშირში, თუმცა, აუცილებელია ზოგადი გამოკვლევის ჩატარება, რათა გამორიცხოთ რაიმე დაავადების არსებობა.
კლიმაქსის წინა პერიოდში ქალი ხშირად არის დათრგუნული, მაგრამ, ზოგჯერ ელემენტარული წესების დაცვაც კი საკმარისია უსიამოვნო შეგრძნებების თავიდან ასაცილებლად. აუცილებელია ფიზიკური ვარჯიში, ალკოჰოლისა და თამბაქოს შეზღუდვა, მაგნიუმითა და B ჯგუფის ვიტამინებით მდიდარი საკვების მიღება.
ჰორმონული დეპრესია არ არსებობს, მაგრამ, თუ ქალს მანამდეც დეპრესიული მდგომარეობა ჰქონდა, კლიმაქსის წინა პერიოდში ის კვლავ იჩენს თავს. შეგიძლიათ, მიმართოთ ანტიდეპრესანტებსაც, რომლებსაც ექიმი შეგირჩევთ. ასევე, მოამზადეთ გემრიელი წამალი და მიიღეთ კვირაში ერთხელ – ის არეგულირებს ჰორმონებს და ძალიან სასარგებლოა ქალის ჯანმრთელობისთვის, კერძოდ: 1 ჭიქა ადუღებულ წყალში გახსენით 1 კოვზი თაფლი, მაყვლის წვენი – გემოვნებით და მიიღეთ თბილი; ან, 10 გრამ მაყვლის ფოთოლს შეურიეთ 10 გრამი კუნელის ნაყოფი და 20 გრამი ბაბუაწვერა, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ ცოტა ხანს თავდახურულ ჭურჭელში, გადაწურეთ და მიიღეთ დღეში ერთხელ, 10 დღის განმავლობაში.
კლიმაქსის წინა პერიოდში დაიცავით კვების რეჟიმი. კარგია რძე, ბოსტნეული, ხილი, თევზი, მჭლე ხორცი; მოერიდეთ მლაშე, ზედმეტად ცხიმიან საკვებს, რადგან ისინი უარყოფითად მოქმედებს ქალურ ორგანოებზე.