ექიმის რჩევები
კითხვა: შეიძლება თუ არა გულის აჩქარების მიზეზი იყოს არასწორი ძილის რეჟიმი?
პასუხი: ტაქიკარდიას არაერთი მაპროვოცირებელი ფაქტორი აქვს და მათ შორის განიხილება ძილის რეჟიმის დარღვევაც, მაგრამ, ზუსტი მიზეზის დასადგენად, პათოლოგიური მდგომარეობის გამოსარიცხავად აუცილებლად უნდა მიმართოთ კარდიოლოგს.
კითხვა: შეიძლება თუ არა შეძენილი გულის მანკის განკურნება?
პასუხი: შეძენილი მანკი ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება იმართოს მედიკამენტებითა და გარკვეული რეჟიმის დაცვით, მაგრამ, თუ ჰემოდინამიკა მნიშვნელოვნად არის დარღვეული, მაშინ მანკის მკურნალობის ერთადერთი მეთოდია ქირურგიული ჩარევა.
კითხვა: მაინტერესებს, ფიზიოლოგიური მშობიარობიდან რამდენ ხანში შეიძლება სქესობრივი ურთიერთობა ქმართან? საკეისრო კვეთიდან?
პასუხი: მშობიარობის შემდეგ (ფიზიოლოგიური თუ საკეისრო კვეთით დასრულებული) დაახლოებით 40 დღე ქალს აქვს სისხლიანი გამონადენი და ამ პერიოდში არ შეიძლება სქესობრივი ცხოვრების აღდგენა. თუ გართულებები არ დაეწყო, მაშინ ინტიმური ურთიერთობის აღდგენა მშობიარობიდან 6 კვირაში იქნება შესაძლებელი.
კითხვა: მაწუხებს ყელის სიმშრალე, წვა, სიმხურვალე და მშრალი ხველა. თუ შეგიძლიათ მიპასუხოთ რისი ბრალია ეს და როგორ მოვიქცე?
პასუხი: სავარაუდოდ, თქვენ გაქვთ ფარინგიტი, შესაძლოა – ბრონქიტიც. მიმართეთ ოჯახის ექიმს.
კითხვა: ვარ 25 წლის მამაკაცი. ვუჩივი ხელების უეცარ სიმხურვალეს და შემდეგ დაბუჟებას, თუმცა, გამოძრავების შემდეგ მალე გადამდის. ვიცი, რომ ასე რთულია თქვათ, რისი ბრალია, მაგრამ, დაახლოებით რა შეიძლება იყოს გამომწვევი მიზეზი, ან რა სახის ანალიზია საჭირო?
პასუხი: სავარაუდოდ ამის მიზეზია კისრის მალების ოსტეოქონდროზი. მიმართეთ ვერტებროლოგს.
კითხვა: ვარ 70 წლის. ფეხზე მაქვს პოდაგრა და ექიმმა გამომიწერა ვოლტარენის ნემსები, ვიკეთებ 2-3 თვეში 2 ამპულას. ხომ არ აქვს ამ ნემსებს რამე უკუჩვენება და შეიძლება თუ არა ამ დოზით მისი გაკეთება?
პასუხი: პოდაგრა ანუ ნიკრისის ქარი – ორგანიზმის ზოგადი დაავადებაა, რომელიც განპირობებულია შარდმჟავის (ურატული) ცვლის მოშლით. ამ დროს იზრდება შარდმჟავის შემცველობა სისხლში, ხდება კრისტალური ნივთიერების ჩალაგება ქსოვილებში პოდაგრული კვანძების სახით (ტოფუსები), შემდგომში კი ვითარდება ანთებითი და დესტრუქციულ-სკლეროზული ცვლილებები. ექიმის დანიშნულება თქვენ მიერ მითითებული დოზებით არ გავნებთ. პირველ ყოვლისა, აუცილებელია მკაცრი დიეტის დაცვა. სახლის პირობებში შეგიძლიათ, გაიკეთოთ საფენები: 1 სადილის კოვზი თაფლი და 1 სადილის კოვზი მარილი შეურიეთ ერთმანეთს და კომპრესის სახით გაიკეთეთ ყოველ საღამოს, სანამ ტკივილები მოგეხსნებათ; ძალიან კარგად მოქმედებს.
კითხვა: მაქვს ნაწლავის გაღიზიანების სინდრომი სპასტიური კოლიტით. თუ ეშველება რამე? რამდენ ხანს მოიცავს მკურნალობა?
პასუხი: მართალია, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მკურნალობა რთული და ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ, შედეგიანი, რაც ბევრად არის დამოკიდებული როგორც ექიმის პროფესიონალიზმზე, ისე ავადმყოფის დამოკიდებულებაზე საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი