ფეხბურთის ვარსკვლავები და მათი შვილები
1990-2000-იანი წლების ფეხბურთის ვარსკვლავების უმეტესობამ დაასრულა კარიერა და ამჟამად სპორტული ჟურნალისტების ყურადღება მათი შვილებისკენ არის მიმართული, რომლებსაც არანაკლებ კარიერას უწინასწარმეტყველებენ.
ზინედინ ზიდანი
ლეგენდარული ფრანგი ნახევარმცველი ამჟამად სამწვრთნელო საქმეს ეუფლება და მადრიდის „რეალის” ახალგაზრდულ გუნდში გადის პრაქტიკას. ზიდანის ორივე შვილი სამეფო კლუბის ასაკობრივ გუნდებში ვარჯიშობს. უფროსი – ენცო, რომელიც დედის გვარზეა, 19 წლის არის. ენცო ფერნანდესი ამჟამად „რეალის” მესამე გუნდში მამის პოზიციაზე თამაშობს. 15 წლის ასაკამდე ის ესპანეთის ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობდა, თუმცა, ამჟამად არჩევანი საფრანგეთზე გააკეთა და მომავალში „ლურჯების” ფორმას მოირგებს, თუკი მიიწვევენ. ასევე, „რეალის” სისტემაში ვარჯიშობს 12 წლის თეო ზიდან ფერნანდესი, რომლის ნიჭიერებაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია.
პაოლო მალდინი
ცნობილია, რომ „მილანის” მესვეურები ¹3 მაისურს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხსნიან ტაბუს, თუკი ლეგენდარული კაპიტნის, პაოლო მალდინის ვაჟი, კრისტიან მალდინი, გუნდის სრულუფლებიანი წევრი გახდება. 18 წლის კრისტიან მალდინი მამის, ანუ, მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაშობს, თუმცა მის მომავალს „მილანში” სკეპტიკურად უყურებენ სპეციალისტები. ფეხბურთის ქომაგები კი იმედოვნებენ, რომ მომავალში მალდინი-უმცროსი აუცილებლად გახდება „როსონერის” კაპიტანი.
დანი ბლინდი
90-იანი წლების „აიაქსის” ლეგენდარული კაპიტნის, დანი ბლინდის ვაჟი, დეილი ბლინდი, ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად პროგრესირებად ფეხბურთელად ითვლება. კარიერის დასაწყისში დეილი არაფრით გამორჩეული მცველი იყო. მისი აღმასვლა საფეხბურთო ოლიმპზე 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დაიწყო, რომელზეც დეილიმ ჰოლანდიის ნაკრებთან ერთად მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. ამჟამად 24 წლის ფეხბურთელი „მანჩესტერ იუნაიტედის” ღირსებას იცავს, ხოლო სამშობლოში ის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
ედვინ ვან დერ სარი
ჰოლანდიის ნაკრებისა და „მანჩესტერის” ლეგენდარული კიპერის, ედვინ ვან დერ სარის ვაჟი, ჯო ვან დერ სარი, მამის გზას გაჰყვა და გოლკიპერობა არჩია. ჯო ბავშვობიდან ოცნებობდა მეკარეობაზე და პირველად საზოგადოებამ ის ედვინის გაცილების მატჩზე გაიცნო, როდესაც კარში შვილმა მამა შეცვალა. ამჟამად ჯო „აიაქსის” ახალგაზრდულ გუნდში ასპარეზობს და მასზე დიდ იმედებს ამყარებენ ჰოლანდიაში.
დიეგო სიმეონე
მადრიდის „ატლეტიკოს” ამჟამინდელი მწვრთნელი დიეგო სიმეონე ახალი თაობის სპეციალისტებს შორის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულად ითვლება. მამის წარმატების პარალელურად, არანაკლები წარმატება აქვს ჯოვანი სიმეონეს, რომელმაც ფეხბურთის თამაში მშობლიური „რივერ პლეიტის” რიგებში დაიწყო და ამჟამად „მილანის” ფეხბურთელია. 19 წლის ჯოვანი არგენტინის 20 წლამდელთა ნაკრების წევრია და ახლო მომავალში, სავარაუდოდ, მისი დებიუტი შედგება არგენტინის ნაკრებში, რომლის ერთ-ერთი ლიდერიც 90-იან წლებში მამამისი იყო.